ტილოზე გაკრული ცხოვრება

ინტერვიუ ეთერ ჭკადუასთან

ავტორი: ელენე კვანჭილაშვილი

ფოტო: ანა ბოკო

ვიზაჟი: მარიკა ტარასაშვილი

ეთერ ჭკადუა

 

ხელოვნების თანამედროვე ბაზარს თავისი თამაშის წესები აქვს: ამ ბიზნესს დღეს დილერები განაგებენ. ამას აჩვენებს გლობალური რიცხვები და ასე ფიქრობს ბევრი ხელოვანი. მაგრამ არა – ეთერ ჭკადუა. ის – სხვანაირია.

ეთერ ჭკადუას ‘სხვანაირობა’ ყველაფერში იგრძნობა: ფერად ნაქსოვ სამოსში; ცალ მხარზე გადმოგდებულ გრძელ ნაწნავში; გამჭოლი და თავდაჯერებული მზერით შეიარაღებულ მუქ შავ თვალებში, რომლებიც ჩემთან ინტერვიუმდე ხან Forbes Woman Georgia-ს ფოტოკამერის ობიექტივის პირისპირ სწორდებიან, ხანაც მის მიღმა გახედვას ცდილობენ.

ეთერ ჭკადუას თბილისური ბინაც, სადაც იშვიათად, მაგრამ ზუსტად მაშინ ჩამოდის, როცა ნოსტალგია გაუსაძლისი ხდება, მას გამოხატავს – ბევრი სივრცით, დღის სინათლით, სიმშვიდისა და ეიფორიის ნაზავით, ძველი და ახალი ნახატების შემოქმედებითი აურზაურით და კვერცხის გულივით ყვითელი ფარდებით, რომელიც, გული მიგრძნობს, ჟურნალის ფოტოზეც მოხვდება.

ნოსტალგია, როგორც წესი, მისგან დამოუკიდებელ, სხვა შთაბეჭდილებებსაც აძლიერებს. ეთერ ჭკადუას კი ასეთი თვისება აქვს: ცხოვრების გზაზე არცერთი გამოცდილება არ ეფანტება, ყველას ერთად კრებს და ახალ იდეად, შემოქმედებით ენერგიად გარდაქმნის.

ეხლა გამოვიგონე ასეთი რამ– ისე ამბობს, ამ გამოგონებებს დიდი ხანია მიჩვეულია: უცხო პლანეტა – Alien Bloom–, სადაც დიდი ფერადი ყვავილები იზრდება. პატარაობიდან ჩარჩენილ ემოციებს, ჩემი ცხოვრების დრამატულ სიტუაციებს, ფენომენებს, რომლებიც ვერ ამოვხსენიყველაფერს ამ პლანეტაზე ვაცოცხლებ. მაგალითად, წაწლობა დავხატესულ ვფიქრობდი, ვინ მოიგონა, თითქოს ბრძნულია, თან არაბუნებრივი. ეს პლანეტა ასეთი შთაბეჭდილებების საწყობია. ყველაფერი აქ დავყარე“.

დიდი ფერადი ყვავილებიც ჯერ კიდევ ახალი პროექტია. ამ პროექტში ეთერ ჭკადუა თავის ძმასთან, გოჩა ჭკადუასთან თანამშრომლობს. გადაყრილი პლასტმასის ბოთლები მოაგროვეს და ძმამ სულ ხელით იმუშავა იმისთვის, რომ სახელოსნო ერთ დიდ ფსიქოდელიურ ბაღად ქცეულიყო. ეს ყვავილები ჯერ ეთერ ჭკადუას ნახატებში აყვავილდნენ, ახლა – უცხო პლანეტაზე გადარგვასაც ელოდებიან: „ამ პლანეტაზე პლასტმასის ყვავილები, ძველი ფოტოები, ქართული წარწერები, ნახატების ილუსტრაციებივით გაფორმებული მოკლე ფილმი, რომელსაც მე გადავიღებყველაფერი ერთად იქნება. Alien Bloom-ი დაიტევს ყველაფერს, რაც მახსოვს, რაც ხატვის ამ 30 წლის განმავლობაში, თავს გადამხდენია“.

პლასტმასის ბოთლების შეგროვება განაცხადია. ისევე როგორც თავის დროზე ქალების თუ ლგბტ თემის მხარდაჭერა, რუსეთის ოკუპაციაზე ცნობიერების ამაღლება ან კოლექცია, რომელიც მშობლიურ ოტობაიას ეძღვნება: ეს კოლექცია ქართული მოკლე ტექსტებით არის გაფორმებული. ეს იმისთვის მჭირდება, რომ დამთვალიერებელმა მხოლოდ იარაღი კი არ აღიქვას ჩემს ნახატში, არამედ ის ემოცია იგრძნოს, რომელიც თან კონკრეტული იარაღის კონკრეტულ ადგილას გასროლას მოჰყვება. ყველა იარაღს თავისი ისტორია აქვს. მე მინდა, მოვყვე ოტობაიას ისტორია“.

