არ გავჩერდეთ! – ნინუცა ნანიტაშვილი

ავტორი: ანა თავაძე

ფოტო: ანა ბოკო

მე „90-იანელი“ ვარ. ნოსტალგიური ატმოსფერო, დრამა და რომანტიზმი ყოველთვის გასდევდა ფონად ჩემს ბავშვობას. მკაფიოდ მახსოვს, როგორ მიმეორებდნენ ხშირად ჩემი მშობლები, ბევრი მეფიქრა განათლების მნიშვნელობაზე. მაიმედებდნენ, რომ აუცილებლად დადგებოდა დრო, როცა ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა და სოციალური სტატუსის და ფინანსური რესურსების მიუხედავად, ცოდნა აუცილებლად დაფასდებოდა. ასეც მოხდა.

თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა, მოშლილი საგანმანათლებლო სისტემა, რა თქმა უნდა, სასწავლო პროცესზეც აისახებოდა. 55-ე კარგ სკოლად ითვლებოდა, თუმცა არა განათლების ხარისხის, არამედ ადგილმდებარეობის გამო. სკოლა ცენტრალურ გამზირზე, ჭავჭავაძეზე იყო.

ამ სკოლაში იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც მიუხედავად მცირე ხელფასისა, გაუმართავი ინფრასტრუქტურისა, ლაბორატორიების არარსებობისა, გულწრფელად მოწადინებულები, ძალ-ღონეს არ იშურებდნენ მოსწავლეებისთვის ცოდნა გაეღრმავებინათ, მაგრამ ქიმიის სწავლა ცდის გარეშე როგორ წარმოგიდგენიათ?! ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც მაშინაც იყო და ახლაც შეინიშნება, დასახულ მიზანთან სწავლების მეთოდების შეუსაბამობაა. მე თვითონაც ვასწავლი და ბავშვებთან ხშირი ურთიერთობა მაქვს და კარგად მესმის მიზნობრიობის მნიშვნელობა. მთავარია, პედაგოგებმა სწორად, ბავშვების ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებული მეთოდით ასწავლონ. სკოლა უფრო მეტად იმაზეა ორიენტირებული, რომ მასალა გაიარონ, და ავიწყდებათ რომ სწავლების პროცესში მოსწავლე უმთავრესია და მასალა უბრალოდ საშუალებაა დავეხმაროთ მათ მსოფლთმხედველობის გაზრდაში. ამ კუთხითაც მასალა და მისი გადაცემის ფორმა მოსწავლის და დროის შესაბამისად უნდა იყოს შერჩეული. ვფიქრობ, სწორედ ეს განასხვავებს კარგ მასწავლებელს ცუდისგან.

განათლების გაცემის სწორ მიზანზე მორგებული სწავლების მეთოდები და მიდგომები საკუთარ თავზე პირველად ამერიკაში გამოვცადე. Flex-ის პროგრამის ფარგლებში, სკოლის დამამთავრებელ კლასში, გაცვლითი პროგრამით მოვხვდი აშშ-ში. იქ ყოფნისას მივხვდი, რომ სკოლის არსი სრულიად სხვაა. მიხაროდა სკოლაში წასვლა. იქ დამხვდა კეთილგანწყობილი, კომფორტული, თანასწორუფლებიანი, სწავლაზე ორიენტირებული, უსაფრთხო გარემო, სადაც ყველა გეხმარებოდა აღმოგეჩინა ახალი ინტერესები, ახალი უნარები.

აშშ-დან ჩამოსვლის შემდეგ, ჩავაბარე სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტეზე, თსუ-ში, საერთაშორისო ურთიერთობებზე. ეს სპეციალობა მხოლოდ იმიტომ ავირჩიე, რომ კარგად ჟღერდა. მალევე მივხვდი, რომ ეს სფერო არ იყო ის, რაც მაინტერესებდა. სოციოლოგია და სოციალური ფსიქოლოგია უფრო მიზიდავდა, ამიტომ მოგვიანებით, სწავლა ამ მიმართულებით გავაგრძელე. პირველივე კურსზე შემომთავაზეს მემუშავა ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტში, სადაც მევალებოდა უცხოურ კომპანიებთან ურთიერთობა.

