ავტორი: მაკა ცხვედიანი

ფოტო: ანა ბოკო

ერთნაირი ენთუზიაზმით საუბრობს საკუთარ გამოცდილებაზეც და ბიზნესის კრედიტუნარიანობის შესაფასებელ თანამედროვე მექანიზმებზეც. ენთუზიაზმით კი არა, სიხარულით საუბრობს. კითხვაც არ სჭირდება უყვარს თუ არა ის, რასაც აკეთებს, ან რამდენად უყვარს, ან რატომ უყვარს. ნამდვილი ადამიანი-მოტივაციაა!

თბილისში ამერიკის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტი დაამთავრა. ჰყვება, რომ ყოველთვის ოცნებობდა მაგისტრატურაზე ამერიკაში ესწავლა. მსოფლიო ბანკის დაფინანსება სტიპენდიის სახით ოცნების ასრულებას ნიშნავდა. ამერიკაში, მსოფლიო ბანკის სათაო ოფისში, მოგვიანებით კი ადგილობრივ კერძო კაპიტალის ფონდში იმუშავა, რომელიც ოც განვითარებად ქვეყანაში საინვესტიციო პროექტებს ახორციელებდა მცირე და საშუალო ბიზნესებში.

წარმატებული პროფესიული საქმიანობის ფონზე, არჩევანი, საბოლოოდ, საქართველოში დაბრუნებაზე შეაჩერა: ერთი მხრივ, ცოდნისა და გამოცდილების საკუთარ ქვეყანაში გამოყენების სურვილით, მეორე მხრივ, პირადი ურთიერთობის გამო.

დღეს საკუთარი კომპანიის მფლობელია. Quick Cash AI ინოვაციური მაღალტექნოლოგიური პლატფორმაა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის კრედიტუნარიანობის შეფასებას ემსახურება. ონლაინ სივრცეში რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მონაცემების ავტომატიზებული დამუშავების შედეგად ბიზნესის მომენტალური შეფასება ხდება და თანხა საკრედიტო ხაზის დამტკიცებისთანავე გაიცემა.

თუკი სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიერ ბიზნესის შეფასებას ორი კვირა ან მეტი სჭირდება, ამ პლატფორმის საშუალებით ბიზნესის შეფასება, პრაქტიკულად, მომენტალურადაა შესაძლებელი, საბუთების შეგროვებისა და სხვა ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე.

საიდან დაიბადა კომპანიის გახსნის იდეა?

2010-2011 წლებში მაგისტრატურაზე ამერიკაში, კოლუმბიის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. სწავლის დასრულების შემდგომ, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკში დავიწყე მუშაობა. 170 განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკის საკითხებს ვსწავლობდი. ვაკვირდებოდი მათი ფინანსური სისტემების სტაბილურობას, იმას, თუ როგორ ეხმარება მსოფლიო ბანკის მიერ გაცემული საკრედიტო რესურსები კერძო სექტორისა და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების განვითარებას. პროექტზე მუშაობისას შევიმუშავე კონკრეტული ინდიკატორები, რომლებიც აფასებდა ამ ქვეყნებში მიმდინარე პროგრესს ფინანსური და მცირე ბიზნესის განვითარების მიმართულებებით. იმ დროისათვის ფინანსური ტექნოლოგიები ასეთი აქტუალური არ იყო, თუმცა ნათლად ჩანდა, თუ რამდენად ეფექტიანია ეს ტექნოლოგიები და როგორ ამარტივებს ისინი ფინანსურ სექტორში საქმიანობას. სწორედ მაშინ დამებადა იდეა, რომ კარგი იქნებოდა საქართველოშიც შექმნილიყო დაკრედიტებისა და ელექტრონული კომერციის კუთხით მსგავსი პლატფორმა. კონკრეტული ინსპირაციის მთავარი წყარო კი ამერიკული კომპანია Kabbage გახდა, რომელიც ალტერნატიული დაფინანსების პლატფორმას წარმოადგენს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

ამერიკაში წარმატებული საქმიანობის ფონზე, როგორ გადაწყვიტეთ საქართველოში დაბრუნება?

