შრომის ჩვევა

ინტერვიუ მარიამ მეღვინეთუხუცესთან

ავტორი: ელენე კვანჭილაშვილი

ფოტო: ანა ბოკო

ბუნებრივია, რომ რუსეთის უნდა გვეშინოდეს. თუმცა, შიში არ უნდა იქცეს პანიკად, რომ ამან შემდეგ ხელი შეგვიშალოს პრაგმატულად აზროვნებაში. თანმიმდევრულობა და ნებისყოფაეს გვევალება მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანამ ერთმნიშვნელოვნად გადაწყვიტა საკუთარი განვითარების კურსი და ესრუსეთი არ არის“ – ასე ვიწყებთ EBRD-ის ოფისში დათქმულ ინტერვიუს მე და მარიამ მეღვინეთუხუცესი.

რას ვიფიქრებდით, რომ ინტერვიუს ჩაწერამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში რუსეთის დუმის წარმომადგენელს ვიხილავდით და ამას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვებოდა, პუტინი კი სხვადასხვა მიმართულებით ემბარგოებით დაგვემუქრებოდა. რა რისკებზეც არაერთხელ გვისაუბრია სხვა ფორმატებში, დღეს უკვე რეალობაა: რუსეთი საქართველოსთან ეკონომიკურ კავშირს პოლიტიკურ ბერკეტად მორიგ ჯერზე ისევ იყენებს.

მთელ ამ დაძაბულ ფონზე, მარიამი ღელავს, რომ Forbes Woman-ის სტილის ინტერვიუ, რომელიც მკითხველს, ძირითადად, ძლიერი, თვითრეალიზებული, წარმატებული ქალების მიერ საკუთარი თავის შესახებ მათვე მოთხრობილ ისტორიებს უზიარებს, მოცემულ ვითარებაში კონტექსტიდან ამოგლეჯილი შეიძლება აღმოჩნდეს.

ვთანხმდებით: ინტერვიუ უნდა შედგეს.

ზუსტად ისეთია, როგორიც წარმომედგინა, ხანგრძლივი საუბრის დროს. თავდაჯერებული, მყარი, მტკიცე არგუმენტებით, ოდნავ აწეული წარბით და ირონიაშეპარული ღიმილით ტუჩის კიდესთან, როცა რაღაცის აქცენტირებას ცდილობს. ზუსტად იცის, სად არის, რატომ არის და რა უნდა იმისგან, ვინც არის.

თავისუფლად ვსაუბრობთ, არა მხოლოდ მპასუხობს, მისმენს კიდეცამას ვაფასებ. მძულს, როცა კითხვა დასრულებული არ მაქვს და უკვე მპასუხობენ, მერე ვაწყვეტინებ და ისევ თავიდან ვსვამ კითხვას, რამდენჯერმერომ იმაზე მიპასუხონ, რაც მართლა მაინტერესებს. თემები წინასწარ შეთანხმებული არ გვაქვსამიტომ პასუხებიც გულწრფელია, ინტერვიუს პროცესი კი ისეთი, როგორიც უნდა იყოს: დინამიური და ძალიან საინტერესოიმედი მაქვს, ორივესთვის.

მარიამ მეღვინეთუხუცესი დღეს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელია. ინვესტორთა საბჭო საქართველოს პრემიერ მინისტრთან არსებული დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც კერძო სექტორის მეწარმე სუბიექტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დონორებს და საქართველოს მთავრობას ერთმანეთთან აკავშირებს, იმისთვის, რომ მათ ერთად, ერთიანი ძალისხმევით უზრუნველყონ საქართველოში ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და სამართლიანი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატი. „აგვისტოში ოთხი წელი სრულდება, რაც აქ ვმუშაობ და პირველი რასაც ვფიქრობ ის არის, რომ დრო ძალიან მალე გადის“, – ამბობს მარიამ მეღვინეთუხუცესი. აქამდე მოსვლას არც ისე ცოტა დრო და კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა დასჭირდა. პირველ, ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას როცა ვახსენებ, დაბეჯითებით ამბობსსწორი აღმოჩნდა, როცა ოთარ მეღვინეთუხუცესისა და გურანდა გაბუნიას შვილმა ხელოვნებაზე უარი თქვა და ლინგვისტობა არჩიათან ისე, რომ მაშინვე იცოდა: ლინგვისტი არ იყო პროფესია, უფრო რკინის ფარდის გარღვევის ყველაზე რეალისტური შესაძლებლობა. ისეთი პერიოდი იყომეტი შანსი საზღვრების გახსნის, – მიხსნის მარიამი: „ვიფიქრე, რომ ენის პროფესიონალური ცოდნა კარგი საშუალება იქნებოდა”.

