გზა მეცნიერებამდე | ინტერვიუ ნინო ნიავაძესთან

როცა მდიდარი პრაქტიკული გამოცდილება გაქვს, როცა ხედავ, რომ სექტორი ჯერ ისევ განვითარების საწყის საფეხურზეა, როცა დაზღვევის ცნობიერების და კულტურის ამაღლების საჭიროება ისევ აშკარაა, ფიქრობ, რომ აქ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანო. ამიტომაც ნინო ნიავაძემ დაზღვევის ინდუსტრიაში მრავალწლიანი პრაქტიკული საქმიანობის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ახლა დროა პარალელურად სამეცნიერო მიმართულებაც მოიცვას, შედგეს როგორც პრაქტიკოსი მეცნიერი, ანუ სამართლის დოქტორი დაზღვევაში!

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

ბავშვობაში ექიმობა უნდოდა, ახლა მიზეზს ვერ პოულობს, მაგრამ სკოლის დამამთავრებელ კლასში პროფესიაზე წარმოდგენა რადიკალურად შეიცვალა, იურისტობა გადაწყვიტა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. დღეს მიიჩნევს, რომ პროფესიულ არჩევანში არ შემცდარა, თუმცა ბავშვობის განწყობაც არასოდეს ტოვებს. ამიტომაც არის, რომ დღემდე ეცნობა სამედიცინო სფეროში სამეცნიერო ინფორმაციებს, ლიტერატურას. შედეგად მედიცინის საკითხებში იმდენად ერკვევა, რომ ხშირად ეკითხებიან კიდეც ექიმი ხომ არ არის? ექიმი არ არის, მაგრამ საკუთარი თავის რეალიზება და თანაც ძალიან წარმატებულად, დაზღვევის სფეროში მოახდინა.

მანამდე, ცხადია, როგორც ბევრი იურისტისთვის, მის კარიერაშიც იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მდიდარი პრაქტიკითა და ხელშესახები ყოველდღიური პრობლემებით, შემდეგ საადვოკატო ბიურო და ადვოკატის უნარ-ჩვევებით დახელოვნება.

„ამ აქტივობებით უნივერსიტეტის დამამთავრებელ კურსზე ვიყავი დაკავებული. მინდოდა ჩემი თავი მეპოვა ზუსტად იქ, სადაც ყველაზე მეტად ვიქნებოდი წარმატებული“.

დაზღვევის ინდუსტრიაში სრულიად მოულოდნელად მოხვდა. მაშინ 2006 წელი იყო, დრო, როდესაც სადაზღვევო ინდუსტრია პირველ ნაბიჯებს დგამდა. ნინო საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „იმედი L International”-ის იურიდიული დეპარტამენტის იურისტად დასაქმდა და მას შემდეგ ამ სფეროდან არც არსად წასულა.

„ეს სფერო მაშინ უცხო იყო, პრინციპში ინდუსტრია იმ წლებში დგამდა პირველ ნაბიჯებს. ეს იყო ძალიან ბედნიერი წლები და მას შემდეგ დაზღვევის სფეროს არც ერთი წამით მოვშორებივარ. აქ ავიდგი ფეხი, როგორც იურიდიულ ნაწილში, ისე დაზღვევის საქმიანობის მხრივ. ეს იყო წლები, როცა მქონდა საუკეთესო შესაძლებლობა ბევრი რამ მესწავლა ადამიანებისგან, რომლებსაც ათვისებული ჰქონდათ საქართველოს სადაზღვევო ბაზარი და კლასიკურ დაზღვევას საქართველოს ფარგლებს მიღმა ეცნობოდნენ“.

კერძო სექტორში საქმიანობის მეშვიდე წელს ნინო ნიავაძე საჯარო სამსახურში მიდის, მის კარიერაში დაზღვევის რეგულატორის დრო დგება. შესაბამისად, 2013 წლიდან, ნინო, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსია. რეგულატორი ინდუსტრიაში უმაღლესი წერტილია. ნინო ამბობს ეს ის მწვერვალია, რომელზეც მისი პროფესიის ადამიანმა შესაძლოა საკუთარი თავი იპოვოს. კერძო სექტორში მუშაობის ბოლო წლებში ღრმად სწამდა, რომ წინ სადაზღვევო სფეროს მარეგულირებელ ორგანოში დასაქმდებოდა.