სოციალური ცხოვრება იქ ისე დამილაგდა, რომ ან უნდა ჩამოვსულიყავი, ან სულ დავრჩენილიყავი, თუმცა ასე დაგეგმილი და წინასწარ გაწერილი არასდროს მქონია, რომ, ვთქვათ, ხუთ წელს ამერიკაში გავატარებდი, მერე საქართველოში დავბრუნდებოდი და ა.შ. ის, რომ ჩემს ქვეყანაში მნიშვნელოვანი საქმის კეთება შემეძლო, დანამდვილებით ვიცოდი და ეს ძლიერი მოტივაცია იყო.

აქ რომ ჩამოვედი, ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გავუშვი, რომელიც დღემდე აქტიურია. ამ პროგრამაზე მუშაობისას რეალურად დავინახე, თუ რა პრობლემებს აწყდება საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი სესხებზე ხელმისაწვდომობის კუთხით. ამაში ასევე დამეხმარა ერთ წამყვან ბანკში მიკრობიზნესის სტრატეგიული პროექტების უფროსის პოზიციაზე მუშაობაც – სადაც 1 წელიწადში სრულად შევისწავლე შიდა სისტემები და ბიზნეს დაკრედიტების ბარიერები.

სწორედ ამ პრობლემის შეფასების შედეგად, ასევე პროფესიული სხვა გამოცდილებების გათვალისწინებით, 2016 წელს საკუთარი კომპანია დავაფუძნე. 2017 წელს ჩავუშვით პლატფორმა, რომელიც ალგორითმის საშუალებით, ბიზნესის შეფასებას ახორციელებს და განსაზღვრავს სამუშაო კაპიტალის ხელმისაწვდომ მოცულობას, უზრუნველყოფის გარეშე. თავდაპირველად, თავად გავცემდით სესხებს მცირე ბიზნესისთვის, ასე ვთქვათ, ვტესტავდით სისტემას. პირველ წელს დაახლოებით მილიონამდე მოცულობის სესხი გავეცით. სისტემა იმდენად ელექტრონიზებულია, რომ მინიმალურ ადამიანურ რესურსს მოითხოვს, ამიტომ მხოლოდ 4 ადამიანი ვიყავით დასაქმებული.

რა მექანიზმით აფასებს ალგორითმი ბიზნესს?

ეს ალგორითმი გადაწყვეტილების ძრავის სისტემითაა აწყობილი, რაც გულისხმობს იმას, რომ 100-მდე პარამეტრის გათვალისწინებით, რამდენიმე წუთში დგინდება კონკრეტული სამუშაო კაპიტალის ოდენობა, რისი გაცემის რეკომენდაციაც ეძლევა ფინანსურ ინსტიტუტს. ალგორითმი აფასებს ასევე ბიზნესის აქტივობას, შემოსავალს, გასავალს, გაყიდვებს და სხვა ალტერნატიულ პარამეტრებს. შემდეგ აჯამებს, ითვლის და 5 წუთის განმავლობაში აფასებს ბიზნესის კრედიტუნარიანობასა და ქმედითუნარიანობას. პროცესი ორ ეტაპადაა დაყოფილი: პირველი ეტაპი მონაცემების შეგროვებასა და შეჯამებას გულისხმობს, ხოლო შემდგომ, ალგორითმის საშუალებითვე, ფასდება ამ მონაცემებისა და პარამეტრების კომბინაციის ეფექტიანობა, რომელიც თვითგანვითარებადია და, მონაცემთა გაზრდის შესაბამისად, კიდევ უფრო ზუსტი ხდება. ეს პროცესი თითო კომპანიისთვის სრულდება მაქსიმუმ 15 წუთის განმავლობაში.

რა იყო ყველაზე დიდი სირთულე, რასაც კომპანიის შექმნის დროს ან მერე წააწყდით?

