ავტორი: მაკა ცხვედიანი

ფოტო: ანა ბოკო

თინათინ კვინიკაძეს არ ახსოვს როდის, რა ეტაპზე აირჩია პროფესია ‒ კოსტუმების მხატვარი. უფრო ის შემთხვევაა, პროფესია თავისით რომ მიაგნებს ხოლმე საჭირო ადამიანს. მისი ყველა ამბავი მოდას უკავშირდება, თუმცა თავად, უამრავი კონოკოსტუმის, საქორწილო კაბისა თუ სხვადასხვა პროფესიული უნიფორმის ავტორს, მოდა არაფერს არ კარნახობს, როცა საქმე პირად გარდერობს ეხება. აცვია ერთადერთი კრიტერიუმით: რაც მოსწონს ‒ როგორც თავად ამბობს, „თავშეკავებულად სექსუალური“ 70-იანი წლების კაბებიც, მისი საყვარელი 80-იანების სამოსიც და ისიც, რასაც დღეს თავადვე იგონებს. თან არამარტო საკუთარი თავისთვის.

წლების წინ ვერაზე მეგობართან ერთად კონცეპტუალური კაფე „ო, მოდა, მოდა“ გახსნა. იმ სივრცეში, რომლის ეზოში უამრავმა აიჩემა ყავის სმაც და საყვარელი სკამიც, მარტო კაფე კი არა, ვინტაჟური ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიაც გხვდებოდა. და თუ ეს ყველაფერი სწორედ ის იყო, რაც მანამდე ძალიან გინდოდა თბილისშიც გქონოდა, „ო, მოდა, მოდაში“ თავშეკავებულად სექსუალურ 70იანებსაც მიაგნებდი, ლამის თეატრალურ 80იანებსაც და კიდევ ბევრ რამეს. გამოხვიდოდი ბედნიერი.

მერე კაფემაღაზია დაიხურა და თინათინის ცხოვრებაში მისი საავტორო ბრენდი ROSE MODA და „აჭარა ჯგუფის“ ბაზაზე გახსნილი სამკერვალო “Hotel Ateliere” გაჩნდა, სადაც ის ერთდროულად დიზაინერიცაა და მმართველიც. აქ იკერება უნიფორმები და მოდა ხდება საყვარელი მათთვისაც კი, ვინც მანამდე ფიქრობდა, რომ სულ ერთი იყო.

როგორ წარმოგედგინათ, ვინ უნდა ყოფილიყავით დიდობაში?

ნათლად ვხედავდი, როგორ ვხატავდი მოლბერტზე დიდ, ვიტრაჟებიან სახელოსნოში.

რამ განსაზღვრა თქვენი არჩევანი?

ჩემი პროფესია იმდენად ორგანულია ჩემთვის, მგონი, წინასწარ იყო ყველაფერი გადაწყვეტილი. მოულოდნელი ცვლილებები მოხდა ჩემს ცხოვრებაში და მოვხვდი კინოში, ზუსტად იქ, სადაც ჩემი ადგილია. ხან აკადემიაში ჩაბარება მინდოდა, მერე- კინომცოდნეობაზე, საბოლოოდ აღარ მომიხდა არჩევანის გაკეთება და კოსტუმების მხატვარი გავხდი. ეს ორი გატაცება ‒ კინო და მოდა ‒ ავტომატურად გაერთიანდა. ყველაფერი უცნაურად და ჯადოსნურად მოხდა.

განსხვავებული ბავშვი იყავით?

არა, უბრალოდ, ძალიან მორცხვი ვიყავი.

კარგად გახსოვთ ბავშვობა?

