ლიზას თვალს მოჰკრავთ თბილისის ნებისმიერ უბანში- სკვერებში, სპორტულ მოედნებზე, ხეივნებში, შემოსაზღვრულ ტერიტორიებზე… თან სხვადასხვა ძაღლი ახლავს. გამვლელები, როგორც წესი, გაკვირვებას ვერ მალავენ, როცა იგებენ, რომ თმაგაშლილი, ლამაზი გოგო ძაღლების მწვრთნელინსტრუქტორია და მისი საქმე ძაღლებისა და მათი პატრონების კომფორტულ თანაცხოვრებაზე ზრუნვაა.
ლიზა ლომიძე 25 წლისაა. სტერეოტიპების არ შეშინებია- იმისთვის, რომ ეკეთებინა ის, რასაც ნამდვილად მოჰქონდა სიხარული, მიატოვა სწავლა, მოისმინა ახლობლების სკეპტიკური შეფასებები, უცნობების გაკვირვებული რეპლიკები და, რაც მთავარია, მოუსმინა საკუთარ გულს, რომ დარწმუნებულიყო- ნამდვილად ეს უნდოდა ეკეთებინა ცხოვრებაში.
ოჯახში ფიქრობდნენ, რომ ლიზა ჟურნალისტიკას აირჩევდა ან რამე ისეთ საქმეს, სადაც თავის ორატორულ მონაცემებს, საჯარო გამოსვლის შესანიშნავ უნარს გამოიყენებდა. პარალელურად, ცხოველების მიმართ მისი ზღვარგადასული სიყვარული აფიქრებინებდათ იმასაც, რომ ლიზას პროფესიული არჩევანი ვეტერინარია გახდებოდა. თვითონაც ყოველთვის იცოდა, უფრო მეტად კი გრძნობდა, რომ მისი საქმე აუცილებლად ძაღლებთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, თუმცა როცა არჩევანის წინაშე დადგა, ვეტერინარიის ნაცვლად ძაღლების მწვრთნელ-ინსტრუქტორობა არჩია.
ლიზა ამბობს, რომ ამ სფეროში არაერთი ქალია, რომლებიც წარმატებით მუშაობენ, თუმცა სტერეოტიპები ჯერ კიდევ მყარია და მისი საქმიანობის მიმართ, როგორც წესი, დაეჭვებას გამოხატავენ, იშვიათად- აღტაცებასაც. ძირითადად, უკვირთ, რატომ უნდა იყოს გოგო თანახმა, ყველა სეზონზე, ყველანაირ ამინდში იმუშაოს გარეთ, ძაღლებთან. სხვებს კი ხიბლავთ ძაღლებთან მისი ყოველდღიური ურთიერთობის შესაძლებლობა.
თავად ამბობს, რომ ყველაფერს საქმის სიყვარული, პროფესიონალიზმი და შრომისმოყვარეობა წყვეტს.
ამბობს იმასაც, რომ არასდროს დაიღლები, თუ პროფესიას მოაქვს ბედნიერება.
ძაღლები ბავშვობიდან გიყვარდათ?
ძალიან ღრმა ბავშვობიდან. სადაც ცხოველები იყო, მეც იქ ვიყავი. მამაჩემიც ანალოგიურად, გიჟდებოდა ყველაფერზე, რაც ცოცხალია და ჩემში თითქოს გენეტიკურ დონეზე ჩადო ეს სიყვარული არა მარტო ძაღლების, არამედ ყველა ცოცხალი არსების, მათ შორის ცხენების, მიმართ. პატარა ასაკიდან ვცდილობდი ყველა უპატრონო ძაღლის სახლში წამოყვანას, სულ ვეხვეწებოდი მშობლებს, ძაღლი აგვეყვანა, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მათ გარეშე ჩემი ცხოვრება სრულყოფილი არ იყო. დაახლოებით 7-8 წლის ასაკში მამამ პატარა ინგლისური კოკერსპანიელი მომიყვანა, „ჩაპი“ დავარქვი. ძალიან გაგვიჭირდა ბინაში მისი მოვლა, თან ეს ის ასაკია, როცა ბავშვი ვერ იღებს ცოცხალ არსებაზე პასუხისმგებლობას. ახლა ყველაზე მეტს ზუსტად იმაზე ვლაპარაკობ, რომ ბავშვისთვის საჩუქრად ცხოველის მოყვანა დაუშვებელია. თვითონ ჯიშიც ‒ ინგლისური კოკერსპანიელი ‒ ვიზუალურად კი არის უსაყვარლესი, მაგრამ მონადირე ძაღლია და მას საკმაოდ დიდი ფიზიკური დატვირთვა სჭირდება, რასაც ჩვენთან არ აქცევენ სათანადო ყურადღებას. ეს არაა უშუალოდ ბავშვისთვის შესაფერისი ძაღლი ‒ საკმაოდ ხისტი ხასიათი აქვს, მით უმეტეს, თუ მას არ ვაძლევთ იმას, რაც სჭირდება. ხშირად ხდება ისე, რომ სახლის პირობებში პატრონები ვერ აკმაყოფილებენ ამ ჯიშის ძაღლის ფიზიკურ და მენტალურ მოთხოვნილებებს და ამიტომ პრობლემები იჩენს ხოლმე თავს მათთან თანაცხოვრებისას.