საოცარ სირთულესთან იყო დაკავშირებული, როცა ახლადშექმნილ კომპანიას პოტენციურ კლიენტებს ვაცნობდით და ვუხსნიდით, რა გვინდოდა და რას ვაკეთებდით. იქიდან გამომდინარე, რომ მანამდე ბევრ სხვადასხვა ადგილზე ვმუშაობდი და კარგი კონტაქტები მქონდა, გარკვეული მოლოდინი იყო, რომ წესით რაღაც საინტერესოზე უნდა მქონოდა ლაპარაკი. თუმცა, როცა პროდუქტზე ვსაუბრობდი, გარკვეულ სკეპტიკურ დამოკიდებულებას ვგრძნობდი. საწყის ეტაპზე ეს ბუნებრივიც იყო, მაგრამ მერე უკვე ტესტირებები დავიწყეთ, საწყისი ადგილობრივი და გარე ინვესტიციაც მოვიზიდეთ, დაფინანსებები გავეცით და რაც ჩავიფიქრეთ, წარმატებით განხორციელდა. ამიტომ ადგილობრივი კომპანიებიდანაც წამოვიდა ინტერესი. ასევე დაინტერესება უცხოური ფინანსური ინსტიტუტების მიერ – კერძოდ, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, სერბეთი, ყაზახეთი. ამას საერთაშორისო აღიარებებიც მოჰყვა, რაც უკვე დიდი მიღწევა იყო.

კომპანიის საქმიანობა მხოლოდ ბიზნესის შეფასებას მოიცავს?

არა, 2018 წელს ჩვენ გავაფართოვეთ არეალი ლაითსფიდ პლატფორმის სახელწოდებით. კრედიტუნარიანობის შეფასების გარდა, ბიზნეს აპლიკაციის შექმნის ავტომატიზებული მოდული, სესხებისა და კლიენტების მართვის მოდული და ციფრული მარკეტინგის მოდულები დავამატეთ. საერთო ჯამში, ახლა ოთხი მოდული გვაქვს იმისთვის, რომ ნებისმიერ ფინანსურ ინსტიტუტს საკუთარ ბიზნეს კლიენტებთან უფრო სწრაფი წვდომა ჰქონდეს. ამასთან, მთლიანი ალგორითმული პლატფორმა „ამაზონის“ ღრუბლოვან ვებ-სერვისებზე გადავიტანეთ იმ მიზნით, რომ მონაცემები უფრო ეფექტიანად დაგვემუშავებინა. ჩვენ, ფაქტობრივად, გამზადებული მოდულები, ბიზნეს ბანკინგის სრული სპექტრი შევქმენით ფინანსური ინსტიტუტებისთვის. მოცემული მოდულებიდან მომხმარებელს შეუძლია მისი ბიზნესისთვის ყველაზე მეტად მოსახერხებელი ვერსია აირჩიოს. საბოლოო ჯამში, ეს სისტემა ძალიან ამცირებს, ანახევრებს ხარჯებს და ზოგავს დროს.

რა მიგაჩნიათ ამ ეტაპზე კომპანიის მთავარ მიღწევად?

ჩვენ უკვე ვართ ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის წევრები და სურვილი გვაქვს ახლო მომავალში ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნების ბაზარზეც შევიდეთ. ჩვენი კომპანიით დაინტერესებულნი არიან ევროპული ბანკებიც, მოლაპარაკებები ახლა მიმდინარეობს. საქართველოში რამდენიმე ფინანსური ინსტიტუტი იყენებს ჩვენს სერვისს და ჩვენი პროდუქტის მიმართ ადგილობრივი ბანკების მხრიდანაც დიდი ინტერესია.

ბოლო საერთაშორისო წარმატებაა ის, რომ 2019 წელს ინოვაციის მიმართულებით ნომინირებული ვიყავით ლონდონში Emerging Europe Award-ზე, Innovation Initiative 2019-ზე, სადაც ევროპის მაშტაბით მოვხვდით სამეულში, საქართველოს სახელით, რაც ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის ტექნოლოგიური ინოვაციის რუკაზე დამკვიდრებას.

