მაია გოგოხიას ნიშური “Alcove”

გადახედეთ წარმატებულ ადამიანებს თქვენ გარშემო და დაფიქრდით, რა აერთიანებთ მათ? თითოეულ მათგანს სხვადასხვა სფერო, საკუთარი გზა, განათლება და მიდგომები აქვს, მაგრამ ყველას გაგიჟებით უყვარს საქმე, რომელსაც აკეთებს.

ფოტო: სოფო პაპიაშვილი

მაია გოგოხიაც ასეთია ‒ ადამიანი, რომელიც შეყვარებულია საკუთარ საქმეზე. უკვე წლებია ავეჯისა და ინტერიერის სფეროშია. დღეს კომპანია Alcove-ს უდგას სათავეში, რომელიც მულტიბრენდულ გალერეას წარმოადგენს, ინტერიერის მოწყობისა და გაფორმების მიმართულებით და ამბიციით ‒ იქცეს ამ სფეროში ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ საქართველოში.

„რომ არა საქმისადმი ასეთი სიყვარული, ალბათ ვერ შევძლებდი იმ წინაღობებისა და სირთულეების გადალახვას, რომლებიც გამოვიარე. სწორედ ამან განაპირობა, რომ მარცხებმა მომცა მეტი გამოცდილება და მოტივაცია ჩემი მიზნების მისაღწევად“.

როგორც ამბობს, ენთუზიაზმით და დაუღალავი შრომით ადამიანებს უქმნიან სივრცეს, საიდანაც ისინი პოზიტიურ მუხტს იღებენ.

საქმეზე ბევრს და ემოციურად ლაპარაკობს. ამბობს, რომ ადამიანები დღეში 22 საათს შენობაში, უმეტესად კი სახლში ატარებენ, ამიტომ კარგად ათვიცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომ მისი და თანაგუნდელების შრომის შედეგად ჩვეულებრივი სივრცე კონკრეტული ადამიანების სახლად უნდა გადაიქცეს და მათში შესაბამისი მიჯაჭვულობა გააჩინოს.

„ინტერიერის მოწყობის პროცესში ყველა ნიუანსი მნიშვნელოვანია, რადგან ინტერიერი გარდა პრაქტიკული დანიშნულებისა, უნდა იყოს ემოციის მატარებელი. ის ემოცია, რომელსაც ადამიანებს ანიჭებს გემოვნებით და ხარისხიანად მოწყობილი გარემო, დროთა განმავლობაში უფრო მშობლიური და ღირებული ხდება, სწორედ ეს იწვევს „ჩემი სახლის“ განცდას, რაც მუდმივია…“.

ხაზს უსვამს მუშაობის პროცესში მოსმენისა და გაზიარების მნიშვნელობას. სჯერა, რომ სწორედ ასე იქმნება იდეალური პროდუქტი.

„მნიშვნელოვანია სხვების საჭიროებებისა და სურვილების მოსმენა, ვაფასებ მომხმარებლების ნდობას, როდესაც ისინი თავიანთ გრძნობებს მიზიარებენ… მომხმარებლის ნდობა და პროცესებში მაქსიმალური ჩართულობა კომპანიის საქმიანობას უფრო მიმზიდველს, ეფექტურს და საინტერესოს ხდის“.

მაია გოგოხიას საკუთარ თავზე ლაპარაკი არ უყვარს, მაგრამ მის გუნდზე სასაუბროდ სულ მზად არის.

არქიტექტურული სტუდია STIPFOLD

„Alcove-ს ქმნის საყვარელი საქმის გარშემო გაერთიანებული ადამიანების გუნდი, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ ინტერიერის დიზაინი: სწორად შერჩეული ავეჯი, დეკორი ‒ არის არა მარტო ლამაზი სივრცე, არამედ ერთგვარი ინვესტიცია, რომელიც მესაკუთრის უძრავი ქონების ფასს ავტომატურად ზრდის“.

მაიას მიაჩნია, რომ ეხმარება ერთი მხრივ, მომხმარებლებს და მეორე მხრივ, პროფესიონალებს, გამოხატონ საკუთარი თავი, მიზნები, მისწრაფებები სწორედ დიზაინის, ავეჯის მეშვეობით. განსაკუთრებით უფრთხილდება იმ სპეციალისტებს, რომლებიც საკუთარი შემოქმედების რეალობად ქცევისთვის სწორედ Alcove-ს ირჩევენ.

