მოტივირებული ადამიანების სივრცე

ავტორი: მერიკო ქაჯაია

ფოტო: გიორგი წიკლაური

ამბობენ, დაუვიწყარი პროდუქტი / მომსახურება არა უნაკლო, არამედ ემოციური გამოცდილების მომცემიაო და ყოველთვის დიზაინით ან სხვა სიტყვებით ვიზუალური აღქმით იწყებაო. წარმოიდგინეთ, სამუშაო დღე, რომელსაც რამდენიმე რადიკალურად განსხვავებულ პირთან ერთად იწყებთ, ინოვაციური აპლიკაციის შექმნით მოტივირებულ წითურ გოგონასთან, თეთრპერანგიან მკვლევართან, ოპტიმისტ ანტერპრენერ ბიჭთან ვარდებიანი წინდებით და პროგრამისტთან, „მადლობა ღმერთს, დღეს ორშაბათია“ გამომეტყველებით.

ახალი co-working space, რომელიც King David-ის შენობაში გაიხსნა, თბილისის ცენტრში მდებარეობს და, ამავდროულად, ურბანულ ხმაურს სრულად არის მოწყვეტილი. შენობიდან ქალაქის თითქმის მთლიანი ხედის დანახვაა შესაძლებელი. პირველ ვიზუალურ ემოციას ქმნის გამჭვირვალე კედლები და პატარა, პერსონალური ოთახები, ასევე გამჭვირვალე კარით, – აქ მზად არიან ახალი კავშირებისთვის და თანამშრომლობისთვის.

KD4US უკვე ათობით მცირე ბიზნესის, სტარტაპერისა და ანტერპრენერის სამუშაო სივრცე გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთ სივრცეში ასამდე სხვადასხვა ინტერესის მქონე, სხვა ეროვნებისა და შერეული ასაკის ადამიანი მუშაობს, გარემო მშვიდი და პროფესიონალურია. აქ ხმაურის ერთადერთი რეგულაცია უსიტყვო შეთანხმება და ერთმანეთისადმი პატივისცემაა.

KD4US-ში მოსვლა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ნებისმიერი ხანგრძლივობითაა შესაძლებელი. საქმიანობის ეფექტურად, სწრაფად და კომფორტულად განსახორციელებლად ტექნიკური ასისტენტის, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტისა და ულიმიტო ყავის გარდა, სივრცე მცირე ოფისებს, სხვადასხვა ზომისა და დანიშნულების საკონფერენციო ოთახებსაც გთავაზობთ. აქვეა დასასვენებელი ადგილი, ბუფეტის ტიპის კაფე, იაპონური სამზარეულოს კუთხე, იტალიური რესტორანი, რომელსაც ხშირად ბიზნეს შეხვედრებისთვის იყენებენ და სამზარეულო მათთვის, ვისთვისაც სახლში მომზადებული ლანჩი პრიორიტეტულია. ცოტა ხანში, KD4US-ში მომუშავე ადამიანებს სპორტულ დარბაზსა და საცურაო აუზზეც მიუწვდებათ ხელი, რაც ფაქტობრივად, ჯანსაღი ცხოვრების სტილის მქონე პროფესიონალებისთვის, დამატებითი კომფორტი იქნება.

ფოტო: გიორგი წიკლაური

ცხადია, პირველი მიზეზი, რის გამოც საერთო სამუშაო სივრცეს ვირჩევთ ფინანსებია. მაშინ, როცა ნაკლები დრო და სივრცე გვჭირდება ბიზნეს საქმიანობისთვის, რაციონალურია ხარჯიც ნაკლები გვქონდეს. თუმცა, KD4US-ში გაწევრიანების შემდეგ აღმოაჩენთ, რომ სივრცის ყველაზე დიდი ბენეფიტი აქ შეძენილი კონტაქტები და მრავალფეროვანი უნარებია. ყველა წარმატებული იდეა კი, როგორც წესი, ბევრი სხვადასხვა უნარის მქონე ადამიანის დაკავშირებით და ინფორმაციის გაცვლით ხორციელდება. KD4US თავის მხრივ, ნეტვორკ-ღონისძიებებით და სხვა წვეულებებით უწყობს ამ პროცესს ხელს.

აქ გატარებული რამდენიმე საათი ჩემთვისაც სასარგებლო იყო ამ მხრივ . ჩემი სამუშაო მაგიდის მეზობელი, ერთ- ერთი ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი აღმოჩნდა, ნუცამ ესპანეთში ჩემს საზაფხულო მოგზაურობას საინტერესო, არატურისტული ლოკაციები დაამატა და მასწავლა, როგორ შევამოწმო სასტუმროების, ჰოსტელების და რესტორნების შეფასებების ავთენტურობა.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისი ჯერჯერობით არც სან ფრანცისკოა და არც ნიუ- იორკი, სადაც ამერიკის მასშტაბით ყველაზე მეტი საერთო სამუშაო სივრცეა გახსნილი, აშკარა ხდება, რომ ყავახანებიდან co-working space-ში ყოველდღურად აქაც, ათობით ახალგაზრდა ინაცვლებს. მიზეზი მარტივია, მოტივაციით სავსე ადამიანებით სავსე სივრცეში მუშაობა აუმჯობესებს განწყობას, ზრდის პროდუქტიულობას და გეხმარება სხვადასხვა კუთხით დაინახო არსებული გამოწვევები.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.