ცვლილება გარდაუვალია ‒ ასე შევაჯამებდი იმ საუბარს, რაც ერთ ჩვეულებრივ სამუშაო დღეს ჩემსა და ჩემს რესპონდენტს შორის აქსის თაუერსის მეთოთხმეტე სართულზე შედგა.
ზუსტად მანდ გავიცანი თამარ გახარია, CBS ჯგუფის ფინანსური დირექტორი.
მეგონა ჰოლივუდში გადაღებულ, სპეცეფექტებით დატვირთულ, ემოციურ და გამოწვევებით აღსავსე ბლოკბასტერს ვუსმენდი. თამარის ცხოვრება ზუსტად ასეთია ‒ პირადი დრამით, ბნელი 90-იანების მძიმე შლეიფით და წარმატებით, რომელსაც დღეს ბედნიერებას არქმევს ‒ ბედნიერებას, რომელიც საერთოდ არ გამოდგა ისეთი, როგორც ადრეულ ასაკში გათხოვილ, ვარდისფერსათვალიან გოგონას თავის დროზე წარმოედგინა. ქმარი, რომელიც მისგან სწავლის დანებებას და მხოლოდ სამზარეულოში ფუსფუსს მოითხოვდა, მისი ცხოვრების ყველაზე დიდი იმედგაცრუება აღმოჩნდა. თუმცა, დღეს ამ გრძელი, მძიმე ისტორიის თხრობისას, სულ სხვა აქცენტს სვამს ‒ მადლიერების აქცენტს, რომ ცხოვრება ისწავლა, ვარდისფერი სათვალეები მოიხსნა და ყველა გამოწვევა შესაძლებლობად აქცია.
კმაყოფილი ხართ, სადაც ახლა ხართ? ‒ ვეკითხები გრძელი და მისთვის აშკარად ემოციურად დამღლელი საუბრის შემდეგ. ის კი პასუხად მიბრუნებს, რომ ადამიანმა განვითარება არასდროს უნდა შეწყვიტოს, რადგან ფინანსური დირექტორი თუ განვითარების ჭერია, მაშინ რა აზრი აქვს ამ მიზნის მიღწევას, თუკი მისაღწევი არაფერი დარჩება… მისი ეს შეუპოვრობა, საკუთარი თავის და შესაძლებლობების რწმენა, ძველი ტკივილების გაანალიზების უნარი, მართლაც შთამბეჭდავია. „დინების საწინააღმდეგოდ სვლა მთელი ჩემი ცხოვრების ლაიტმოტივია“ ‒ ამბობს თამარ გახარია და მთელი მისი ნაამბობიც ამას ამტკიცებს: გათხოვდა მაშინ, როცა შეუყვარდა; ქმარს მაშინ გაშორდა, როცა პერსპექტივა ჩაუქრა; ისწავლა იქ, სადაც ყველაზე მაღალი კონკურენცია დაინახა; აირჩია პროფესია, რომელიც გოგოს პროფესიად მაშინ დიდად არც ითვლებოდა; თვალი გაუსწორა სიღარიბეს, კორუფციას და საკუთარი შრომისმოყვარეობით, მშობლების უპირობო ნდობა და მხარდაჭერაც მოიპოვა ‒ მიუხედავად იმისა, რომ აქაც ბევრი მტკიცება და დინების საწინააღმდეგო კურსის ერთგულება დასჭირდა. „ამ ყველაფერმა დიდი გავლენა იქონია ჩემი ხასიათის ჩამოყალიბებაზე: ამან შექმნა ჩემში ის შეუპოვრობა, რაც გულუბრყვილო გოგოს მანამდე არ ჰქონდა“, – მეუბნება თამარ გახარია.
და მე მჯერა მისი
მეორე კურსიდან დაიწყო მუშაობა საქართველოს ბანკში. „ისეთ გარემოში მოვხვდი, სადაც ტემპი იყო სრულიად არაადეკვატური ‒ იხსენებს თამარი ‒ თუმცა, შრომის და რესურსების ფასი, ზუსტად მაშინ ვისწავლე. მაშინვე დავაფასე ცხოვრებისეული თუ სამუშაო გამოცდილებით მიღებული ცოდნის ღირებულებაც, რომელსაც ვერც წიგნებში იპოვიდი და ვერც შეკითხვების დასმით. სწავლის მუდმივმა სურვილმა განაპირობა, ჩემი ამ ღირებულებებზე თითქმის დამოკიდებულება, რაც საბოლოო ჯამში, ჩემს წარმატების ფორმულაში ვთარგმნე“.
