ავტორი: ანა ჩაგელიშვილი

ამჯერად ფილიპინების დედაქალაქში ჩემს მოგზაურობაზე მინდა გიამბოთ, სადაც სამსახურეობრივი მივლინებით გავემგზავრე. სამწუხაროდ, გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, დრო არ მრჩებოდა მანილას დასათვარიელებლად, თუმცა მაინც ვეცადე ქალაქისთვის შემევლო თვალი. უბანი, სადაც ოფისი და ჩემი სასტუმრო მდებარეობდა, როგორც ჩემმა კოლეგებმა ამიხსნეს, ახალი დასახლებაა და ადგილობრივები BGC-ს უწოდებენ. 10 წლის წინ, აქ სამხედრო ბაზა იყო განთავსებული, დღეს კი, ერთი შეხედვით, სინგაპურსაც კი წააგავს.

ყველასთვის ცნობილია, რომ ფილიპინების მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს და რთული მისახვედრი არ იყო, რომ მანილას ის დასახლება, სადაც მე მიწევდა გადაადგილება, ნამდვილად არ ასახავდა რეალობას. ამიტომ გადავწყვიტე, უფრო მეტი გამეგო და ინფორმაციის მოძიება დავიწყე.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ჩემთვის, როგორც პროდაქტ მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია კარგად შევისწავლო იმ ხალხის ეთნიკური და კულტურული იდენტობა, ვისთვისაც ჩვენ ვქმნით ელექტრონულ პროდუქტებს, რომლებიც ადამიანებს პრობლემების მოგვარებას უმარტივებს.

ჩემი ერთ-ერთი კოლეგისგან გავიგე, რომ ფილიპინების მოსახლეობის დიდი ნაწილი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადახდასაც კი ვერ ახერხებს, რის გამოც ხშირად უწევთ სამსახურის გაცდენა. ტრანსპორტი კი აქ, დაახლოებით 13 ცენტი (თითქმის 30 თეთრი) ღირს. იმის შესახებაც შევიტყვე, რომ 2018 წლიდან მინიმალური ხელფასი მანილაში, დღეში 10 ამერიკული დოლარია. მანამდე კი 9 დოლარს შეადგენდა. აქ ინფლაციის დონე იმდენად მაღალია, რომ ეს წარმოუდგენლად უმნიშვნელო ზრდა ვერაფრით მოაგვარებს მოსახლეობის სიღარიბის უმწვავეს პრობლემას. ფილიპინების მოსახლეობის 20%-ზე მეტი ჯერ კიდევ უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს (თუ მეზობელ ქვეყნებს შევადარებთ, ტაილანდსა და ვიეტნამში ეს მაჩვემებელი დაახლოებით 8%-ია). როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, საზოგადოების 77%-ს საბანკო ანგარიშებიც კი არ აქვთ, რის გამოც დამსაქმებლებს არანაირი წვდომა არ აქვთ დასაქმებულებთან. ამიტომ, განსაკუთრებით სწრაფად გაიზარდა მიკროსაფინანასო ორგანიზაციების რიცხვი, რომლებიც 30 – 40 აშშ დოლარის ოდენობის სესხს გასცემენ. მცირე თანხების გაცემით ისინი ეხმარებიან მომხმარებლებს შექმნან კრედიტ რეიტინგი.

ჩვენ გადავწყვიტეთ რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან გაგვეფორმებინა პარტნიორობის ხელშეკრულება. ეს კომპანიები გასცემენ სესხს, რომელიც მომხმარებელს ჩვენს ელექტრონულ საფულეზე დაუჯდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მალე, უკიდურეს სიღატაკეში მყოფი მოსახლეობა შეძლებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენას.

P.S. ამ პოსტის წერა აეროპორტის გაფრენის ტერმინალში, ერთ-ერთ კაფეში დავასრულე. ჩემი ნივთები ავალაგე და იქაურობა მოვათვალიერე. თვალში მომხვდა ყავის აპარატი, მიკროტალღური ღუმელი, წვენსაწური… საინტერესოა, რამდენმა ფილიპინელმა იყიდა უკვე მაცივარი, ან ბლენდერი?

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.