ეს ყველაზე კარგად მახსოვს და ჩემი საყვარელი მოგონებაა: ზაფხულში, ზღვიდან რომ ჩამოვდიოდით მატარებლით, სადგურში, ბაქანზე მამასა და მის რომელიმე მეგობარს რომ დავინახავდი ფანჯრიდან, გული მიფრიალებდა სიხარულისგან. მერე, მახსოვს, ვარაზისხევში ქვაფენილზე ამოსვლა მანქანით, მერე პეტრიაშვილის ქუჩა და ჩვენს ქუჩაზე, ეზოში რომ შემოვუხვევდით, თვალებით ბავშვებს ვეძებდი, მერე ბებოს და ბაბუს დავინახავდი; სადილად ის გვხვდებოდა, რაც მე და ჩემს დას გვიყვარს და სახლის სუნი. ასე ფრაგმენტულად, შეგრძნებებისა და განწყობის დონეზე, სუნები მახსოვს, სახეები მეკარგება ხოლმე ფიქრებში. დიდი სიყვარული და სიმსუბუქე მახსოვს. სამწუხაროდ, არ ვიცოდი, თუ ეს ყველაფერი ადამიანებთან ერთად შეიძლებოდა გამქრალიყო, თორემ უფრო კარგად დავიმახსოვრებდი…

ჩაცმა, ტანსაცმელი სულ გაინტერესებდათ?

ბავშვობიდან კომპლიმენტებს ვიღებდი, რომ კარგი გემოვნება მქონდა. ჩემი მუსიკის მასწავლებელი სულ მეკითხებოდა: თინა, შენ თვითონ ჩაიცვი თუ დედამ ჩაგაცვა? დედას ძალიან უყვარდა მოდა, ამიტომ გვქონდა მოდის ჟურნალები, თვითონაც სულ რაღაც ჩანახატებს აკეთებდა და იმის მიხედვით იკერავდა კაბებს თავისთვის და ჩვენთვისაც. სულ რაღაც მოდის ჩვენებებზე დავყავდით, თან მაშინ არ იყო ბევრი, არც ვიცი საიდან იგებდა ხოლმე. თვითონ ძალიან ლამაზი იყო, ლამაზად ჩაცმა უხდებოდა. მე და ჩემს დას გვიყვარდა ყურება, დედა სარკის წინ რომ იპრანჭებოდა. ალბათ, ასე დაიწყო ყველაფერი.

დღეს როგორ უყურებთ ჩაცმას, პროფესიული საქმიანობის მიღმა? რა არის ეს – თვითგამოხატვის ფორმა, ხასიათის გაგრძელება, ან იქნებ, უბრალოდ, კარგი თამაში?

ნებისმიერ შემთხვევაში თვითგამოხატვის ფორმაა, ამით ხასიათსაც ავლენ, რაღაც თამაშშიც ხარ ჩართული. ჩვენს დროში ყველაფრის შესაძლებლობაა, ადამიანს ნებისმიერი რამის ჩაცმა შეუძლია და შემდეგ თავისი სტილის გამართლებაც. მერე შეიძლება მიმდევრებიც გაიჩინოს.

როგორ მუშაობთ – სად, რა სისტემით, რა მექანიზმით, ქაოტურია პროცესი თუ ორგანიზებული ხასიათი აქვს?

კინოდან დაიწყო ყველაფერი. რაც უნდა შემოქმედებითი და ქაოტური იყოს ეს პროცესი, აუცილებელია სისტემა, რომლის მიხედვითაც იწყება კინოს კოსტუმებზე მუშაობა. პირველი ეტაპი არის სცენარი და ასეა ყველა დანარჩენ შემთხვევაშიც. სქემა ერთნაირია. როდესაც პირველად სასტუმრო „რუმს თბილისის“ უნიფორმების კეთება დავიწყე, ზუსტად იგივე პრინციპი იყო, რაც კინოში. ეს იყო ის მთავარი მიზეზი, რამაც მომხიბლა. იყო ამბავი, ინტერიერი, ექსტერიერი, გმირები და ამბიცია. ეს არ იყო მხოლოდ სასტუმრო-რესტორნები და ასე გრძელდება. ყველა პროექტი „აჭარა ჯგუფში“ ახალი ამბით იწყება. რაც შეეხება “ROSE MODA”-ს, ის უფრო ქაოტურია. რაც უცებ თავში მომდის, მინდა ყველაფერი ერთდროულად გავაკეთო, ‒ ტანსაცმელიც და აქსესუარიც. შეიძლება არც იყოს ერთმანეთთან რამე კავშირში, მაგრამ ბოლოს მაინც არის ეს კავშირი.

