პროფესიული განათლებისა და ქალთა გაძლიერების მნიშვნელობა – ინტერვიუ ნანა გოთუასთან

სმარტ კაპიტალ ჯგუფისთვის სოციალური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანი მიმართულებაა. საინვესტიციო ჯგუფი წლებია აქტიურად ახორციელებს სოციალურ პროექტებს საზოგადოების კეთილდღეობისთვის. მათ შორის, ლობირებს ისეთ პროექტებს, რომელიც გენდერული თანასწორობისკენ და ქალთა გაძლიერებისკენ არის მიმართული. გენდერული თანასწორობის კუთხით აღსანიშნავია გალობის უნივერსიტეტისა და ფონდი „ქართული გალობის“ ინიციატივები, რომელსაც სმარტ კაპიტალ ჯგუფის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ქ-ნი ნანა გოთუა უდგას სათავეში.

განათლების უფლება, როგორც ხელმისაწვდომობა ცოდნის მიღებაზე და დისკრიმინაციის აღმოფხვრის ვალდებულება აუცილებელი პირობაა ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების, თანასწორობის და სხვა დემოკრატიული ღირებულებების მისაღწევად.

პროფესიული განათლების უფლების ინკლუზიურობა დღესდღეობით განსაკუთრებით აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხია. გამოწვევად მაინც რჩება ისეთი პროფესიების არსებობა, რომელიც გენდერულად საკმაოდ სტერეოტიპულია.

წლების განმავლობაში ზოგიერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში  ქალების მიმართვიანობის სიმცირის გამო, სრულიად გაუქმებული იყო ქალების მიღება ე.წ. მასკულინურ პროფესიებზე. გენდერულად სტერეოტიპულ ასეთ პროფესიად მიიჩნეოდა ქართული ტრადიციული მუსიკის ლოტბარი და რეგენტი, რაც კულტურაში დამკვიდრებული შეხედულებებით იყო განპირობებული.

დროული იყო პროფესიული განათლების ის რეფორმები, რომელიც 10 წლის წინ სწორედ  ტრადიციული მუსიკის სწავლების სფეროში განხორციელდა.

პროფესიული განათლების ინკლუზიურობისა და რეფორმების მნიშვნელობაზე სმარტ კაპიტალ ჯგუფის CSR მიმართულებისა და გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ქალბატონ ნანა გოთუას გავესაუბრეთ:

ქალბატონო ნანა, როგორც ვიცით, თქვენ ხელმძღვანელობთ გალობის უნივერსიტეტს და დიდი წვლილი მიგიძღვით თანასწორობისა და ინკლუზიის მიმართულებით. რამ განაპირობა ის რეფორმები, რაც თქვენი ინიციირებით განხორციელდა?

განათლება არის აუცილებელი პირობა ყველა სახის სამოქალაქო, პოლიტიკური, რელიგიური, ეკონომიკური და სოციალური უფლებების უზრუნველყოფისთვის. მე, როგორც ქალი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ ქალების გაძლიერებას, მათი პროფესიული განათლების ხელშეწყობას. სწორედ ამიტომ, ჩემს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიზნად  ქალების უფლებების დაცვა, მათი რესურსების გამოყენება და პროფესიული განათლების წახალისება ავირჩიე.

გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ისლოცვა კურთხევით 2014 წლიდან ვხელმძღვანელობ. იყო პერიოდი, როცა გალობის უნივერსიტეტში ქალებს არ შეეძლოთ რეგენტ-ლოტბარის პროფესიას დაუფლებოდნენ. ამ სფეროში ძირითადად მამაკაცები დომინირებდნენ. 2014 წლიდან გატარებულმა რეფორმამ ბევრი სასიკეთო ცვლილება გამოიწვია. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ქალების მიღება ლოტბარის და რეგენტის პროფესიის მიმართულებით.

როგორ შეცვალა რეფორმამ მდგომარეობა გალობის უნივერსიტეტში?  

რეფორმის შედეგად გენდერული სტერეოტიპების შესუსტებისკენ დაიძრა პროცესი და ე.წ. მასკულინური პროფესიის ნიშაში დამსახურებული ადგილი ქალებმა დაიკავეს. ქალთა ჯგუფის მიღების პირველივე წელს გამოჩნდა, თუ რამდენად პოზიტიური ცვლილებები მოაქვს გენდერული ბალანსის დაცვას ინსტიტუციის გაძლიერებისთვისა და სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებისთვის. ამას გარდა, ინკლუზიურობის მიმართულებით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტუდენტები არ შეიზღუდონ ასაკის, ეთნიკური, რელიგიური უმცირესობისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით. სწორედ, ამიტომ, ვგეგმავთ კიდევ უფრო დემოკრატიული და ჰუმანური მიდგომების დანერგვას, რომელიც ადამიანური რესურსების მდგრად განვითარებაზე დგას.

განათლების მიღების გარდა, ახალგაზრდა თაობის დასაქმებაში რამდენად არის უნივერსიტეტი ჩართული?

