კლასიკური მუსიკის ენა — ინტერვიუ ნინო გვეტაძესთან

ამსტერდამიდან თბილისში კონცერტისთვის ჩამოსულ ნინო გვეტაძეს რუსთაველის გამზირზე ვხვდები. მიყვება, რომ ფეხით სიარული უყვარს. ჩავუვლით ოპერას, გრიბოედოვის ქუჩის აღმართს, ნინოს სკოლას ‒ პირველ კლასიკურ გიმნაზიას.

პიანისტის დატვირთულ საკონცერტო პროგრამაში პერიოდულად თბილისიც ჩნდება, თუმცა კონცერტების გარეშეც აქაურობა მუდმივ მონატრებას უკავშირდება.

ნინო ნიდერლანდებში 2004 წელს გაემგზავრა, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ. ჯერ ჰააგაში, შემდეგ კი ამსტერდამში სწავლის დროს არაერთი ჯილდოს მფლობელი გახდა. აქედანვე დაიწყო მისი წარმატებული მუსიკალური კარიერა. ნინოს საგასტროლო ცხოვრება დატვირთულია, თანამშრომლობს მსოფლიოში სახელგანთქმულ დირიჟორებთან, უკრავს როტერდამის, ჰააგის, რაინის, სეულისა და ბრიუსელის ფილარმონიულ ორკესტრებთან და მალერის კამერულ ორკესტრთან ერთად. ორი მუსიკალური ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია. მის რეპერტუარშია როგორც უცხოური, ასევე ქართული ნაწარმოებები.

„დაბადებულია პიანისტად, დაჯილდოებულია ადამიანის გულთან საუბრის უნარით“ – ასე შეაფასა ნინო ერთ-ერთმა უცხოელმა კრიტიკოსმა.

ფოტო: Sarah Wijzenbeek

როგორ გაჩნდა მუსიკა თქვენს ცხოვრებაში?

4 წლის ვიყავი, როცა დაკვრა დავიწყე. ოჯახში მუსიკოსი არავინაა, უბრალოდ, ინსტრუმენტი გვქონდა სახლში ‒ ძველი პიანინო, რომელზეც ჩემი დიდედა უკრავდა ხოლმე. მეც დავიწყე დაკვრა, შემდეგ ათწლედში ჩავაბარე და იმის მერე სხვა რამის კეთება უკვე აღარც წარმომედგინა. ეს იყო ის, რაც მომწონდა, მინდოდა. ესაა ჩემი ცხოვრება.

საქართველოდან პირველად როდის წახვედით?

16 წლის ასაკში World Vision Youth Ambassadors-ის გაცვლითი პროგრამით 3 თვით წავედი ამერიკაში. 50 ქვეყნიდან არჩევდნენ ახალგაზრდებს. ეს იყო 1999 წელი. ახლა მიკვირს, როგორ გამიშვა დედაჩემმა. მახსოვს ფრანკფურტში მქონდა გადაჯდომა. იქიდან უკვე ლოს-ანჯელესში რომ მივფრინავდი, ყველა მიღიმოდა, გამოლაპარაკებას ცდილობდა და ეს ჩვენი 90-იანების ფონზე იმხელა კონტრასტი იყო, მივხვდი, რომ სადღაც სხვაგან ვარ. თან ჩავედი მზიან კალიფორნიაში, სადაც შევიკრიბეთ ჩემი ასაკის ახალგაზრდები მსოფლიოს ყველა კუთხიდან. ეს იყო ჩემი პირველი გასვლა და პირველი შეხება სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებთან. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე იმ სამ თვეში. მაშინ გავიგე როგორ არიან გაზრდილები სხვა ქვეყნებში, აღმოვაჩინე ვისთან მეტი მქონდა საერთო. პირველი თვე-ნახევარი მოიცავდა ლექციებს, გაკვეთილებს და მეორე თვე-ნახევარი იყო საკონცერტო ტური, მოვიარეთ ცენტრალური ამერიკა, მთელი დასავლეთ სანაპირო, კანადა, ჰავაი. გვქონდა გუნდი, სადაც ყველანი ვმღეროდით და ასევე ვუკრავდი როგორც ერთ-ერთი სოლისტი. უამრავი სიახლე აღმოვაჩინე ამ სამი თვის განმავლობაში.

2004 წელს ჰააგაში როგორ და რა მიზნით წახვედით?

