მაგდა მაღრაძე. ის უკვე 5 წელია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორია. ფონდი ახორციელებს აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (Millennium Challenge Corporation, MCC) 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში მუშაობის პერიოდში მაგდა მაღრაძე კოორდინირებას უწევდა აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ განათლებისა და კულტურის პროგრამებს. ასევე, მუშაობდა ღია საზოგადოების ფონდის, მსოფლიო ბანკის, ევროკავშირის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტებში, ძირითადად, განათლების სფეროში.
მას აქვს მიღებული არაერთი ამერიკული ჯილდო, მათ შორის, მსოფლიოში აშშ-ის საელჩოების წლის საუკეთესო თანამშრომლად დასახელდა, მიღებული აქვს საზღვარგარეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მისიების საუკეთესო თანამშრომლის ჯილდო.
მაშინ, როდესაც საუბარია 140 მლნ აშშ დოლარის ბიუჯეტის პროექტის მართვაზე, განსაკუთრებით საინტერესოა მმართველის ისტორია. როგორ მივიდა მაგდა მაღრაძე ათასწლეულის გამოწვევის ფონდამდე?
16 წლის ასაკიდან განათლების სისტემაში ვმუშაობ, ძირითადად, საერთაშორისო პროექტებში. რადგან დედა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია, ისე მოხდა, რომ როცა არ ჰყავდა ბავშვის დამტოვებელი, სულ უნივერსიტეტში მივყავდი. ვესწრებოდი აკადემიურ კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებს. მახსოვს, ცნობილი ქართველი მეცნიერის, შოთა ნადირაშვილის გამოსვლა ერთ-ერთ კონფერენციაზე, სადაც მან აღნიშნა კონფერენციის მონაწილე, რომელსაც არც ერთი სესია არ გაუცდენია. ეს მე ვიყავი, დაახლოებით 5 წლის ასაკში. რაც შეეხება განათლებას – მეექვსე გერმანული გიმნაზია დავამთავრე.
ბავშვობაში გერმანულ ენას ვსწავლობდი და ვგეგმავდი, რომ ამავე ქვეყანაში მესწავლა. თუმცა, სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ აშშ-ში გაცვლითი პროგრამით უშვებდნენ მოსწავლეებს. ეს ის პერიოდია, როდესაც ქვეყანაში კორუფცია სუფევდა. არავის სჯეროდა, რომ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებს ღია კონკურსის საფუძველზე არჩევდნენ. თუმცა, მაინც გადავწყვიტე საბუთების შეტანა. შედეგად, მოვხვდი პროგრამის Future Leaders Exchange Program (FLEX) გამარჯვებულებს შორის. უფრო ადრე გერმანიაში ვსწავლობდი სკოლაში ცოტა ხნით, შემდგომში ისევ აშშ-ში, დანიასა და ისევ, გერმანიაში. 90-იან წლებში საქართველოში ხარისხიანი განათლების მიღება თითქმის შეუძლებელი იყო, სწორედ ამიტომ, უცხოეთში სწავლას განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა.
საკუთარ მაგალითზე ვიცი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოში მაღალი ხარისხის განათლების პროგრამების არსებობა. განათლებაში ჩადებული ინვესტიციები ქვეყნის განვითარებისთვის გადადგმული ყველაზე გონივრული და სწორი ნაბიჯია.
დღეს ყველა პრობლემის სათავე ისაა, რომ გვაკლია განათლება და გვყავს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ცოტა პროფესიონალი კადრი. თუმცა, ძალიან ნიჭიერი ახალი თაობაა და მას ხელშეწყობა სჭირდება.
დღეს, ჩემი და ფონდის მთავარი მიზანი სწორედ განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაა. ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი ერთ-ერთი გამორჩეულად კარგი საქმეა, რომელიც ამერიკელ და ქართველ ხალხს ერთად განუხორციელებია.
რამდენად დიდია პასუხისმგებლობა, როცა ასეთი მასშტაბური პროექტის მართვის სადავეებთან დგახართ და რას აკეთებთ იმისათვის, რომ ფონდის ნდობა გაამართლოთ?
ჩვენი ფონდი საქართველოს მთავრობის შექმნილია და ამერიკის მთავრობასთან სწორედ საქართველოს წარმოვადგენთ. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომელსაც გუნდის თითოეული წევრი კარგად ვათვითცნობიერებთ. ფონდში შეკრებილია ძალიან კარგი გუნდი, რომელიც ბრწყინვალედ უძღვება ყველა მიმართულებას.
რაც შეეხება ფონდის მართვას, გამოწვევა მრავალია, მაგრამ ძალიან საინტერესო პროცესია. ფაქტობრივად, ორი მთავრობის დაქვემდებარებაში ვართ. აღსანიშნავია, რომ კომპაქტის უნიკალურობა იმაში გამოიხატება, რომ ამ გრანტის ძირითადი ნაწილი საქართველოში იხარჯება, მინიმალურია ე.წ. ადმინისტრაციული ხარჯები. ამ დრომდე, 2,000-ზე მეტი ადამიანი დავასაქმეთ საქართველოში და ჩვენი პარტნიორები და კონტრაქტორები, ძირითადად, ადგილობრივი, ქართული ორგანიზაციებია.
