ბიზნესის მთავარი კონსიერჟი – ლიზა ხაბაზაშვილის გზა

მიყვარს ძლიერ და თავდაჯერებულ ქალებთან საუბარი. გადამდებია მათი ქარიზმა, მოტივაცია. მერე გგონია მთებს გადადგამ, იმიტომ, რომ სხვებმა შეძლეს, გადალახეს ბარიერები. ლიზა ხაბაზაშვილიც ასეთია ‒ უსმენ და საიდანღაც ძალა მოგდის, ხვდები, რომ ყველაფერი არც ისეთი რთულია, როგორც გეჩვენებოდა. ლიზას სჯერა, რომ გამოსავალი სულ არსებობს და მერე შენც გჯერა.

ფოტო: სოფო პაპიაშვილი

მისი ყოველდღიური საქმიანობაც ამას უკავშირდება ‒ ლიზა Problem Solver-ია. საკუთარ გუნდთან ერთად ცდილობს ადამიანებს ცხოვრება გაუმარტივოს. ის კომპანია „კონსიერჟ თბილისის“ დამფუძნებელია რუსკა ქურდოვანიძესთან და ნინო სხირტლაძესთან ერთად. გოგოები 2014 წლიდან არწმუნებენ დამკვეთებს, რომ „არა ‒ გამოსავალი არ არის“. წლების განმავლობაში ნდობა და ლიდერებს შორის დამსახურებული ადგილიც მოიპოვეს ბაზარზე. თუმცა, ყველაფერი ასე მარტივადაც არ ყოფილა.

„ხშირად ვიხსენებ ხოლმე, თავიდან საერთოდ სიტყვა „კონსიერჟის“ მნიშვნელობა არ იცოდნენ, ეშინოდათ, თითქოს ფრთხებოდნენ. დღეს დამოკიდებულება და ცნობადობა გაზრდილია. გვიცნობენ და ხედავენ ამ სერვისების საჭიროებას“.

2014 წელს საკონსიერჟო სერვისი ბევრისთვის უცხო და შესაბამისად გაუგებარიც იყო. სწორედ ამ გუნდმა ‒ სამმა ძლიერმა ქალმა ‒ ქვეყანაში ცნობიერების ამაღლება შეძლო და შეიძლება ითქვას, საკუთარი მომხმარებელი თავად გამოზარდა. მიუხედავად ამისა, თავად დამფუძნებლისთვის ლიზა ხაბაზაშვილისთვის ეს ჩვეულებრივი რუტინაა. ეს სწორედ ის საფეხურებია, რომელთა გავლაც საძირკველშივე განსაზღვრა.

„არ მიყვარს გენდერული ნიშნით ქულების დაწერა. თუმცა დიახ, ნამდვილად ასეა! კონსიერჟ თბილისის უკან ძლიერი და შემდგარი ქალები დგანან“.

„კონსიერჟ თბილისის“ სერვისები დღეს რამდენიმე მიმართულებას მოიცავს:

  • ბიზნეს კონსიერჟი ორგანიზაციებს სპეციფიკურ მომსახურებას სთავაზობს, დაწყებული ლოჯისტიკური საკითხების მოგვარებით, სტუმრების დახვედრითა და დაბინავებით, დასრულებული ამა თუ იმ ღონისძიების ორგანიზებით;
  • „კონსიერჟ თრეველი“ შინაარსობრივად საქართველოში ტურების დაგეგმვას გულისხმობს, თუმცა ლიზა და მისი გუნდი ახერხებს, რომ ეს გამოცდილება დაუვიწყარი და გამორჩეული იყოს სტუმრებისთვის. ამ სერვისის ფარგლებში ვიზიტორებს პერსონალურად მათზე მორგებულ და სრულიად განსხვავებულ თავგადასავლებს სთავაზობენ. სწორედ ამიტომ დაამკვიდრეს ტერმინი უნიკალური გამოცდილება და არა ტური, რადგან „კონსიერჟ თბილისის“ მომსახურება გამორჩეულია.
  • „კონსიერჟ თბილისის“ ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება კი ღონისძიებების ორგანიზებაა: კერძო თუ სახელმწიფო კომპანიებისთვის, კორპორაციული, დონორების თუ საჯარო, დიდი თუ მცირე ‒ თქვენ მთავარია, სურვილი გააჟღეროთ დანარჩენს „კონსიერჟ თბილისის“ გუნდი მიხედავს, რომელსაც როგორც ლიზა ამბობს, ხანდახან მუხრუჭი და საზღვრები არ აქვს.

