ავტორი: კატო კოპალეიშვილი
ფოტო: freestocks.org
წყარო: ირინა გურგენაშვილი ფაქტ-მეტრი: www.factcheck.ge
2019 წელს, განათლების მინისტრის ინიციატივით, შემდეგ კი უკვე პარლამენტის გადაწყვეტილების შედეგად, საატესტატო გამოცდები გაუქმდა. განათლების სამინისტრომ მრავალი მიზეზი დაასახელა, მათ შორის ის არგუმენტიც მოიყვანა, რომ სკოლის გამოსაშვები გამოცდები ახალისებს გამოცდებზე ფოკუსირებულ სისტემას, სადაც მოსწავლეები გამოცდების ჩაბარებაზე არიან ორიენტირებულები და არა განათლების მიღებაზე. სტატისტიკას თუ გადავავლებთ თვალს, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ფაქტ-მეტრს მიაწოდა, ვნახავთ, რომ თუ 2014 წელს გამოცდებში ჩაჭრილთა რაოდენობა 14% იყო, 2018 წელს 24,5%-მდე გაიზარდა, შესაბამისად, დღეს, ფაქტობრივად, მოსწავლეების ¼ საატესტატო გამოცდების მინიმალურ ზღვარსაც კი ვერ ლახავს. ეს, თავისთავად, პოლიტიკურადაც ძალიან ცუდია.
იმის გარკვევა, თუ რომელი საგამოცდო სისტემაა უფრო ეფექტური, შორს წაგვიყვანს, რადგან განათლების ხარისხი სხვა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ამავდროულად, საკამათოა თავად გამოცდების ხარისხიც, მაგრამ მთავარი, რა დასკვნაც შეიძლება აქედან გამოვიტანოთ არის ის, რომ მოსწავლეების ¼ იჭრება გამოსაშვებ გამოცდებში და ამ გამოცდების გაუქმება მხოლოდ პრობლემაზე თვალის დახუჭვა და იმ სარკის დამსხვრევაა, რომელიც თავად ამ პრობლემაზე მიუთითებს. განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებს კვლევებიც ადასტურებს – ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამამ (PISA) 2015 წელს 15 წლის მოსწავლეები შეაფასა წიგნიერებაში, მათემატიკასა და მეცნიერებებში. საქართველომ 72 ქვეყნიდან ძალიან დაბალი შედეგი მიიღო და 62-ე ადგილზე აღმოჩნდა.
დასახელდა მიზეზიც, რომ მსგავსი საგამოცდო სისტემა რეპეტიტორების წახალისებას უწყობს ხელს, თუმცა, პრობლემა გამოცდების არსებობაში არ არის – სკოლა რომ საკმარის ცოდნას და მზაობას აძლევდეს მოსწავლეს, რეპეტიტორების საჭიროება არ იქნებოდა. სტატიის მიზანია, მიმოიხილოს თუ რატომ გვაქვს ასეთი არასახარბიელო სიტუაცია ეკონომიკური განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროში. განათლების თემა ძალიან მასშტაბურია, შესაბამისად, ყველა მნიშვნელოვან პრობლემას ვერ შევეხები, მით უმეტეს, დეტალურად, მაგრამ ფაქტ-მეტრის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობითა და სხვა კვლევის შედეგების გაანალიზებით შევეცდები, ჩემი აზრით, ყველაზე მთავარ პრობლემას, მასწავლებლების მოტივაციის თემას შევეხო.
იმისათვის, რომ კონკურენტუნარიან, პროფესიონალ კადრს პედაგოგიური საქმიანობა სურდეს, საჭიროა, რომ მისი შრომა დაფასებული იყოს კარგი ანაზღაურებით. როგორც ფაქტ-მეტრი TALIS 2013 წლის კვლევაზე დაყრდნობით აღნიშნავს: „პროფესიული განვითარების კონტექსტში ქალაქში ყველაზე მნიშვნელოვან ბარიერად მოტივატორების არარსებობას ასახელებენ (მასწავლებლების 55%), სოფლად ყველაზე ხშირად მონიშვნადი პრობლემა ფინანსური ბარიერია (54% და 44%)“. ამავდროულად, „60 წლისა და უფროსი ასაკის მასწავლებლების წილი (19%) კვლევაში მონაწილე ყველა სხვა ქვეყანაზე მაღალია (TALIS საშუალო 6%-ია). საქართველო, ასევე, გამოირჩევა ახალგაზრდა მასწავლებლების დაბალი პროცენტული წილით სისტემაში. 30 წლამდე ასაკის მასწავლებლების წილი 6%-ია, რაც 2-ჯერ ნაკლებია TALIS-ის საშუალო მაჩვენებელზე (12%)“. სტატისტიკა გვეუბნება, რომ ახალგაზრდა კონკურენტუნარიან ადამიანებს არ უნდათ ამ სფეროში მოღვაწეობა და არსებული მასწავლებლებიც ვერ პოულობენ მოტივაციას.
დამაბნეველი სტატისტიკები თავიდან რომ ავირიდოთ, კარიერული სქემის მიხედვით, მასწავლებლების ხელფასი დამოკიდებულია 4 კომპონენტზე: განათლების ხარისხზე, სტაჟზე, საათობრივ დატვირთვასა და სტატუსზე. განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული 2018-19 სასწავლო წლის მონაცემებზე დაყრდნობით, 57 527 მასწავლებლიდან სტატუსის მქონე, ანუ ის, რომელმაც გამოცდა წარმატებით ჩააბარა, ან დააგროვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კარიერული სქემით გათვალისწინებული შესაბამისი კრედიტების რაოდენობა, მხოლოდ 25 734-ია (უფროსი, წამყვანი და მენტორი), ხოლო პრაქტიკოსი, ანუ სტატუსის არმქონე – 31 793.
