სალომე ზურაბიშვილმა ქალთა მიმართ ძალადობაზე განცხადება გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე განცხადება გააკეთა:

„შემაშფოთებელია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ქალზე ძალადობის კუთხით და კიდევ უფრო, ამის სხვადასხვა ფორმით გამართლებისა. გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ, ქალებიც, რომლებსაც საზოგადოებრივ სახეზე პრეტენზია გააჩნიათ. ასეთი არაცივილური არასაზოგადოებრივი, არასოლიდური მიდგომა ჩემთვის გაუგებარია ადამიანურად, როგორც მორალურად. მით უმეტეს, როდესაც ვიცით, რომ რაც იწყება სიტყვიერი ძალადობით, ხშირად ფიზიკურით გრძელდება და რიგ შემთხვევაში, ფემიციდის ტრაგიკული შედეგითაც სრულდება.

ყოველივე შევიწროებას, თავდასხმას, სიტყვიერს თუ ფიზიკურს, ვგმობ კატეგორიულად. ვგმობ, პირველ რიგში, როგორც ქალი და ვგმობ, როგორც პრეზიდენტი. ვგმობ იმას, რასაც ჩვენს კულტურასთან, ტრადიციებთან, ჩვენს ზრდილობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია და რამაც შეიძლება, მხოლოდ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს საქართველოს, რომლის ისტორიას იცნობდნენ და კიდევაც იცნობენ, იმედი მაქვს, როგორც ძლიერი ქალების ქვეყანას, ქვეყანას, სადაც ქალთა მიმართ არც პატივისცემას აკლებდნენ და არც ზრდილობას.

ჩვენი ისტორიისა და რეპუტაციის შელახვას თან ახლავს ასევე პოლიტიკური ზიანი. იმ დროს, როდესაც ხელისუფლება თავს იწონებს 12 რეკომენდაციებიდან იმ ნაწილის შესრულებით, რომელიც ეხება ქალთა უფლებებს და გენდერს, გამოდის, რომ ერთი ხელით ვაუქმებთ მეორით ქაღალდზე დატანილს. მეტიც, ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლს ამით განმეორებით ეძალადება. ეს ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება, გრცხვენოდეთ უნდა“.

3 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.