საზღვრები მალე არც თავად „კონსიერჟ თბილისს“ ექნება, საქართველოს ფარგლებს გასცდება და სერვისების ექსპორტს დაიწყებს ‒ ეს კიდევ ერთი დიდი და ამბიციური გამოწვევაა, რომელიც დამფუძნებლებმა დაუსახეს საკუთარ თავს.

„ჩვენთვის არც ფიზიკური და არც ინტელექტუალური საზღვრები არ არსებობს!“ – ამბობს ლიზა.

ლიზა ხაბაზაშვილის თქმით, მათ საქმიანობაში მთავარი ემოციებია, სწორედ ამიტომაა, რომ მომხმარებლები მათთან კვლავ ბრუნდებიან. ემოციების შექმნა დღეს მარტივი არ არის ‒ ყველაფერი ელვის სისწრაფით იცვლება, კონკურენცია კი დღითიდღე იზრდება.

თუმცა, ლიზას და „კონსიერჟ თბილისის“ გოგოებს საკუთარი რეცეპტი აქვთ: დამკვეთის მოთხოვნების გაგება, სწორად გადანაწილებული საქმე, გუნდური მუშაობა, საქმის უსაზღვრო სიყვარული; და წარმოუდგენელი იდეებიც განხორციელებადი ხდება. ასე გააციფრულეს საერთაშორისო მინისტერიალის სცენა, რომელსაც 20-მდე ქვეყნის იუსტიციის მინისტრი და მათი წარმომადგენლები დაესწრნენ.

„საქმე გვქონდა მაღალი რანგის, აკადემიურ ღონისძიებასთან, რომელსაც აქვს წესები, პროტოკოლი და ა.შ. ჩვენთვის გამოწვევა იყო, როგორ უნდა განგვეხორციელებინა იდეა ისე, რომ შინაარსობრივადაც გამართლებული ყოფილიყო და ინოვაციურობაც შეგვენარჩუნებინა. საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ, მაგრამ შედეგი ამად ღირდა. ამაყები ვართ, რომ ვიყავით ამ ყველაფრის ნაწილი, და ერთგვარი ტრენდიც კი შევქმენით, რომელიც შემდგომში გამოიყენეს“.

სიამაყით იხსენებს Forbes 30 Under 30 დაჯილდოების ცერემონიებსაც, რომელსაც ბოლო ორი წელია სწორედ ეს გუნდი უდგას სათავეში: იმუშავეს ბრენდზე, შინაარსზე, სოციალურ მედიაში ღონისძიების ხილვადობის გაზრდაზე და მიმდინარე წელს Forbes 30 Under 30-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაჯილდოება დააორგანიზეს, რომელსაც ყველა წინა წლის გამარჯვებული ესწრებოდა.

ფოტო: სოფო პაპიაშვილი

მიაჩნია, რომ მთავარი ღონისძიება ჯერ არ ჩაუტარებია ‒ ესეც ერთგვარი სამოტივაციო დანიშნულებაა მისთვის. ამბობს, რომ ეს რაღაც განსაკუთრებული უნდა იყოს, რაც შეცვლის ადამიანებს და მათ აზროვნებას, მისცემს შემართებას და ახლის კეთების ხალისს. მანამდე კი გუნდის წევრებს შთააგონებს ‒ მისი, როგორც ბიზნეს ლიდერის, ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას სწორედ აქ ხედავს. უნდა, რომ ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობები დაანახოს და მისცეს ბიძგი, გახდნენ საკუთარი თავის უკეთესი ვერსიები.

როგორც ამბობს, რთულ სიტუაციებში იუმორი ეხმარებათ, ზოგადად, კი კომპანია მუშკეტერული პრინციპით მუშაობს: ერთი ‒ ყველასათვის, ყველა ‒ ერთისთვის. ამიტომაც არის, რომ ლიზა ხან მთავარსარდალია და ხან რიგითი ჯარისკაცი.

„არაერთი სირთულის მიუხედავად, დიდი ჩავარდნა არ გვქონია, რადგან მუდმივად ვმუშაობთ საკუთარ თავზე, ვაღიარებთ შეცდომებს და ვეძებთ გამოსავალს. სულ ვცდილობთ, წინა გამოცდილებაზე დაყრდნობით ვისწავლოთ და განვვითარდეთ, რადგან მომსახურების სფერო ძალიან სპეციფიკურია. ეს არ არის ის სექტორი, სადაც ერთხელ შექმნი და მუდმივად იქნება. ყოველდღიური მუშაობაა საჭირო“.

