სოციალური კონსერვატიზმის გავლენა ქალთა უფლებებზე

პოლონელი ქალები საუკუნის ბრძოლაში ჩაებმნენ. ისინი ახალ კანონპროექტს ებრძვიან, რომელიც აბორტის უფლებას ართმევთ. ქართველ ქალებს აბორტის უფლება აქვთ – მაგრამ ის საფრთხის ქვეშაა.  ეს ის მონაპოვარია, რომელსაც მუდმივი შენარჩუნება სჭირდება.

Photo credits to foreignpolicy.com

22 ოქტომბერს პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ორსულობის შეჩერება, ნაყოფის დაზიანებების შემთხვევაშიც კი, უკანონოა. ახალი კანონის თანახმად, აბორტის ჩატარება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც მშობელი (დედა) გაუპატიურების მსხვერპლია ან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. 

პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად, ვარშავის ქუჩები ათი ათასობით ადამიანმა გაავსო. დემონსტრანტები ქალთა უფლებების დაცვასა და აბორტის ლეგალიზებას დღემდე მოითხოვენ.

დიდმა საპროტესტო ტალღამ აბორტის ამკრძალავი კანონის ამოქმედება დროებით გადადო. ასევე, მკვეთრად შეამცირა მმართველი კონსერვატიული პარტიისადმი მხარდაჭერაც. თუმცა ამ ბრძოლის დასასრული კვლავაც ბუნდოვანია და ქალების სასარგებლოდ გადაწყვეტა – სათუო.

პოლონეთში განვითარებული მოვლენები პოსტსაბჭოთა რეგიონში ქალთა უფლებების სისუსტესა და დარღვევებზე მიუთითებენ. არჩევნებსა და პანდემიაზე გადართულმა საქართველომ სოციალური საკითხები საერთოდ მიივიწყა. არადა, ქართველი ქალების უფლებებს აშკარა საფრთხე ემუქრებათ.

ქალთა რეპროდუქციული უფლებები საქართველოში

1995 წელს დამტკიცებული საქართველოს კონსტიტუციით, ქალებს აბორტის უფლება აქვთ. აბორტი საბჭოთა საქართველოსთვისაც კარგად აპრობირებული იყო, რადგან საბჭოთა კავშირი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც აბორტი ლეგალურად ცნო და ამით, ცარიზმით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაფარვას შეეცადა. ქალზე მზრუნველობა და მისი ხელშეწყობა ჩრდილში დარჩა.

დღეს ქართულ კონსტიტუციასა და სინამდვილეს შორის დიდი შეუსაბამობაა. საჭიროების შემთხვევაში, ქალებს ლეგალურ აბორტზე შეზღუდული წვდომა აქვთ და მათ არაერთი ბარიერის გადალახვა უწევთ. ორსულობის შეწყვეტა საკმაოდ ძვირი, 80-დან 250 ლარამდე ჯდება – ამ თანხას უმუშევარი ან არასრულწლოვანი ქალები, ხშირად, ვერ სწვდებიან. 

გარდა ამისა, აბორტი სტიგმაა – საზოგადოებას სურს ქალს მხოლოდ დედის როლი მოარგოს და საწინააღმდეგო შეხედულებას არაერთ შეურაცხმყოფელ იარლიყს აკრავს. Ხშირად, მედიკოსებიც ამ სტიგმის გავლენის ქვეშ ექცევიან და აბორტის ჩატარებისგან თავს იკავებენ – ამას ასოციაცია „ჰერა XXI“-ს 2019 წლის ანგარიშები მოწმობენ.  

2019 წლის 15 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებაში, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალექსანდრე ერქვანიამ, აბორტს „დემოგრაფიული კატასტროფა” უწოდა. 2020 წლის 22 სექტემბერს მან პარლამენტში ახალი კანონპროექტი შეიტანა, რომელიც  აბორტის აკრძალვას მოითხოვს.