თამარ გახარია ერთადერთი რესპონდენტია, რომელმაც მართლა გამიმჟღავნა წარმატების ფორმულა, და როცა ვამბობ ფორმულა-მეთქი ‒ არ ვაჭარბებ.
თავად განსაჯეთ
„წარმატების ფორმულა ყველას თავისი აქვს“, ‒ მაფრთხილებს ჩვენი საუბრის ამ ნაწილის დაწყებისას და მცირე პაუზის შემდეგ აგრძელებს: „ჩემი გამოიხატება სულ რამდენიმე სიტყვით და კომბინაციით:
უნარები გამრავლებული საქმის მიმართ დამოკიდებულებაზე გამრავლებული შრომისმოყვარეობა/ძალისხმევაზე და ამ ნამრავლს დამატებული და სწავლის, მოსმენის, ფიქრის, სიყვარულის უნარისა და ცვლილებებისადმი მზაობის ჯამი ‒ ეს ყველაფერი კი წარმატების ტოლია, რომელიც ჩემთვის ბედნიერებაში ითარგმნება!
წარმატება ჩემთვის ბედნიერებაა. თუ მე ბედნიერი ვარ, რა წერტილშიც ვარ ‒ მაშინ ეს ნიშნავს, რომ მე ბედნიერებაში წარმატებული ვარ. უბრალოდ წარმატებაც და ბედნიერებაც პროცესია და არა ერთჯერადად დამდგარი მოცემულობა. ყველას ვუსურვებ, მიაგნოს საკუთარი წარმატების ფორმულას, რადგან ფორმულის ცოდნა, ამოცანის ამოხსნას ნიშნავს“.
თამარის წარმატების ფორმულა დიდწილად ერთ მისთვის უპირობოდ აღიარებულ ჭეშმარიტებაზე დგას ‒ ცვლილება გარდაუვალია! დღეს უკვე შემდგარ ლიდერს, მტკიცედ სჯერა, რომ თუ ადამიანი არ გამოდის კომფორტის ზონიდან, არ იღებს რისკს, მაშინ ის განვითარებასაც წყვეტს.
„ცხოვრება არის მოძრაობა“, – ამბობს თამარ გახარია და მასთან საუბარში უკვე იმ თავზე გადავდივართ, სადაც ბანკში კომფორტულ მუშაობას თავს ანებებს და CBS ჯგუფის სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებას.
ეს ბოლო უცნაური ფორმულირება ნუ გაგაკვირვებთ, რადგან, როგორც თამარი თავად იხსენებს, CBS ჯგუფისგან მაშინ არაფერი არსებობდა ‒ გარდა ამონაწერისა. „არც თანამშრომლები იყვნენ, არც რაიმე კონკრეტული აქტივი იყო ‒ არაფერი, გარდა გაფანტული აქციებისა, რომელსაც ფლობდა კონკრეტული დამფუძნებელი და არსებობდა მისია ‒ ეს ყველაფერი უნდა შეგვეკრიბა, დაგვევარცხნა და გაგვეზარდა, ‒ და აქვე ღიმილით დასძენს: „გადავწყვიტე, ახალშობილი გამეზარდა. ეს მიზანიც ჩემს შინაგან სამყაროს ელაპარაკებოდა. ძალიან დიდი რისკი ავიღე მაგ დროს ‒ მოვდიოდი სტაბილური სამსახურიდან, სტაბილური ანაზღაურებით, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო ჩემთვის ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ აქ ‒ შესაძლებლობა მქონდა ჩემით შემექმნა რაღაც“.
და შექმნა კიდეც!
თამარ გახარია დღეს ქართული, მსხვილი ბინზესჰოლდინგის ფინანსური დირექტორია. CBS ჯგუფი ისეთ მნიშვნელოვან აქტივებს აერთიანებს, როგორებიცაა: თელასი, თბილისი ენერჯი, სელფი მობაილი, საქართველოს ეროვნული ლატარია, თბილისის მიკროავტობუსი და ა.შ. CBS ჯგუფის მიერ, წლების განმავლობაში დადებულ ყველა გარიგებას, სწორედ თამარი ხელმძღვანელობდა, მათ შორის საქართველოში ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო გარიგებასაც ‒ როცა სელფი მობაილი – ქვეყნის ერთერთი წამყვანი ტელეკომ ოპერატორი ‒ CBS ჯგუფმა შეიძინა. „სელფი მობაილმა“ ახლახანს დაასრულა თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარიგება, 65 მლნ ლარის მოცულობის ობლიგაციების განთავსების სახით. ეს იყო პირველი ამ ტიპის ტრანზაქცია და კომპანიის სადებიუტო განთავსება კაპიტალის ბაზარზე.