ზოგადად, მინდოდა, რომ მაგისტრატურა ევროპაში გამეგრძელებინა. როდესაც მუსიკოსი ხარ და სწავლობ, მნიშვნელოვანია სხვაგანაც წახვიდე და გაეცნო მუსიკალურ ცხოვრებას შენი ქვეყნის გარეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ევროპაა, რადგან ზუსტად ევროპაშია კლასიკური მუსიკის ფესვები. საქართველოში გავიცანი პიანისტი პოლ კოლმენი, რომელიც გახლავთ ნატო წვერელის, არაჩვეულებრივი ქართველი პიანისტის, მეუღლე. საქართველოში იყო ჩამოსული, მომისმინა და მიმიწვია ჰააგაში თავის კლასში სასწავლებლად. ამისთვის, რა თქმა უნდა, ფინანსები იყო საჭირო, რაშიც ჩემი პედაგოგის, ნოდარ გაბუნიას, ქალიშვილი დამეხმარა ‒ მიპოვა სპონსორი, ჰოლანდიელი ქალბატონი, რომელმაც სწავლის პირველი ორი წელი დამიფინანსა ჰააგის სამეფო კონსერვატორიაში. ჰააგის მერე ამსტერდამის კონსერვატორიაში გავაგრძელე სწავლა.

ფოტო: Sarah Wijzenbeek

ზოგადად, ჩემი პროფესია ძალიან რთულია, სულ მეცადინეობ. არ აქვს მნიშვნელობა, შაბათია თუ კვირა. როდესაც ჰააგაში ჩავედი, სხვა სტუდენტების უმრავლესობასავით, სახლში არც მე მქონდა ინსტრუმენტი. მიწევდა ძალიან ადრე ადგომა, რომ კონსერვატორიაში მემეცადინა, რადგან დღის განმავლობაში კლასები დაკავებული იყო. თბილისში ბაკალავრიატი უკვე დამთავრებული მქონდა და იმის გამო, რომ ჰოლანდიის ვიზის მიღების პროცედურა გაგრძელდა, თბილისში მაგისტრატურაზეც ჩავაბარე და, ფაქტობრივად, ყველა საგანი დავხურე. ამიტომ ჰააგაში უკვე შემეძლო ამერჩია რისი გავლა მინდოდა. სპეციალობის პარალელურად, დავიტოვე კამერული მუსიკა და კიდევ რამდენიმე საგანი. ამ მხრივ გამიადვილდა, მაგრამ სირთულე აღმოჩნდა ის, რომ მარტო ხარ, გაკვეთილები კვირაში ერთხელაა და თვითონ უნდა მოამზადო ძალიან ბევრი რამ, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. თბილისში მიჩვეული ვიყავი, რომ სწავლის გარდა სხვა არაფერი მეხებოდა. ჰააგაში აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ჩემი მოსაწესრიგებელი იყო. ასევე დიდი პასუხისმგებლობაა, როცა სწავლას გიფინანსებენ. გინდა გაამართლო როგორც სპონსორის, ოჯახის, ისე შენი პირადი მოლოდინები. ყოველ შემთხვევაში, იმის მაქსიმუმი გააკეთო, რაც შეგიძლია. პირველი წელი გამიჭირდა, მერე ადვილად მივეჩვიე. ისიც მომეწონა, რომ დამოუკიდებელი ვიყავი.

პირველი წარმატებული ნაბიჯები რა იყო?

ნიდერლანდების ახალგაზრდა პიანისტთა ეროვნულ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე, I პრემია და გრანპრი მოვიპოვე. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კონკურსია ჰოლანდიაში. ამას მოჰყვა კონცერტები. ჯერ კიდევ ჰააგაში სწავლის დროს შემთხვევით გავიცანი ცნობილი ფრანგი პიანისტი ჟან ივ ტიბოდე, რომელიც მასტერკლასების ჩასატარებლად იყო მიწვეული კონსერვატორიაში. მისი ვიზიტის ნაწილი იყო ისიც, რომ კონცერტზე ერთ-ერთ სტუდენტთან ერთად უნდა დაეკრა ოთხ ხელში. კონსერვატორიიდან დამირეკეს და მოსმენაზე დამიბარეს. მაშინ პირველი შვილი, მარიამი, ორი თვის იყო. ამსტერდამში ვცხოვრობდი. გავიქეცი, კონცერტგებაუს მცირე დარბაზში შევასრულე „სურათები გამოფენიდან“ და, როგორც ჩანს, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დავტოვე. ჰააგაში კონცერტი ერთად დავუკარით, მერე სპოლეტოს ფესტივალზე დამპატიჟა იტალიაში და გამიწია რეკომენდაცია მენეჯმენტში ‒ „ინტერარტისტს“, სადაც თვითონ იყო ერთ-ერთი არტისტი.