„კერძო სექტორში ვისწავლე სადაზღვევო საქმიანობა, რომელსაც პირდაპირ გამორიცხავს საჯარო სექტორი, აქ სადაზღვევო საქმიანობას ვერ ისწავლი, აქ დაგროვილი ცოდნითა და ბენეფიტებით უნდა მოხვიდე. უნდა იყო კვალიფიციური, უნდა იცნობდე სექტორის მდგომარეობას, პულსაციას. ზედამხედველი ნეიტრალური პოზიციიდან უყურებს კერძო კომპანიების ბიზნეს ქცევას, ზედამხედველობს მათ საქმიანობას, უზრუნველყოფს მათ ფინანსურ სიმყარესა და გადახდისუნარიანობას, გასცემს რეკომენდაციებს, გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს და ასე შემდეგ. რეგულატორი აუცილებლად უნდა თანამშრომლობდეს კერძო სექტორთან, აუცილებლად უნდა ესმოდეს სარეგულაციო სუბიექტების, იმისთვის რომ ჩამოყალიბდეს კარგი ვითარება სექტორში“.

დაზღვევის რეგულატორში, სამსახურეობრივი სტატუსიდან გამომდინარე, ნინოს მოვალეობაა ერთი მხრივ, სექტორისა და მეორე მხრივ, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ყველა სტრუქტურული მიმართულების სამართლებრივი უზრუნველყოფა, იმ სიახლეების მხარდაჭერა, რომლებსაც სადაზღვევო კომპანიები სთავაზობენ ბაზარს, ამ ყველაფრის სამართლებრივი კუთხით შეფასება, რათა დაზღვევის სექტორში მომხმარებლისთვის კეთილსინდისიერი გარემო შეიქმნას და ამაღლდეს მომხმარებლის ნდობა.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

სამართლებრივი უზრუნველყოფის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების სამმართველოები – ეს ის ორი მიმართულებაა, რომლებსაც საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში ნინო ნიავაძე კურირებს. როგორც ნინო გვეუბნება, საქმე ორივე სამმართველოში მოცულობითია.

„ერთი სამმართველო სამართლებრივ მიმართულებას საზღვრავს, მხარს უჭერს როგორც რეგულატორს, ასევე სექტორს. მეორე ორიენტირებულია მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე. ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ შუამავალი რგოლი მომხმარებელსა და სადაზღვევო კომპანიას შორის. ასევე ამ სამმართველოს აქვს ფინანსური განათლების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის ფუნქციაც“.

„მრავალი თავი უკეთესია, ვიდრე ერთი“ – ეს ნინოს, როგორც მენეჯერის მართვის სტილის ნარატივია. გუნდურობა და მეგობრული გარემო – მის სამუშაო სივრცეს ეს მთავარი შტრიხები გასდევს, არ უჭირს იმის აღიარება, რომ ცალკე აღებული ხელმძღვანელი ვერასოდეს დადებს ისეთ შედეგს, რომელიც ეფექტური და მოქნილი იქნება.

„მე ამ პრინციპით ვმუშაობ, ყოველთვის ვიზიარებ ჩემი თანამშრომლების, ჩემი კოლეგების მოსაზრებებს, ასეთი მიდგომით საუკეთესო შედეგამდე მივდივართ. ვიდრე მენეჯერი გავხდებოდი, ყოველთვის მინდოდა, რომ უფროსთან უშუალო მეგობრული ურთიერთობა მქონოდა და ახლა, როცა მენეჯერი ვარ, ჩემი სურვილების რეალიზებას ვახდენ“.

16 წელი დაზღვევის ინდუსტრიაში და მაინც ამბობს რომ, აქ ჯერ საკუთარი შესაძლებლობები არ ამოუწურავს. ეს მათ შორის იმიტომაც, რომ დაზღვევის კულტურა საქართველოში ჯერ ისევ განვითარების ეტაპზეა. ნინო გვეუბნება, რომ განვითარებულ ქვეყნებშიც კი, ინდუსტრია მუდმივ ევოლუციას განიცდის, ვითარდება სამოქალაქო ურთიერთობები და ამას სექტორმაც ფეხი უნდა აუწყოს. წინ ბევრი საქმე მაქვსო ამბობს, მათ შორის აკადემიური მიმართულებაა.

ნინო ნიავაძე აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უნივერსიტეტთან, კითხულობს ლექციებს და თავად ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დოქტორანტია. ნინოს სადისერტაციო ნაშრომი დაზღვევის მომავალს ანუ ციფრულ დაზღვევას ეხება. დარწმუნებულია, რომ მისი სამეცნიერო ნაშრომი ინდუსტრიას განვითარებაში დაეხმარება.