არჩევანმა გაამართლა. შერჩევის კონკურსში გავიდა და იმ იღბლიან 10 სტუდენტთა შორის აღმოჩნდა, ვინც საქართველოდან ერთერთი პირველი წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სასწავლო გაცვლით პროგრამაში.- საერთოდ სხვა უნარები შევიძინე და ამ ახალი უნარებით და ენის ცოდნით, თარჯიმნობა დავიწყე,– ამბობს მარიამ მეღვინეთუხუცესი, ნურავინ იტყვის, რომ 17 წლის ასაკში ვიცით, რა პროფესია და რის კეთება გვინდა საბოლოოდ.

თარჯიმნად მუშაობა მისთვის ასეთი საქმე არ აღმოჩნდა, მაგრამ, როგორც ცოტა ხანში გამოჩნდება, ძალიან კარგი ტრამპლინის როლი ნამდვილად შეასრულა: ევრობანკში, ფინანსების სფეროში თარჯიმნობამ მარიამს ფინანსების კარგად შესწავლისკენ უბიძგა. შედეგად მალევე დაწინაურდა და არასაბანკო განყოფილებიდან საბანკოში გადაინაცვლა.- „მე ვიყავი პირველი ადგილობრივად დაქირავებული თანამშრომელი: EBRD-ის ოფისი საქართველოში მე გავხსენი“ – მარიამ მეღვინეთუხუცესს ხმაში ნოსტალგიური ნოტები ეპარება.

საფუძველიც აქვს. საქართველო EBRD-ის 1992 წლის 4 სექტემბერს შეუერთდაამ ქვეყნისთვის როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად ძალიან მძიმე და რთულ პერიოდში. საქართველოს იმ დროს განსაკუთრებით სჭირდებოდა ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარება, რომლის მიზანიც იმთავითვე იყო ახალი, ცივი ომის შემდგომი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მშენებლობა. მას შემდეგ EBRD–მა მართლაც ისტორიული როლი შეასრულა ამ რეგიონის განვითარების საქმეში და რეგიონში, დღემდე, 130 მილიარდ ევროზე მეტი დააბანდა, ჯამში 5200 სხვადასხვა პროექტში.

EBRD–ის სამსახურში მარიამ მეღვინეთუხუცესმა ირიბად იმის მსოფლიო აღიარებაშიც შეიტანა წვლილი, რომ საქართველო იცავს და იყენებს მრავალპარტიული დემოკრატიის, პლურალიზმის და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს, რადგან სხვა შემთხვევაში EBRD ქვეყნის დახმარებაზე უარს იტყოდა.

დღეს EBRD–ის ხუთ კონტინენტზე, 68 ქვეყნის განვითარებაში შეაქვს წვლილი. იმ დროს კი, როცა მარიამ მეღვინეთუხუცესი ლონდონის ოფისში რისკების განყოფილებაში გამოცდილებას იღებდა, დაახლოებით 27 ქვეყანაზე ჰქონდა წვდომა. ამ გამოცდილებას განსაკუთრებით აფასებს, რადგან ამ ახალი უნარების აქტიურად გამოყენების სურვილმა ის TBC ბანკამდე მიიყვანა.

2007 წელი საბანკო სექტორისთვის კრიზისამდელი პერიოდი იყო, რომელიც განსაკუთრებით მაღალი ლიკვიდობით გამოირჩეოდა აი, ამ ტალღაზე მივედი თიბისი ბანკში, – მიყვება მარიამ მეღვინეთუხუცესი და მცირე პაუზის შემდეგ ამატებს: „და მერე მოხდა ის, რაც მოხდა“.

გლობალური ფინანსური კრიზისი მთელი მსოფლიოსთვის ძალიან მძიმე დარტყმა იყო. შეიძლება ითქვას, რომ პოსტკრიზისულ პერიოდთან საბანკო სექტორის ადაპტაცია ჯერ კიდევ გრძელდება, საქართველო კი გაცილებით რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგან ისედაც მძიმე ფონზე, ქვეყანამ 2008 წელს აგვისტოს ომი გამოიარა და როცა ამ ტრაგედიას ფინანსური კრიზისის ტალღაც დაეწია, 2009 წლის ბოლოს ქვეყნის ეკონომიკა თითქმის 4%–ით დაეცა.

ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის გავლენას მარიამ მეღვინეთუხუცესი თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტიდან კორპორატიული გაჯანსაღების გზით ებრძოდა. სამოთხ წელიწადში საქმე დალაგდაამბობს მარიამი და განაგრძობს: „2014 წელს თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე დაილისტა. ინსტიტუტი სულ სხვა დონეზე ავიდა“. 2015 წლის იანვარში მარიამ მეღვინეთუხუცესმა თიბისი ბანკი დატოვა. „ჩავთვალე, რომ არ შეიძლება ერთადერთი ადგილი, სადაც ყველაფერს ტოვებ იყოს სამსახური. არ შეიძლება ცხოვრება იყოს მხოლოდ სამსახურიასეთია მარიამის პოზიცია.

2015 წლის აგვისტოში გაიგო, რომ ევრობანკში ახალი სამსახურიინვესტორთა საბჭო იქმნებოდა, ვაკანსიაზე განაცხადი შეიტანა და EBRD-იც ისევ ისე ენდო, როგორც სულ თავიდან, როცა კარიერული განვითარების პირველ საფეხურზე დადგა. „ქალები, რომლებიც ახერხებენ სერიოზული კარიერული რეზულტატის დადებას, კაცებზე სამჯერ მეტს მუშაობენ, იმიტომ რომ შინ დაბრუნდებიან და მეორე ცვლა ეწყებათ“ – მეუბნება მარიამ მეღვინეთუხუცესი.

ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი ის იშვიათი რესპოდენტია, რომელიც ქალის არც როლის, არც თანასწორობისთვის ბრძოლის შეფასებისას ზომიერებას არ კარგავს. სხვათა შორის, არც კვოტების სჯერა, რადგან როცა ამ კუთხით საბჭოთა გამოცდილებას აფასებს, რწმუნდება, რომ კვოტები ეფექტურობას ამცირებს და ქალებს თავს უმცირესობად აგრძნობინებს, მაშინ როცა, მისი აზრით, ქალებსპლანეტის ნახევარს თუ ოდნავ მეტს არაგაცილებით მეტი ამბიცია უნდა ჰქონდეთ და საკუთარ თავს უმცირესობასავით არ უნდა აღიქვამდნენ. „გენდერი მხოლოდ სოციალური ფენომენი არ არის, ის დიდწილად ბიოლოგიური ფენომენია: ქალები კაცებისგან განსხვავებულნი არიან, მაგრამ არა მეორეხარისხოვანნი“,– ამბობს მარიამ მეღვინეთუხუცესი: იდეოლოგიურად მერიტოკრატიაზე უკეთესი სისტემა კი არავის გამოუგონია.

როგორ უნდა შეძლო და კონკურენტული იყო იმ პირობებში, როცა თვითონ კონკურენციაც გაფართოვდა და ახლა გაცილებით მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ ბევრად მეტს აჯობო? – ეს არის ჩემი შემდეგი კითხვა, რომელსაც მისთვის ჩვეული სიზუსტით პასუხობს: „შრომის ჩვევა თუ გაქვს, არა გიშავს“.

ქვეყანაში, სადაც ქართველის დახასიათებისას ყურში ერთი ფრაზაა გამჯდარიკერძოდ: ნიჭიერია, მაგრამ ზარმაციაშრომის ჩვევა საკმაოდ დეფიციტური მეჩვენება, თუმცა მარიამ მეღვინეთუხუცესს მიაჩნია, რომ შეუძლებელია, საქართველოს მოქალაქის კულტურულ კოდში შრომისმოყვარეობა არ ყოფილიყო: იმიტომ, რომ ვენახი ჭირნახულია. ვენახი ტრადიციული ქართული კულტურაა, რომელსაც ძალიან დიდი შრომა სჭირდება. კორუფცია, ნეპოტიზმი, კონფორმიზმი კი ის ჩვევებია, რომლებიც საბჭოთა კავშირის პერიოდში და აკულტურაციის შედეგად წარმატებით შევიძინეთ. მთავარია, ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობდეთმაშინ, ნებისყოფის გამომუშავებაც შეიძლება და შრომის ჩვევის გაღვიძებაც“, ამბობს მარიამ მეღვინეთუხუცესი.

კონკურენტულობისთვის აუცილებელ პრიორიტეტთა ჩამონათვალში, შრომის ჩვევას ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა მოსდევსმარიამ მეღვინეთუხუცესს მიაჩნია, რომ დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა სასკოლო განათლების რეფორმაა, უნივერსიტეტებს კი მეტი რესურსი აქვთ, საკუთარ თავს დამოუკიდებლად მიხედონ.