თბილისში ჩამოსულმა გაიგო, რომ განათლების კანონიდან სიტყვა ლიბერალური ამოიღეს – ახლა ვერ ისვენებს, ამ შთაბეჭდილების ტილოზე თარგმნა უნდა. „ხელოვანმა უნდა გამოხატოს რაღაც პროტესტი“ – მტკიცედ ამბობს და ამატებს: „ხელოვანებს მეტი თავისუფლება გვაქვს. სამსახურიდან ვერავინ გაგვიშვებს. ამიტომაც – ნაკლებ კომპრომისზე გვიწევს ცხოვრებაში წასვლა“.

შინაგან პროტესტს ამერიკაშიც ღიად გამოხატავს. შარშან ნიუ -იორკელ უსახლკაროებს მთელი წელი ხატავდა – მდიდრების უბანში, სადაც მისმა მეგობარმა დროებით ბინა დაუთმო. „სწორედ იქ მომინდა უსახლკაროების დახატვა“ – ამბობს და ეღიმება.

ყელსაბამი LuvBomb – დიზაინი ეთერ და გოჩა ჭკადუები

 

ღიმილით ვპასუხობ – თუმცა, უფრო პაუზის ასაღებად; ძალა უნდა მოვიკრიბო და გამოვუტყდე: ხელოვნების მიმდინარეობებში არაფერი გამეგება, მხოლოდ ვუყურებ ნახატს და მომწონს ან არ მომწონს. მისი ნახატები კი მატყვევებს – თვალის მოშორება მიჭირს, სანამ ყველა დეტალს ბოლომდე არ აღვიქვამ, სანამ ტილოზე შექმნილ სამყაროს არ მოვთოკავ, დავაშოშმინებ, მოვიშინაურებ და ჩემს ინტერპრეტაციას ჩემივე გონების რომელიმე უჯრაში არ გამოვკეტავ, თითქოს რაღაც დიდ საიდუმლოს მივაგენი, რომლის გამხელაც – მკრეხელობაა.

გამომეტყველებაზე ყველაზე დიდხანს ვმუშაობ– მიმხელს და იმასაც მეუბნება, რომ პირველი არ ვარ, ვინც უყვება, რომ მისი ხელოვნება მაყურებლის ფანტაზიას უკიდეგანო სივრცეებს უხსნის: „მიხარია. თუმცა, როცა ვმუშაობ ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. მაშინ მხოლოდ ნახატს ვხედავ და ზუსტად ვიცი, ვერანაირ კომპრომისზე ვერ წავალ, მილიმეტრების სიზუსტით უნდა დავხატო“.

ამ ყველაფერთან ერთად, ეთერ ჭკადუა არასდროს უარყოფს, რომ ხელოვნება ბიზნესია. მყარად აქვს გაცნობიერებული, რომ ჩანაფიქრების ასრულებას ფული სჭირდება – უფრო ხშირად კი, დიდი ფული. მაგრამ სასწორის მეორე პინაზე ყოველთვის უდევს ამ ფულის ფასი.

ვატყობ, ახლა ის პერიოდი უდგას, როცა ღირებულებებს, გამოცდილებას, თავისი გადაწყვეტილებების შედეგებს აფასებს და პასუხი უნდა გასცეს კითხვას – წყდება თუ არა გული რამეზე, რაც ვერ მოასწრო, არ გააკეთა, იქნებ ხელოვნებასაც კი შესწირა.

მეჩვენება, რომ ჯერ ბოლომდე ვერ გაერკვა – ფაქტია: მეამბოხე ხელოვანის იმიჯიც მოსწონს და იმასაც კარგად აცნობიერებს, რომ საკუთარ შეხედულებებთან მეტი კომპრომისის ხარჯზე, დღეს გაცილებით მდიდარი შეიძლებოდა ყოფილიყო.

ხელოვნების გლობალური ბაზრის 2018 წლის კვლევის მიხედვით, ორწლიანი შემცირების შემდეგ, ისევ ზრდაა: 2017 წლის მონაცემებით, არტის გლობალურმა გაყიდვებმა 64 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწია. მთლიანი ბაზრის 83% სამ მოთამაშეზე მოდის: 42%–ით უპირობო ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატებია, მას მოსდევს ჩინეთი – 21%–ით და გაერთიანებული სამეფო – 20%–ით. 2017 წელი პირველი წელია, როცა ჩინეთმა ამ ბაზარზე გაერთიანებულ სამეფოს გაუსწრო.

