თუ თბილისში ბევრს დასეირნობთ, ხშირად შეხვდებოდით ე.წ. “Street Art-ის”, ანუ ქუჩის ხელოვნების ნიმუშებს. ეს მიმდინარეობა ტურისტებშიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და ხშირად ხდება მათი მიზეზი ესტუმრონ სხვადასხვა ქვეყანას. თბილისის მერიის თანამშრომლებს – თამარ თოფურიძესა და მაკა ნასრაშვილს, სურდათ Street Art-ი მხოლოდ თბილისურ სივრცეში არ დარჩენილიყო, შესაბამისად, გაუჩნდათ იდეა ხელოვნების ეს ფორმა რეგიონებშიც გაეტანათ.

პირველ ლოკაციადაც ყაზბეგი შეირჩა. თამარმა საუბრისას აღნიშნა, რომ სტეფანწმინდის გამგეობისგან და სხვადასხვა კომპანიებისგან მხარდაჭერა საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. გოგონებთან ერთად პროექტზე მათი პარტნიორი, სანდრო კვანტალიანიც მუშაობდა.

თამარმა აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი სირთულე, პროექტის მიმდინარეობისას, მაინც ტექნიკური უზრუნველყოფა იყო. გარკვეული დამატებითი აღჭურვილობის საჭიროების შემთხვევაში, პროცედურა დროში იწელებოდა და ხშირად ორგანიზატორებიც კი ერთვებოდნენ ასეთი ტიპის სამუშაოებში. პროექტის ერთ-ერთ წინაღობად ყაზბეგის ცივი ამინდიც გვევლინება, რაც არტისტებისთვის ხატვის პროცესს კიდევ უფრო აფერხებს.

ორგანიზატორების თქმით, პროექტში ქართველების გარდა უცხოელი ხელოვანებიც არიან ჩართული, ერთ-ერთია ნიუ იორკელი დევიდ ფოუქი, რომელიც სპეციალურად ამ ფესტივალისთვის ჩამოვიდა საქართველოში. ის ძველი შენობის რეკრეაციას ცდილობს და მას საკუთარი შემოქმედებით “აცოცხლებს”. პროექტის აღმოჩენად დასახელდა ოთო ცაგარეიშვილი, რომელიც ასაკით ყველაზე პატარაა. ასევე ღონისძიებაში მონაწილეობენ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან Jokonda, Dante, ვაისი და სხვა.

ფესტივალის მიზანია Street Art-ის მსოფლიო რუკაზე საქართველო უფრო მეტი ლოკაციითა და რეგიონით გამოაჩინოს, რათა ქვეყანა კიდევ ერთი მიმართულებით გახდეს მიმზიდველი ტურისტებისთვის.