ახლა თუ გყავთ ძაღლი?
ახლა ვეიმარანერი მონადირე და გერმანული ნაგაზი მყავს. მათთან ერთად კი ორი კატაც.
რა გზა გაიარეთ, სად შეიძინეთ ცოდნა?
სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ საქართველოში არაა ადგილი, სადაც შეიძლება ამ მიმართულებით სრულფასოვანი განათლება მიიღო. მე დამეხმარა ბევრი ადამიანი, ერთგვარი მენტორები, რომლებმაც საშუალება მომცეს ცოდნა და გამოცდილება შემეძინა. ხუთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე, დამჭირდა აურაცხელი ინფორმაციის მოძიება, უამრავი წიგნის გამოწერა, უცხოელი კინოლოგებისა და მწვრთნელების მოსმენა. ეს ყველაფერი დიდწილად დამოკიდებული იყო ჩემს პირად ძალისხმევაზე, მოტივაციაზე, რომ ამ სფეროში რაღაც გამეკეთებინა. როგორც კი მივხვდი, რომ ის საჭირო საფუძველი, რაც ამ პროფესიას სჭირდება, უკვე ჩაყრილი იყო და საკმაოდ დიდი ცოდნა მქონდა დაგროვილი, გადავწყვიტე ჩემი შესაძლებლობები კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ამეყვანა. დიდხანს ვეძიე რა იქნებოდა საუკეთესო ნაბიჯი შემდგომი განვითარებისთვის და საბოლოოდ შევჯერდი ერთ-ერთ წამყვან ბელგიელ კინოლოგთან სერტიფიცირების გავლაზე. აქ უკვე კომპანიონ ძაღლებზე მეტად სამომსახურეო ძაღლების წვრთნასთან მომიწია შეხება, რამაც მიმახვედრა, რომ უფრო მეტად obedience (მორჩილება) და ძაღლების სპორტი მიზიდავს. სულ მალე დავასრულებ სერტიფიცირების პროცესს, რაც ჩემთვის და ჩემი პროფესიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა.
მომავალი კინოლოგი ხართ?
კინოლოგია ძალიან ფართო სფეროა. არ მიყვარს ამის დაბრალება. დღეს არასახარბიელო სურათი გვაქვს ამ მხრივ, რადგან ყოველი მეორე ადამიანი, ვინც ძაღლებთან მუშაობს, ამბობს, რომ კინოლოგია, რასაც სხვები შეცდომაში შეჰყავს. კინოლოგია მოიცავს უამრავ რამეს, რაც შეუძლებელია 3, 4 და 5 წელიწადში სრულფასოვნად შეისწავლო. ამ ეტაპზე მე გახლავართ მწვრთნელ-ინსტრუქტორი და ვმუშაობ ქალაქის პირობებში ძაღლებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე, ქცევის კორექციაზე და ყველა იმ კომპონენტზე, რაც აუცილებელია პატრონსა და ძაღლს შორის საუკეთესო ურთიერთობის დასამყარებლად.
როგორი სპეციფიკისაა თქვენი სამუშაო, ყოველდღე დაკავებული ხართ?