ამის შემდეგ იყო ფერენც ლისტის სახელობის კონკურსი ქალაქ უტრეხტში, სადაც მეორე პრემია მომენიჭა და დავჯილდოვდი პრესისა და მაყურებლის სიმპათიის სპეციალური პრიზით. ეს საერთაშორისო კონკურსია და ამ პრიზს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ლისტის კონკურსში გამარჯვებას მოჰყვა მრავალი გასტროლი მსოფლიოს გარშემო, კონცერტები ევროპისა და აზიის მნიშვნელოვან დარბაზებში.

2010 წელს ბორლეტი-ბუიტონის ფონდის გრანტის მფლობელი გავხდი, რომლის დამაარსებელი ცნობილი იაპონელი პიანისტი მიცუკო უშიდაა. ამ ყველაფრის შემდეგ ხალხმაც გამიცნო, გაგრძელდა კონცერტები, ფესტივალები, ასე ჩამოყალიბდა ჩემი ყოველდღიური მუსიკალური ცხოვრება.

ფოტო: Sarah Wijzenbeek

რა არის საჭირო მუსიკალურ კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად?

ნებისმიერ მუსიკოსს შესაძლებლობა აქვს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი შეავსოს. ჯერ შესარჩევი ტურია, სადაც ჩანაწერს ითხოვენ. 100 განაცხადიდან რჩება, საშუალოდ, 20, 25 და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება კონკურსის ძირითადი ტურები. დიდი კონკურსები სამ-ოთხ ტურიანია.

კონკურსი უდიდესი სტრესია მუსიკოსისთვის. ძალიან ნერვიულობ, თან ეს ნერვიულობა არ უნდა შეგეტყოს. უბრალოდ, როგორც ჩანს, როცა ახალგაზრდა ხარ, ამ სტრესს უძლებ. უნდა დაივიწყო შეჯიბრის ელემენტი, წარმოიდგინო, რომ ჩვეულებრივი კონცერტია და ჟიური შენს მოსასმენადაა მოსული. ახლა, ამდენი წლის შემდეგ, როცა მეც ხშირად ვარ ჟიურის წევრი, უკვე ცხადია, რომ ჟიურის მხოლოდ ის სურს, რომ მოსმენილით ისიამოვნოს და პატარა ხარვეზები გადამწყვეტი ნამდვილად არ არის. მთავარია შენი სახე წარმოადგინო, შენს ამბავს მოჰყვე და სხვა კონკურსანტებისგან განსხვავდებოდე. საამისოდ ღელვა უნდა დაივიწყო, თუმცა ეს ძალიან ძნელია. ამიტომ როცა ახალგაზრდებს ვუსმენ, რომლებიც ემზადებიან, გამოდიან, ამხელა პროგრამებს უკრავენ, დიდი პატივისცემა მაქვს მათ მიმართ. ჩვენი პროფესია ძალიან შრომატევადია. სულ უნდა მუშაობდე შენს თავზე, სულ ვითარდებოდე. არაფერი გამოვა, თუ რაღაცით დაკმაყოფილდი და გაჩერდი, განახლების სურვილი და ახალი სათქმელი მუდმივად უნდა გქონდეს.

ჰოლანდიაში დარჩენა თავიდანვე გადაწყვეტილი გქონდათ?

ამაზე მაშინ არ მიფიქრია. ვიცოდი, რომ მინდოდა მაგისტრატურა გამევლო. მეტი მესწავლა, მემუშავა გარკვეულ რეპერტუარზე… თბილისში არაჩვეულებრივი სკოლა მქონდა გავლილი ჯერ ათწლედში ვერონიკა თუმანიშვილთან, მერე კონსერვატორიაში ‒ ნოდარ გაბუნიასა და ნანა ხუბუტიას კლასში, თუმცა უცხო ქვეყანაში სულ სხვა დამოუკიდებლობას აღწევ, რაც შენი საკუთარი სახის პოვნაში ძალიან გეხმარება.

