300-მდე შვედი გამოვიდა მალმეს ქუჩებში ანტიისლამური ქმედებების გასაპროტესტებლად. გამოსვლა არეულობაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც მონაწილეებმა პოლიციის შენობას ქვები ესროლეს და მანქანის საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს.
,,ჩვენ ბოლოს მოვუღებთ ამ სისტემას, რადგან ის ადამიანს ყურანის დაწვის უფლებას აძლევს” – ყვიროდა ერთ-ერთი მონაწილე.
არეულობები მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ვიდეო, სადაც ნაჩვენები იყო, თუ როგორ დაწვეს ყურანი დანიელი მემარჯვენე პოლიტიკოსის, რასმუს პალუდანის, მხარდამჭერებმა. ამ უკანასკნელებმა ყურანი ქალაქის ერთ-ერთი მეჩეთის გვერდით დაწვეს, მოგვიანებით კი მეორე ყურანით ფეხბურთი ითამაშეს.
რასმუს პალუდანი, დანიის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერია და მას შვედეთში შესვლა 2 წლით აეკრძალა. მალმეს პოლიციის პრესსპიკერის განცხადებით, არეულობების დროს რამდენიმე პოლიციელი დაშავდა, არეულობის მონაწილეებიდან კი 13 ეჭვმიტანილი და 5 დაკავებული იყო. დღეის მდგომარეობით ყველა დაკავებული პირი თავისუფალია.