ეთერ ჭკადუა თავისი დროის უმეტეს ნაწილს ამერიკაში ატარებს – იქ, სადაც სახელოვნებო ცხოვრება დუღს და გადმოდუღს და ეს უბრალოდ, ფრთიანი ფრაზა სულაც არაა: მხოლოდ შარშან, ამერიკის ხელოვნების ბაზარი 18%–ით გაიზარდა. ეთერ ჭკადუა ამ რიტმსაც თავისებურად უწყობს ფეხს და მხოლოდ მაშინ, როცა თავად უნდა.

„იმისთვის, რომ გაგიგონ, რაღაც ..იზმ–ში უნდა მოგაქციონ. მე არ მინდა არცერთ ..იზმ–ში ყოფნა“ – ასეთია მისი დამოკიდებულება შემოქმედებითი თავისუფლების მიმართ.

ეს მეამბოხე სულისკვეთება ბავშვობიდან გამოჰყვა. ჯერ – 11 წლის ასაკში, პირველი სკოლის დერეფანში მოწყობილ გამოფენაზე სულ ტროპიკები და პლაჟები დახატა და დღემდე უკვირს, საიდან მოიტანა პეიზაჟები, რომლებიც მაშინ თვალით ნანახი არ ჰქონდა; შემდეგ – 25 წლის ასაკში, პირველი პროფესიონალური გამოფენა რომ გამართა და მისი ნამუშევრები აღფრთოვანებით, სხვა ცნობილ მხატვრებს შეადარეს, ყველას ჯინაზე, სულ სხვანაირად დაიწყო ხატვა.

დღეს თავისი ხელწერა აქვს და ღიად ამბობს – ვინც მიეჩვია ლოდინს, მის ნახატებსაც ის ყიდულობს. „6–8 თვეც კი მომინდომებია ნახატის დასასრულებლად. ამით დილერებს სულ ვაბრაზებ“ – მხრებს იჩეჩავს ეთერ ჭკადუა.

ნახატი: მამა 152×112სმ

 

ამერიკაში დილერები მნიშვნელოვანი ხალხია, ბაზრის მთლიან შემოსავლებში მათ ლომის წილი აქვთ. 2018 წლის ანგარიში გამოფენებისა და არტ–ბაზრობების მონაცემებსაც აანალიზებს. ირკვევა, რომ შარშან დილერებმა თითქმის 16 მილიარდი ამერიკული დოლარის გენერირება შეძლეს. ეს მაჩვენებელი, ერთი წლის განმავლობაში, 17%–ით არის გაზრდილი და ხელოვნების გლობალური ბიზნესის 46%–ია.

„არასდროს ვაკეთებდი იმას, რაც ბიზნესისთვის უნდა გამეკეთებინა“ – მეუბნება ეთერ ჭკადუა – ხელოვანი, რომელსაც ასეთი შეფასებები აქვს:

“ერთი რამის თქმა შეიძლება უყოყმანოდ ეთერის ავტოპორტრეტების შესახებ: ის ფრიდა კალოს გზის ბუნებრივი გამგრძელებელია… ანდა მადონას გზის ბუნებრივი გამგრძელებელი. შეიძლება ორივეს ნაზავიც იყოს, სინდი შერმანსაც თუ დავუმატებთ… ანდა – არც ერთიც არ იყოს, რადგან ეთერის შემოქმედებაში ამ სამიდან, არც ერთის კოპირება ან გადამუშავება არ გვხვდება. ის შეგვიძლია მხოლოდ შევადაროთ სხვა ქალ არტისტებს, რომლებიც მსგავს გულწრფელობას, გახსნას, ველურ ძალას ასხივებენ. ეთერი უფრო რაციონალური არტისტია, ვიდრე კალო, ჩიკონე ან შერმანი, როცა ფსიქოლოგიური სტრიპტიზის ხელოვნებას ვგულისხმობთ; როცა განვიხილავთ საკუთარი თავის გაშიშვლების, საკუთარი თავის შობის აქტს” – სინტრა უილსონი (Sintra Wilson), ამერიკელი მწერალი.