„სფერო, რომელსაც ვემსახურები, დინამიკური, ცოცხალი და მუდმივად ცვალებადია. სულ უნდა განვითარდე და სიახლეები ეძიო. განსაკუთრებით, მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი პროფესიონალია გარშემო, არქიტექტორები, დიზაინერები, დეკორატორები. წლებია ადამიანთა გარკვეულ ჯგუფთან, დარგის ექსპერტებთან, ვთანამშრომლობ და შესაბამისად, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების აუცილებლობა და საჭიროება, ჩემთვის ერთგვარი სტიმულია, რომ სწორედ, კომპანია Alcove გახდეს შეუცვლელი პლატფორმა მათი იდეების განსახორციელებლად. ხშირ შემთხვევაში პოტენციურ საქმიან პარტნიორებს და ჩვენს მომავალ ევროპელ მწარმოებლებს სწორედ მათივე მოთხოვნებისა და სურვილების მიხედვით ვირჩევ“.

არქიტექტურული სტუდია STIPFOLD

Alcove ქართულად ითარგმნება, როგორც „ნიშა“ სწორედ ასეთ პროდუქტს ქმნის კომპანია ‒ ნიშურს, გამორჩეულს, დახვეწილს, გემოვნებიანს და თამამს. მისი მომხმარებლებიც ასეთები არიან. დამკვეთების გამბედაობა და მათ მიერ Alcove-სთვის გამოცხადებული ნდობა მაია გოგოხიასა და მის გუნდს აძლევს თავისუფლებას, შექმნან სუპერ თანამედროვე და ამავე დროს მომხმარებელზე მორგებული გარემო. ერთ-ერთ ასეთ გამორჩეულ პროექტზე კომპანია პარტნიორთან ‒ Stipfold-თან ‒ ერთად ახლა ბათუმში მუშაობს. პენტჰაუსი ქალაქის ძველ უბანში მდებარეობს და ზღვისა და ბულვარის არაჩვეულებრივი ხედებით გამოირჩევა. ავტორები ეცადნენ, ამ კონკრეტულ პროექტში ერგონომიული დიზაინის მნიშვნელობისთვის გაესვათ ხაზი, შესაბამისად, მათი მიზანი კომფორტული და ადამიანის მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა იყო. მიუხედავად იმისა, რომ დასრულებული არ არის, შედეგი უკვე შთამბეჭდავია – პენტჰაუსის მინიმალისტური და თანამედროვე დიზაინი გულგრილს არავის ტოვებს.

დაარსების დღიდან Alcove-ის გუნდს არაერთი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, მათ შორის იტალიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ა.შ. არსებული გამოცდილება კომპანიას საზღვრების დარღვევისა და სიახლეების დანერგვის საშუალებას აძლევს. მით უმეტეს, რომ Alcove-ს საკმაოდ კარგი კავშირები და პარტნიორები ჰყავს.

ევროპული თანამედროვე ავეჯის განათებისა და მოსაპირკეთებელი მასალების მწარმოებლების გარდა, Alcove მსოფლიო მასშტაბით ცნობილ გალერეებთან და დიზაინერებთან ექსკლუზიურად თანამშრომლობს. შედეგად, მოდერნისტულ პროდუქტებთან ერთად მომხმარებელს მე-19 ‒ მე-20 საუკუნის უნიკალურ და ვინტაჟურ ავეჯს, განათებასა და ინტერიერის დეკორს სთავაზობს.

არქიტექტურული სტუდია STIPFOLD

დიახ, Alcove-ს ბაზარზე საკუთარი ხელწერა აქვს, ისევე როგორც მაია გოგოხიას ამ ბიზნესში. მისთვის ინტერიერის დიზაინი ისეთივე ინვესტიციაა, როგორც უძრავი ქონება, სწორედ ამ პოტენციალის გაზრდასა და წარმოჩენაზე მუშაობს 2011 წლიდან.

12 წლის წინ, როცა საქართველოში ჩამოვიდა, საკმაოდ თამამი განაცხადი გააკეთა ‒ დაეწყო ბიზნესი ელიტური ავეჯის მიმართულებით. მიაჩნია, რომ ეს გამბედავი ნაბიჯი იყო ‒ შესულიყო სფეროში, რომელიც სრულებით ახალი იყო მისთვის. დაბრკოლებებს არ შეუშინდა და ქვეყანაში ისეთი კალიბრის მსოფლიო ბრენდი გააჩინა, როგორიც Baker Furniture.

