საზღვრებს მიღმა: მარიამ მაღლაკელიძის დინამიკური კარიერა არქიტექტურაში

არქიტექტურა აზროვნების, ხელოვნებისა და მეცნიერების მულტიდისციპლინური შერწყმაა, რომელსაც ჩვენს ყოველდღიურ ყოფასთან მჭიდრო კავშირი აქვს. ეს არის კომპლექსური სფერო, სადაც ფორმა ხვდება ფუნქციას, ხოლო კრეატიულობა ‒ მიზანს. ამ სფეროში ჩემი რესპონდენტის, ნიუ-იორკში მოღვაწე ტრანსდისციპლინარული დიზაინერის, მარიამ მაღლაკელიძის მოგზაურობა ბავშვობიდან, დეტალებზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით დაიწყო. არქიტექტურასთან პირველი პროფესიული კავშირის შემდეგ მიხვდა, რომ მის ირგვლივ სამყარო სამ განზომილებაში ტრანსფორმირდა და სრულიად სხვა ენაზე დაიწყო საუბარი, ყველაფერი „არქიტექტურამ, არქიტექტურით, არქიტექტურად“ მოიცვა. არქიტექტურული პერსპექტივით დაიწყო აზროვნებაც და სივრცის, ფერის, სტატიკური თუ დინამიკური საგნების აღქმაც.

ფოტო: ირმა მჭედლიშვილი

არქიტექტურის შესწავლა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიწყო, ხოლო პირველი საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოცდილება ლისაბონის უნივერსიტეტის არქიტექტურულ ფაკულტეტმა მისცა. ამ პერიოდში მარიამს დანაკლისის სახით, ინტერესი უჩნდება, ‒ „არქიტექტურული მეთოდოლოგიის ფოკუსები, ფორმასა და ფუნქციის მიღმა, შეესწავლა არქიტექტურის ინტეგრაცია ეკოლოგიურ შრეებთან, ლითოსფეროდან ატმოსფერომდე“. ამ სურვილითა და მიზნით სწავლა ლანდშაფტის არქიტექტურის მიმართულებით ესტონეთის უნივერსიტეტში გააგრძელა. შემდგომ კი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტში, გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების გეგმარება შეისწავლა და ლანდშაფტის ანალიზი არქიტექტურასთან მჭიდროდ დააკავშირა. ამასთან, ჩაერთო ევროკავშირის სამეცნიერო კვლევაში ტარტუსა და ტალინში, რომელიც თავისთავში ინტერდისციპლინარულ მიდგომებსა და ურბანული სივრცეების, კლიმატისა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის კავშირების გამოვლენას სწავლობდა.

მარიამს, გამოწვევების მიუხედავად არ შეუწყვიტავს ძიების პროცესი, სხვადასხვა ტიპის დაფინანსება თუ სტიპენდიები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში მოიპოვა, განაპირობებდა მის შემდგომ აკადემიურ განვითარებას. მეორე მაგისტრატურა აშშ-ში, ვესტ ვირჯინიის უნივერსიტეტში გაიარა, სადაც აქტიურად იყო ჩართული სამეცნიერო კვლევებში ‒ „ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევაზე სამ პროფესორთან ერთად, დასავლეთ ვირჯინიის, ტეხასისა და ჩრდილოეთ დაკოტას უნივერსიტეტებიდან, ვმუშაობდი. ნაშრომი პეკინის ლანდშაფტის არქიტექტურულ სამეცნიერო ჟურნალში გამოვაქვეყნეთ, ასევე წარვადგინე კალიფორნიაში CELA პროფესორთა საბჭოზე ლანდშაფტის არქიტექტურაში“. – მიყვება მარიამი.