ეთერ ჭკადუა, პაოლო მაიონი, იან ვორსტი. ამ სამი მხატვრიდან თითოეული ძველი სამყაროს ასოციაციას იწვევს და, ამავდროულად, მეტაფორულად თანამედროვე ფსიქოლოგიურ, სოციალურ და მორალურ გამოცდილებას გადმოსცემს. ყველაზე გამორჩეული მათ შორის ეთერ ჭკადუაა, რომელიც საბჭოთა საქართველოში გაიზარდა და ახლა შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ტრადიციულად გაწვრთნილი ხელით, ჭკადუა საშუალო ზომისა და დიდ ჯადოსნურ-რეალისტურ ხატებს ქმნის – ძირითადად ქალებისას, რომლებიც ავტორს გვანან – Ken Johnson,

The New York Times, 23 ივლისი, 2004 წელი

საკუთარი თავის ხატვა მაშინ დაიწყო, როცა მიხვდა, რომ ძალიან ნიჭიერ, მაგრამ ნარკომან შეყვარებულს ვერაფერს უშველიდა, ვერ გადაარჩენდა როგორც ეს ჰეფიენდიან რომანებში ან ჰოლივუდის ესთეტიკის ფილმებში ხდება. მაშინდელმა დილერმა უთხრა, რომ არ მოსწონს ეს ნახატები, რადგან საერთოდ ამოვარდნილია იმ მოლოდინებიდან, რაც მასთან მუშაობამ ჩამოუყალიბა. „ზოგჯერ კარგია, არტისტს მიჰყვე და არ აიძულო ისე იმუშაოს, როგორც არ უნდა. მაგრამ მისიც მესმის – დილერია – უნდა გაყიდოს ჩემი ნახატები, რომ ფული გვქონდეს და ისევ ამ საქმეში ჩავაბრუნოთ“ – თუმცა ეთერ ჭკადუამ საქმიანი ურთიერთობა მაინც სხვა დილერთან გააგრძელა: „სულ შემთხვევით გავიცანი. იღბალი ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა, თუმცა ხელსაც მიშლიდა, ხელოვნებისთვის ბოლომდე ბიზნესის თვალით შემეხედა“.

აღიარებს, რომ არც არტ–ბაზრობებზე დადიოდა, არც გალერეებში – იმ ადგილებში, სადაც შეიძლება გაგიცნონ მდიდარმა ადამიანებმა და ცნობილმა დილერებმა – მთელი თხრობის განმავლობაში სწორედ მისი ეს სიჯიუტე და მეამბოხე ბუნება დომინირებს: „მაგალითად, გამაფრთხილეს, რომ ჩიკაგოსგან განსხვავებით, ნიუ- იორკში არ უყვართ ნახატები – უფრო ინსტალაცია, კონცეპტუალური ხელოვნება. მე კი რა ვქენი? სპეციალურად ჩავედი ნიუ იორკში, იქ დავხატე და გავყიდე ნახატი“ – მიყვება ეთერ ჭკადუა.

ნახატი: Diva 152×112სმ – (ნინო კირთაძის პორტრეტი) კაბა: ეთერ ჭკადუას დიზაინი

 

შთაბეჭდილება მრჩება: ხელოვნების ბაზრის ოქროს წესების დარღვევა აზარტში გადასდის. მაგალითად, ერთ ქალაქში დიდხანს არასდროს ჩერდება, რომ ადამიანებს თავისი ხელოვნების გაცნობის და აღიარების დრო დაუტოვოს, თავად სულ ჩემოდანს ალაგებს, სულ სადღაც მიფრინავს, ახალ ფერებს და ახალ შთაბეჭდილებებს ეძებს და დღემდე მტკიცე უარს ამბობს სერიული ნახატების სტაბილურად შექმნაზე.

რომ ჩამოვედი, პირველი რაც ვიკითხე, იყო: გალერეაში რატომ ჰკიდია ერთნაირი ნახატები? ზოგი დიდია, ზოგი ოდნავ პატარა, მაგრამ თემა ყველგან ერთია. ასე ამიხსნეს: ეს საჭიროა იმისთვის, რომ მყიდველს არჩევანი გაუადვილო. რამდენიმე ათას დოლარს რომ იხდის, არჩევანიც უნდა ჰქონდეს გალერეა ისე არ დატოვოს, რომ მისი ფულიც იქ არ დარჩეს– მიყვება ეთერ ჭკადუა, ვუსმენ და იმ რიცხვებზე ვფიქრობ, მასთან ინტერვიუსთვის მზადების პროცესში რომ მოვიძიე: მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შარშან გალერეების სექტორი 4%–ით გაიზარდა. ამერიკულ დოლარში ეს თითქმის 34 მილიარდის ტოლია.