სწორედ ამ დეპარტამენტში მუშაობისას, საქმიანი წერილი გავაგზავნე Google-თან, რუკების განახლებასთან დაკავშირებით. იქ ერთადერთ უცხოელს ვიცნობდი, ვისთანაც აქტიურად განვიხილავდით, როგორ, რა გზებით იყო შესაძლებელი საქართველოში ტექნოლოგიების განვითარება. გადავწყვიტეთ, დაგვეარსებინა Google-ის “Community”, რომელიც ხელს შეუწყობდა ამ სფეროს განვითარებას. როცა Google-თან თანამშრომლობა დავიწყეთ, მივხვდი, რომ ტექნოლოგიების სფეროს განვითარების მხრივ საქართველოში ბევრი რამ იყო გასაკეთებელი.

Google Developers Group (GDG) Tbilisi ერთ-ერთი პირველი ინიციატივა იყო, რომელიც ყოველთვიურ ღონისძიებებს, ტექნოლოგიურ დისკუსიებს აწყობდა. ამ ჯგუფმა ბევრ სხვა წამოწყებას მისცა ბიძგი, ჰაკათონების სერიებს და ტექნოლოგიების სფეროში მიღებული უნიკალური გამოცდილებების გაზიარებას ჩაუყარა საფუძველი. ამ თემის მიზანი და ჩემი მიზანიც არის ის, რომ ჩვენი პატარა ქვეყანა მუდმივად ჩანდეს მსოფლიო რუკაზე.

ისე გამოვიდა, რომ ტექნოლოგიების მიმართულებით უნივერსიტეტში არ მისწავლია. ბევრი რამ ჩემით ვისწავლე, იმიტომ რომ მაინტერესებდა, თუმცა მივხვდი, რომ მთავარი შთაგონების წყარო ჩემთვის სხვების დახმარება და საერთო მიზნის მიღწევისთვის ბრძოლაა. მაძლიერებს, როცა თვითგანვითარებაში სხვებს ვეხმარები. სწორედ ამიტომ აღმოვჩნდი ტექნოლოგიებშიც, რომელიც ჩემთვის დღეს ამ მიზნის მისაღწევად ყველაზე მოსახერხებელი იარაღი.

ბოლო წელიწადნახევარია ვარ ე.წ. “Freelancer”-ი, რამდენიმე ადამიანთან ერთად დავაფუძნე „ინოვაციების ხელშეწყობის ფონდი“, რომლის მთავარი მიზანია ახალგაზრდებისთვის, და ქალებისთვის შევქმნათ გარემო, სადაც შეძლებენ გაიგონ, თუ რამხელა შესაძლებლობებია ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში, უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ მეწარმეობის, ინოვაციისა და სტარტაპების შესახებ. ჩვენი მიზანია გავავრცელოთ აზროვნების გარკვეული ფორმა, რომელიც საჭიროებების იდენტიფიცირებაზე და პრობლემების გადაჭრის ხერხებზეა ორიენტირებული. განსაკუთრებული აქცენტი რეგიონებზე გვაქვს. უამრავ პროექტს ვახორციელებთ რეგიონებში, რომლებიც მაგალითად, ბიზნესის წარმომადგენელ ქალებს ეხმარება გაარკვიონ, რა გამოწვევები და შესაძლებლობები არსებობს ამ სფეროში. ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა რეგიონებში ‒თანასწორობისკენ გადადგმული ნაბიჯია.