ვინ იქნებოდით, თუ არა უკვე არჩეული პროფესია?

გამომგონებელი.

ეთანხმებით, რომ თუ საქმისთვის ბევრს გაიღებ, ის საქმეც ერთგვარად კეთილგანწყობილი ხდება შენ მიმართ?

ეს მგონი კანონზომიერებაა.

შთაგონებას სად ეძებთ, სად იწერთ, მართლა ტრიალებს იდეები ჰაერში?

თვითონ მოდის, უბრალოდ, ყურადღებით უნდა იყო.

რომელი პერიოდის მოდა მოგწონთ ყველაზე მეტად? უფრო ზუსტად, რომელი პერიოდის მოდაა ახლოს თქვენს ხასიათთან?

60-იანი წლების ფუტურიზმი ძალიან მომწონს, მიყვარს 70-იანი წლების კაბები, მათი თავშეკავებული სექსუალურობა, მაგრამ 80-იანი წლები ყველას მირჩევნია და სიამოვნებით ვირგებ ამ ეპოქის ტანსაცმელს.

მისდევთ მოდას?

არა, არასდროს. ყოველთვის ვცდილობ ის ჩავიცვა, რაც მომწონს. მოდურად (ტენდენციების მიხედვით) ჩაცმა ინდივიდუალიზმსა და თავისუფლებას კლავს, მასებში იკარგები და ეს ჩემთვის მიუღებელია. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მოდა ცუდია, თვითონ მოდა ჩემთვის მეცნიერებაა, ვსწავლობ და ვიკვლევ მოდას, მოდის ისტორიას, მოდას კინოსთან მიმართებაში, იმას, თუ რამდენად არის მოდა კინოზე დამოკიდებული და, პირიქით, როგორ ასახავს ის ეპოქას, ისტორიულ და გეოპოლიტიკურ მოვლენებს. მოკლედ, იმედი მაქვს, ოდესმე მოვიცლი, ამ კვლევას თავს მოვუყრი და წიგნად გამოვცემ.

აქსესუარები გიყვართ? მნიშვნელოვანი გგონიათ?

ძალიან! უფრო აუცილებელი, ვიდრე მნიშვნელოვანი, ოღონდ სასვენი ნიშნებივით ზუსტად უნდა გამოიყენო, თორემ შეიძლება დიდი გაუგებრობა გამოიწვიოს.

რა არ გადის, თქვნი აზრით, მოდიდან?

შავი ფერი და მარგალიტი.

როგორ გაჩნდა “ო, მოდა, მოდას” გახსნის იდეა? რატომ დაიხურა? თითქოს ეტაპი იყო ამ ქალაქის ისტორიაში და დასრულდა.

ვფიქრობ, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანი ეტაპი იყო: პირველი მაღაზია, სადაც მეორადი ტანსაცმელი იყიდებოდა, რასაც ვინტაჟურს ვეძახით. ეს კულტურა გარკვეულ სეგმენტში „ო,მოდა, მოდათი“ დაიწყო. ამის შემდეგ ქალაქში ძალიან ბევრი მსგავსი მაღაზია გაიხსნა. არ ვამბობ, რომ უჩვენოდ არ მოხდებოდა, ‒ ეს პროცესი გარდაუვალი იყო, ‒ უბრალოდ, ჩვენ პირველებმა გავრისკეთ.

