გვანცა ჯობავა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის (IPA) პრეზიდენტი გახდა. ის თანამდებობაზე ასოციაციის მიერ ჟენევაში დღეს გამართულ გენერალურ ასამბლეაზე აირჩიეს.
“პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, რამაც ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი თავდაყირა დააყენა – მით უფრო კულტურის სფერო და ჩვენი დემოკრატიული მოწყობაც საეჭვო გახადა, მადლიერი ვარ, რომ სამყარო ადამიანებს, ქვეყნებს მათი შრომითა და ბრძოლისუნარიანობით აფასებს. ჩემთვის ჩემ მიმართ გამოცხადებული ნდობა ჩემი ქვეყნისადმი გამოცხადებული ნდობის ტოლფასია,” — წერს გვანცა ჯობავა Facebook-ზე.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტად არჩევამდე გვანცა ორი წლის განმავლობაში IPA-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. როგორც ცნობილია, ასოციაციის ახლად არჩეული პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შეუდგება.