გადაწყვეტილების საფუძველი – რეალობა თუ სუბიექტური რეალობა

ავტორი: ნინი თურქია

ფოტო: www.shutterstock.com

სამყაროში, რომელშიც ვცხოვრობთ, ალტერნატივათა ურიცხვი ოდენობაა. მათ ჩვენ ცხოვრების ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით. ეს არის არჩევანი, რომელიც გადაწყვეტილების მიღებას გვაიძულებს. ყოველი მიღებული გადაწყვეტილება კი განაპირობებს იმას, თუ ვინ ვიქნებით ჩვენ ჩავლილი წამის შემდეგ.

არჩევანის პროცესი დამოუკიდებელ ერთეულს არ წარმოადგენს. მასზე სხვადასხვა ‒ შიდა და გარე ფაქტორები მოქმედებენ.

გარე ფაქტორები ინდივიდის ნება-სურვილს არ ექვემდებარებიან. ისინი სამყაროში ადამიანის დამოუკიდებლად არსებობენ. შიდა ფაქტორები კი შინაგანი სამყაროს ნაწილები არიან და ბიოლოგიური აგენტების გავლენით ზემოქმედებენ ინდივიდის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.

შინაგანი ფაქტორებიდან ერთ-ერთს აღქმა მიეკუთვნება, რომელიც ინდივიდის მიერ შეგრძნებით მიღებული შთაბეჭდილებების ორგანიზებისა და მათი ინტერპრეტაციის პროცესს წარმოადგენს. ეს კი, თავის მხრივ, გარემოში მიმდინარე მოვლენებისთვის გარკვეული მნიშვნელობის მინიჭების აუცილებელ პირობას ქმნის.

ორგანიზაციულ ქცევაში აღქმა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ადამიანის ქცევის საფუძვლად რეალობის სუბიექტური აღქმა გვევლინება და არა თავად რეალობა.

ადამიანის ქცევის გამომწვევი ძალა ორგვარია: შინაგანი და გარეგანი. შინაგანი მიზეზები მის კონტროლს ექვემდებარება, ხოლო გარეგანი ძალით გამოწვეული ქცევა სიტუაციით არის განპირობებული. მაგალითად, თუ თანამშრომელი სამსახურში ყოველდღიურად, ან კვირაში ორჯერ აგვიანებს, ეს შინაგან მიზეზებს მიეკუთვნება, რადგან დამსაქმებლისთვის ამგვარი ქცევა ადამიანის ჩვევად აღიქმება, რომლის გამოსწორების შესაძლებლობა და უნარი თავად ინდივიდის ხელთაა. იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულმა მხოლოდ ერთხელ დააგვიანა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მაშინ მიზეზებს არა თავად ინდივიდში, არამედ სამყაროში ეძებენ. შეიძლება ეს იყო საგზაო შემთხვევის, მაღვიძარას გაუმართაობის, ან გაუთვალისწინებელი ხდომილობის შედეგი.

ქცევის ხასიათის დასადგენად სამი ფაქტორი გამოიყოფა: ქცევის სიცხადე, კონსენსუსი და თანამიმდევრობა. ეს ანალიზი ატრიბუციის თეორიის განხილვის მთავარ საკითხს წარმოადგენს, რომლის მიზანიც მოვლენების ჯაჭვში მიზეზ-შედეგობრიობის პოვნაა.

ატრიბუციის თეორიის მთავარ შეცდომად, ადამიანთა ქცევის განსჯისას, შინაგან ფაქტორებზე ყურადღების გამახვილება სახელდება. როდესაც ორგანიზაციაში მიმდინარე უარყოფით მოვლენებს განიხილავენ, გამომწვევი მიზეზის ძიების მთავარ სფეროს შინაგანი ფაქტორები წარმოადგენს. დადებითის დროს კი, მოპოვებულ კეთილდღეობას გარეგან ფაქტორებს ‒ სამყაროსა და პოზიტიურ ხდომილობებს მიაწერენ. მაგალითად, გაყიდვების მენეჯერი გაყიდვების მცირე ოდენობას აგენტის არაპროდუქტიულ მუშაობასა და მის სიზარმაცეს აბრალებს და არა იმას, რომ შესაძლოა კონკურენტმა კომპანიამ ინოვაციური გაყიდვების სისტემა შეიმუშავა. წარმატების შემთხვევაში კი, ორგანიზაციაში ყურადღებას გარეგან ფაქტორებს აქცევენ, როგორებიცაა, ხელსაყრელი მდგომარეობა ბაზარზე, იღბალი, და სხვა. აღსანიშნავია, რომ კოლექტივისგან განსხვავებით, ადამიანთა ძირითადი ნაწილი პირად წარმატებას შინაგან, ხოლო მარცხს ‒ გარეგან ფაქტორებს მიაწერს.

შინაგან ფაქტორთა რიცხვს ბიოლოგიური აგენტებიც მიეკუთვნებიან. ბიჰევიორიზმის მკვლევართა მოსაზრებით, ადამიანის ქცევასა და სამუშაო გარემოს მიმართ დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს გენეტიკური ზეგავლენა თამაშობს. ამერიკელი პროფესორის რიჩარდ არვეისა და ამერიკელი ფსიქოლოგის თომას ბოუჩარდის მიერ ჩამოყალიბებული თეორიის თანახმად დადგინდა, რომ თანდაყოლილი გენეტიკური ინფორმაცია განაპირობებს ინდივიდის მიმართებას სამუშაო გარემოსა და ღირებულებების მიმართ, რასაც ფსიქოლოგიური ფაქტორები ახლავს თან.