Photo credits to parliament.ge

აღსანიშნავია, რომ ამ კანონპროექტს პოლიტიკოსთა ვნებათაღელვა დიდად არ გამოუწვევია. ლიბერალური პოლიტიკოსებიც კი მხოლოდ არჩევნების შედეგებზე გადაერთნენ. თუმცა სოციალური კონსერვატიზმის ეს გამოვლინება ნამდვილად საყურადღებოა.

სოციალური კონსერვატიზმის ჩრდილქვეშ

საქართველოსა და პოლონეთს არა მხოლოდ საერთო საბჭოთა წარსული, არამედ სოციალური კონსერვატიზმის მსგავსი დონეც აკავშირებს. ეკლესია ორივე ქვეყანაში დიდი ძალაუფლებით სარგებლობს და ხალხს ლიბერალიზმისა და ქალთა უფლებების წინააღმდეგ მუხტავს.

მაგალითისთვის, პოლონეთის მთავარეპისკოპოსმა პოლაკმა ახლახან განაცხადა, რომ „ჩასახვა სიცოცხლის ფორმაა და მას პატივისცემით უნდა მოვეპყროთ“. Მთავარეპისკოპოსი მიიჩნევს, რომ ორსულობის შეწყვეტით ნაყოფის უფლებები ირღვევა და შესაბამისად, აბორტი უნდა აიკრძალოს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმაც  მსგავსი განცხადება არაერთხელ გააკეთა: ”სახელმწიფომ უნდა მიიღოს კანონი აბორტის აკრძალვის შესახებ, რთული დემოგრაფიული ვითარების გამო”. აღსანიშნავია, რომ ორივე ეკლესია LGBTQ+ უფლებებს, კონტრაცეფსიასა და აბორტს ერთმნიშვნელოვნად გმობს. ასევე, მკაცრად ითხოვს „ოჯახის ღირებულებების“ დაკანონებას. ეს დამოკიდებულება მცდარ საზოგადოებრივ წარმოდგენას აყალიბებს გენდერულ როლებზე.

Photo by Andiy Tod

შედეგად, ქართული საზოგადოება აბორტზე მკვეთრად უარყოფით პოზიციას აფიქსირებს. CRRC-ის 2017 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ქართველების 69% თვლის, რომ აბორტი არასდროსაა გამართლებული. მხოლოდ 10% კი, საპირისპირო დებულებას მიიჩნევს მართებულად.

Რატომ არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი?

აბორტის კრიმინალიზაცია არ ამცირებს მასზე მოთხოვნას. გუტმახერის ინსტიტუტის (Guttmacher Institute) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ორსულობის შეწყვეტის მაჩვენებელი აბორტის ამკრძალავ ქვეყნებში 1000 კაცზე 37-ია, ხოლო (ამ კუთხით) ლიბერალურ სახელმწიფოებში – 34. ეს რიცხვები იმაზე მეტყველებენ, რომ გარემოებების მიუხედავად, ქალები ყოველთვის გამონახავენ გზას ორსულობის შესაწყვეტად (რა თქმა უნდა მხოლოდ მაშინ, როცა ეს მათ სურთ).

აბორტის აკრძალვა ქალებს აიძულებთ, პროცედურა საეჭვო დაწესებულებებში ან სახლში – სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის გარეშე – ჩაიტარონ, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. WHO-ის 2014 წლის მონაცემებით, ყოველწლიურად დედათა 8% ამგვარ პროცედურებს ეწირება. ქალები, რომლებსაც (მატერიალური) საშუალება აქვთ, იმ ქვეყნებში იტარებენ აბორტს, სადაც ეს ნებადართულია. მაგალითად, 2007 წელს (როდესაც ირლანდიაში ორსულობის შეწყვეტა ჯერ კიდევ არალეგალური იყო), აბორტისთვის, ორასამდე ირლანდიელი ქალი ყოველკვირეულად დიდ ბრიტანეთში მიემგზავრებოდა. მსგავსი დინამიკა გვხვდება პოლონეთშიც. აღსანიშნავია, რომ ე.წ. სააბორტე ტურიზმი საკმაოდ ძვირი ჯდება, ამიტომაც ბევრისთვის საზღვარგარეთ გამგზავრება გამოსავალი სულაც არაა.