ნიუ-იორკში, სტაჟირების გავლისა და რამდენიმე კომპანიაში არქიტექტურულ დიზაინერად მუშაობის შემდეგ, კოლუმბიის უნივერსიტეტში, არქიტექტურული ტექნოლოგიების ფაკულტეტზე, სამეცნიერო მკვლევრად დაიწყო მუშაობა და არსებული ნატურალური მასალების ლაბორატორიის პირველი მკვლევარი გახდა. ამასთან, კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწინავე არქიტექტურული დიზაინის სამეცნიერო მაგისტრის ხარისხიც მოიპოვა.

მარიამი დღესდღეობით, კოლუმბიის უნივერსიტეტის არქიტექტურის, დაგეგმარების და კონსერვაციის სამაგისტრო ფაკულტეტის (GSAPP) პროფესორია, რომელიც ბოლო წლების სტატისტიკით, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროგრამასთან ერთად, მსოფლიოს საუკეთესო სამაგისტრო არქიტექტურულ პროგრამების სამეულში შედის.

მარიამ, რა მიდგომებით გამოირჩევა არქიტექტურული სკოლა? და რატომ არის საინტერესო აღნიშნულ უნივერსიტეტში აკადემიური მოღვაწეობა?

„კოლუმბიის უნივერსიტეტში არქიტექტურის სამაგისტრო ფაკულტეტზე (GSAPP) სწავლების მეთოდოლოგია, ინტერდისციპლინარული და ტრანსკალარულია, რომელიც კრიტიკული აზროვნებისა და პრაქტიკის კონცეპტუალიზაციას ეყრდნობა. მაგისტრატურის პირველი ორი კურსი არქიტექტურის ძირითად ფუნდამენტებს მოი ცავს, მესამე წელი კი, რომელსაც მიმდინარე სემესტრში ვასწავლი, არქიტექტურაში „მოწინავე“ კონცეფციებს ეფუძნება. რომლებიც გარკვეულ წილად მსოფლიოს არსებული თუ სამომავლო პროცესების ანარეკლია“.

განსაკუთრებულია, ის ფაქტიც რომ ამ კურსს რამდენიმე თაობის არქიტექტორები ასწავლიან. მათ თანამედროვე არქიტექტურაზე უზარმაზარი გავლენა აქვთ, მაგალითად, ბერნარდ შუმი, სტევენ ჰოლი და ა.შ. არქიტექტურულ გეგმარებას კლიმატური არქიტექტურის შესახებ, მარიამი ცნობილ შვეიცარიელ არქიტექტორთან ‒ ფილიპ რამთან ერთად ასწავლის. ფილიპის არქიტექტურული საპროექტო სტუდია პარი ზშია და აშშ -ს ისეთ წამყვან უნივერსიტეტებში ასწავლიდა როგორებიც ჰარვარდი და პრინსტონია. ფილიპის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი ტაივანის ცენტრალური პარკის დაგეგმარებაა, რომელზეც ცნობილ ლანდშაფტის არქიტექტორთან კატერინე მოსბახთან ერთად მუშაობდა.

ფოტო: ირმა მჭედლიშვილი

„ჩვენს სტუდიოში სინთეზირებულად ვასწავლით როგორც მიკროკლიმატურ არქიტექტურას, ასევე ეკოლოგიურ კავშირებს, ფიზიოლოგიური დონიდან მეტეოროლოგიურ დონემდე. ჩვენი სტუდენტები რიგ ფიზიკურ მოვლენებს იკვლევენ, შემდეგ კი მათ ბუნებრივ სისტემებზე დაყრდნობით არქიტექტურულ პროექტებში აინტეგრირებენ“, ‒ აგრძელებს მარიამი. მარიამისა და ფილიპის სტუდიოს ფინალურ განხილვას დაესწრებიან ბეატრიზ კოლომინა, პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი, და მარკ ვიგლი მსოფლიოში ცნობილი არქიტექტურის თეორიტიკოსები; მარიო გუდენ, კოლუმბიის უნივერსიტეტის არქიტექტურული ფაკულტეტის მაგისტრატურის დირექტორი, ესპანელი არქიტექტორი მირეია ლუზარაგა, ბარსელონაში დაფუძნებული ფირმის „თაკკ -ის“ დამაარსებელი, ჰილარი სამფლე, „მოს“ -ის დამაარსებელი; დავიდ გისსენ, პარსონის სკოლის პროფესორი და ავტორი წიგნისა “Disable Architecture”, ანნა დაისონი, იელის უნივერსიტეტის პროფესორი და ბერნარდ შუმი, ცნობილი Parc de la Villette -ს ავტორი და არქიტექტურული დეკონსტრუქტივიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა.

„კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლების პროცესში, რაც ჩემთვის პირადად განსაკუთრებით სასიამოვნოა არის ის რომ არქიტექტურას ვეხებით ჩარჩოებს მიღმა, სამეცნიერო და ფილოსოფიურ დონეზე, და სტუდენტებისგან ძალიან დიდ დადებით უკუკავშირს ვიღებ“, – მიყვება მარიამი.

მარიამ, ასევე ნიუ ჯერსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, თქვენ მიერ დაწერილ საგნებს ასწავლით, ამაზეც რომ გვიამბოთ.

„ნიუ -ჯერსის უნივერსიტეტში 2023 წლიდან ჩემ მიერ შემუშავებული საგანი დაემატა, რომელიც ჩემს სამეცნიერო კვლევებს, ბიოფილიასა და მისი ელემენტების ადამიანის ჯანმრთელობასთან უკუკავშირს ემყარება. ამასთან, ნიუ -იორკის უნივერსიტეტში, კომპუტაციასა და დიზაინის საგანს, BIM -ის და გრასსოპერის გამოყენებით ვხელმძღვანელობ. ეს არის ტექნიკური საგანი, სადაც ასევე ინტეგრირებული მაქვს კომპუტაციური კონცეფციები, როგორიცაა ნერი ოქსმანის მატერიალური ეკოლოგია და ა.შ. მომავალი წლის გაზაფხულისთვის, ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ახალ საგანს მდგრად და ბიოფილიურ არქიტექტურაზე წავიკითხავ“, – მიამბობს მარიამი.

მარიამ, აკადემიური მოღვაწეობის პარალელურად დააფუძნეთ კვლევებზე დამყარებული არქიტექტურული ფირმა “MAG Lab Design”, რომელიც არქიტექტურას ლანდშაფთან მჭიდროდ ინტეგრირებაზე ფოკუსირდება. ამ თქვენს წამოწყებაზეც რომ გვიამბოთ.

„კონცეპტუალურად, “MAG Lab Design ი ” არქიტექტურას როგორც ჰიბრიდულ ორგანიზმს წარმოადგენს. ახალ გეოლოგიურ ე.წ. ანთროპოცენის ეპოქაში, როდესაც დედამიწაზე ადამიანის ზეგავლენა კულმინაციას აღწევს, არქიტექტურულ სფეროს მნიშვნელოვანი მისია ეკისრება, საგრძნობლად შეამციროს გარეგანი უარყოფითი ეფექტები, მათ შორის ემისიები. “MAG Lab Design -ის” მიზანი სწორედ, რომ ნატურალური მასალების გამოყენებითა და ეკოლოგიური მიდგომების ინტეგრაციით გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის შემცირებაა. სხვადასხვა მედიუმში მუშაობისას, ჩემი ნამუშევრები ასახავს არქიტექტურას, როგორც „მედიუმს“ ეკოლოგიურ და მატერიალურ გადასვლებს შორის.

ამავდროულად, “MAG Lab Design” სამეცნიერო დონეზე შეისწავლის არქიტექტურული სივრცის ბიოფილიურ ელემენტებს, რომლებსაც ადამიანის ფიზიოლოგიურ, მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ“.

