სახლიდან მუშაობა სამსახურების განუყოფელი ნაწილი ხდება

Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 2021 წლის დეკემბრის მესამე კვირაში სამუშაო დღეების 42.4% დისტანციური იყო. გამოცემა პროექტ WFH-ის ფარგლებში ჩატარებული ყოველთვიური გამოკითხვის შედეგად შეგროვებულ მონაცემებს ეყრდნობა. 

კორონავირუსის პანდემიამდე, 2017-2018 წლებში აშშ-ში დისტანციური სრული სამუშაო დღეების რაოდენობა დაახლოებით 5%-ს შეადგენდა. 2020 წლის გაზაფხულზე ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად, 60%-მდე გაიზარდა, 2021 წლის მაისიდან კი თითქმის 40%-ზე ჩამოვიდა. ეს დიდწილად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ხელმისაწვდომობის ზრდამ განაპირობა.

აღსანიშნავია, რომ WFH-ის კვლევის ფარგლებში დასაქმებულებს ისიც ჰკითხეს, თუ როგორ სამუშაო რეჟიმს მოელოდნენ პანდემიის დასრულების შემდეგ. 2021 წლის გაზაფხულზე გამოკითხულთა 21% მიიჩნევდა, რომ მუშაობა კვლავ სახლებიდან გაგრძელდებოდა. რაც შეეხება დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის მონაწილეებს, ასე მათი 29% ფიქრობს. კვლევის ავტორების ვარაუდით, მომდევნო თვეებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.

ცნობისთვის, უსაფრთხოების სისტემების პროვაიდერის, Kastle Systems International LLC-ს დაკვირვებით, ომიკრონის გამო იანვრის პირველი კვირის განმავლობაში აშშ-ის 10 ქალაქში, ოფისებში დასაქმებულთა 27.9% დადიოდა. დეკემბრის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 40.6%-ს შეადგენდა.

აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს (BLS) ინფორმაციით, დეკემბრის შუა რიცხვებში დასაქმებული ამერიკელების მხოლოდ 11.1% აცხადებდა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო სამუშაოს დისტანციურად ასრულებდა.

საინტერესოა BLS-ის მიერ 2017-2018 წლებში ჩატარებული კვლევაც, რომლის მიხედვით, ბაკალავრის ან უფრო მაღალი აკადემიური ხარისხის მქონე პირთა 51.9% აცხადებდა, რომ სახლიდან მუშაობა შეეძლო. ამავეს ფიქრობდა საშუალო სკოლის ან უფრო დაბალი ხარისხის განათლების მქონე ადამიანთა 11.1%.

აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიუროს მიერ 2020 წელს ჩატარებულ კვლევის მიხედვით, რომელიც შესაძლოა ნაკლები სიზუსტით ასახავდეს რეალობას, ვინაიდან პანდემიის გამო გამოხმაურების საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, გამოკითხულთა 15.8%-მა თქვა, რომ ძირითადად სახლიდან მუშაობდა. შედარებისთვის, 2019 წელს ამას გამოკითხვაში მონაწილეთა 5.7% აცხადებდა.

ზემოხსენებულ მონაცემებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში დისტანციური სამუშაო დღეების რაოდენობა 30-40%-იან ნიშნულზე დარჩება.