ჩვენთვის ნიჭიერი ახალგაზრდების და, რაც მთავარია, ქალების ამ დარგით დაინტერესება და დასაქმება უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. კურსდამთავრებულები ხშირად ბრუნდებიან იმ რეგიონებში, სადაც ისინი აქამდე ცხოვრობდნენ და საქმიანობას სწორედ რეგიონის სალოტბარო სკოლებსა და სასწავლებლებში განაგრძობენ. ხშირია შემთხვევები, როდესაც გამორჩეულ ახალგაზრდას ვთავაზობთ ჩვენივე გუნდთან თანამშრომლობას.

ასევე, მინდა გაგიზიაროთ სიახლე, მალე, განათლების სამინისტროსთან ერთად, ვიწყებთ საპილოტე პროგრამას 14 უკვე შერჩეულ სკოლაში, სადაც ჩვენი კურსდამთავრებულები მოსწავლეებს ხალხურ სიმღერას შეასწავლიან, რაც დარგის პოპულარიზაციის, პროფესიული ორიენტაციისა და ჩვენი კადრების დასაქმებისათვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.

ქალების გაძლიერების განსაკუთრებულ მაგალითად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ წარჩინებული სტუდენტები, რომლებმაც ჩვენი უნივერსიტეტი დაამთავრეს, ცნობილი ქალთა გუნდების ხელმძღვანელები არიან. ასევე, აღსანიშნავია, რომ ლეგენდარულ ბავშვთა ანსამბლ „მართვეს“ გასულ წელს გოგონათა გუნდი შეემატა, რომელსაც გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ხელმძღვანელობს.

გალობის უნივერსიტეტში არსებულ სტუდენტურ სტიპენდიებს შორის განსაკუთრებულად აღვნიშნავ „დედების სტიპენდიას“, რომელიც ახალგაზრდა სტუდენტ დედებს ხელს უწყობს განათლების უწყვეტ გაგრძელებასა და ფინანსურ მდგრადობაში.

გალობის უნივერსიტეტის გარდა, როგორც ვიცით, თქვენ ფონდი „ქართული გალობის“ დამფუძნებელიც ბრძანდებით. ქალთა გაძლიერების მიმართულებით ფონდში რა ინიციატივებსა და აქტივობებს გამოყოფდით?

ფონდი „ქართული გალობა“ 11 წლიანი ისტორიის მანძილზე ქართული ტრადიციული მუსიკისა და საეკლესიო გალობის განვითარებას სრულიად უჭერს მხარს. ბოლო წლებში ჩვენი ინტერესების არეალს კლასიკური მუსიკის მიმართულებაც დაემატა, სადაც ასევე ვცდილობთ წვლილი შევიტანოთ ახალგაზრდების პროფესიულ წინსვლაში.

ფონდის პრიორიტეტია ქართული ტრადიციული მუსიკის როგორც საშემსრულებლო, ასევე, სამეცნიერო სფეროში ახალგაზრდების მოზიდვა და მათი ინიციატივების ხელშეწყობა. განსაკუთრებით სასიხარულოა ახალგაზრდული რესურსის მატება იმ სფეროში, რომელიც ტრადიციული, მაგრამ ძალიან საჭიროა ჩვენი თანამედროვე კულტურისთვის. ამას გარდა, ფონდი „ქართული გალობა“ ლეგენდარული ქალი მუსიკოს-შემსრულებლების შემოქმედების დიდი მხარდამჭერია.

ფონდის მხარდაჭერით გამოიცა მე-20 საუკუნის ეპოქალური ქართველი მომღერლის, პირველი ქალი ლოტბარის, მარო თარხნიშვილის აუდიო ალბომი, რომელიც მისი დამსახურებული ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.

წელს გამოსაცემად მზადდება უკვდავი ავტორ-შემსრულებლის, ინოლა გურგულიას სიმღერების, აკაპელა ვერსიები, სექსტეტ „The Georgian Six” ინტერპრეტაციით. ასევე, 2023 წელს ქალთა ტრადიციული მუსიკის ყოველწლიური ფესტივალი დაფუძნდა, რომლის მხარდამჭერთა შორის ფონდი „ქართული გალობაცაა“. ქალთა სერიის გამოცემას და ქალთა გაძლიერების პროექტების მხარდაჭერას ფონდი მომავალშიც გააგრძელებს.

აღსანიშნავია თავად სმარტ კაპიტალ ჯგუფის CSR მიმართულებით შეტანილი წვლილი. წელს კომპანიაში სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმას კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმო, შეიქმნა CSR სტრატეგია და კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე პრიორიტეტული მიმართულებებიც გამოიყო, რომლის გარშემოც გაერთიანდა სამოქმედო გეგმა. წელს პირველად გამოვეცით CSR ანგარიში, სადაც თავმოყრილია წლის განმავლობაში ჩატარებული სხვადასხვა პროექტები, თუ აქტივობები. ვფიქრობ, მომდევნო წლები კიდევ უფრო ნაყოფიერი და სასარგებლო იქნება ჩვენი ჯგუფისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის.