20 წლის მუსიკოსი ნუკა გაბუნია, სასცენო სახელით Nai, თავის საინტერესო კარიერულ გზაზე გვიყვება.
მუსიკასთან შეხება ბავშვობიდან ჰქონდა, მაგრამ ეს ურთიერთობა 14 წლიდან გამყარდა, როდესაც ნუკამ ელექტრო გიტარაზე დაიწყო დაკვრა. როგორც თავად ამბობს, ეს ეტაპი საკმაოდ რთული გამოდგა, რადგან გოგოსა და ელექტრო გიტარას ერთად სერიოზულად არ აღიქვამენ, რის გამოც ბევრჯერ ყოფილა საზოგადოების მხრიდან გაკრიტიკებული.
„ხშირად მომისმენია, რომ ყურადღებას ნიჭით კი არ ვიქცევ, არამედ იმით, რომ გოგო ვარ. ზოგადად, ჯერ კიდევ უცხოა ელექტრო გიტარა და გოგო, ყოველ შემთხვევაში საქართველოში“ – ამბობს ნუკა.
ამჟამად არტისტი კონსერვატორიაში მეორე კურსზე სწავლობს. ასევე, სტუნდეტია Ces-ში (Creative Educational Studio), სადაც მომღერლისთვის, გიტარისტისთვისა და კომპოზიტორისთვის საჭირო გამოცდილებას იძენს.
ნუკა 15 წლიდან წერს სიმღერებს. მისი პირველი სინგლი, სახელწოდებით Prey, წელს გამოვიდა, რომლის ტექსტიც სწორედ მას ეკუთვნის. მომავალში მეტი სიმღერის გამოშვებას აპირებს და ლაივებსაც გვპირდება.