თალიბების მიერ ქვეყნის მართვის სადავეების ხელში აღების შემდეგ, გაეროს შეფასებით, ავღანეთი ქალებისთვისა და გოგონებისთვის მსოფლიოში ყველაზე რეპრესიული სახელმწიფოა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში გაეროს მისიამ განაცხადა, რომ ავღანეთის ახალმა მმართველებმა მთელი ყურადღება იმ წესების შემოღებისკენ მიმართეს, რომლებიც ქალებისა და გოგონების უმეტესობის საკუთარ სახლებში ხაფანგში დატოვებას ემსახურება.
მიუხედავად თავდაპირველი დაპირებებისა, უფრო ზომიერი პოზიციის შესახებ, თალიბებმა მკაცრი კანონები მიიღეს მას შემდეგ, რაც 2021 წლის აგვისტოში ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს.
მათ აუკრძალეს გოგონებს განათლების მიღება მეექვსე კლასს ზემოთ, ქალებს კი – საჯარო სივრცეებში გამოჩენა, როგორიცაა პარკები და სპორტული დარბაზები. მათ ასევე ეკრძალებათ მუშაობა ეროვნულ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში, გარდა ამისა ევალებათ თავიდან ფეხებამდე სხეულის სამოსით დაფარვა.
„თალიბანის ქვეშ მყოფი ავღანეთი რჩება მსოფლიოში ყველაზე რეპრესიულ ქვეყნად ქალთა უფლებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა როზა ოტუნბაევამ, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა და მისიის ხელმძღვანელმა ავღანეთში.
„სამარცხვინო იყო მათი მეთოდური, მიზანმიმართული და სისტემატური ძალისხმევა, რათა ავღანელი ქალები და გოგონები საჯარო სფეროსთვის ჩამოეშორებინათ“, – დასძინა მან.