ნინო ქურიძე პროფესიის არჩევას ბავშვობას უკავშირებს. როგორც ცნობილი პლასტიკური ქირურგის შვილი, პატარა ასაკიდანვე შეეხო სამედიცინო სფეროს და მოირგო მამის ასისტენტის როლი. მისი პირველი პასუხისმგებლობა თაბაშირის გამოჭრა იყო, რისთვისაც კომპენსაციასაც კი იღებდა. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და ახლა ნინო ქურიძე კუზანოვის კლინიკის ერთ-ერთი წამყვანი პლასტიკური ქირურგია.
გარშემომყოფებს ხშირად ეგონათ, რომ მისი არჩევანი მამის მიმართ აღფრთოვანებით იყო განპირობებული, თუმცა, ნინოს გადაწყვეტილება ადრეული ასაკიდან ურყევი იყო. არასდროს ეპარებოდა ეჭვი საკუთარ მისწრაფებებსა და მიზნებში. არც იმას შეუშინებია არასდროს რომ იმ პერიოდში საქართველოში პლასტიკური ქირურგია და, ზოგადად, ქირურგია კაცების პროფესიად აღიქმებოდა.
პირველი სერიოზული პროფესიული გამოცდილება რა თქმა უნდა, მამამისთან ანზორ ქურიძესთან მუშაობამ მოუტანა. შემდეგ სტუდენტობისას საკმაოდ რთულ წლებში მოუწია პრაქტიკების გავლა თბილისის სხვადასხვა კლინიკებში და ბევრ მძიმე პაციენტთან ჰქონდა შეხება. ამ ყველაფერმა დიდი როლი ითამაშა მის ჩამოყალიბებაში და ხასიათისა განმტკიცებაში.
დაბრკოლებების არასდროს ეშინოდა და უნივერსიტეტში სწავლისას ნინომ კიდევ ერთი მიზანი დაისახა. სასწავლებლად საფრანგეთში, კერძოდ, ვერსალის უნივერსიტეტში წავიდა. ამ პერიოდმა ნინოს საშუალება მისცა მიეღო ღირებული ცოდნა დასავლური განათლების სისტემისგან, ესწავლა ევროპის წამყვანი პლასტიკური ქირურგებისგან და გაეზიარებინა გამოცდილება სხვადასხვა ეროვნების მომავალ ქირურგებთან.
„საფრანგეთში სწავლა საკმაოდ რთული გამოწვევა აღმოჩნდა, თუმცა, ჩემს პიროვნულ ზრდაზე უზარმაზარი გავლენა იქონია. საბოლოოდ, ამ პერიოდმა ძალიან დამოუკიდებელი, ძლიერი და თავდაჯერებული გამხადა“.
პროფესიული ცხოვრების ყველა ეტაპზე ახალ მიზანს ისახავს და მისკენ ჯიუტად მიდის. რეზიდენტურის პარალელურად არაერთი სტაჟირება გაიარა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. პატარა ასაკში მიაღწია იმას, რომ ემუშავა პარიზის ისეთი წამყვანი ქირურგების გვერდით, როგორებიც არიან: ექიმი ჟან-ბრის დიურონი, Clinique Blomet-ში და ექიმი, ბატონი ოლივერ გერბო l’hôspital privé armand brillard-ში.
საფრანგეთის შემდეგ გერმანია იყო. გერმანიაში სტაჟირება გაიარა ლეგენდარულ პლასტიკურ ქირურგ ვოლფგანგ გუბიშთან და ამ პერიოდის განსაკუთრებულ მნიშვნელობას მის ცხოვრებაში მუდამ ხაზს უსვამს. ვოლფგან გუბიშის შემდეგ იყვნენ ისეთი გავლენიანი ქირურგები, როგორებიც არიან: სებასტიან ჰააგი, ჰელმუნდ ფიშერი და სულეიმან ტაში სტამბულში.
საერთაშორისო გამოცდილებაზე საუბრისას ნინო მუდამ ხაზს უსვამს პროფესიული კავშირების დამყარების და შენარჩუნების მნიშვნელობას. არასდროს წყვეტს კონტაქტს უცხოელ მენტორებთან და კოლეგებთან.
ნინო გვიყვება, რომ ნდობის მოსაპოვებლად ქირურგებს დიდი გზის გავლა უწევთ, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ქირურგი ქალია. ასეთი წლები მის კარიერულ ცხოვრებაშიც იყო.
„როცა პრაქტიკებს გავდიოდი, ხშირად მიგრძნია, რომ რადგან ქალი ვიყავი, ბოლომდე არ მენდობოდნენ. თუმცა ამ გზაზე არასდროს არ უნდა დანებდე. მერე რა რომ როგორც ქალს 2-3 ჯერ მეტი ძალისხმევა გჭირდება, რათა დაამტკიცო რომ ღირსეული ხარ. ეს არაა მხოლოდ ქართული რეალობა და ასეთ მაგალითებს ევროპაშიც შევხვდი“.