„კოვიდპანდემიამ ციფრული დაზღვევის განვითარების საჭიროება განსაკუთრებით აშკარა გახადა. სექტორი გამოწვევებს სწრაფად აჰყვა, მოკლე დროში გადავედით კონკრეტული ქეისების დისტანციური საშუალებებით მართვაზე. ცხადია, ამ გზაზე იყო პრობლემებიც, მთელს ამ პროცესს მე ვმართავდი. მიხარია, რომ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში მომხმარებლის მხრიდან არ შემოსულა არც ერთი პრეტენზია, იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე სადაზღვევო კომპანიამ ვერ შეძლო დისტანციურად ცვლილებების გატარება. ამ პერიოდმა გამძაფრებულად დაგვანახა, რომ საჭიროა განსაკუთრებით მარტივი პროდუქტების ციფრულ გაყიდვებზე გადავიდეთ, ამისათვის საჭიროა სიღრმისეული ინფრასტრუქტურული გადაწყობა. ეს, ერთი შეხედვით, თითქოს მარტივი პროცესი ჩანს, მაგრამ საკმაოდ რთულ სამართლებრივ დეტალებს მოიცავს, რომლებიც ჯერ-ჯერობით საქართველოში მოწესრიგებული არ არის. ზოგადად, ჩვენი კანონმდებლობა და სამართლებრივი სივრცე დისტანციური ურთიერთობების გათვალისწინებით, ადაპტირებას საჭიროებს“.

დაზღვევის ინდუსტრიის განვითარების გზაზე, ნინო, ერთ-ერთ გამოწვევად ფინანსურ განათლებას ასახელებს. ამბობს, რომ ის, რაც მე-20 საუკუნეში ეფექტური იყო, დღეს ვეღარ მუშაობს, მოვიდა დრო, როდესაც განსხვავებულად უნდა ვიაზროვნოთ და სწორედ ამ მიზნით, 2021 წლის აპრილში, ნინომ, მეგობრებთან ერთად დაზღვევის განათლების პლატფორმა დააფუძნა. ეს საქართველოში დაზღვევის განათლების პირველი ჰაბია. აქ ყველას შეუძლია საკუთარი ინტერესის გათვალისწინებით, სასერტიფიკატო პროგრამები გაიაროს. დაზღვევის პლატფორმის პირველი მიზნობრივი სეგმენტი სადაზღვევო კომპანიების თანამშრომლები იყვნენ.

„სექტორში 2-3 წელიწადში ძირეული ცვლილებები იქნება. სწორედ ახლა იწერება ახალი კანონმდებლობა – „გადახდისუნარიანობა II“. შესაბამისად, ჩვენი სადაზღვევო კომპანიები მზად უნდა იყვნენ სიახლეებისთვის, ისინი ცვლილებებს მომზადებული უნდა შეხვდნენ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უპირველესი განათლების ამაღლებაა. ვისურვებდი, რომ სადაზღვევო კომპანიების თანამშრომლებს, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ ჰქონდეთ კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება, რათა ეს ცოდნა საქართველოში წამოიღონ, შემდეგ ის სწორ მომსახურებაში, კარგ პროდუქტებსა და მომხმარებლებთან კეთილსინდისიერ დამოკიდებულებაში ასახონ“.

მისი გამოცდილება აჩვენებს, რომ დაზღვევის ინდუსტრიაში წარმატების გასაღები განათლებაშია, ახლა საინტერესოა, სად ხედავს ქალების წარმატების რესურსს. კითხვას ოპერატიულად პასუხობს, ამბობს, რომ ქალებს მეტად ადაპტირებული გარემო გვჭირდება და წუხს, რომ ჯერ ისევ არ გვაქვს პირობები, რათა ჩვენი ფიქრების, იდეების სრულად რეალიზება შევძლოთ. ცდილობს საკუთარი წვლილი აქაც შეიტანოს, ამიტომაც არის რომ გუნდში ყველა ქალი ჰყავს, ოღონდ, აქ გენდერული დაყოფა არაფერ შუაშია, მას სურს ამ ფორმით ქალები გააძლიეროს.

„ვისურვებდი უფრო მეტ ქალს მართვაში. გუნდში ყველა ქალი მყავს, ეს ალბათ იმიტომ, რომ ღრმად მაქვს გამჯდარი ქალების გაძლიერების სურვილი. არის შემთხვევები, როდესაც მამაკაცები წუხან, ფიქრობენ, რომ ჩემს გუნდში მუშაობის საშუალებას არ ვაძლევ. ცხადია, თანამშრომლებს გენდერის მიხედვით არ ვყოფ, ამისგან ძალიან შორს ვარ, უბრალოდ მინდა ქალებს მივცე მაღალ პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობა“.