ლონდონის პარკში, Newington Green-ზე, მერი უოლსტოუნკრაფტის ქანდაკება დაიდგა. მე-18 საუკუნის ბრიტანელი მწერლის, ფილოსოფოსისა და ქალთა უფლებების პიონერი დამცველის ქანდაკებაზე ბრიტანელმა ხელოვანმა, მეგი ჰემბლინგმა იმუშავა. შიშველი ქალის სხეული, რომელიც ვერცხლისფერი მასის კულმინაციას წარმოადგენს, ფართო დისკუსიის საგანი გახდა. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქალის მინიატურული ფიგურა უოლსტოუნკრაფტის მემკვიდრეობასთან შესაბამისობაში არ მოდის. უფრო მეტიც, იგი სექსისტურ შინაარსს ატარებს.
ამ მოსაზრებას მწერალი თრეისი კინგიც ეთანხმება, რომელიც ქანდაკების სიშიშვლესა და უაოლსტოუნკრაფტის ინტელექტუალურ მოღვაწეობას შორის კავშირს ვერ ხედავს. მისი თქმით, თვალსაჩინო ადგილას ფემინისტი მწერლის შიშვლად გამოსახვა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საზოგადოება ქალის სხეულს საკუთრებად მიიჩნევს. განსხვავებით ინტელექტუალი კაცებისადმი მიძღვნილი ქანდაკებებისგან, რომლებიც არასოდეს გამოისახება შიშვლად, რაც მათ დამსახურებას უსვამს ხაზს.
ინტერნეტ სივრცეში ქანდაკების ალეტრნატიული ვერსიაც გამოჩნდა, რომლის დიზაინიც 2018 წლის ტენდერში, ჰემბლინგის შიშველი ქალის იდეასთან კონკურენციაში განიხილებოდა. ალტერნატიულ ვერსიაში, უოლსტოუნკრაფტი მისი დროისთვის შესაფერისი ტანსაცმლითაა გამოსახული, ერთ ხელში წიგნები უჭირავს, მეორეში კი -კალამი.
ქანდაკების ავტორის ინტერპრეტაციით, ვერცხლისფერი მასა ქალის მრავალფეროვანი ფორმების ნაზავია, ხოლო მასის მწვერვალზე მდებარე შიშველი ქალი უოლსტოუნკრაფტია, რომელიც მზადაა მსოფლიო გამოიწვიოს. მინიატურული შიშველი ფიგურა ქალთა მასიდან იბადება, რაც სიმბოლურად ქალთა სოლიდარობას, ერთობლივ ბრძოლასა და თავგანწირვას აღნიშნავს. ჰემბლინგის ეს ჩანაფიქრი სცილდება შემოქმედების ვიქტორიანულ ტრადაციებს. კერძოდ, კაცებისადმი მიძღვნილ ძეგლთა ტრადიციას, რომლებიც ჰეროიკული და ცალკე მდგომნი არიან.
„უოლსტოუნკრაფტი ისეთივე რადიკალურ ქანდაკებას იმსახურებს, როგორიც თავად იყო“, – აღნიშნა ბი როულტმა, „Mary in Green” კამპანიის თავჯდომარემ, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული ქანდაკება დაიდგა.
კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ქანდაკებას განასხვავებს, ვერცხლია. ძეგლებს ძირითადად ბრინჯაოსგან ან მარმარილოს ქვისგან ამზადებენ. მეგი ჰემბლინგის თქმით კი, ვერცხლი უფრო ახლოს დგას ქალებთან, ვიდრე ბრინჯაო. ქანდაკების ფუძეზე ამოტვიფრულია წარწერაც: „მინდა ქალებმა ძალაუფლება საკუთარ თავზე მოიპოვონ და არა მამაკაცებზე.“
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად წინააღმდეგობრივი შეფასებებისა და იმ აზრისა, რომ უოლსტოუნკრაფტის ქანდაკების დიზაინი ამოშლილია იმ რეალობიდან, რომელშიც იგი ცხოვრობდა, პიონერი ფემინისტის მოღვაწეობის გახსენება და პოპულარიზაცია ნამდვილად არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ქანდაკების დიზაინი და რაობა კი ყოველთვის მჭირდრო კავშირშია იმ ეპოქასთანაც, რომელშიც იგი იქმნება.