დიახ, ყოველდღიურად მაქვს სესიები, მყავს ძაღლები, რომლებთანაც დავდივარ და ვმუშაობ, მაგრამ ამ ეტაპზე ერთდროულად ბევრი ძაღლის აყვანაზე უარს ვამბობ, რომ მეტი დრო სწავლას დავუთმო. ჩემთვის ძაღლის რაოდენობაზე უფრო პრიორიტეტულია ის, თუ რამდენად დიდ ცოდნას და გამოცდილებას დავაგროვებ ამ სფეროში.
თითოეული ძაღლი აბსოლუტურად ინდივიდუალურია, როგორც ნებისმიერი ადამიანი. ზოგი უფრო იოლად სწავლობს, ზოგს მეტი დრო სჭირდება. ჩვენთან მთავარი მოთხოვნა კომპანიონი ძაღლების გაწვრთნაზეა, რაც მოიცავს იმას, რომ ძაღლი ქალაქის პირობებში იყოს სრულიად ადაპტირებული, შეეძლოს პატრონის გვერდით სიარული, „დაჯექი“, „დაწექი“, „ჩემთან“, „გვერდით“ და სხვა ისეთი ბრძანებების შესრულება, რაც კომფორტული თანაცხოვრებისთვის აუცილებელია. უპირველეს ყოვლისა კი ვმუშაობ იმაზე, რომ ძაღლი იყოს გარშემო გამაღიზიანებლების მიმართ ნეიტრალური, რაც მას ყოველდღიურ ცხოვრებაში, დატვირთული ქალაქის ფონზე ყველაზე მეტად ესაჭიროება და, ამავე დროს, პატრონისა და მისი მშვიდი ცხოვრების წინაპირობაა.
სად ავარჯიშებთ?
სხვადასხვა ტერიტორიაზე, იმის მიხედვით, მოსწავლე სად ცხოვრობს. მაგრამ აბსოლუტურად ყველა ვარჯიშს ვიწყებ სახლიდან, პირველ რამდენიმე სესიას ვუთმობ იმას, რომ ძაღლი კომფორტულად შემოვიდეს ჩემთან ურთიერთობაში და მისთვის მინიმალური სტრესი იყოს წვრთნის დაწყება. ნებისმიერი სიახლე, გინდ დადებითი იყოს და გინდ უარყოფითი, მაინც სტრესს უკავშირდება. ძაღლისთვის ის სიახლეა და არ იცის რა მოელის. შესაბამისად, ვიწყებ მათი ტერიტორიიდან, იქნება ეს ბინა თუ ეზო ‒ მათთვის ნაცნობი, მშვიდი ადგილი და შემდეგ ნელ-ნელა გავდივართ ახალ ადგილებში, ვიწყებთ მეტი გამაღიზიანებლის ფონზე მუშაობას.
ეს საქმე თავიდან ჰობი იყო თუ დასაწყისშივე სერიოზულად აღიქვამდით?
თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს მინდოდა მეკეთებინა. როცა უმაღლესში ვაბარებდი, მაშინაც კი მთლიანად ძაღლებით ვიყავი მოცული, სულ მათზე ვლაპარაკობდი. ყოველთვის მქონდა სურვილი მეტი გამეგო, შემეცნო… ოჯახის წევრებს ეგონათ, რომ უფრო ვეტერინარიას გავყვებოდი, მეც განვიხილავდი ამ ვარიანტს, მაგრამ მერე ნელ-ნელა დავიწყე იმის გარკვევა, რას მოიცავდა ძაღლთან მუშაობა, რა შესაძლებლობები მქონდა ამ მხრივ და მალევე მივხვდი, რომ მინდოდა მათთან მემუშავა წვრთნის, სხვადასხვა უნარ-ჩვევის გამომუშავების მიმართულებით.
ოჯახში როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?
ვერ ვიტყვი, რომ დიდი აღფრთოვანებით. ჩემი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს წარმოდგენა არ ჰქონდათ რა უნდა აკეთოს მწვრთნელმა, როგორია მისი სამუშაო განრიგი, ანაზღაურება… ამას დაემატა ისიც, რომ უნივერსიტეტს თავი დავანებე, რაც კიდევ უფრო დრამატულად აღიქვეს. ჩემი მთავარი გულშემატკივრები მამა და მეუღლე იყვნენ პირველივე დღიდან. ძალიან მალევე აღიქვა და დაინახა დედამაც, რამხელა ბედნიერებას მანიჭებდა ეს პროფესია და იმ დღის შემდეგ ჩემი ერთერთი მთავარი გულშემატკივარი გახდა, რაც ძალიან მახარებს და მაძლიერებს.
