ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, ქვეყნებს კორონავირუსის დასადგენად უფრო დიდი რაოდენობის ტესტირებები სჭირდებოდათ.
ოთხშაბათს, ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ სოციალური დისტანცირება “დროს ყიდულობს”, მაგრამ „ეს ზომები ეპიდემიას ვერ ჩააქრობს.“ აუცილებელია, ამას დაემატოს ფართომასშტაბიანი ტესტირება ქვეყნებში, რათა კონორავირუსის პანდემიის კონტროლი შევძლოთ.
”COVID-19-ის გავრცელების შესამცირებლად, ბევრმა ქვეყანამ შემოიღო უპრეცედენტო ზომები მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური ხარჯებით – დახურა სკოლები და ბიზნესები, გააუქმა სპორტული ღონისძიებები, ხალხს სთხოვა, დარჩნენ სახლში და იყვნენ დაცულები“ – თქვა ტედროსმა.
”ჩვენ გვესმის, რომ ეს ქვეყნები ახლა ცდილობენ შეაფასონ, როდის და როგორ შეძლებენ ამ ზომების შემსუბუქებას. პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას აკეთებენ ქვეყნები, სანამ მოსახლეობისათვის ეს ზომებია დაწესებული”.
WHO-ს დირექტორმა ექვსი ძირითადი ქმედება დაასახელა, რომელიც ქვეყნებმა უნდა განახორციელონ:
1. გაზარდეთ, გაწვრთენით და გაანაწილეთ თქვენი ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თანამშრომლები;
2. შექმენით და განახორციელეთ სისტემა, რათა თემის დონეზე მოიძებნოს ყველა სავარაუდო შემთხვევა;
3. გაზარდეთ ტესტების წარმოება, მოცულობა და ხელმისაწვდომობა;
4. გამოავლინეთ, შეცვალეთ და აღჭურვეთ დაწესებულებები იმ საშუალებებით, რომლებსაც გამოიყენებთ პაციენტთა მკურნალობისა და იზოლირებისთვის;
5. შეიმუშავეთ მკაფიო გეგმა და პროცესი საკარანტინო კონტაქტებისთვის;
6. გადართეთ მთელი მთავრობის ფოკუსი COVID-19– ის კონტროლსა და ჩახშობაზე.
WHO ამ განცხადებით მას შემდეგ გამოვიდა, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ აღდგომისთვის (12 აპრილი) აშშ-ს ეკონომიკის გახსნა და კორონავირუსული შეზღუდვების შემსუბუქება სურდა.
ამჟამად აშშ ჩამორჩება მსოფლიოს დიდ ნაწილს კორონავირუსის ტესტირებაში. მისი დაგვიანება უკავშირდება თებერვალში დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრების მიერ გამოგზავნილ არასწორი ტესტის ნაკრებებს.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში 300 000-ზე მეტი ადამიანი შეამოწმეს კორონავირუსზე, 327 მლნ-იანი ქვეყნისთვის ეს რიცხვი პროცენტულად საკმაოდ ცოტაა და, შესაბამისად, ვირუსის საზღვრების სრული სურათი უცნობია. შესადარებლად შეგვიძლია სამხ. კორეის მაგალითი მოვიყვანოთ, სადაც ამდენივე ტესტი 51 მლნ მოსახლეობაზე ჩატარდა.