სინგაპური ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენას თამაში Pokémon Go-ს საშუალებით გეგმავს

© Singapore Tourism Board

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის ანაზღაურებისა და სახელმწიფოს შიდა წარმოების წასახალისებლად, სინგაპურის მთავრობამ 2020 წლის ივლისიდან SingapoRediscovers კამპანია წამოიწყო, რომელიც რამდენიმე ტალღად განხორციელდება. ნოემბრის თვეში რეფორმების მეორე ტალღა დაიწყო, რომლის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, სინგაპური მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებას ონლაინ თამაში Pokémon Go-ს საშუალებით გეგმავს.
კონკრეტული პროექტი სინგაპურის ტურიზმის საბჭოს (The Singapore Tourism Board) მიერ დაიგეგმა და უშუალოდ Pokémon Go-ს მწარმოებელ ამერიკულ კომპანია Niantic-თან თანამშრომლობით განხორციელდება.
GPS სისტემაზე დაფუძნებული თამაში Pokémon Go 2016 წლის ზაფხულში შეიქმნა და მოთამაშეებს Pokémon-ების კოლექციის შექმნასთან ერთად, ადგილობრივი ტერიტორიების გაცნობისკენ მოუწოდებს. სინგაპურის ტურიზმის საბჭომ შიდა ბიზნესის გასავითარებლად სწორედ ამ სტრატეგიას მიმართა.
თამაშის ფარგლებში, სინგაპურის ტერიტორიაზე 300-მდე ახალი Pokéstop-ი უშუალოდ მცირე და საშუალო ადგილობრივი ბიზნესების ტერიტორიაზე განთავსდება, რის შედეგადაც ბიზნესის მონახულების შანსები გაიზრდება. Pokéstop-თან მიახლოვებისას აპლიკაციაში სარეკლამო ბანერი გამოჩნდება, რომელიც მოთამაშეებს კონკრეტული ბიზნესის ლინკზე გადაიყვანს.
სინგაპურის ტურიზმის საბჭოს კონკრეტული ინიციატივა სინგაპურის ათამდე ცენტრალურ უბანს შეეხება, რომლებიც ისტორიული და კულტურული ნიშნით გამოირჩევიან. ამასთან ერთად, ადგილობრივი ტურიზმის წახალისების ფარგლებში, სინგაპურის მთავრობა ყველა სრულწლოვან მოქალაქეს 100 სინგაპურული დოლარის (74 აშშ დოლარი) ოდენობის ვაუჩერებს გადასცემს.
კომპანია Niantic-ის ბიზნეს განვითარების მენეჯერი, გერი ჩანგის განცხადებით, Pokémon Go მოთამაშეებს ქვეყნის ისტორიული უბნების უკეთ გაეცნობის საშუალებას მისცემს, რის შედეგადაც მართლაც მოსალოდნელია სინგაპურის შიდა ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენა და ზრდა.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You have successfully subscribed to the newsletter

რეგისტრაციისას დაფიქსირდა ხარვეზი.

თანახმა ვარ, Forbes Woman Georgia-სგან მივიღო ყოველკვირეული განახლებები.