ცხოვრებად ქცეული პროფესია

ავტორი: ქეთევან სულხანიშვილი

„არტიტექსი“ ქართული არქიტექტურული კომპანიაა, რომელსაც არაერთი ცნობილი შენობა უკავშირდება საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ მისი მოღვაწეობა რამდენიმე წელს ითვლის, კომპანიამ უკვე მოახერხა სახელი გაეთქვა საერთაშორისო მასშტაბით. დღემდე „არტიტექსის“ პროექტებმა არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. რამდენიმე დღის წინ კი კომპანია World Architecture & Design Awards 2019- ის გამარჯვებული კიდევ ერთხელ გახდა. აღნიშნული კონკურსი მსოფლიოს ყველა ქვეყნის არქიტექტორებსა და არქიტექტურულ კომპანიებს სხვადასხვა ნომინაციაში აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ „არტიტექსი“ ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელმაც აღნიშნულ კონკურსზე გამარჯვება შეძლო.

„არტიტექსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დადუნა შათაშვილია, რომელიც 18 წელია არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობს, მისი პროფესიული გამოცდილება კომპანია „მაგისტილიდან“ დაიწყო და ბოლო ოთხი წელია იმ კომპანიას უკავშირდება, რომელსაც პარტნიორებთან – ალექსანდრე ბურჭულაძესთან და არჩილ ძიძიგურთან ერთად უძღვება. სამივე მათგანს, ერთმანეთისგან განსხვავებულ სფეროებში მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და ბიზნესის სწორად განვითარების ერთ-ერთ პირობად სწორედ ეს იქცა. კომპანია „არტიტექსი“ დაარსებისთანავე სწრაფი ნაბიჯებით განვითარდა და საზოგადოებისთვის საყვარელი არაერთი შენობისა თუ პროექტის ავტორია. დადუნა შათაშვილი ამბობს, რომ ყველაზე საინტერესო კრეატიულ პროექტებზე მუშაობაა, რომლებიც ნოვატორულ მიდგომებსა და რთულ ტექნიკურ გადაწყვეტილებებს საჭიროებს.

©️ artytechs

თავდაპირველად რა იყო ბიზნესის იდეა?

იდეა იყო, რომ დაგვეფუძნებინა კომპანია, რომელიც სტანდარტული საპროექტო კომპანიის საქმიანობას გასცდებოდა და შეგვექმნა კომპლექსური, კრეატიული და კომერციულად გამართლებული პროექტები, რომლებიც მხოლოდ არქიტექტურული იდეით არ იქნებოდა შემოფარგლული. შესაბამისად, ჩვენს ყველა პროექტში გათვალისწინებულია კომერციული ფაქტორი. ვქმნით მარკეტინგულად გათვლილ პროდუქტს, რომელიც დამკვეთისთვის მომგებიანია. მაგალითად, როდესაც მრავალბინიანი სახლის პროექტს ვაკეთებთ, ვიკვლევთ, რა სახის ბინები იქნება იმ რაიონსა თუ უბანში მომგებიანი მშენებელისთვის და ამაზე ერთობლივად მუშაობენ, როგორც ჩვენი არქიტექტორები, ასევე მარკეტინგის სპეციალისტები.

რა ეტაპებს გადიხართ პროექტზე მუშაობის პროცესში?