ორგანიზაციული ცხოვრების განუყოფელ ნაწილს გადაწყვეტილებები წარმოადგენს.

ინდივიდის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი რაციონალიზაციისა და სარგებლის მაქსიმიზაციას ითვალისწინებს. იგი ექვსი საფეხურისგან შედგება. ესენია: პრობლემის განსაზღვრა, გადაწყვეტილების კრიტერიუმების შემუშავება, კრიტერიუმების წონის მიხედვით განთავსება, ალტერნატივების ჩამოყალიბება, მათი გადაფასება და, საბოლოოდ, საუკეთესო ალტერნატივის შერჩევა.

ამ ეტაპების გავლა აუცილებელია სრული რაციონალურობის მისაღწევად. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ვერ ახერხებს ინფორმაციის სრულყოფილად დამუშავებას და მის მიზანს პრობლემის გადაჭრის გზის მაქსიმალური გამარტივება წარმოადგენს, მაშინ ეს პროცესი შეზღუდული რაციონალურობით ხასიათდება.

თუმცა, გადაწყვეტილების მიღების პროცესი არც ისე მარტივია. ეს არის ექვსსაფეხურიანი ხავერდოვანი გზა, რომელიც აუცილებლად წარმატების მომტანი გახდება. ხშირად ამ გზაზე არაერთ ხაფანგსა თუ სატყუარას შეხვდებით. ჩვენ კი რამდენიმე მათგანის შესახებ გიამბობთ…

ადამიანთა ფსიქოლოგიას სხვა მრავალ ფენომენთაგან ერთ-ერთი ‒ „ღუზის ეფექტი“ ახასიათებს. როდესაც ტვინი სხვადასხვა სახის ინფორმაციას იღებს, გადაწყვეტილების მიღების პროცესში იგი პირველად ინფორმაციაზე ახდენს ფიქსაციას და აღარ ითვალისწინებს შემდგომ მიღებულ ცნობებს, რაც მის ობიექტურ განსჯაზე უარყოფითად აისახება. ბიზნესში ღუზის ეფექტის ერთ-ერთ გავრცელებულ მაგალითს წარსული მოვლენა და ტრენდი წარმოადგენს. რაც გულისხმობს იმას, რომ მარკეტერი მომავალი წლის გაყიდვებისთვის პროექტის შედგენისას წინა წლის გაყიდვების ოდენობას აკვირდება. ძველი რიცხვები იმ ღუზად იქცევა, რომელსაც გაყიდვების ოდენობის მომავალი ვარაუდი ერგება. ეს კი უარყოფით მოვლენად აღიქმება იმდენად, რამდენადაც ზედმეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭება წარსულ მოვლენებს და ნაკლები ყურადღება ეთმობა სხვა ფაქტორებს.

ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საკუთარ თავში ისეთ მიდრეკილებებს ატარებს, რომლებიც გავლენას ახდენს არჩევანის მიმართულებაზე. ამ მოვლენას „სტატუს ქვოს“ სახელით მოიხსენებენ. მის საფუძველს ადამიანის სურვილი წარმოადგენს, დაიცვას საკუთარი ეგო ნებისმიერი სახის ზიანისაგან. „სტატუს ქვო“ ადამიანს აიძულებს დარჩეს კომფორტის ზონაში და თავი შეიკავოს რისკების მიღებისგან. ამ ფსიქოლოგიური მდგომარეობისგან გათავისუფლება კი ქმედებას, პასუხისმგებლობის საკუთარ ხელში აღებასა და კრიტიციზმისა თუ გულდაწყვეტისათვის მზადყოფნას გულისხმობს.

ფსიქოლოგიური ზეგავლენის შედეგია დადასტურების ეფექტიც. ამ დროს ადამიანი ქვეცნობიერად იღებს გადაწყვეტილებას, და მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ცდილობს ისეთი ინფორმაციის მოძიებას, რომელიც მის არჩევანსა და ქცევას გაამართლებს. ეს ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ იმაზე, თუ სად მოიძიებს ადამიანი ინფორმაციას, არამედ მოქმედებს მიღებული სამხილის ინტერპრეტაციაზეც. ამ დროს ადამიანი უფრო დიდ მნიშვნელობას ინფორმაციის იმ ასპექტებს ანიჭებს, რომლებიც მის ქცევას გაამართლებენ და უგულებელყოფს ყველა ისეთ ნიუანსს, რომელიც მის არჩევანთან კონფლიქტში მოდის.

არასწორი გადაწყვეტილების მიღებისგან თავის ასარიდებლად აუცილებელია მიზნებზე კონცენტრირება, რაც საჭირო ინფორმაციაზე ყურადღების გამახვილებას უწყობს ხელს; სასურველი არჩევანისათვის კონტრარგუმენტების ჩამოყალიბება არჩევანის პროცესის რაციონალიზაციისათვის უებარ საშუალებას წარმოადგენს; ალტერნატივების ზრდა კი საუკეთესო არჩევანის შესაძლებლობას იძლევა.