მარიამის ჩამონათვალში კიდევ ერთი, შეიძლება ითქვას, ყველაზე ფუნდამენტური მიმართულება ხვდება, რომელიც მისი შეფასებით, სტაბილური განვითარებისთვის თანაბრად სჭირდება როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ისე ინვესტორსეს სასამართლო რეფორმაა. ინვესტორთა საბჭოს სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ინიციატივა დიდი ხანია გასაჯაროებულია. ეს ინიციატივა მიმართულია სასამართლო სისტემაში ისეთი მიმართულებების რეფორმირებისაკენ, როგორებიცაა: მოსამართლეთა დანიშვნის წესი, განსახილველ საქმეთა მოსამართლეებზე გადანაწილების წესი და კომერციული პალატები სასამართლოში. დღეს ამ ქვეყნის ყველაზე დიდი სტრუქტურული პრობლემა სასამართლოა, – პირდაპირ ამბობს მარიამ მეღვინეთუხუცესი. გამართული სასამართლო სისტემის გარეშე გაცილებით რთული იქნება იმ მიზნის მიღწევაც, რასაც ის დღეს ემსახურებაკერძოდ, ინვესტორებისთვის მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის ხელშეწყობას. რა სჭირდებათ დღეს ინვესტორებს საქართველოსგან? – ვეკითხები და აქაც ზუსტი პასუხი აქვს: „ნაკლები სიურპრიზები. ინვესტორი მზადაა, აიღოს უფრო მაღალი რისკი, შედარებით უფრო მაღალი ამონაგების სანაცვლოდმაგრამ მხოლოდ ისეთ გარემოში, სადაც თამაშის წესები მოულოდნელად და ხშირად არ იცვლება, რაც მას, როგორც ინვესტორს, შესაძლებლობას უქმნის, თავისი ბიზნესსაქმიანობა ამ ქვეყანაში საშუალო და გრძელ ვადაზე გათვალოს“.

გამოწვევების მიუხედავად რეგიონის მასშტაბით, საქართველო, მარიამ მეღვინეთუხუცესის შეფასებით, ნამდვილი ვარსკვლავია, თუმცა ეს არ არის საკმარისი: ჩვენი საზომი უფრო მაღლაა. ჩვენი სწორება დასავლეთ ევროპის ქვეყნებიაგანვითარების ყველაზე მაღალი სტანდარტი. ეს არის ჩვენი შინაგანი მოთხოვნილება, ამიტომ თვითკმაყოფილების და მოდუნების დრო არ გვაქვს.

ნახევარი საათი ისე გადის ვერ ვიგებ.

ცოტა დრო მრჩება და ბოლო კითხვებს ბლიც რეჟიმში ვსვამ:

სელფმეიდი ხართ?

თუ ეს ტერმინი აუცილებლად გულისხმობს სოციალურ საფეხურზე ასვლას, მაშინარა. სოციალურად დაჩაგრული არ ვყოფილვარ, მაგრამ არც გათამამებული ვყოფილვარ როდესმე: ჩემს თავს ყოველთვის მეტს ვთხოვდი, ვიდრე ჩემს გარშემო მყოფებს. ამ გაგებით, ალბათ სელფმეიდი ვარ.

მაღალი თვითშეფასება გაქვთ?

ალბათ უფრო მაღალი, ვიდრე დაბალი. აროგანტულობა, თავმაღლობა და თავმომწონეობა კი მიუღებელია.

რას ურჩევდით 17 წლის ახალგაზრდებს, რომლებმაც, იქნებ თქვენსავით, მაგ ასაკში ჯერ არ იციან ბოლომდე, რა უნდათ ამ ცხოვრებისგან?

რაც შეიძლება მეტი სხვადასხვა რამ სცადონ იმისთვის, რომ რეალურად მიაგნონ იმას, რის კეთებაც უნდათ: პატარა ცდები და პატარა შეცდომები გაცილებით იოლი გადასატანია და ძალიან დიდი გამოცდილების საფუძველია. მთავარია დაძლიონ შიში, რომ რაღაც არ გამოუვათ და მაშინ ყველაფერი მიღწევადია. ასე გამოვიდა: საუბარი შიშით დავიწყეთ და შიშით ვასრულებთ. ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. კიდევ ერთხელ კარგად წაიკითხეთ ეს ინტერვიუ და სულ სხვა გზავნილს აღმოაჩენთ. ეს შინაგანი თავისუფლების გზავნილია. ამოიკითხეთ.

No Comments Yet

Comments are closed