ნატალია მოურავიძე აზერბაიჯანში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელმძღვანელის პოსტზე დაინიშნა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია EBRD-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის განცხადებით, ნატალია მოურავიძე ახალ თანამდებობაზე მოვალეობების შესრულებას უკვე შეუდგა. EBRD-ის ცნობით, ის ბანკის ბაქოში განლაგებულ ოფისში მუშაობს.
„ჩემთვის დიდი პატივია ბაქოს ოფისის გუნდის ხელმძღვანელობა, რომლითაც დიდი ხანია, აღფრთოვანებული ვარ. აზერბაიჯანი არის მდგრადი ეკონომიკა, რომელმაც მნიშვნელოვანი გამოწვევები გადალახა. EBRD-ის ბაქოს გუნდთან ერთად გამოვიყენებ ჩემს ენერგიასა და გამოცდილებას, რათა ხელი შევუწყო აზერბაიჯანის სწრაფვას, გააფართოოს თავისი ეკონომიკური ბაზა და გააძლიეროს ნავთობის მიღმა სექტორი”, – განაცხადა ნატალია მოურავიძემ ახალ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით.
ნატალია მოურავიძე EBRD-ს 2003 წელს შეუერთდა. ის არის ასოცირებული დირექტორი და უფროსი ბანკირი. ახალ პოსტზე დანიშვნამდე, ნატალია ბანკის რეგიონული კოორდინატორი იყო, ასევე ხელმძღვანელობდა EBRD-ის თბილისის ოფისს.