ორსულობის შეწყვეტის კრიმინალიზაცია, ასევე, ზრდის ბავშვთა მიტოვების/გასხვისების მაჩვენებელს. მაგალითად, ჩაუშესკუს რუმინეთში, სადაც 1967-1990 წლებში აბორტი აიკრძალა, ბავშვთა სახლები 170,000 ბავშვით შეივსო. Ხშირად, ამ ბავშვებზე ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ.

ამასთანავე, აბორტის შეზღუდვა აძლიერებს   არაცისგენდერი (ადამიანები, რომელთა გენდერული იდენტობა არ ემთხვევა დაბადებისას მინიჭებულ სქესს – გენდერულად არაკონფორმული ან არაბინარულ პირები, ინტერსექს ადამიანები და სხვა) ადამიანების დისკრიმინაციას. მნიშვნელოვანია გავითავისოთ, რომ აბორტის მსურველთაგან ყველა ქალი არ არის. მსოფლიოს მასშტაბით, არაცისგენდერთა 19%-ს სამედიცინო დახმარებაზე, მათ შორის, აბორტის პროცედურაზე, უარს ეუბნებიან. საქართველოში LGBTQ+ თემის მიმართ არსებულ უარყოფით ფონზე, ადამიანის სტატუსი განსაკუთრებით დაცული უნდა იყოს.

ქალთა უფლებების დაცვა საქართველოში

ფემინისტური ორგანიზაციისა და ონლაინ პლატფორმა Grlzwave-ის თანადამფუძნებელი, თეკლა თევდორაშვილი, აცხადებს, რომ:

”ამ ომში ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი საზოგადოების ინფორმირება და სწორი აქცენტების დასმაა. ფემინისტურმა ორგანიზაციებმა და  მოქალაქეებმა ხაზი უნდა გაუსვან აბორტის აკრძალვით გამოწვეულ საზიანო შედეგებს… ჩვენ, ასევე, უნდა გავფილტროთ ინფორმაცია, რათა თავიდან ავიცილოთ ე.წ. ფეიკ ნიუსის გავრცელება ამ თემასთან დაკავშირებით.”

Grlzwave-ის დამფუძნებლები: სოფო ბუაძე, ათინა ბრეგვაძე, თეკლა თევდორაშვილი

შეიძლება ითქვას, რომ ქართველ ქალებს გაუმართლათ, რადგან მათ აბორტის უფლება აქვთ – კონსტიტუციის დონეზე მაინც. თევდორაშვილი იმედოვნებს, რომ ერქვანიას კანონპროექტს ქართული საკანონმდებლო ორგანო არ დაამტკიცებს. Მისი თქმით,  “ერქვანიას კანონპროექტის დამტკიცებას ვერ გაბედავენ, რადგან ეს საქართველოსთვის ძალიან დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.” თუმცა თევდორაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ არც პოლონეთში ელოდა მოვლენების ასეთ განვითარებას. ამრიგად, ყველაფერი მოსალოდნელია.

Საქართველოში სოციალური კონსერვატიზმის შესამცირებლად, პოლონეთის შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ რეპროდუქციული უფლება – ადამიანის უფლებაა. ქალთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა თუ პირადი ცხოვრების უფლებებზე ყურადღების გამახვილება Ჩვენი, როგორც საზოგადოების, პასუხისმგებლობაა. ეს არა მხოლოდ მოქალაქეობრივი ვალდებულება, არამედ თვითგამოხატვის საშუალებაცაა.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You have successfully subscribed to the newsletter

რეგისტრაციისას დაფიქსირდა ხარვეზი.

თანახმა ვარ, Forbes Woman Georgia-სგან მივიღო ყოველკვირეული განახლებები.