„ყველაფერი, 2011 წელს დაიწყო, როდესაც ქართველ მომხმარებელს და ინტერიერის სფეროში მომუშავე ადამიანებს შევთავაზეთ განსაკუთრებული და სრულიად ახალი მიმდინარეობა და პროდუქცია ‒ ამერიკული დიზაინისა და წარმოების მქონე, მაღალი ხარისხის ავეჯისა და აქსესუარების სახით. ეს გახლდათ ავეჯისა და ინტერიერის ცნობილი კომპანია „ბეიკერი“, რომელმაც ქართულ ბაზარზე გამოჩენისთანავე მიიქცია დახვეწილი გემოვნების მქონე ქართველი მომხმარებლის ყურადღება“.

ამ ბიზნესში შესვლა და ნულიდან დაწყება სარისკო იყო, მაგრამ არჩევანში არ შემცდარა ‒ ავეჯის ინდუსტრიამ პანდემიის პირველ ტალღაშიც კი სტაბილურობა და მდგრადობა შეინარჩუნა.

„არქიტექტურისა და დიზაინის კომპანიები პირველები არიან, რომლებიც ნერგავენ ახალ ტრენდებს მსოფლიოში, ხშირ შემთხვევაში კი თავადვე აყალიბებენ მათ. ელიტური ავეჯის გლობალური ბაზარი უამრავ კვალიფიციურ პროფესიონალს და უმაღლესი ხარისხის მასალებს აერთიანებს“.

მაღალი სტანდარტებისა და კონკურენციის გამო, ამ სფეროში ბიზნესის დაწყება და ბაზარზე ადგილის დამკვიდრება მაია გოგოხიასთვის მარტივი არ ყოფილა.

ფოტო: სოფო პაპიაშვილი

„არ ვიქნები ორიგინალური და ვიტყვი, ეს იყო რთული, მაგრამ საინტერესო გზა, გამოწვევებით, და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობით“.

მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში არაერთ გამოწვევას გაუმკლავდა, ამაზე საუბარი არ მოსწონს; თავმდაბალია. მისი პირადი გამოცდილება აჩვენებს, რომ დაუღალავი შრომითა და თავგანწირვით შეძლო იმ პრობლემების გადაჭრა, რომელთა დაძლევაც ხშირ შემთხვევაში შეუძლებლადაც ჩანდა. მერე რა, რომ ამ გზაზე შიშიც იყო, სამაგიეროდ, სულ ჰქონდა საკუთარი თავის იმედი. დღეს დარწმუნებულია, რომ ყველა სირთულის გადალახვა შეუძლია; მიიჩნევს, რომ რისკიანი და ძლიერი ქალია.

„არ მქონდა უფლება, რომ დავნებებულიყავი. პასუხისმგებლობა მქონდა აღებული საკუთარი თავის და იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც მენდვნენ.

რთულმა პერიოდებმა ბევრი რამ მასწავლა. მივხვდი, რომ შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ. უფრო ფრთხილი გავხდი. მიუხედავად ასეთი გამოცდილებისა, ადამიანების მიმართ ნდობა არ დამიკარგავს“.

დამწყებ ბიზნესმენებსაც ამას ურჩევს ‒ არ მიაქციონ ყურადღება პატარა მარცხებსა და წარუმატებლობებს, აღიქვან ისინი, როგორც გამოცდილება. მაიაც ასე იქცევა, აგრძელებს საკუთარ გზას, Alcove-თან ერთად.

დღეს არაფერს ნანობს. თავიდან რომ იწყებდეს, იმავენაირად მოიქცეოდა. არ შემცდარა არც მაშინ, როცა ამერიკის მწვანე ბარათის გათამაშებაში მოიგო და საქართველოდან გადასვლაზე უარი თქვა. იცის, რომ იქ ბევრად მარტივი იქნებოდა, მაგრამ სამშობლოზე უარს ვერ ამბობს და თავის ქვეყანაში უნდა მისთვის საყვარელი საქმის კეთება. თან აქ კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი, მისია აქვს: დაბრუნდეს აფხაზეთში, სახლში, რომელიც 10 წლის ასაკში იძულებით დატოვა. მაიამ ოცნების პროექტი სოხუმში უნდა განახორციელოს.

„აქ ყველაფერია უკეთესი ცხოვრებისათვის“ ‒ ამ მოტივაციით მაია გოგოხია და Alcove საკუთარ მიზანს მიჰყვებიან.