უნდობლობის წლები ნინოს ცხოვრებაში დიდი ხანია უკან დარჩა, ახლა ყველაფერი პირიქითაა. თუმცა, თუ ვინმეს მაინც მისი ასაკი აშინებს ეს ხანდაზმული პაციენტები არიან, მაგრამ მათი უმრავლესობა საბოლოოდ მაინც ჩვენს რესპონდენტს ირჩევს.
პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგიაში ლიცენზიის აღების დღიდან ნინო პაციენტთა სიმცირეს არ უჩივის. თუმცა, მუშაობა არასდროს ღლის, პირიქით, ყველაზე ბედნიერი საოპერაციო ოთახშია და ყველა ჩატარებული ოპერაციის მერე ახალი ენერგიით და ძალებით ივსება.
გვიხსნის, რომ საქართველოში განსაკუთრებული მოთხოვნა რინოპლასტიკაზეა, ანუ ცხვირის ფუნქციურ და ესთეტიკურ ცვლილებაზე. ასევე პოპულარულია მამოპლასტიკა და ტანის კონტურის ცვლილებაც. შესაბამისად, ნინო ყველაზე ხშირად ამ ოპერაციებს აკეთებს.
„კმაყოფილ პაციენტს ახალი პაციენტი მოჰყავს, ასე იყო თავიდან და ასე გრძელდება დღესაც. ეს კი ნიშნავს რომ საკმაოდ დატვირთული განრიგი მაქვს, მინიმუმ ნახევარი წელი ყოველთვის წინასწარ მაქვს გაწერილი“.
მიუხედავად, იმისა რომ ნინო საკმაოდ ცნობილი პლასტიკური ქირურგია, სწავლის უწყვეტობა მისი მუდმივი პრიორიტეტია. ამიტომაც წელს დოქტორანტურაში ჩააბარა და მალე ხარისხსაც დაიცავს. პარალელურად ყოველდღიურად ეცნობა ამერიკისა და ევროპის ასოციაციების მიერ გამოქვეყნებულ სიახლეებს და წელიწადში მინიმუმ სამჯერ ესწრება მნიშვნელოვან საერთაშორისო კონგრესებსა და სამიტებს. ამაში არასდროს არ ენანება არც დრო და არც ფინანსები.
„წინსვლის არანაირ შესაძლებლობას არ ვუშვებ ხელიდან და ვცდილობ არ ჩამოვრჩე პროცესებს. სწავლა მედიცინაში არასოდეს სრულდება და ყველა კონგრესიდან, რომელსაც ვესწრები, ვცდილობ საქართველოში რაღაც ახალი, ინოვაციური ჩამოვიტანო და პრაქტიკაში დავნერგო. ჩემს საქმეში მნიშვნელოვანია ბევრი სხვადასხვა ტექნიკის ცოდნა, რადგან არასდროს იცი როდის რა გამოგადგება“.
ახლა ნინო ქურიძის ცხოვრებაში ის ეტაპია, როცა კვირაში მხოლოდ 6 ოპერაციას აკეთებს. ოპერაციების წინ პაციენტებს ბევრს ესაუბრება, დიდ დროს უთმობს მათ ცნობიერებაზე მუშაობას და მათ ემოციურ მომზადებას.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია ოპერაციისთვის პაციენტი იყოს მენტალურად მზად, სხვა შემთხვევაში თავად ძალიან გაუჭირდება“.
ნინოსთვის ეს საქმე არ არის ბიზნესი და არასდროს აკეთებს ოპერაციას ოპერაციისთვის. მისი პრიორიტეტი ხარისხია და არა რაოდენობა. ესთეტიკის აღქმაც თავისებური აქვს.
„მე მიმაჩნია, რომ კონკრეტული ნაკვთის ცვლილება არ გულისხმობს სილამაზეს. სილამაზე, ეს არის შინაგანი მდგომარეობა, რომელსაც ასრულებული ოცნება გვაძლევს და არა რაღაც პარამეტრები ან გრადუსი. პლასტიკური ქირურგები კონკრეტული ჩარევებით ვეხმარებით პაციენტებს, რომ საკუთარ თავთან ჰარმონიაში იყვნენ. ჩემი პაციენტები ოპერაციამდეც და ოპერაციის შემდეგაც ლამაზები არიან“.
ნინოსთვის ოპერაცია წარმატებულია მაშინ, როდესაც პაციენტს არ ეტყობა ქირურგიული ჩარევა და ყველაფერი ჰარმონიაშია. მის პაციენტებს მასშტაბური ცვლილებების მერეც კი ოპერაციის კვალი თითქმის არასდროს ეტყობათ. ნინოს პრაქტიკაში ისეთი შემთხვევაც ყოფილა, როცა პაციენტის ძმასაც კი ვერაფერი შეუმჩნევია და ამით ძალიან ამაყობს.