თბილისი სულ მენატრება, საქართველოსთან კონტაქტი არასდროს გამიწყვეტია, ბავშვებიც შეძლებისდაგვარად ხშირად ჩამოგვყავს. ჩემს შვილებს ვეუბნები ხოლმე, ბევრი წელი რომ გავა, აუცილებლად გადავალ საქართველოში საცხოვრებლად და უკვე იქიდან ვიმოგზაურებ ზაფხულობით დასასვენებლად დასავლეთ ევროპაში.

რთულია საქმისა და ოჯახის შეთავსება?

ოჯახის წევრების ხელშეწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ორივე ბავშვზე 8 თვის ორსული ჯერ კიდევ კონცერტებზე ვუკრავდი. მერე პერიოდულად ჩემი და ჩემი მეუღლის მშობლები ჩამოდიოდნენ, გვეხმარებოდნენ, დანარჩენს ჩვენ ვინაწილებდით. ადრე სტერეოტიპი იყო, რომ როცა ცნობილი მუსიკოსი იყავი, არ შეიძლებოდა გყოლოდა შვილები, რადგან ეს ხელს შეუშლიდა პროფესიას. მართლა თითზე ჩამოსათვლელი იყვნენ წარმატებული მუსიკოსები, ვისაც შვილები ჰყავდა. ახლა პირიქით.

ფოტო: Sarah Wijzenbeek

ხშირად ჩამოდიხართ?

ახლა, მაგალითად, კონცერტისთვის ჩამოვედი, სულ სამი დღით, და, სამწუხაროდ, ბავშვები ვერ წამოვიყვანე. ძირითადად, ზაფხულში გამოგვდის საქართველოში ჩამოსვლა, თუმცა ზაფხულსაც გააჩნია. ფესტივალების მხრივ ყველაზე დატვირთული ზაფხულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი ქვეყნიდან მეორეში ვმოგზაურობ, დელფტში ჩემი ფესტივალიც მისახედია. ამ დროს ძალიან მჭირდება დახმარება, ასე, რომ, ან დედა ჩამოდის ჩვენთან ამსტერდამში ან ბავშვები რჩებიან თბილისში, ბებიებთან და ბაბუასთან.

წელიწადში საშუალოდ რამდენი კონცერტი გაქვთ?

დაახლოებით 50. ზოგიერთი თვე ძალიან გადატვირთულია, ზოგი-ნაკლებად.

სწავლება გიყვართ?

სწავლება 5 წლის წინ ამსტერდამის კონსერვატორიაში დავიწყე მოსამზადებელ ჯგუფთან, 2 წლის წინ კი როტერდამის კონსერვატორიაში შემომთავაზეს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებთან მუშაობა, სადაც დღეს სრული კლასი მყავს. ყველაზე მეტად მომწონს, როდესაც სტუდენტთან მუშაობის დროს ხედავ როგორ იცვლება, იზრდება და ვითარდება ის. ყველაზე სასიხარულოა იმის ყურება, როდესაც საშუალო შესაძლებლობების სტუდენტი, შრომისმოყვარეობის შედეგად, კარგ მუსიკოსად ყალიბდება. ძალიან დასაფასებელია, როცა ადამიანს შრომით შეუძლია ამის მიღწევა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მისასალმებელია, როდესაც სტუდენტი ნიჭიერია, მაგრამ ამას შრომისმოყვარეობაც უნდა ახლდეს თან. არ მიმაჩნია სწორად ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსების გაუთავებელი შექება. უნდა დავუტოვოთ სურვილი გაიზარდონ, მეტს მიაღწიონ. როცა ვეუბნებით, რომ ყველაფერი გენიალურია, ამით მათ გაზრდისა და განვითარების სურვილს ვუხშობთ. ამიტომ ამ მხრივაც, ვფიქრობ, ზომიერებაა საჭირო.

როგორც პედაგოგი მკაცრი ხართ?

მკაცრი ვარ მათ მიმართ, ვისაც ვხედავ, რომ დიდი შესაძლებლობები აქვს. როდესაც ვხედავ, რომ ათჯერ მეტი შეუძლია და სიზარმაცის გამო ანიავებს ნიჭს, ძალიან ვბრაზდები.

მარო მაყაშვილზე შექმნილი მონოდრამის შესახებ მოგვიყევით, რომელიც მაყურებელმა 2022 წელს ქალაქ დელფტში კამერული მუსიკის ფესტივალზე ნახა.