ქვეყანაში მასწავლებლის საბაზო ხელფასი 405 ლარია. სრულ განაკვეთზე მუშაობის შემთხვევაში პრაქტიკოსისთვის, შესაბამისი კვალიფიკაციის დანამატით, საშუალო ხელფასი 420 ლარი გამოდის. სერტიფიცირებული მასწავლებლებიდან, ანუ 25 734-დან, მხოლოდ 5869 მასწავლებელი მუშაობს სრულ განაკვეთზე და, შესაბამისად, დანამატს სრულად იღებს (320, 500, 700 ლარის ოდენობით) – 5724 უფროსი მასწავლებელი, 136 წამყვანი მასწავლებელი და 9 მენტორი. გამოდის, რომ 57 527 მასწავლებლიდან სისტემა მხოლოდ 5869 მასწავლებელისთვის ახერხებს სრული საათობრივი განაკვეთით უზრუნველყოფას, ამიტომ მხოლოდ ამ რაოდენობის მასწავლებელს შეუძლია თვეში 800, ან 800 ლარზე მეტი გამოიმუშაოს.
მასწავლებელს ძალიანაც რომ უნდოდეს სრული დატვირთვით მუშაობა, ვერ იმუშავებს – მოთხოვნა არ არის. ზოგადად, უფრო მეტი მასწავლებელია, ვიდრე ეს სკოლას ესაჭიროება. აქედან გამომდინარე, მაგალითად, როდესაც 5 მასწავლებელი აკეთებს იმ საქმეს, რომელსაც 3 მასწავლებელი ეყოფოდა, ხელფასიც ნაწილდება პროპორციულად. მაგალითად, სკოლამ რომ 3 მასწავლებელი ამუშაოს სრულ განაკვეთზე და ხელფასი მოუმატოს, ხოლო 2 მასწავლებელი სამსახურიდან გაანთავისუფლოს – პოლიტიკურად წამგებიანი სვლა იქნება, რადგან, სწორედ ეს ხალხი დადის არჩევნებზე და მეტიც, ხშირად, არაფორმალურ კოორდინატორებს წარმოადგენენ.
შესაბამისად, ეს სქემაც პრობლემურია და რეალურად, მასწავლებლების დაბალი ანაზღაურების პრობლემას ვერ აგვარებს. რთულია მსგავსი სისტემით მოტივაცია გაზარდო – რომც გახდეს სტატუსის მატარებელი მასწავლებელი, იმთავითვე ვერ ექნება შესაბამისი საათობრივი დატვირთვა და შესაბამისი ანაზღაურება, ამიტომ სერტიფიცირებისკენ მათ არაფერი უბიძგებთ.
მსგავსი სისტემით არ არსებობს ფინანსური მოტივაცია, რომ მოსწავლეს ხარისხიანი განათლება მისცეს მასწავლებელმა. მას ვინც გამოცდას წარმატებით აბარებს და უფრო მეტს შრომობს კომპეტენციის ასამაღლებლად, სახელმწიფო უპირატეს მდგომარეობაში ვერ აყენებს, ვერც საათობრივ დატვირთვას ვერ უკმაყოფილებს. ამავდროულად, მასწავლებლებს, რომლებმაც გამოცდა ვერ ჩააბარეს, სახელმწიფო მაინც ასაქმებს, პოლიტიკური მიზეზების გამო, შედეგად კი არასამართლიან, არაეფექტურ და უხარისხო სისტემას ვიღებთ.
გასაგებია, რომ მასწავლებელი მხოლოდ ერთი კომპონენტია იმ დაბრკოლებებში, რომლის წინაშეც განათლების სისტემა დგას – იქნება ეს სახელმწიფოს არასწორი და ზედმეტი ჩართულობა, ინფრასტრუქტურული ხარვეზები, კურიკულუმი და უთანხოება იმაზე, თუ რა უნდა ისწავლებოდეს, უხარისხო გამოცდები და ა.შ.
ცხადია, რომ განათლების სისტემაში უფრო მეტი ფული გვჭირდება, თუმცა, მიუხედავად ბოლო წლებში გაზრდილი დაფინანსებისა, მხოლოდ ფული არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ამ დაბრკოლებებს გავუმკლავდეთ. სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიცაა გასათვალისწინებელი, სწორი სტრატეგია და პოლიტიკური ნება. საჭიროა, მეტი სწორად მართული და გადანაწილებული ფინანსები.
ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება, როგორც უკვე ვთქვით, ადმინისტრაციულ რესურსზე დაყრდნობით პოლიტიკური ნების გათამაშებაა, რაც პირდაპირ აზიანებს არჩევნების პროცესს. ამ შემთხვევაში, მიზანი ხდება არა ხარისხიანი განათლების სისტემის ჩამოყალიბება, არამედ არჩევნების მოგება. საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის და კონკურენტუნარიანი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს სფერო გამართული იყოს. იმისთვის, რომ პატარა ნაბიჯი მაინც გადავდგათ წინ, საჭიროა მოტივაციის გაზრდა, რომ უფრო მეტ ახალგაზრდა, პროფესიონალ ადამიანს ჰქონდეს სკოლაში დასაქმების სურვილი.
სხვა დაბრკოლებებზე და მნიშვნელოვან ნაბიჯებზე შემდეგ სტატიაში ვისაუბრებ.