ეკონომიკის დარგში 2023 წლის ნობელის პრემია კლაუდია გოლდინს გადაეცა

შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ ეკონომიკის დარგში მიმდინარე წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინა. პრესტიჟული ჯილდო ამერიკელ კლაუდია გოლდინს გადაეცა.

ფოტო: Niklas Elmehed © Nobel Prize

გოლდინმა ნობელის პრემია საკუთარი ნაშრომის დამსახურებით მიიღო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არის პირველი ყოვლისმომცველი ანგარიში ქალების შემოსავლისა და შრომის ბაზარზე მათი მონაწილეობის შესახებ.

არქივებისა და ისტორიული მონაცემების შეგროვებითა და კორექტირებით გოლდინმა აღნიშნული კუთხით საინტერესო, ახალი და ზოგ შემთხვევაში გასაკვირი ფაქტები წარმოაჩინა. მისი ანალიზის მოდელების საფუძველი არის ის ფაქტი, რომ ქალების არჩევანი ხშირად იყო და ახლაც რჩება შეზღუდული ქორწინებითა და სახლსა და ოჯახზე პასუხისმგებლობით.

როგორც ნობელის პრემიის ოფიციალურ ვეგვერდზე ვკითხულობთ, კლაუდია გოლდინის ნაშრომი გვეხმარება უკეთ გავიგოთ წარსულის, დღევანდელი და მომავლის შრომის ბაზრები.

1969-დან 2023 წლამდე ნობელის პრემია 55-ჯერ გაიცა. აღნიშნულ პერიოდში, კლაუდია გოლდინის ჩათვლით, ეს ჯილდო სამ ქალს გადაეცა – 2009 წელს ელინორ ოსტრომს, 2019 წელს ესთერ დუფლოს, ხოლო წელს სწორედ კლაუდია გოლდინს.