საყვარელი ჯიში თუ გყავთ?
გამორჩეულად საყვარელი ჯიში არ მყავს, სიამოვნებას ვიღებ ნებისმიერ ძაღლთან მუშაობისას, თუმცა სურვილი მაქვს უფრო აქტიურად ვიმუშაო ბელგიურ ნაგაზებთან, მათი უნივერსალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ამ ეტაპზე მყავს ერთ-ერთი მოსწავლე „მერლინი“, ოქროსფერი რეტრივერი, რომელსაც ლეკვობიდან ვწვრთნი. ბოლო პერიოდში, ბელგიელებთან სერტიფიცირების ფარგლებში, დავიწყე მისი ახალი პროგრამით მომზადება და პატრონებმაც სრული მხარდაჭერა გამომიცხადეს ამ მხრივ. შედეგმა გამაოცა. ზოგადად, ძაღლები ჯიშების მიხედვით რამდენიმე „კლასად“ იყოფიან ‒ შეიძლება იყოს საჯიშე, სამომსახურეო, საგამოფენო ან კომპანიონი კლასი. ოქროსფერი რეტრივერი, ზოგადად, მონადირე ჯიშია, მაგრამ ჩვენთან ისინი უმეტესად საგამოფენო ხაზით მიჰყავთ. კონკრეტულად „მერლინი“ კომპანიონი უფრო გახლავთ, რის გამოც კიდევ უფრო გამაკვირვა მასთან ორ თვეში მიღწეულმა შედეგმა, რაც რეალურად მცირე დროა მსგავსი წვრთნისთვის. ამ კურსს უმეტესად საკუთარი სამომსახურეო ძაღლებით გადიან, ანუ მათთან დღეში 3-4-ჯერ ტარდება სესიები, მე და „მერლინი“ კი დღეში ერთხელ ვატარებთ სესიას და შედეგებით არაფრით ჩამოვუვარდებით სხვა მოსწავლეებს. სწორედ ამან მიმახვედრა, რამხელა შესაძლებლობები ჰქონია ამ ჯიშს და გული მწყდება, რომ მათ უფრო მეტად არ ამუშავებენ, მათ უმეტესად საგამოფენოდ ამზადებენ და, საბოლოოდ, ექსტერიერის მიხედვით აფასებენ. ვისურვებდი უფრო მეტი ოქროსფერი რეტრივერის ჩართვას მსგავს წვრთნაში და არამხოლოდ. ნებისმიერი ჯიშისთვის ძალიან სასარგებლოა მსგავსი მომზადება ‒ პატრონსა და ძაღლს შორის განსაკუთრებულ ბმას აყალიბებს.
ყველაზე ხშირად რა შეცდომებს უშვებენ ძაღლების პატრონები?
