სახელმწიფოს მეტი სოც.მუშაკი სჭირდება | აი, ფაქტი


სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტის” გვერდზე.



ქობულეთში 14 წლის ნინი ჯერ ძალადობის მსხვერპლი გახდა, შემდეგ კი ოჯახის წევრების მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის. მოზარდმა 2020 წლის თებერვალში თავი მოიკლა.  

ინფორმაციის გავრცელებისთანავე საზოგადოებას კითხვები საქმეში სოციალური მუშაკის ჩართულობასა და მის პროფესიონალიზმზე გაუჩნდა. სოციალურ მუშაკთა გაერთიანება მალევე გამოეხმაურა ამ ამბავს და დაწერეს, რომ იმ დროისათვის  ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში ერთადერთი სოციალური მუშაკი მუშაობდა. ეს ერთი ადამიანი ემსახურებოდა ერთ ქალაქსა და ოც სადაბო/სასოფლო თემს. შარშან ქობულეთში დასაქმებული სამი სოციალური მუშაკიდან ორი რეორგანიზაციის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ნინის ტრაგედიის შემდეგ ქობულეთში ორი სოციალური მუშაკი დაინიშნა.  

სოციალური მუშაკის მოვალეობა ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის გამოვლენა და მისთვის შესაბამისი სახელმწიფო სერვისების შეთავაზებაა. სოციალური მუშაკის სამსახური ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ერთ-ერთი მოწინავე რგოლია. სოციალური მომსახურების გაწევაზე მთავარი პასუხისმგებელი უწყება ქვეყანაში „სახელმწიფოს ზრუნვის სააგენტოა“ (მანამდე „სოციალური მომსახურების სააგენტო“). მას ევალება არა მხოლოდ სოციალური მუშაობა, არამედ მთელი სოციალური დაცვის სისტემის მართვა.

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს ოჯახში ძალადობის 8,000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, “სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში” ოჯახში ძალადობის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით მხოლოდ 318 მიმართვა შევიდა. პოლიცია ოჯახში განხორციელებული ძალადობის დროს სოციალურ მუშაკს მიმართავს იმ შემთხვევაში, თუ ძალადობის ფაქტს შეესწრო არასრულწლოვანი, რამაც ნეგატიური გავლენა მოახდინა მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, ან ფიქსირდება მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტები და ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

318 მიმართვიდან სოციალური მუშაკი ყველა შემთხვევაში ჩაერთო, ხოლო ფსიქოლოგები კი 39 საქმეში. 2020 წელს სააგენტოში 22 ფსიქოლოგი მუშაობდა, წელს კი – 21. სააგენტოში დასაქმებული ფსიქოლოგი ოჯახური ძალადობის შემთხვევებში ერთვება მხოლოდ მაშინ, თუ გამოვლინდა ბავშვზე ძალადობის ფაქტი ან ოჯახში განხორციელებული ძალადობა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე და ოჯახში არ არის დაცული არასრულწლოვანის უსაფრთხოება.

ოჯახში ძალადობის სტატისტიკის ზრდას მთავრობის წარმომადგენლებიც ადასტურებენ, თუმცა გამომწვევ მიზეზებს ვერ ასახელებენ.

თუმცა, ამასთან ერთად მთავრობა აღიარებს, რომ ოჯახში ძალადობის მიმართ სახელმწიფოს მიდგომა შესაცვლელი და გასაუმჯობესებელია. ამ მიზნით, მთავრობამ 2018 წელს “ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმა” შეიმუშავა. გეგმის თანახმად, 2020 წლის ბოლოს ოჯახში ძალადობის საკითხზე მომუშავე სოციალური მუშაკების რაოდენობა 10-30 პროცენტით უნდა გაზრდილიყო. პასუხისმგებელმა უწყებამ, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გეგმა მინიმუმზე შეასრულა და სოციალურ მუშაკთა რაოდენობა 13 პროცენტით გაზარდა.