ტექნოლოგიები ათანაბრებს ყველას, ამცირებს უთანასწორობას და შლის გეოგრაფიულ საზღვრებს. ნოუთბუქის და, ზოგადად, ციფრული ტექნოლოგიების წინაშე ყველა თანასწორია. ვფიქრობ, კაცობრიობამ სათანადოდ უნდა დააფასოს და გამოიყენოს ტექნოლოგიების წარმოუდგენელი შესაძლებლობები. ციფრული ტექნოლოგიები ხელს უწყობს იმ სტერეოტიპის ნგრევას, რომელიც საქმიანობებს, პროფესიებსა და უნარ-ჩვევებს გენდერული ნიშნის მიხედვით ჰყოფს. ტექნოლოგიების სფერო უფრო ნაკლებად, თუმცა, მაინც აღიქმება მხოლოდ „კაცების საქმედ“.

ზოგადად, STEM-ში ქალები და კაცები თანაბრად არ არიან წარმოდგენილნი. ქალების ჩართულობა ამ სფეროში, ძალიან მნიშვნელოვანია. გენდერული უთანასწორობის შემცირება, თანასწორობის დამკვიდრება კვლავ გამოწვევად რჩება. მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინჟინერიის სფერო, ამჟამად, ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადია, შესაბამისად, ქალთა ჩართულობა როგორც მათი გაძლიერებისთვის და დისკრიმინაციის აღმოფხვრისთვის, ისე თავად ამ სფეროში მოქმედი კომპანიებისა და მთლიანად დარგის წარმატებისთვისაა მნიშვნელოვანი. ამიტომ უფრო მეტი ქალი გვჭირდება ტექნოლოგიებში.

რამდენიმე წელია აქტიურად ვმუშაობ ტექნოლოგიების სფეროში, თსუ-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და გრონინგენის უნივერსიტეტის შემდეგ, თავად უნივერსიტეტის, ბრიტანეთის საელჩოს და საქართველოს ბანკის ერთობლივი ჩივნინგის სტიპენდიით ახლა უკვე London School of Economics (LSE)-ში გავაგრძელებ სწავლას.

იმ გამოცდილებაზე და ცოდნაზე დაყრდნობით, რაც წლების განმავლობაში დავაგროვე, მინდა რამდენიმე რჩევა მივცე იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ამ სფეროში აპირებენ პროფესიულ თუ პიროვნულ განვითარებას: გჯეროდეთ საკუთარი თავის და შესაძლებლობების! გამოსცადეთ ყველაფერი, რაზეც ხელი მიგიწვდებათ, მით უმეტეს ახალგაზრდობაში, როცა დიდ რისკზე წასვლა შედარებით მარტივია. შეიცანით საკუთარი თავი, იყავით მუდმივად ძიებაში, ხშირად შეიცვალეთ სამსახურები, გაიღრმავეთ ინტერესები და არასდროს დააბრალოთ თქვენი წარუმატებლობა სხვას.

რაც შეეხება ქალებს ‒ საზოგადოებრივი წნეხი და სოციუმში დამკვიდრებული სტიგმა, რომ ქალი მრავალმხრივ წარმატებული ვერ გახდება, როგორიც კაცი, უნდა დავამარცხოთ. ეს სტერეოტიპი ინდივიდების ცნობიერებაშია დალექილი, რაც განაპირობებს იმას, რომ მინიმალური მიღწევებით ვკმაყოფილდებით. სწორედ თავდაჯერებულობით შევძლებთ სტერეოტიპების დამსხვრევას. უნდა გავაანალიზოთ, რომ ჩვენი მიღწევები ჩვენი დამსახურებაა. აუცილებელია, გარშემო გვყავდეს ადამიანები, რომლებიც ხედავენ ამ პროგრესის მნიშვნელობას. არ დაგვავიწყდეს, რომ აუცილებელია, დავეხმაროთ ერთმანეთს.

და ბოლოს, არასდროს, არც ერთ მოცემულობაში და შემთხვევაში ‒ არ გავჩერდეთ!

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.