მარიამ, როგორ ხედავთ არქიტექტურის მომავალს, როგორ ვითარდება სფერო, რომელიც მუდმივად იცვლება?

არქიტექტურა არის სფერო, რომელიც ცვლილებებს მუდმივად განიცდის. ეს პროცესები, ანთროპოცენის ხანაში, ტექნოლოგიური წინსვლისა და მდგრადი განვითარების კვეთაზე განსაკუთრებით აჩქარებულია.

მე -20 საუკუნის ტრადიციული კომპოზიციური მასალები ინოვაციური, ბიოინჟინერული მასალებითა და ტრანსმასალებით ნაცვლდება. თვალსაჩინო მაგალითია, ჰიბრიდული სტრუქტურების შექმნა მიცელიუმის აგურის გამოყენებით, რაც ბიოდეგრადირებადი და მდგრადი ალტერნატივებისადმი განსაკუთრებულად მაღალ ინტერესზე მიგვანიშნებს.

თუ მე -20 საუკუნის არქიტექტურა ბეტონის „მარადიულობაზე“ ოცნებობდა, დღევანდელი და, უდავოდ, მომავლის არქიტექტურა კონცენტრირებულია ისეთი კონცეფციების გარშემო, როგორიცაა მასალების სიცოცხლის ციკლის შეფასება (LCA) და ენერგოეფექტურობა. ეს პრინციპები ხაზს უსვამს პარადიგმის ცვლას დიზაინებისკენ, რომლებიც პრიორიტეტულნი არიან გარემოზე პოზიტიური ზეგავლენისკენ, ხანგრძლივობასა და ენერგოეფექტურობაზე, რაც ასახავს არქიტექტურისადმი უფრო მდგრადი და ეკოლოგიურად გაცნობიერებული მიდგომების გააქტიურებას.

ფოტო: ხატია მაღლაკელიძე

მარიამ, შეგიძლიათ გაგვიზიაროთ დევიზი, რომლითაც როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში ხელმძღვანელობთ?

კონცეფცია, გარკვეულ წილად პრინციპი და სამყაროსთან ურთიერთობის ერთ-ერთი ფორმა ჩემთვის არის მუდმივი ძიებისა და შემეცნების პროცესი. ასევე ვფიქრობ, რომ „არქიტექტურა განგრძობითი პროცესია“ ადამიანის ევოლუციისა და მსოფლმხედველობის ანარეკლი. რაც შეეხება ცნობილ არქიტექტურულ აქსიომებს „ფორმა მიყვება ფუნქციას“ ‒ ლუის სულივიან, „ფორმა მიყვება ფორმას, არა ფუნქციას“ ‒ ფილიპ ჯონსონი. ჩემთვის, „არქიტექტურა მიყვება ლანდშაფტს, ლანდშაფტი კი განაპირობებს არსებობას“.

მარიამ, თქვენს სამომავლო გეგმებზე მინდა გკითხოთ…

ზოგადად, მიჭირს გრძელვადიანი გეგმების მანიფესტაცია; უფრო სწორად, „ხვალინდელ დღეს“, აღვიქვამ როგორც „დღევანდლის“ ბუნებრივ გაგრძელებას. თუმცა, გარკვეულ მასშტაბზე ყოველთვის მაქვს კონკრეტული ტრაექტორიები, მიზნები განსაზღვრული. ამ ეტაპზე, აღნიშნული კი ჩემი კომპანიის “MAG Lab Design -ის ” სამომავლო პროექტებსა და კვლევების გაგრძელებას ეხება.

მარიამ, ბოლოს მინდა გკითხოთ, რა რჩევებს გაუზიარებდით სტუდენტებს, და კოლეგებს ამ სფეროში?

მუდმივად განვითარდნენ და არ შეწყვიტონ ძიების პროცესი. არქიტექტურა არის განგრძობადი, დინამიკური პროცესი, რომელიც ჰგავს თავად არსებობას.