როგორც ირკვევა, პლასტიკური ქირურგია პერფექციონისტების საქმე არ არის. ნინო ამბობს, რომ ქირურგიაში ზედმეტი პერფექციონიზმი წაგებული თამაშია. ამაში ის მისმა ფრანგმა მენტორმა ჯერ კიდევ პრაქტიკის დროს დაარწმუნა, როცა აუხსნა, რომ იშვიათად მაგრამ არის მომენტი რა დროსაც ექიმიც და პაციენტიც უნდა დაკმაყოფილდეს იმით, რის საშუალებასაც ორგანიზმი და ქსოვილი იძლევა. და ხანდახან ასეთ დროს საუკეთესო შედეგიც იდება.
რადგან ქირურგია არ არსებობს გართულებების გარეშე, ნინო მიიჩნევს, რომ ასეთ დროს აუცილებელია ქირურგს პაციენტის ჩივილების აღქმის და გაზიარების უნარი ჰქონდეს.
„მნიშვნელოვანია, როგორ მართავს გართულებას ქირურგი და რამდენად არის ამ გზაზე პაციენტის გვერდით. პაციენტმა არ უნდა იგრძნოს გულგრილობა. გარდა ამისა, როგორც ყველა დარგის პროფესიონალისთვის, ქირურგისთვისაც აუცილებელია დისციპლინის უნარი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ დილის 7 საათზე ავდგებოდი, მაგრამ ასეა უკვე 10 წელია“.
დილის 7 საათზე ადგომაც პროფესიულ და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის ნაწილია. ნინო გვეუბნება, რომ ამ ბალანსს ოჯახის წევრების მხარდაჭერით მიაღწია. იყო წლები როცა განუსაზღვრელი დროითაც მუშაობდა და ეს პერიოდი მან და მისმა ოჯახმა ერთად გაიარეს. ნინოს გაუმართლა – მეუღლე მისი ყველაზე დიდი მხარდამჭერია.
„მეუღლემ იცის, რომ თავდაუზოგავი შრომა ჩემი ხასიათის ნაწილია და ჩემი საქმე ჩემი ბედნიერებაა. ამიტომაც ამ რთულ გზაზე მუდმივად მხარში მიდგას. პროფესიასა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსი უკვე დაცული მაქვს. ახლა უკვე შემიძლია ჩემს თავს მეტი დრო დავუთმო, ვიდრე ამას ადრე ვაკეთებდი. ახლა უკვე ყველა დღესასწაულზე ვისვენებ, ადრე მხოლოდ საოპერაციო არსებობდა. მიუხედავად ამისა, იმ რთულ წლებს არ ვნანობ. ეს უნდა გამევლო, იმ პერიოდის გახსენება ახლაც კი ემოციებს მგვრის“.
ნინო ქურიძე უახლოეს მომავალში სამსახურის კუთხით ცვლილებას არ გეგმავს, მიზეზი ის კომფორტული გარემო და კოლექტივია, რომელიც კუზანოვის კლინიკაშია. თუმცა, როგორც არაერთხელ აღნიშნა საკუთარ თავს მუდმივ განვითარებაში ხედავს.
სწორედ განვითარებისა და დიდი შრომისთვის მზაობის აუცილებლობაზე საუბრობს ჩვენი რესპონდენტი იმ ქალების გასაგონად, რომლებიც პლასტიკური ქირურგობისთვის ემზადებიან.
„ახლა ეს პროფესია ძალიან პოპულარულია, შორიდან მომხიბვლელი და მარტივი ჩანს. თუმცა, ამ პროფესიას განსხვავებული სპეციფიკა აქვს, ჩვენთან პაციენტი ჯანმრთელი მოდის და ჯანმრთელ პაციენტს დისკომფორტი ექმნება. აუცილებელია, ექიმს ჰქონდეს უნარი ამოიცნოს, პაციენტი მენტალურად და ემოციურად რამდენად მზად არის ქირურგიული ჩარევისთვის, რადგან ყველა ეს ემოცია შემდეგ ორგანიზმში ჯამდება. ვინც პლასტიკურ ქირურგობას გადაწყვეტს, მზად უნდა იყოს დაუსრულებელი თვითგანვითარებისთვის და ასევე მკაცრი დისციპლინისთვის“.
და ბოლოს, ნინოსთან ინტერვიუ მამაზე საუბრით დავიწყეთ და მამაზე საუბრით ვასრულებთ.
„ვგრძნობ, რომ ძალიან ამაყობს ჩემით. მისი აღიარების მოპოვება რთული იყო, თუმცა ამას მივაღწიე“.