მე ხშირად მეცვა მეორად მაღაზიებში ნაყიდი ტანსაცმელი, რომელიც ხშირად აღფრთოვანებას იწვევდა და როდესაც იგებდნენ საიდან იყო, გაკვირვებას დიდი ინტერესი მოჰყვებოდა ხოლმე. გადავწყვიტეთ, რომ მომხმარებლისთვის ასეთი ექსპერიმენტი შეგვეთავაზებინა, რამაც საკმაოდ გაამართლა.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი „ო, მოდა, მოდას“ ადგილმდებარეობა იყო, მისი ეზო და ინტერიერი. სამწუხაროდ, ამ ადგილის დატოვება მოგვიწია, რაც დახურვის მთავარი მიზეზი გახდა.

რითი განსხვავდება კინოსთვის კოსტუმების შექმნა, ზოგადად, კოსტუმზე მუშაობისგან? აბსოლუტური თავისუფლებაა ამ დროს? არის რაიმე ზოგადი მინიშნება რეჟისორისგან, თუ ხან ასე და ხან ისე? როგორ ხდება კონკრეტული პერიოდის სამოსის შესახებ ინფორმაციის მოძიება?

კოსტუმებზე მუშაობის დროს მთლიანად ამ პროცესით ვარ მოცული. ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო ამბავი, როდესაც შენ ქმნი გმირს რეჟისორთან ერთად. ყველა რეჟისორი სხვადასხვანაირად მუშაობს, მაგრამ, საერთო ჯამში, მათ ჩემდამი დიდი ნდობა აქვთ და, პრინციპში, სრულ თავისუფლებასაც მაძლევენ.

ნებისმიერი ეპოქის კოსტუმის კეთება იწყება კვლევითა და მეცადინეობით. ვკითხულობ ყველანაირ ინფორმაციას. დავდივარ არქივებში, ვესაუბრები ადამიანებს, რომლებიც კონკრეტული პერიოდის თანამედროვეები არიან. მაგალითად, როდესაც საქმე ეხება სამხედრო კოსტუმებს, ცხადია, ვხვდები ექსპერტებს, რომ შეცდომები გამოირიცხოს. ზაზა ურუშაძის „მანდარინებზე“ როცა ვმუშაობდი (დასაწყისში, მოსამზადებელ პერიოდში ვიმუშავე), ვხვდებოდი აფხაზეთის ომის ვეტერანებს, ისინი მიყვებოდნენ და მაჩვენებდნენ ქრონიკებს. ძალიან მძიმე იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ საქმეს ასე სჭირდებოდა. ასევე „მძევლები,“ 80-იანი წლების საბჭოთა ავიაცია და სპეცრაზმი ქართველი და რუსი ექპერტების დახმარებით გავაკეთე. ასეთი სიზუსტეები, რა თქმა უნდა, არ სჭირდება, მაგალითად, “Rose Moda”-ს და უნიფორმების კეთებას, რადგან იქ თავიდან ბოლომდე ჩემი ფანტაზიაა. ამ შემთხვევაში საჭიროა სამოსი მაქსიმალურად კომფორტული იყოს თანამშრომლებისთვის და მომხმარებლისთვის, ისე, რომ, მეც კმაყოფილი ვიყო და ისინიც.

გიყვართ ქსოვილების მაღაზიები? ზოგადად, მაღაზიები თუ გიყვართ?

ჩემი საყვარელი საქმიანობაა მაღაზიებში სიარული. ყველანაირ მაღაზიაში დავდივარ. ქსოვილების მაღაზია ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ვისვენებ, ყველაზე ძალიან მიყვარს.

რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში ნიკოს? მასთან პროფესიული კვეთის გამო არის ის ხელოვნების ყველაზე საყვარელი ფორმა თქვენთვის?

თითქმის ნახევარი, ხანდახან ‒ მთლიანიც. არ შემიძლია გადასაღები მოედნის გარეშე ცხოვრება. ადრეც მითქვამს, რომ ეს ის ადგილია, სადაც თავს როგორც თევზი წყალში ისე ვგრძნობ. კინო, ალბათ, ყველასთვის ყველაზე საყვარელი ხელოვნების დარგია, რადგან ყველაფერს აერთიანებს. არ ვიცი ადამიანი, რომელსაც შეიძლება ეს ჯადოსნური სამყარო არ უყვარდეს.