„ვამაყობ, სადამდეც მოვედით. არადა, 10 წლის წინ, ქალ მენეჯერს პრაქტიკულად ვერსად იპოვიდით. თან მაშინ, ჩემს საფირმო ვარცხნილობას, კიკინებს ვატარებდი. კონკრეტულად ამ კომპანიებშიც, ყველგან იყო ეს რეზისტენტულობა „კიკინებიანი გოგოს“ მიმართ“, ‒ ახლა უკვე ღიმილით იხსენებს თამარ გახარია და ხაზს უსვამს, რომ კიდევ ერთი დამარწმუნებელი ფაქტორი, რომ სწორ არჩევანს აკეთებდა და სწორ გარემოში აპირებდა საქმის კეთებას, ესეც გახლდათ ‒ კომპანიის დამფუძნებელი უპირობოდ ენდო მის ენთუზიაზმს და უკვე დაგროვილ გამოცდილებას: „დამინახეს ისეთი, როგორიც ვარ და პირველივე გასაუბრების შემდეგ მომცეს თანხმობა, ორჭოფობის გარეშე. ასე დაიწყო ჩემი საქმიანობა CBS ჯგუფში“.
გაგიმართლათ?
მე რომ მქონოდა არჩევანი უკვე ჩამოყალიბებულ დიდ კორპორაციაში დასაქმების, ვიტყოდი, რომ გამიმართლა. მე ჩემით გავაკეთე კომფორტის ზონიდან გამოსვლის არჩევანი და შესაბამისად, ფაქტობრივად, ჩემითვე შევქმენი ის, რისი წარმოდგენაც მქონდა. გასაუბრებაზე მწვანე ქურთუკით, დახეული ჯინსებით, წითელი კეტებით და კიკინებით მივედი. სხვაგვარად მისვლა არც მიფიქრია, მივედი ნამდვილი, ისეთი როგორიც ვარ. გამიმართლა, რომ დამხვდა კაცი (დღეს ჰოლდინგის დირექტორი), რომელსაც სხვა მაინდსეტი ჰქონდა და კიკინებიან გოგოს ნდობა გამოუცხადა. გამოდის, მათაც გაუმართლათ და მეც, რომ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვი.
საქმეში ქალი ხართ?
ლიდერს არ აქვს სქესი. კაცებსაც უწევთ ემპათიურები იყვნენ და დაამსხვრიონ თავიანთი სტერეოტიპები. გუნდურ მუშაობას სხვანაირად ვერავინ შეძლებს. ჩემთვის ეს მიღებული შინაგანი მდგომარეობაა: როცა საჭიროა კაცი ვარ. როცა საჭიროა ‒ ქალი.
როლური მოდელების გჯერათ?
არ მაქვს ცალსახა დამოკიდებულება. ერთი რამ ვიცი ‒ ჩემი კარიერის დასაწყისში, მიუწვდომელთან შედარება არ მომწონდა. მაღალ პოზიციაზე მდგომი ადამიანი არ იყო ჩემთვის როლური მოდელი, აბსტრაქტული იყო, ვინაიდან კონკრეტულ გზას არ მაჩვენებდა, როცა საშუალო მენეჯერული რგოლი ჩემთვის სრულიად მიღწევადი იყო. გზამკვლევის ფუნქციას უკეთ ასრულებდა.
ძლიერი ქალი – ე.წ. მაინდსეტის ნაწილია თუ კორპორაციული პოლიტიკის?
ორივესი. მაინდსეტის იმიტომ, რომ ქალმა თავად უნდა გააცნობიეროს და თავად უნდა გადაწყვიტოს, რომ იმაზე მეტის კეთება უნდა, ვიდრე სახლში ყოფნა და სამზარეულოში ფუსფუსია. აქედან იწყება ყველაფერი. პოლიტიკის იმიტომ, რომ თუ არ შეცვლი პოლიტიკას და არ შეუწყობ ხელს ქალს, ეს არჩევანი მართლაც გააკეთოს, მაშინ არაფერი შეიცვლება. დღეს საქართველოში ნედლი, გენდერული სახელფასო სხვაობა დაახლოებით 30%-ია, ხოლო ქალებისა და კაცების დასაქმების მაჩვენებლებს შორის გენდერული სხვაობა განსაკუთრებულად ქალების რეპროდუქციული ასაკის პიკში იკვეთება და 25-34 წლის მოსახლეობაში დაახლოებით 20%-ს შეადგენს. შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფაც ბევრად ნაკლებია ქალებში, ვიდრე კაცებში. ეს გეპი დაიხურება, თუ მაინდსეტი და პოლიტიკა ერთად იმუშავებს. კომპანიების როლს და პასუხისმგებლობას ვხედავ იქ, რომ კერძო სექტორი, როგორც მსხვილი დამსაქმებელი უნდა დარწმუნდეს, რომ გენდერული მრავალფეროვნება მას მეტი დივერსიფიცირების შესაძლებლობას მისცემს; პრობლემებს სხვადასხვა კუთხით დაანახებს და გადაუჭრის.