ყველაზე დიდი შეცდომა, საქართველოშიც და სხვაგანაც, არის ძაღლების გაადამიანურება, რაც რეალურად მათთვის ძაღლური ბედნიერების წართმევაა. ჩვენთან ძაღლებს, ძირითადად, მათი ვიზუალური მახასიათებლებით ირჩევენ. მაგალითად, ჰასკის ‒ თავისი ლამაზი ცისფერი თვალების გამო. რასაც ვაკვირდები, საქართველოში დიდად არ უყვართ პატარა ძაღლები და ბევრს უნდა ჰყავდეს დიდი, საშიში შესახედაობის ძაღლი. პრობლემა ისაა, რომ ამ ძაღლების პატრონების ალბათ 80 პროცენტი მაინც ცხოვრობს პატარა ბინაში, მათ თავად არ უყვართ დიდად აქტიურობა და ფიზიკური დატვირთვა, შესაბამისად, არ შეუძლიათ ძაღლს დაუკმაყოფილონ ის ფიზიკური თუ მენტალური მოთხოვნილებები, რაც მათ ჯიშის შესაბამისად აქვთ. ასეთი ძაღლები ძალიან იჩაგრებიან, ამიტომ გვაქვს სავალალო შედეგი ‒ აურაცხელი ჯიშიანი ძაღლია ქუჩაში გამოგდებული. პატრონები სრულად ვერ იაზრებენ იმ პასუხისმგებლობას, რაც ამა თუ იმ ძაღლის მოვლას ახლავს. იგივე ჰასკი არაა მარტივად მოსავლელი ძაღლი, სცვივა ბეწვი, სჭირდება ხშირი ვარცხნა, სირბილი, აქტიური დატვირთა. ამის მიცემა ყველას არ შეუძლია. ასევეა გერმანული ნაგაზი ან თუნდაც, ოქროსფერი რეტრივერი, რომელიც ძალიან საყვარელი ჯიშია, მაგრამ მონადირეა, ის ამისთვის გამოიყვანეს და დეკორატიულ ძაღლად არ გამოდგება. პატრონები ვერ იაზრებენ, რომ ამ ჯიშის ძაღლებს დღეში სულ მცირე ორ-სამ საათს სჭირდებათ ვარჯიში, არა მარტო ფიზიკური, არამედ მენტალური აქტივობაც.
ბევრი შემთხვევა ვიცი, როცა იორკი, მალტეზე, პატარა პუდელი ‒ მინიატურული ჯიშები ‒ გარეთ საერთოდ არ გაჰყავთ. ამას ხსნიან იმით, რომ, მაგალითად, არ უნდათ მათი ძაღლი დაისვაროს, ან ეშინიათ დიდი ძაღლების. ხშირად ამბობენ, რომ აივანი აქვთ, სადაც ძაღლი ისაქმებს და ეს საკმარისია, რეალურად კი დაუშვებელია.
არ აქვს მნიშვნელობა რა ჯიშის, ზომისა და წონისაა ძაღლი, მას ზუსტად ისევე სჭირდება გარეთ გაყვანა, ახალი სივრცეების, ახალი სუნების აღმოჩენა, მენტალური სტიმულების მიღება, როგორც ნებისმიერ დიდ ძაღლს. უბრალოდ, აქ განსხვავებაა სეირნობის ხანგრძლივობაში. თუ დიდ ძაღლებს ხანგრძლივი სეირნობა სჭირდებათ, პატარებს გაცილებით ნაკლები დროც ყოფნით. თუმცა, ეს არ ეხება მხოლოდ გაყვანას. იმავეს ვიტყოდი ძაღლების ჩაცმა-დახურვაზეც. არიან ძაღლები, რომლებიც დაჰყავთ ლაშქრობებში და ამ დროს შეიძლება მათ რამით დავეხმაროთ, მაგრამ ეს უკვე ფუნქციური სპორტული ტანსაცმელია და არა ფუმფულა ჩასაცმელი, რომელიც ხუთავს ძაღლს. ზედმეტი სითბო და სიყვარული, რაც კარგი გვგონია ცხოველებისთვის, ძალიან ხშირად, პირიქით, დამაზიანებელია.
ინტერნეტსივრცეში ბევრჯერ წამიკითხავს: ძაღლსაც ვერ ვეძახი, მგონია, რომ შეურაცხყოფას ვაყენებო. ძაღლისთვის ძაღლის დაძახება მისი შეურაცხყოფა არ არის, ძაღლი არის ძაღლი და მას ადამიანისგან სრულიად განსხვავებული მოთხოვნილებები აქვს, რაზეც თვალის დახუჭვა დანაშაულია.
პრინციპული მნიშვნელობა აქვს თუ არა ძაღლის ჯიშს, როცა ოჯახში ბავშვია?