“თუ საქმეში არ ფიგურირებს არასრულწლოვანი, მაშინ სოციალური მუშაკის ჩართულობა თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია იმაზე, რამდენად იაქტურებს თავად ძალადობის მსხვერპლი, დაიწყებს სახელმწიფო სერვისების გარკვევას, ვის შეიძლება რომ მიმართოს, როგორ მიმართოს, რა უფლებები აქვს მას და რა სერვისები არსებობს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი ფიგურირებს, სოციალური მუშაკი სავალდებულო წესით ერთვება საქმეში,”  – გვიხსნის ორგანიზაცია “საფარის” იურისტი ცირა ჯგერენაია.

2020 წელს სოციალური მუშაკების შრომის ანაზღაურებაზე 3.6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის საკითხებზე სპეციალიზებული სოციალური მუშაკების ანაზღაურება თვეში 1,000 – 1,200 ლარია. 

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის, ლინა ღვინიანიძის თქმით, სოციალური მუშაკები მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან. მთავარი პრობლემა კი კადრების სიმცირე და გაუსაძლისი სამუშაო პირობებია. 

„საქმის დაკისრების მეთოდოლოგია სოციალურ მუშაკებზე არ არსებობს, მათ უნდა აიღონ იმდენი საქმე, რამდენიც შემოვა. ფაქტობრივად, სოცმუშაკებს შრომითი ექსპლუატაცია უწევთ და აქვთ სრულიად არანორმირებული სამუშაო დღე. ყველა სოციალური მუშაკი საქართველში ამბობს, რომ შეუძლებელია, ამ რაოდენობის საქმეები აწიონ. განსაკუთრებით მძიმეა ეს პირობები რეგიონებში. ამის გამო ისინი ვერ ახერხებენ, ბენეფიციარებს ადეკვატური მომსახურება შესთავაზონ.”

ღვინიანიძის თქმით, საჭიროა საუბარი არა სოციალური მუშაკის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე, არამედ სოციალური მუშაობის სისტემურ ჩავარდნაზე.

2019 წლის მარტში, სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები გაიფიცნენ მოთხოვნით, რომ აღმოფხვრილიყო სოციალური მომსახურების სისტემაში არსებული სისტემური ხარვეზები. ერთ-ერთი მთავარი სადავო საკითხი სოცმუშაკთა მცირე რიცხვი და საქმეთა დიდი რაოდენობა იყო. სააგენტოში დასაქმებული ყველა სოციალური მუშაკი, ძალადობის სხვა შემთხვევებთან ერთად, მუშაობდნენ და დღემდე მუშაობენ ოჯახში ძალადობის შეთხვევებზეც. თითოეული სოციალური მუშაკი წლის განმავლობაში საშუალოდ, ძალადობის, 15 შემთხვევაზე მუშაობს.

„არ ვიქნები თავმდაბალი და ვიტყვი, რომ ძალიან კარგი სოციალური მუშაკი ვარ. ვთვლი, რომ ძალიან ვზრუნავ და გული შემტკივა ბენეფიციარებზე [სოციალური სააგენტოს პროგრამებით მოსარგებლე პირები]. მეც უნდა ვაღიარო, რომ არ მრჩებოდა არც ინტელექტუალური, არც ფიზიკური და არც ფინანსური რესურსი საქმის შესასრულებლად. სოციალური მუშაკები თავიანთი ხარჯებით გადაადგილდებიან ბენეფიციარების შესაფასებლად, პანდემიის პირობებშიც კი, როდესაც ტრანსპორტი გაჩერებულია, სოც.მუშაკები სამსახურშიც და ბენეფიციარებთან ტაქსებით დადიან,”  – ამბობს სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ხელმძღვანელი, ქეთევან ხუციშვილი. 

