საინვესტიციო კომპანია “საქართველოს კაპიტალმა” საგანმანათლებლო სექტორში მორიგი პარტნიორობის შეთანხმება “მწვანე სკოლასთან” გააფორმა.

“თბილისის მწვანე სკოლა” №134 საჯარო სკოლის პრივატიზების შედეგად, 2011 წელს დაარსდა და დღეს სკოლას, ჯამში, 1,000 მოსწავლეზე მეტი ჰყავს. მწვანე სკოლა ერთ-ერთი მოწინავეა ბაზარზე თავისი გამოცდილი და კვალიფიციური მასწავლებლებითა და მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამებით. სკოლა დიღომში მდებარეობს და მიუხედავად ცენტრალური ლოკაციისა ბუნებრივი სიმწვანით არის გარშემორტყმული, რაც საშუალებას იძლევა, ბავშვებმა სუფთა, ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში მიიღონ განათლება.

მომავალი 5 წლის განმავლობაში, “თბილისის მწვანე სკოლა” და “საქართველოს კაპიტალი” არსებული სკოლის გაფართოებას და ქვეყნის მასშტაბით 3 ახალი სკოლის გახსნას გეგმავენ, რის შემდეგაც სკოლა, ჯამში, 5,500 მოსწავლეზე მეტის მიღებას შეძლებს.

ირაკლი გილაური, “საქართველოს კაპიტალის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი:  

“მოხარული ვართ, გაცნობოთ “საქართველოს კაპიტალის” კიდევ ერთი წარმატებული პარტნიორული შეთანხმების შესახებ “თბილისის მწვანე სკოლასთან”. “საქართველოს კაპიტალი” აგრძელებს განათლების სექტორში წამყვანი სასწავლო დაწესებულებების მხარდაჭერასა და განვითარებას”.

ბაკურ სულაკაური და კახა დავითური, “თბილისის მწვანე სკოლის” დამფუძნებლები: 

“მოხარულები ვართ, რომ “თბილისის მწვანე სკოლასა” და “საქართველოს კაპიტალს” შორის პარტნიორული შეთანხმება შედგა. გვაქვს ერთად დასახული მნიშვნელოვანი მიზნები და გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობის შედეგად შევძლებთ მაღალი ხარისხის განათლება, უსაფრთხო გარემო და ინფრასტრუქტურა საქართველოში კიდევ უფრო დიდ მასშტაბზე გავხადოთ ხელმისაწვდომი”.