ლიზა ინსპირაციას ადამიანებისგან იღებს, ამიტომ სოციალიზაცია მისი დღის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად ყოველთვის ახერხებს დრო დაუთმოს საკუთარ თავს და გარშემომყოფებს, გაიცნოს მეტი ადამიანი და მათგან რაღაც ახლის მიღება შეძლოს:

„რაც მეტ და საინტერესო ადამიანთან გაქვს ურთიერთობა, უფრო შემოქმედებითი ხარ და უფრო საინტერესოდ აკეთებ საქმეს. თან ჩვენ ყოველთვის გვჭირდება, რომ რაიმე ახალი და კრეატიული შევქმნათ. აქტიური სოციალური ცხოვრება ჩემი განვითარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“.

ლიზა საკუთარი წესებით ცხოვრობს, დილით სურვილებისა და საქმეების სიას წერს, საღამოს ამოწმებს, რა გამოვიდა, რა ‒ არა. ბოლო ერთი წელია სახლსა და სამსახურს შორის ბალანსის დაცვას ცდილობს. თითქოს მისი ყოველი ნაბიჯი გაწერილია:

„სპონტანურობა მიყვარს, მაგრამ ჩემი საქმიდან გამომდინარე დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანია, დროის მენეჯმენტს განსაკუთრებული როლი აქვს. ზუსტად უნდა ვიცოდე, რომელ პროექტს რა დროს ვუთმობ დღის განმავლობაში“.

ფოტო: სოფო პაპიაშვილი

ლიზამ დღეს ისიც ზუსტად იცის, რომ რასაც აკეთებს მოსწონს, სწორად არის იქ, სადაც არის: ამ შეკითხვებს ყოველდღე სვამს საკუთარ თავთან და ჯერჯერობით დადებით პასუხს იღებს. სხვა გოგოებსაც ამას ურჩევს, არ მიაქციონ ყურადღება საზოგადოების სურვილებსა და მოლოდინებს; დაფიქრდნენ, რა უნდათ, რისი კეთება მოსწონთ, საერთოდ სად უნდათ ცხოვრება და ამაზე დაყრდნობით მიიღონ გადაწყვეტილებები.

„უნდა გავიაროთ შიშებში, რადგან ეს არის ის, რაც გვაჩერებს. რეალურად, არ არსებობს დაბრკოლებები, ისინი მხოლოდ ჩვენს ტვინში ცოცხლობენ. საზოგადოებაში კი კლიშეები სულ იქნება, განსაკუთრებით ისეთ ტრადიციულ და კულტურული მემკვიდრეობით სავსე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც შვილები მთელი ცხოვრება რჩებიან მშობლის ფრთის ქვეშ და ვერ ახერხებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას. ეს არ ნიშნავს, რომ რწმენა და ფასეულობები, რაც მოგვყვება და ჩვენი კულტურის ნაწილია, თავდაყირა უნდა დავაყენოთ. მაგრამ ჩვენ ჩვენი გზა უნდა ავირჩიოთ“, – ეს მოწოდება განსაკუთრებით გოგოების მიმართ აქვს, რომელთა მიმართ საზოგადოებრივი განწყობები კიდევ უფრო მძიმე და ტაბუებით სავსეა.

გაზიარებას რომ დიდი ძალა აქვს, ლიზასაც სჯერა. ამბობს, რომ წარმატებული ქალების ისტორიები საჩუქრებია იმ პატარა ან დიდი გოგოებისთვის, რომლებიც ბრძოლაში, გზაში არიან. ეს მათ აჩვენებს, რომ ბარიერები სხვებმაც გაიარეს და ფინიშამდე მისვლა შეძლეს, ესე იგი თავადაც გადარჩებიან.

თუმცა ფიქრობს, რომ საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალების მეტი ჩართულობისთვის ორმხრივი მუშაობაა საჭირო: „უპირველესად, ქალები უნდა გამოვიდნენ ჩარჩოებიდან, რუტინიდან, კომფორტის ზონიდან, გლობალურად შეხედონ საკუთარ თავს, მეტად დაიჯერონ შესაძლებლობების. მეორეს მხრივ, საზოგადოებამ მათ უნდა დაახვედროს შრომის თანაბარი ანაზღაურების პოლიტიკა; სამსახურში მიღების გენდერულად მგრძნობიარე სისტემა და მარკეტინგის იმგვარი პრაქტიკა, რომელიც გენდერულ სტერეოტიპებს დაუპირისპირდება“, – ამბობს ის.

ლიზა აგრძელებს თავის გზას, რომელიც რამდენიმე წლის წინ აირჩია. ეს მისი პირადი რბოლაა, რომელშიც ყოველდღიურად ჩართულია, ხან იმარჯვებს, ხან რაღაც ახალს სწავლობს, რადგან დამარცხების არ სჯერა, ყოველი დაცემისას უფრო ძლიერად დგება ფეხზე, და რაც მთავარია, აგრძელებს გზას.