ნულებში რიცხვის წარმოდგენისგან ისევ ეთერ ჭკადუას ხმა მარკვევს, რომელიც ამბობს: მე ერთ ნახატში რომ დავამთავრებ არსებობას, მორჩა, იგივეს ვეღარ დავხატავ“. მოკლე პაუზის შემდეგ ამატებს: თუმცა ის ფაქტი, რომ 30 წელი მთლიანად ჩემი ნახატების ხარჯზე ვცხოვრობვფიქრობ, ეს არის მთავარი წარმატება. წარმატება იმისთვის, რომ დარჩე და გააგრძელო“. საუბარს განვაგრძობთ და ყველა შემდეგ სიტყვაში ვრწმუნდები, რომ ყველაფერი რასაც ამბობს, რასაც აკეთებს, რასაც ხატავს – სულ ყველაფერი უნიკალურია და სწორედ იმიტომ, რომ ხელოვნების ბიზნესსაც თავის ჭკუაზე ატარებს – ისე, როგორც მოსწონს, როგორც ხედავს, როგორც უკეთესად მოყვება ტილოზე.

– თავს წარმატებულ არტისტად თვლით? – ვეკითხები და ვცდილობ, მზერა დავიჭირო, პირდაპირ თვალებში შევხედო, რომ მივხვდე, მართლა იმდენად თავდაჯერებული არის თუ არა, რამდენადაც ამის ხაზგასმა უყვარს.

– ვიცოდი, რომ ყოველთვის მქონდა არჩევანი – მოკლედ მპასუხობს, მაგრამ ეს პასუხი არ მყოფნის, მეტის გაგება მინდა.

– რა არჩევანი?

– როგორ ვყოფილიყავი ფინანსურად მართლა ძალიან წარმატებული არტისტი და ძალიან მაგრად გაყიდვადი.

ვიბნევი, თუმცა არ ვიმჩნევ და საპასუხო კითხვას ვაგებებ – ვერ ვხვდები, რა არის ის ბარიერი, რაც ასეთ ნიჭიერ ადამიანს არ აძლევს საშუალებას იმაზე გაცილებით მეტი ფული იშოვოს, ვიდრე დღეს აქვს.

– შემეძლო ამერიკული დროშა გამომეყენებინა ჩემს ნახატებში, ნაცნობი ამერიკული სახე – ის, რაც ამ ბაზრის მომხმარებლისთვის ბევრად უფრო ადვილად აღსაქმელი და შესაბამისად, უფრო ადვილად გასაყიდი იქნებოდა. ამაზე მიფიქრია, მაგრამ ვერასდროს გადავწყვიტე ტილოზე მოვყვე, რადგან ეს არ არის ჩემი ისტორია – ამას მეუბნება, ასე უშუალოდ და მარტივად.

მე კი ისევ ვუკირკიტებ.

– და რა არის თქვენი ისტორია – ეს იცით? – ვასრულებ კითხვას და იქვე ვხვდები, რიტორიკულია.

რა თქმა უნდა, იცის. მეც ვიცი.

ნახატი: დედა 152×112სმ – (ბავშვებით)

 

ეთერ ჭკადუას ისტორია დაუსრულებელი ნოსტალგიის ისტორიაა. ნოსტალგიის, რომელიც რაღაც ეტაპზე ისე შეეზარდა მის პიროვნებას, რომ მასთან ერთად არსებობს – აბსტრაქტულია, მაგრამ თან ძალიან რეალური, აჩრდილივით. „სულ გახლეჩილი ვარ, აქაც და იქაც, ასეც და ისეც“ – ნელა წარმოთქვამს ამ სიტყვებს, მძიმედ, თითქოს როგორც გრძელ საუბარში ჩვენი ამ მოკლე ჩანართის ერთადერთ ლოგიკურ დასასრულს.

მე კი ერთს ვხვდები: დილერზე მეტად, ბიზნესური მისი ხედვაა – ნებისმიერ ფასად, იმის შენარჩუნება, რაც მას, ყველა სხვა არტისტისგან განსხვავებით, ჯადოქარ რეალისტად აქცევს; იქნებ მეც ეთერ ჭკადუას ნახატებში სწორედ ეს ეიფორიული ნოსტალგია მიზიდავს – ის, რასაც გულით უფრო იგრძნობ, მაგრამ თუ კარგად და დიდხანს დააკვირდები, საკმარისად დიდ ტილოზე იქნებ თვალითაც დაინახო.

You have successfully subscribed to the newsletter

რეგისტრაციისას დაფიქსირდა ხარვეზი.

თანახმა ვარ, Forbes Woman Georgia-სგან მივიღო ყოველკვირეული განახლებები.