ზოგადად, თუ პატრონი საკმარის ინფორმაციას ფლობს ამა თუ იმ ჯიშთან დაკავშირებით და შეუძლია მისი კომფორტული ცხოვრების უზრუნველყოფა, ნებისმიერი ჯიშის ძაღლი შეგვიძლია ვაცხოვროთ ბავშვთან ერთად, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რამხელა ყურადღება და დრო ესაჭიროება ბავშვს და თუ ვიცით, რომ ამ ყურადღებასა და დროს თანაბრად ვერ გადავუნაწილებთ ჩვენს ოთხფეხა მეგობარს, უმჯობესია ავარჩიოთ პატარა ზომის, დაბალი აქტივობის ძაღლი. მე თვითონ პატარა შვილი მყავს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ რთულია ბავშვთან ერთად ძაღლის მოვლაზე პასუხისმგებლობის აღება. ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი: თუ პატრონები არ არიან ძალიან აქტიურები, სეირნობის მოყვარულები, არ დადიან, მაგალითად, ლაშქრობებში, მაშინ მათ ისეთი ძაღლი უნდა აიყვანონ, რომელსაც არ სჭირდება ბევრი ენერგიის დახარჯვა. მე, მაგალითად, სახლისთვის დიდ უპირატესობას ვანიჭებ პუდელებს, რომლებიც სხვადასხვა ზომის არიან ‒ მინიატურული, საშუალო ან დიდი ზომის. დიდი ზომის პუდელი ძალიან აქტიურია, ამიტომ მსგავს შემთხვევაში უმეტესია თუ ოჯახი არჩევანს მინიატურულ ან საშუალო ზომაზე შეაჩერებს. ამ ძაღლს ძალიან მაღალი ინტელექტი აქვს, გერმანულ ნაგაზზე უფრო მაღალიც კი, უბრალოდ, პუდელის შესაძლებლობებს რატომღაც სათანადოდ არ ვიცნობთ და უმეტესად დეკორატიულ ძაღლად აღვიქვამთ. პუდელი ძალიან კომფორტულია მოსავლელადაც ‒ ბეწვი არ სცვივა, ეხვევა, მარტივად სწავლობს აბსოლუტურად ყველაფერს და საოცრად თბილი და მოსიყვარულე ძაღლია. შესაბამისად, როცა სახლში ბავშვია და პატრონი არ არის ძალიან აქტიური, უმჯობესი იქნება, თუ ამ ტიპის ჯიშებს შევარჩევთ, მაგრამ სხვა საქმეა, თუ პატრონი აქტიურია და ახერხებს ძაღლის მოთხოვნილებებსაც ისევე დაუთმოს დრო, როგორც ბავშვისას. პიტბული, გერმანული ნაგაზი და ნებისმიერი დიდი ჯიშის ძაღლი შეიძლება გვყავდეს სახლში ბავშვთან ერთად, თუ პატრონმა იცის რა არის საჭირო მათი კომფორტული თანაცხოვრებისთვის.
ჩემი შვილი გიჟდება ძაღლებზე, სახლიდან ისე არ გავა, თუ ორივეს არ ჩაეხუტა და არ დაემშვიდობა. თუ სადმე ვართ, განიცდის, რომ ძაღლები მარტო არიან სახლში. ეს ძალიან მახარებს, მაგრამ ძაღლებთან მისი ურთიერთობა ყოველთვის ჩვენი ზედამხედველობის ქვეშაა, რადგან როგორი თბილი და ტკბილი ურთიერთობაც არ უნდა ჰქონდეთ ძაღლს და ბავშვს, ზედამხედველობა აუცილებელია. ხდება ისე, რომ ბავშვი ვერ აღიქვამს ცოცხალ არსებას სათანადოდ, უნდა, რომ, მაგალითად, ყურები მოქაჩოს, ხელი მაგრად მოუჭიროს და ა. შ. ჩვენ ხშირად ზედმეტად დიდ პასუხისმგებლობას ვანიჭებთ ძაღლებს, ვითხოვთ, რომ არჩევდეს ბავშვს და ზრდასრულს, მაგრამ არაა ასე. ბევრი შემთხვევაა, როცა ძაღლები ბავშვებთან უფრო ფაქიზად იქცევიან, მაგრამ ყველა ძაღლს ამას ვერ მოსთხოვ. როცა ხედავ, რომ ბავშვი აწუხებს ძაღლს, პატივი უნდა სცე ძაღლის პირად სივრცეს და გააცალკეო ისინი.
როგორ ფიქრობთ, რა ასაკიდან შეიძლება იყოს მოზარდი პასუხისმგებელი ძაღლის მოვლაზე?