“აი, ფაქტთან” საუბრისას ხუციშვილმა ისიც აღნიშნა, რომ სოციალური მუშაობის ამოსავალი წერტილია, ბენეფიციარი არ დარჩეს მუდმივად ბენეფიციარად. სოც.მუშაკს უნდა ჰქონდეს საკმარისი დრო, რათა ბენეფიციარს დაეხმაროს ერთი საფეხურიდან მეორე საფეხურზე გადასვლაში, ჩაატაროს მოტივაციური ინტერვიუები და დაეხმაროს მსხვერპლის როლიდან გამოსვლაში. 

“ღარიბი მოსახლეობის როლი იზრდება, ძალადობის მსხვერპლთა რიცხვი იზრდება, იმიტომ რომ მუდმივად ამ პოზიციაში ვტოვებთ მათ. სოც.მუშაკებმა უნდა მოახერხონ, რომ ადამიანები გადავიდნენ სხვა პოზიციაზე და მართლა გაძლიერდნენ, მაგრამ ამის რესურსი არ გააჩნიათ,” – ამბობს ხუციშვილი. 

გარდა კადრების სიმცირისა, სოციალური მუშაკები სხვა გამოწვევების წინაშეც დგანან, რაც პირდაპირ აისახება ბენეფიციართა მომსახურების ხარისხზე. ხშირად, სოც.მუშაკებს არ აქვთ შესაბამისი სამუშაო გარემო და ისეთი სივრცეები, სადაც მსხვერპლთან განცალკევებით, ანონიმურად საუბარი იქნება შესაძლებელი. არის შემთხვევებიც, როცა არასრულწლოვანი მსხვერპლები იძულებლები არიან, თავიანთი საჭიროებების შესახებ სხვა სოც.მუშაკებისა თუ მსხვერპლების თანდასწრებით ისაუბრონ.

„ძალიან ბევრჯერ გვინახავს, რომ როცა საერთაშორისო სტანდარტების შესახებ გვიტარებენ ტრენინგებს, ვა, რა მაგარია და რა შედეგს დადებ და მერე მოდიხარ სამსახურში, კარადა არ გაქვს, რომ ინფორმაცია კონფიდენციალურად შეინახო, კონფიდენციალური გასაუბრების ოთახი არ გაქვს, რომ აივ-დადებით ბენეფიციარს 10 ადამიანის თანდასწრებით არ ელაპარაკო და ეს შენი ნასწავლი, პირიქით, მეტ იმედგაცრუებასა და ფრუსტრაციას გიქმნის,“ – ამბობს ქეთევან ხუციშვილი. 

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გაზრდილი სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად სახელმწიფოს კიდევ ბერვი მუშაობა სჭირდება. ფაქტობრივად, სახელმწიფომ აღიარა არსებული პრობლემები და შექმნა კანონი და სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა გაზრდილიყო სოციალური მუშაკების რაოდენობა სისტემაში. სწორედ რაოდენობაზეა დამოკიდებული საქმეთა გადანაწილება და პრობლემების ეფექტური მოგვარება. 

„გულწრფელად რომ გითხრათ, თუ ვინმე მართლა მოახერხებს და დაიცავს პირს ოჯახში ძალადობისგან, ეს იქნება არა სისტემის დამსახურება, არამედ სოციალური მუშაკის, რომელმაც თავისი შვილების, ოჯახის, პირადი საჭიროებები უგულებელყო და თავდადებულად იმუშავა, მაგრამ ამ თავდადებული მუშაობის დროსაც მას ვიღაცის საჭიროება აუცილებლად გამორჩება. იმიტომ, რომ ძალიან დიდ ციფრებზე გვაქვს საუბარი,“ – ამბობს ქეთევან ხუციშვილი.

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You have successfully subscribed to the newsletter

რეგისტრაციისას დაფიქსირდა ხარვეზი.

თანახმა ვარ, Forbes Woman Georgia-სგან მივიღო ყოველკვირეული განახლებები.