ფონდს ამ ეტაპზე პროექტები სამი ძირითადი მიმართულებით აქვს – ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლება – მოგვიყევით ამ პროექტების შესახებ.
2012 წელს ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა, რომ ქვეყნის განვითარების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო სპეციალისტების ნაკლებობა – ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის პრიორიტეტულ ტექნიკურ-საინჟინრო და საბუნებისმეტყველო დარგებში, ტურიზმსა და სოფლის მეურნეობაში.
ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ ინვესტორს, რომელიც შემოდის ქვეყანაში, ვერ ვთავაზობთ კვალიფიციურ და კონკურენტულ კადრებს. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობამ აშშ-ის ,,ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას” მიმართა წინადადებით, რომ შემდეგი გრანტი ყოფილიყო ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის.
საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც 2013 წელს მიიღო მეორე კომპაქტი და ეს ერთადერთი კომპაქტია განათლების სექტორში.
140 მლნ აშშ დოლარიდან 74 მლნ აშშ დოლარი ზოგადი განათლების განვითარებაზე მიდის, რადგანაც ძირითადი გამოწვევა გვაქვს დღეს სკოლაში. აქ იგულისხმება როგორც სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება, ასევე შინაარსის – ანუ სწავლა-სწავლების ხარისხის განვითარება. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩა სკოლები, რომლებსაც რეგიონების მიხედვით, ეტაპობრივად ჩავუტარეთ სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა. საბოლოოდ, 91 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. ჩვენ მიერ რეაბილიტირებულ ყველა სკოლაში მოეწყო თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორია. სკოლის ინვენტარითა და ავეჯით უზრუნველყოფა, ასევე, გარე პერიმეტრის მოწესრიგება საქართველოს მხარემ დააფინანსა და განახორციელა.
კვლევებმა გვაჩვენა ისიც, რომ მასწავლებლების კვალიფიკაცია საჭიროებს განვითარებას. ჩვენ დავაფინანსეთ საქართველოს მონაწილეობა ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო კვლევებში, როგორიცაა: PISA, TALIS, TIMSS, PIRLS. აღნიშნულმა საერთაშორისო კვლევებმა აჩვენა, რომ ქართველი მოსწავლეები STEM საგნებში მიღწევებით საგრძნობლად ჩამორჩებოდნენ სხვა ქვეყნების, მათ შორის, პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოსწავლეებს.
შესაბამისად, ჩვენ განსაკუთრებული აქცენტი ავიღეთ საბუნებისმეტყველო, მათემატიკის (STEM), გეოგრაფიის, ინგლისური ენის მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე.
შევიმუშავეთ მასწავლებლებისა და დირექტორების გრძელვადიანი პროფესიული განვითარების კურსები და საჯარო სკოლების 20,000-ზე მეტი მასწავლებელი და დირექტორი გადავამზადეთ.
პროფესიული განათლების განვითარება და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროგრამების დანერგვა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. 16 მილიონი აშშ დოლარის გრანტის ფარგლებში 51 ახალი პროგრამა შევქმენით. ამ პროგრამების ამოსავალი წერტილი იყო შრომის ბაზრის მოთხოვნა ანუ ისეთი მიმართულებები უნდა შეესწავლათ სტუდენტებს, რაც დღეს დასაქმების ბაზარს სჭირდება. ეს პროგრამები პროფესიებს ძირითადად საინჟინრო, სასოფლო-სამეურნეო და ტურიზმის სექტორში სთავაზობს და შესაბამის ინდუსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება.
უმაღლესი განათლების სექტორში 34 მილიონი აშშ დოლარის გრანტი გამოიყო. ეს თანხა მოხმარდა ამერიკული – სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის შემოყვანას საქართველოში. ეს უნივერსიტეტი საქართველოს სამ პარტნიორ სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად აშშ-ში აკრედიტებული ბაკალავრიატის პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს ინჟინერიასა და საბუნებისმეტყველო დარგებში. დღეისათვის, 500-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს უნივერსიტეტში და მიმდინარეობს პროგრამების გადაცემა და საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვება საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებისთვის.
პროექტის წარმატებით დასრულების შედეგად, მალე, ინჟინერიასა და საბუნებისმეტყველო დარგებში აშშ-ში აკრედიტებული ბაკალავრიატის პროგრამები საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებშიც გვექნება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კომპაქტი ,,ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპაქტადაა შეფასებული.
პროგრამების გათვალისწინებით, გასაგებია, რომ განათლების სისტემაში სიახლეებისა და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ფონდის მთავარი ამოცანაა, თუმცა რა არის თქვენი მთავარი და საბოლოო მიზანი?
ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შევუწყოთ ადამიანური კაპიტალის განვითარებას საინჟინრო-საბუნებისმეტყველო დარგებში, რაც თავისთავად მიღწევადია ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სწავლა-სწავლების ხარისხის განვითარებით.
სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი გამოსავალია შრომის ბაზრის მოთხოვნადი პროფესიების ათვისება და ჩვენი ამოცანაა, რომ სწორედ ასეთი პროგრამები შევთავაზოთ სტუდენტებს.
ფონდის მხარდაჭერით დაარსებული პროგრამების გავლის შედეგად, მიღებული ცოდნა დაეხმარება ადამიანებს დასაქმებაში ეს კი, ხელს უწყობს სიღარიბის დაძლევას. ადამიანური კაპიტალის განვითარების შედეგად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას შევუწყობთ ხელს.
როგორია ფონდის საქართველოში საქმიანობის წარმატების ისტორია, რას ამბობს თქვენი საზომი ამ მიმართულებით, ანუ რამდენად ახლოს ხართ ფონდის მთავარ მიზანთან?
პროექტებში დასახული ყველა მიზანი, ძირითადად, შევასრულეთ და რაღაც კომპონენტებში გადავაჭარბეთ კიდეც. ახლა დარჩენილი გვაქვს ბოლო ეტაპი – მათ შორის, რამდენიმე საჯარო სკოლის რეაბილიტაციაა დასასრულებელი. გარდა ამისა, სახელმწიფოს ვეხმარებით საჯარო სკოლების ინვენტარიზაციაში, მონაცემთა ბაზის შექმნაში და სკოლებში მოვლა-პატრონობის მიდგომების, კულტურისა და გზამკვლევის დანერგვაში. საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობა სერიოზული გამოწვევაა და ვცდილობთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის დასაძლევად.
ჩვენი აქტივობების შედეგად, 1,7 მილიონი საქართველოს მოქალაქე მიიღებს სარგებელს.
მალე საზოგადოებისთვის ფონდის მიერ ბოლო ხუთი წლის მანძილზე მიღწეული შედეგების წარდგენას დავიწყებთ.
გარდა იმისა, რომ ფონდის პროექტები საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, თანამშრომლობის ამ ფორმატს აქვს გლობალური დატვირთვაც, ვგულისხმობ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას: თქვენს პროექტებს შეაქვს თუ არა წვლილი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში?
კომპაქტი დღეს საქართველოში უმსხვილესი საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებაა და, შესაბამისად, ძალიან დიდი ინტერესია მის მიმართ, როგორც აშშ-ის მთავრობის, აკადემიური წრეების, ასევე, საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების მხრიდან.
ამ პროექტმა აშშ-სა და საქართველოს ხალხს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გააღრმავა; სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისში, სემესტრში დაახლოებით 10 უცხოელი, ძირითადად, ამერიკელი სტუდენტი გვყავს ხოლმე. გარდა ამისა, ამერიკელი ლექტორები, მეცნიერები და პროფესორები დავაკავშირეთ ერთმანეთს, დაწყებულია ერთობლივი კვლევები. გაცვლითი პროგრამის შედეგად, რომელსაც ჩვენ ვაფინანსებთ, ქართველი სტუდენტები ერთი სემესტრი სწავლობენ აშშ-ში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კალიფორნიის კამპუსში.
სტუდენტები ერთიანდებიან, ქმნიან სტარტაპებს, ზოგი უკვე დასაქმდა კიდეც აშშ-ში, მაგალითად Facebook-ში, Google-ში. ჩვენ ვცდილობთ, აშშ-ის მთავრობის ახალ ინიციატივებში ყოველთვის ჩავრთოთ ჩვენი ბენეფიციარები. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტის ნინო ზამბახიძის ვიზიტი თეთრ სახლში. ქალბატონი ნინო წარვადგინეთ როგორც ათასწლეულის გამოწვევის პირველი და მეორე კომპაქტის ბენეფიციარი, რათა მონაწილეობა მიეღო თეთრი სახლის ახალ ინიციატივაში W-GDP, რომელიც ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად.
რა არის თქვენი სამომავლო გეგმები, 140 მლნ-იანი პროექტის მართვის შემდეგ სად ხედავთ საკუთარ თავს?
ბოლო 23 წელია, სხვადასხვა საერთაშორისო პროექტის განხორციელებაზე ვმუშაობ და ამიტომ მგონია, რომ ჩემი ადგილი ისევ ამ სფეროშია. ასევე, იმედი მაქვს, რომ აშშ-ის მთავრობასთან განვაგრძობთ ახალ პროექტებზე მუშაობას. ჩემს თავს განათლების სისტემაში ან სხვა ისეთ სექტორში ვხედავ, რომელიც საქართველოს განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენს ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი რეგიონში იყოს სამაგალითო და საუკეთესო და თუ ჩემს წვლილს შევიტან ამ საქმეში, ძალიან ბედნიერი ვიქნები. ძალიან საინტერესოა, როდესაც ხელშესახებ შედეგებს ვდებთ, გვაქვს კონკრეტული მიზნები, რომელთა მიღწევაზეც აქტიურად ვმუშაობთ და ეს შედეგები ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე აისახება.