მარკ ცუკერბერგის განცხადებით, მომხმარებლებს შეტყობინებების გაგზავნა Messenger-ისა და Instagram-ის აპლიკაციებს შორის უკვე შეუძლიათ. ეს კომპანიის პირველი ნაბიჯია სამი ცალკეული სოციალური ქსელის – Facebook, Messenger და Instagram, დაკავშირებისა და განვითარებისკენ. მომხმარებლები ერთიანი შეტყობინების სისტემით სარგებლობას შეძლებენ. Messenger-სა და Instagram-ს შორის შეტყობინებების დატესტვა ზაფხულიდან მიმდინარეობს.
photo – theverge.com
ასევე, ცუკერბერგის განცხადებით, ინტეგრაცია მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ბიზნესისთვის, რაც ხელ შეუწყობს Facebook-ის პლატფორმის განვითარებას. Messenger დღესდღეობით ყველაზე აქტიური საკომუნიკაციო საშუალებაა. ადამიანები ყოველდღიურად 100 მილიარდ შეტყობინებას აგზავნიან Messenger-ის გამოყენებით.
2019 წლის დასაწყისში Facebook-ის აპლიკაციის WhatsApp-თან ინტეგრაციაც დაანონსდა. აღნიშნული ქმედება დიდი სარგებლის მომტანი იყო Facebook-ისთვის როგორც ფინანსურად, ისე პლატფორმის განვითარების თვალსაზრისითაც. Facebook-ის ეს ინიციატივა ნაწილობრივ უკავშირდება ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვებასაც.
ცუკერბერგი აცხადებს, რომ სოციალური ქსელების გაერთიანება მომხმარებლებისთვის კომუნიკაციას ბევრად გაამარტივებს. იგეგმება აპლიკაციებს შორის ახალი ფუნქციების დამატებაც.