დელფტის ფესტივალი უკვე 27 წელია იმართება. მესამე წელია მისი სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ. მე მევალება ფესტივალისთვის მულტიმედია პროექტების მოფიქრებაც. როგორც ქართველ მუსიკოსს, მინდოდა ქართული ამბავი მომეყოლა და თან მივიჩნიე, რომ მარო მაყაშვილის ისტორია ადვილად აღსაქმელი იქნებოდა ჰოლანდიაში. ყოველთვის ვცდილობ, დელფტში ქართველი მუსიკოსები ჩავიყვანო ან ქართული ნაწარმოები შევასრულოთ. მაროს იდეაც ასე დაიბადა. მინდოდა ქართულ-ჰოლანდიური ტანდემი ყოფილიყო, ამიტომ მუსიკის დაწერა ჰოლანდიელ კომპოზიტორს თომას ბაერის ვთხოვე. ტექსტი ქართველმა მწერალმა და მთარგმნელმა სალომე ბენიძემ შექმნა. მაროს პარტია ქართველმა მეცოსოპრანომ ნანა ძიძიგურმა პოლონურ სიმებიან კვარტეტთან და ჩემთან ერთად შეასრულა. რეჟისორი გერმანელი დრამატურგი კლაუს ბერტიში გახლდათ. ასე შეიკრა საერთაშორისო გუნდი, ყველამ ერთად მოვყევით მაროს ამბავს, რომელმაც მსმენელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. დღემდე მეკითხებიან, კიდევ როდის გაიმეორებთო. ძალიან მინდა რომ ერთ დღეს „მარო“ საქართველოშიც შესრულდეს.

თავისუფალი დრო გრჩებათ?

თავისუფალი დრო თუ გამომიჩნდა, როგორც წესი, მაინც ისევ ვმეცადინეობ. ძირითადად, მუსიკისა და ბავშვების გარშემოა ყველაფერი. დავდივართ კონცერტებზე, მუზეუმებში. ბოლო დროს ვცდილობ წელიწადში ერთხელ, მინიმუმ ერთი კვირით მაინც აუცილებლად წავიდეთ დასასვენებლად. მეგობრებთან ერთად შინაურ წრეში საღამოების გატარებაც ძალიან მიყვარს.

ფოტო: Sarah Wijzenbeek

ქალების ძალას რაში ხედავთ?

ალბათ, იმაში, რომ ქალებს შეგვიძლია ვიფიქროთ ერთდროულად ბევრ რამეზე, სხვადასხვა საქმით ვიყოთ დაკავებული და, ამავდროულად, ბევრი სირთულის მიუხედავად, სიმსუბუქე შევინარჩუნოთ. პირადად მე ბევრად უფრო პროდუქტიული გავხდი მას შემდეგ, რაც პირველი შვილი, მარიამი, გაჩნდა. მაშინ დავაფასე დრო და დავიწყე დაგეგმვა. ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე დღის განმავლობაში რამდენი გინდა მოასწრო. უნდა ეცადო იმასაც, რომ, ნებისმიერი საქმის პარალელურად, თვითონაც კარგად გრძნობდე თავს. ამ დროს ბევრად უკეთ გამოგდის ყველაფერი. ვცდილობ ცოტა ვივარჯიშო, ცურვა მიყვარს. ხანდახან აუცილებელია გამოეთიშო ყველაფერს, რომ გონებამაც დაისვენოს.

რა არის ამ პროფესიაში თქვენი ყოფნის მთავარი მოტივაცია?

მუსიკა განსაკუთრებული რამაა და დაკვრის დროს ყოველთვის ბევრად უფრო მიადვილდება საკუთარი აზრის გადმოცემა. დასაწყისში, ალბათ, უფრო ჩემთვის ვუკრავდი. მახსოვს, ლისტის კონკურსზე ნახევარფინალში ხალხით გაძეძგილ, დიდ დარბაზში იყო მოსმენა. სცენაზე რომ გავედი, უცებ გავიაზრე, რომ ამდენმა ადამიანმა არ დაიზარა და იყიდა ბილეთი, გამოყო დრო იმისთვის, რომ ისიამოვნოს მუსიკით და მაშინ მივხვდი, რომ მარტო ჩემთვის არ ვუკრავ ‒ ვუკრავ იმ ხალხისთვის, ვინც 2 საათი დათმო იმისთვის, რომ სხვა სამყაროში აღმოჩნდეს. სცენაზე დიდ ენერგიას ვიღებ და რა თქმა უნდა, თვითონაც გავცემ. ძალიან სასიამოვნოა იმის აღქმა, რომ ამდენ ადამიანს უსიტყვოდ შენს გულში ახედებ, მუსიკის სილამაზეს უზიარებ და სიამოვნებას ანიჭებ.