თქვენი კორპორაცია ასე იქცევა?
ჩვენ, ქალსაც და კაცსაც, თანაბარი შესაძლებლობებით მივიჩნევთ ‒ შესაბამისად, მათი უნარებით, ცოდნით და გამოცდილებით ხდება მათი დასაქმება. მაგალითად, კომპანია Cellfie-ში 55% ქალები არიან და ეს არ მომხდარა მხოლოდ კორპორაციული პასუხისმგებლობის გამო; კორპორაციულ პასუხისმგებლობას ქველმოქმედებაში არ ვურევთ. ქალის დასაქმება ჩვენთვის ქველმოქმედებას არ ნიშნავს. კონკრეტულ მოცემულობაში აღმოჩნდა, რომ ქალებმა აჯობეს კაცებს კონკურენციაში. ან მაგალითად ‒ თბილისის მიკროავტობუსს ქალი მძღოლიც ჰყავს ‒ მიუხედავად იმისა, რომ დღემდე შეხვდებით ამ სტერეოტიპს, თითქოს ქალს მანქანის მართვა არ შეუძლია. ტარება ან იცი, ან ‒ არა! ცნობიერების ამაღლება არ ხდება ზეპირი ტრენინგებით. მყიფეა ყველა ფუნდამენტი, რომელიც განათლებასთან ერთად, გამოცდილებით მიღებულ ცოდნაზე არ დგას.
რა აფერხებს ქალის განვითარებას?
ყველა ქალს რაც მინდა ვუთხრა, ყველა გოგოს ‒ ნებისმიერი ასაკის ქალს ‒ არის ის, რომ არასდროს თავი დამნაშავედ არ უნდა იგრძნოთ, არაფრის გამო ‒ არც იმიტომ, რომ მუშაობთ; არც იმიტომ, რომ საკმარის დროს ვერ უთმობთ შვილებს; შვილთან, სამსახურში, ოჯახში გატარებული დრო ხარისხობრივად არის მნიშვნელოვანი და არა ‒ რაოდენობრივად. ჩემთვის, სწორედ ეს დანაშაულის გრძნობა აფერხებს ქალის განვითარებას. არ უნდა იგრძნო თავი დამნაშავედ არცერთ ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებაში, არ უნდა განსაჯო იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება სწორი, ან არასწორი. არცერთი გადაწყვეტილება ტყუილად არ მიგიღიათ ‒ ეს თქვენი არჩევანია!
მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს როლურ მოდელად არ განიხილავს და არც გამოცდილების უკიდეგანოდ განზოგადების სჯერა, მაინც მთანხმდება, მთავარ გზავნილზე ჩამოყალიბდეს.
ჩვენი საუბრის ბოლოსკენ იმაზე ვაფიქრებ, რა უნდა დარჩეს ამ ინტერვიუთი მკითხველს ‒ რომელიც შეიძლება სულ ახალგაზრდა გოგონაა, ისეთივე ვარდისფერი სათვალეებით, როგორიც თავად საკმაოდ დიდი ქარტეხილების შემდეგ მოიხსნა.
ჩუმად ფიქრის შემდეგ, თამარ გახარია მპასუხობს: „მინდა ყველას ვურჩიო აკეთოს ის, რაც თვითონ უნდა და არა ის, რაც სხვას უნდა. შინაგანი ხმის მოსმენა ყველაზე მნიშვნელოვანია, ამისთვის პირველ რიგში საჭიროა მეტი განათლება.
ჯანსაღად მოაზროვნე ქალი, ჯანსაღ შვილს აღზრდის. ასე შეიცვლება გარემო, ასე შეიცვლება აზროვნების მიმართულება. ცვლილებების მიმართ ღია და მოქნილები უნდა ვიყოთ. დიდ სურათს უნდა ვუყუროთ და არ შევწყვიტოთ განვითარება. აზროვნების ცვლილება თაობათა ცვლასთან ერთად მოდის. ძალიან მარტივია ‒ ჩაკეტილი კარი თავად ქალებმა უნდა გახსნან“.