რა მიზნები გაქვთ კომპანიის მომავალთან დაკავშირებით?

მინდა, რომ კომპანია გაფართოვდეს და წარმატებულად ვოპერირებდეთ ევროპის მასშტაბით ბევრ ქვეყანაში.

რა იყო თქვენი პირველი სამსახური?

2015 წელს პრემიერ-მინისტრ ზურა ნოღაიდელთან ვმუშაობდი წამყვანი სპეციალისტის/ანალიტიკოსის პოზიციაზე, პრემიერის მრჩეველებთან ერთად. შემდეგ ‒ ლადო გურგენიძესთან, პრემიერობის დროს, ვიყავი პრემიერის აპარატში… ყველა საერთაშორისო შეხვედრას ვესწრებოდი. სანამ ამერიკაში წავიდოდი, ორი წლის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროში ვიმუშავე დონორების მიერ გამოყოფილ ოთხმილიარდ-ნახევრის პროექტზე, რომელიც 2008 წლის ომის მერე მიიღო საქართველომ ინფრასტრუქტურული და მუნიციპალური განვითარების მიმართულებით. ეკონომიკა მეტ-ნაკლებად ყოველთვის იყო იმის თანმდევი, რასაც ვაკეთებდი. განსაკუთრებით, ფინანსთა სამინისტროში, სადაც მაკროეკონომიკურ და ფისკალურ ინდიკატორებს ვუყურებდით, როცა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ გამოყოფილ კრედიტზე ვმუშაობდით. რეალურად, ეს სახელმწიფო სესხი იყო, რომელსაც სახელმწიფო დონორებისგან იღებდა და შემდეგ ხდებოდა გადასესხება სხვა განმახორციელებელ ინსტიტუტებზე. საჯარო სექტორში თუ სადმე შეიძლება ძალიან საინტერესო პროექტზე იმუშაო, ერთ-ერთი, ალბათ, ეგ იყო. მაშინ 22 წლის ვიყავი.

დამოუკიდებლობას ბავშვობიდან მიეჩვიეთ?

რაღაც პერიოდამდე იყო გარკვეული კონტროლი და მერე რომ მიხვდნენ, არაფერი მიჭირდა, დიდი თავისუფლება მომცეს. მე მგონია, რომ სწორია ეს მიდგომა. სრული თავისუფლება მქონდა, თუნდაც, პროფესიის არჩევისას. მუშაობის დაწყების შემდეგ, 19 წლიდან, სრულიად დამოუკიდებლად ვიღებდი გადაწყვეტილებებს, ოჯახში კონსილიუმი არ იმართებოდა, მხოლოდ აზრების გაცვლა.

დამოუკიდებლობა ახლაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის?

ახლა საკუთარი ოჯახი მაქვს. ჩვენ ერთმანეთს სხვადასხვა მიმართულებით ვავსებთ, მაგრამ ჩვენ-ჩვენი დამოუკიდებლობა ორივეს გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ შეზღუდო ადამიანი ამ დამოუკიდებლობაში.

როგორ ფიქრობთ, რა თვისებები გქვთ, რაც საქმეში გეხმარებათ?

ალბათ, ის, რომ ძალიან მიზანდასახული ვარ და ახალ გამოწვევებზე ვგიჟდები! ბიზნესში და არამარტო, ძალიან მნიშვნელოვანია ადაპტირება. არა კონფორმიზმი, ‒ კონფორმიზმს ვერ ვიტან, ‒ არამედ ის, რომ თუ რაღაც არ გამოდის, სხვა გზა ეძებო.

საერთაშორისო უერთიერთობებს ჩამოსცილდით?