დაახლოებით 12-14 წლიდან, თუმცა ესეც მინიმალური ასაკია. ბავშვი თვითონ ვერ აიღებს პასუხისმგებლობას ძაღლზე, რადგან ძალიან ბევრი რამ უნდა მის სრულფასოვნად მოვლას. დილა-საღამოს სასეირნოდ გაყვანასთან ერთად, აბსოლუტურად ყველა ძაღლს სჭირდება მენტალური დაღლა, გრუმინგი, ბრჭყალების დამუშავება, ყურების გაწმენდა, ვეტერინართან რეგულარული ვიზიტი. ამ ყველაფერზე ზრუნვა მოზარდს გაუჭირდება. ჩვენ შეიძლება ბავშვს მივუყვანოთ ძაღლი, მაგრამ კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული, რომ პასუხისმგებლობა უმეტესწილად მაინც ჩვენზე იქნება. თუ ძაღლს ყველანაირ კომფორტს შევუქმნით ოჯახში ცხოვრებისას, ამით საკუთარ კომფორტზე ვიზრუნებთ. თუ მას არ ვღლით, ჯიშისამებრ არ ვექცევით, არ ვაძლევთ იმას, რაც სჭირდება, ძაღლის ქცევა გადადის დესტრუქციულში და შეიძლება ბევრი პრობლემა გამოიწვიოს, მაგალითად, ავეჯისა და სხვა ნივთების ღრღნა, სახლში მოსაქმება და სხვა.
გაბედნიერებთ თქვენი საქმე?
დედა სულ მომიწოდებდა მეპოვა საქმე, რომელიც მთელი გულით მეყვარებოდა. მეუბნებოდა, ისეთი რამ აირჩიე, რომ მისი კეთებისას დაღლა ვერ იგრძნო, ამ შემთხვევაში შენთვის ყოველი დღე ზეიმი იქნებაო. მართლაც ასეა. უზარმაზარ ენერგიას და სიყვარულს ვიღებ ძაღლებისგან, ბოლომდე ვიხარჯები მათთან მუშაობისას. უზარმაზარი აზარტია ეს საქმე, რადგან ძაღლებთან მუშაობისას ერთი დაწერილი წესი ან კანონი არ არსებობს, აბსოლუტურად ყველა ძაღლი ინდივიდუალურია, თითოეულს განსხვავებული მიდგომა სჭირდება, იმის გარკვევა, რაზე უფრო რეაგირებს… ამის გაგება, ამოხსნა და დალაგება იმხელა სიამოვნებას მანიჭებს, მიმაჩნია, რომ ნამდვილად გამიმართლა და ვიპოვე საქმე, რომელიც, ალბათ, არასდროს მომბეზრდება.
რა სირთულეები ახლავს ამ საქმეს?
რთულია ის, რომ მიწევს ნებისმიერ სეზონზე, ყინვასა თუ საშინელ სიცხეში ძაღლებთან ერთად გარეთ მუშაობა. სწორედ ამის გამო იწვევს ხოლმე ჩემი საქმიანობა ყველაზე ხშირად გარშემომყოფების გაკვირვებას.
რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია?
მქონია შემთხვევები, როცა, ვთქვათ, ერთი თვის განმავლობაში ვასწავლი ძაღლს რაღაცას და უმნიშვნელო შედეგი გვაქვს. უცებ მივდივარ და ძაღლი აბსოლუტური სიზუსტით მისრულებს დავალებას მაშინ, როცა წინა დღეს არაფერი მსგავსი გაკეთებული არ ჰქონია. საოცარი შეგრძნებაა! ეს მიღწეული შედეგი, შრომის დაფასება არის ყველაზე დიდი მოტივაცია ჩემთვის. ძალიან ბევრჯერ მიმიღია ძაღლების პატრონებისგან შეტყობინებები, სადაც მწერენ, რომ ეს იყო მათი პირველი ბედნიერი გასეირნება ძაღლთან ერთად ან იმას, რომ ვერასდროს წარმოიდგენდნენ, თუ მათ ძაღლს რამე მსგავსის გაკეთება შეეძლო. ასეთი წერილები და იმის ცოდნა, რომ ჩემი მაქსიმუმი ჩავდე ძაღლისა და პატრონის ჰარმონიულ თანაცხოვრებაში, ჩემი ზეიმი და სიხარულია.