აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს $150 მილიონის მოცულობით სესხი დაუმტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა დააანონსა, რომ მზადაა, საქართველოს წყლის მიწოდებისა და სანიტარული სერვისების გასაუმჯობესებლად, სესხის სახით, 150 მილიონი ამერიკული დოლარი (ევროს ეკვივალენტში) გამოუყოს.

აზიის განვითარების ბანკის ურბანული განვითარების მთავარმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ საქართველოში ამჟამად არსებული წყალმომარაგება და სანიტარული მდგომარეობა არაეფექტურია. მან, ასევე, აღნიშნა, რომ არსებული სიტუაცია ეჭვქვეშ აყენებს სექტორის მდგრადობას და ხელს უშლის ურბანულ და სასოფლო უბნებს შორის უთანასწორობის აღმოფხვრას.

„მილებით წყალმომარაგების მომსახურებით საქართველოში ურბანული უბნების, დაახლოებით, 92%, ხოლო სასოფლო დასახლებების 64% სარგებლობს. საკანალიზაციო სისტემებით სარგებლობის შემთხვევაში ეს რიცხვები კიდევ უფრო დაბალია და შეადგენს 84%-სა (ურბანული) და 20%-ს (სასოფლო).“ – ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის დღევანდელ განცხადებაში.

განცხადებაში, ასევე, ვკითხულობთ, რომ საქართველოში წყალმომარაგება 4-დან 24 საათის ფარგლებში მერყეობს, რაც რისკის ქვეშ აყენებს ადამიანთა ჯანმრთელობას კორონავირუსის არსებობის პერიოდში.

აზიის განვითარების ბანკის მიერ დამტკიცებულ სესხს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ გამოიყენებს წყლის მიწოდებისა და სანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. პროექტის ფარგლებში, ასევე, თელავში 24 საათიანი წყალმომარაგების სისტემის შექმნაა დაგეგმილი.

წყარო: civil.ge