ოცნება გიყვართ?

არ გამომდის. რამდენჯერაც დავიწყებ ოცნებას, ‒ ეს, როგორც წესი, ძილის წინ ხდება, ‒ უცებ ნერვები მეშლება. მინდა, რომ უკვე ახდენილი იყოს და სასწრაფოდ ვიძინებ, თან სიზმრები მირჩევნია…

როგორ ფიქრობთ, რთულია თქვენთან მუშაობა? გაქვთ პროფესიული სირთულეები ან ახირებები?

მე ვარ პროფესონალი, პერფექციონისტი საქმეში, ამიტომ დათმობებზე არ მივდივარ. ხშირად მსმენია ჩემზე ნათქვამი, რომ ძალიან რთული ხასიათი მაქვს და რთულია ჩემთან მუშაობა. ტყუილია! თავიდან მწყინდა, მერე გადავხედე იმ არაჩვეულებრივ რეჟისორებსა და პროდიუსერებს, რომლებთანაც მუდმივად ვმუშაობ. მსხვილ კომპანიას,რომლის დიზაინერიც ვარ… ისინი თავდაჯერებული, წარმატებული პროფესიონალები არიან და მირჩევენ მე. არ აშინებთ ჩემი ახირებები, რადგან იციან, რომ ხარისხი ყოველთვის მაღალი იქნება. თუ ხასიათი და ახირება არ გაქვს, მგონი, შენი საქმეც არ გაინტერსებს და, უბრალოდ, შემსრულებელი ხარ.

გაბედული ხართ?

კი, მაშინ, როცა საქმე ბიჭებს ‒ ჩემს დისშვილებს და პროფესიულ საქმიანობას ეხება.

რისი კეთება გიყვართ ცხოვრებაში?

ტელევიზორის ყურება, ქუჩაში უმისამართოდ სიარული, ლოგინში კოტრიალი, მზის აბაზანების მიღება, მაღაზიებში სიარული, ჩემს დისშვილებთან ერთად ყოფნა.

სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობთ.

ამ ბოლო დროს ‒ დავიღალე.

შეიცვალეთ წლებთან ერთად? იცვლება, თქვენი აზრით, ადამიანი?

უფრო სევდიანი გავხდი. კი, იცვლება.

პროექტი, რომელზე მუშაობითაც ამაყობთ.

ვამაყობ, რომ მე და ჩემმა მეგობრებმა წლების წინ გადავწყვიტეთ ვემსახუროთ ქართულ კინოს. ყველაფერი 1999 წელს დაიწყო და დღემდე ისევ ერთად ვაკეთებთ ამ საქმეს, ერთ-ერთი ჩვენგანი უკვე ამერიკის კინოაკადემიის წევრია და ეს ყველა ჩვენგანის გამარჯვებაა!

დაგეგმვა გიყვართ? ფიქრობთ რა იქნება 3, 5 წლის შემდეგ?

არა, დანაზოგიც კი არასდროს გამიკეთებია. ვიცი, ვინანებ აუცილებლად, მაგრამ არ გამომდის სამომავლო გეგმებზე ფიქრი. საერთოდ, მომავალზე ფიქრი მაშინებს, ამიტომ ვისხლეტ.

რა გიცრუებთ გულს?

მამა, დისშვილებს ‒ ნიკიტას და ტყუპებს ძალიან რომ ვუყვარვარ, ფილმები ცხოველებზე, მოხუცები.

ფემინისტი ხართ?

ასე გამოდის, სხვანაირად არც შეიძლება. ეს სოლიდარობაა და არამარტო ქალების…

რაშია ქალების ძალა?

რა უცნაურია, არასდროს მიფიქრია ამაზე. ისეთი ბუნებრივია, იყო ძლიერი.