დღემდე ძალიან მეხმარება მოლაპარაკებების დროს. ყველაზე დიდი ბონუსი ისაა, რომ მე საქმეში ვნახე საერთაშორისო ურთიერთობები. როცა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დელეგაციები ჩამოდიოდნენ და პრემიერს ხვდებოდნენ, ვესწრებოდი ამ შეხვედრებს და იქ ძალიან სერიოზული საკითხები განიხილებოდა დიპლომატიის ენით. უზარმაზარი გამოცდილება იყო. ამიტომ ვამბობ, ძალიან მნიშვნელოვანია რას ისწავლი, სად ისწავლი, ვისთან ერთად ისწავლი და როგორ ისწავლი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია პრაქტიკული გამოცდილება.

საქმიან და პირად ნაწილს შორის ბალანსის დაცვას იოლად ახერხებთ?

ყოფილა პერიოდები, როცა ამ ბალანსის დაცვა ჭირდა. მარტო მე კი არა, სამსახურში მთელი გუნდი ვმუშაობთ ხოლმე ისე, რომ ვერ ვიგებთ დრო როგორ გადის. ასე იყო განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა ალგორითმს სხვადასხვა პარამეტერს ვამატებდით, ვტესტავდით. ახლა უფრო ვიცავ ბალანსს. ადრე პრაქტიკულად მთელი დრო საქმეს მიჰქონდა.

სამუშაო პროცესი უფრო გიყვართ თუ მიღწეული შედეგით ტკბობა?

ეს ძალიან მაგარი კითხვაა! იცით, ამ ბოლო დროს მივხვდი, რომ შედეგით ვერ ვტკბები და ეს რაღაც უკიდურესობაში გადავიდა. აი, ეგ ბალანსია, რაც ვერ დავიცავი, როგორც კი სასურველ შედეგამდე მივდივარ, ეგრევე „შემდეგი, შემდეგი“… არადა, ძალიან მნიშვნელოვანია, გადახედო განვლილ გზას და თქვა: ვა, რა მაგარია, რომ მივაღწიე! მე კიდევ სულ უკმაყოფილო ვარ.

მოტივაციას რა გაძლევთ?

რაღაც ახლის გაგება, შესწავლა და ძიების პროცესია მთავარი მოტივაცია.

საქმის მიღმა როგორი ხართ? დასვენება, განტვირთვა რა არის თქვენთვის?

ძალიან მაინტერესებს თანამედროვე ხელოვნება, კონცეპტუალური არტი. ჩემს მეუღლესაც. თუ სადმე მივდივართ, ყოველთვის ვესწრებით ხოლმე გამოფენებს. დღე-გამოშვებით ვცურავ, 2011 წლიდან ასევე ვვარჯიშობ თანამედროვე იოგას. ადრე ველოსიპედით დავდიოდი.

როგორ ფიქრობთ, რაშია ქალების ძალა?

ერთდროულად ბევრი საქმის კეთების უნარში. ესაა ქალების უზარმაზარი უპირატესობა.

ვისაც გამბედაობა და საკუთარი თავის რწმენა არ ჰყოფნის, რას ეტყოდით?

ყველაზე მნიშვნელოვანია სიჯიუტე, ოღონდ რაციონალური. კედელს რომ ეჯახები, იმას არ ვგულისხმობ. არის რაღაცები, რაც ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად გამოდის. ამიტომ წარუმატებელმა მცდელობამ არ უნდა შეგაშინოთ. მეორედაც უნდა სცადოთ და, თუ საჭირო გახდა, მესამედაც და მეოთხედაც. ბავშვობიდან ასე ვუყურებდი, რომ ჩვენს ტვინს აქვს უნარი მიაღწიოს ყველაფერს, რასაც მას მიზნად დაუსახავ. ოღონდ საამისოდ ტვინს სჭირდება გაწვრთნა. ზუსტად ასევე სჭირდება გაწვრთნა ნებასაც, რომ მიზნისკენ მიმავალ გზაზე არ ჩაგიქრეს ეს ნება. დანარჩენი დროის ამბავია.

No Comments Yet

Comments are closed