მიგიღიათ რჩევა, რომელიც პროფესიულად ძალიან გამოგდგომიათ?

კი, ბევრი. ნოდარ გაბუნია სცენაზე გასვლის წინ გვეუბნებოდა: ჭკვიანი ყური. ეს ნიშნავს იმას, რომ, საბოლოო ჯამში, შენს თავს გარედან უნდა უსმინო და მხოლოდ ემოციამ არ უნდა გაგიტაცოს. ვერონიკა თუმანიშვილის სიტყვები მახსოვს: მართალი უნდა იყო, უპრეტენზიო, სადა და ლოგიკური. კომპოზიტორებიც ხომ ჩვენნაირი ადამიანები იყვნენ, გენიოსები, მაგრამ ადამიანები. ის ემოცია, რაც მათ მუსიკაშია, ადამიანურია და ძალიან ახლოსაა ჩვენს ემოციასთან, მთავარია სწორად გადმოვცეთ ის, რაც მათ ფურცელზე დაწერეს.

განსხვავდება ქართველი და ჰოლანდიელი მსმენელი ერთმანეთისგან?

საქართველოში კლასიკური მუსიკის კონცერტებზე უფრო ის მსმენელი დადის, ვისაც კლასიკური მუსიკის განათლება აქვს მიღებული. ევროპაში ასე არაა. იქ ადამიანს შეიძლება უბრალოდ უყვარდეს კლასიკური მუსიკა, იყიდოს მთელი წლის აბონემენტი და ისიამოვნო დარბაზში მიღებული გამოცდილებით. მხოლოდ ამსტერდამში 2 დიდი საკონცერტო დარბაზია, სადაც დღეში 2-3 კონცერტი ტარდება და ამ კონცერტებზე დარბაზები ყოველთვის სავსეა. ამას ემატება ოპერა, პატარ-პატარა დარბაზები, ეკლესიები, სადაც კამერულ მუსიკა სრულდება. საერთოდ, ცხადია, რაც უფრო წინ მიდის ქვეყანა, რაც უფრო თავდაჯერებულია და დამოუკიდებლად დგას ფეხზე, მით უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება მისი კულტურული ცხოვრება.

რატომაა, რომ ამდენი ადამიანი უკრავს და გამორჩეულად – ერთეულები?

ხომ არიან მომღერლები, რომელთა ხმასაც მაშინვე ცნობ. ანალოგიურად არიან პიანისტები, რომელთა ბგერა, დაკვრის მანერა, ფრაზირება გამოირჩევა. მთავარია, ამბავი გადმოსცე და კონცერტის დროს თითოეული მსმენელი დააჯერო იმაში, რომ მხოლოდ მისთვის უკრავ.

მუსიკის ფუნქცია იცვლება დროსთან ერთად?

ფუნქცია, ალბათ, არა. იმ ყველაფერზე, რაც ჩვენ გარშემო ხდება, რა თქმა უნდა, კომპოზიტორებიც რეაგირებენ და ამიტომ მუსიკა და მუსიკალური ენა იცვლება, მაგრამ ის ფაქტი, რომ მუსიკას მივყავართ სხვა სამყაროში და მუსიკის ენით შეგვიძლია ნებისმიერი ემოცია და აზრი გადმოვცეთ, არა მგონია როდისმე შეიცვალოს.

დღეს, როცა ვირტუალურ სივრცეში ყველაფერი ხელმისაწვდომია, საკონცერტო დარბაზში მისვლას და მოსმენას თავისი ფუნქცია შენარჩუნებული აქვს?

ამას მივხვდი კოვიდის პერიოდში, როცა ჯერ გავჩერდით და შემდეგ ონლაინ კონცერტებზე გადავედით. აბსოლუტურად კომიკური, სიურრეალისტური სიტუაციები იყო. მახსოვს, ბრატისლავაში ჩავფრინდი, სცენაზე ორკესტრში 70 კაცი იჯდა და დარბაზში ‒ არავინ. მუსიკოსისთვის უკუკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ უკრავ და დარბაზიდან ენერგია არ მოდის, ძალიან რთულია. აბსოლუტურად სხვა მუხტი და ჟღერადობაა, როდესაც დარბაზში ხარ. რაღაც განსაკუთრებულის ნაწილი ხდები. ეს ის გამოცდილებაა, რომელიც მხოლოდ ცოცხლად, კონცერტის დროს შეიძლება შეიგრძნო.