პირველ რიგში სიღრმისეულად ვსწავლობთ დამკვეთის სურვილს. მივდივართ ადგილზე, ვნახულობთ საპროექტო ტერიტორიას. დამკვეთთან გვაქვს პერიოდული შეხვედრები იმისთვის, რომ მისი სურვილები სწორად შევფუთოთ და მაქსიმალურად კარგი და მომგებიანი პროდუქტი მივიღოთ. ვითვალისწინებთ მათ იდეებს და პროფესიონალურ დონეზე არგუმენტირებულ რჩევებს ვაძლევთ. მათი ჩვენდამი ნდომის ფაქტორი ყოველთვის მაღალია და ჩვენი რჩევებიც მისაღებია ხოლმე. ერთობლივი მუშაობის შედეგად კი უკვე შეთანხმებული კონცეფცია გამოდის. დეტალურად ვსწავლობთ გარემოს, ადგილმდებარეობისა და განაშენიანების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი პირობაა კარგი პროდუქტის შესაქმნელად. იმისთვის, რომ ჯანსაღი არქიტექტურა მივიღოთ, პროექტი არ უნდა იყოს არსებული სიტუაციიდან ამოვარდნილი. გვჩვევია რადიკალური გადაწყვეტილებებიც მაგალითად, – როდესაც ისტორიულ ზონაში ჩნდება თანამედროვე ელემენტები, თუმცა, ეს განსხვავებული სტილიც ისე უნდა იყოს შეხამებული გარემოსთან, რომ კონტექსტიდან არ ამოვარდეს. შემდეგი ეტაპი დეტალური პროექტირება. მნიშვნელოვანია ნახაზი ისე გააკეთო, თითქოს, დამკვეთი შენ ხარ. თუ ასეთი მიდგომებით არ იმუშავე და ზერელედ მიუდექი, არაფერი გამოვა. ამიტომ დეტალური ნახაზის კეთების პროცესში ჩვენ ვართ მშენებლებიც და ინჟინრებიც. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ შემდგომ ეტაპზე პრობლემები არ გაჩნდეს და პროექტის შეცვლა არ გახდეს საჭირო.

რა გამოარჩევს „არტიტექსს“ სხვა კომპანიებისგან?

ჩვენი ყველა პროექტი ერთმანეთისგან განსხვავებულია. არ გვაქვს ერთი ხელწერა. ყველა პროექტს ინდივიდუალურად ვუდგებით, მისი კონცეფციისა თუ დამკვეთის სურვილის შესაბამისად. ჩვენს პროექტებზე ვერ იტყვით, რომ ერთი და იგივე ადამიანის გაკეთებულია, – ეს გამოგვარჩევს. დამკვეთს ჩვენს გემოვნებას არასდროს ვახვევთ თავს. პროექტს მათი გემოვნების მიხედვით ვსვამთ სტანდარტებში და ჩვენი გუნდის ერთობლივი იდეებით ვფუთავთ.

©️ artytechs

რა გაძლევთ ინსპირაციას პროექტირებისას?

გამოცდილება, გემოვნება, ანალიზის უნარი, არსებული გარემო და დამკვეთი. ამ კომპონენტების ერთობლიობაა ჩვენი ინსპირაცია.

თქვენთვის არქიტექტურა ხელოვნებაა?

ჩემთვის არქიტექტურა ბევრ რამეს აერთიანებს: ფსიქოლოგიას, ხელოვნებას, ტექნიკურ გადაწყვეტილებებს და, რაც მთავარია, პროფესიონალ არქიტექტორს უნდა შეეძლოს როგორც შემოქმედებითი, ისე ტექნიკური აზროვნება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ ვფიქრობ, არქიტექტურა არ არის მხოლოდ ხელოვნება. თუ ის განვიხილეთ, როგორც ნახატი და შემოქმედება, მხოლოდ ფურცელზე დარჩება და რეალობაში არ განვითარდება. 

თქვენი ცხოვრების რა ნაწილს უთმობთ არქიტექტურას? 

არქიტექტურას, ალბათ, ჩემი ცხოვრების 98%-ს ვუთმობ. ეს არ არის ჩემთვის პროფესია, მე ამითი ვცხოვრობ. ჩემი ჰობიც ეს არის და საქმეც. მივიჩნევ, რომ როდესაც ადამიანს უყვარს თავისი საქმე, მას შეუძლია განუსაზღვრელი დრო დაუთმოს და იმუშავოს მუდმივად. როდესაც ახალ პროექტს ვიწყებ, ერთი სული მაქვს, როდის დავასრულებ და რეალობაში დავინახავ. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც ქალაქში დადიხარ და შენს ქმნილებას ხედავ. თან იცი, რომ საუკუნეების თუ არა, წლების მანძილზე მაინც დარჩება.

რას ნიშნავს თქვენთვის კმაყოფილი დამკვეთი?

კმაყოფილი დამკვეთი ჩვენთვის არის წარმატებული პროექტი და ეს ისაა, რამაც დღემდე მოგვიყვანა. ჩვენი კომპანიის წარმატება დაფუძნებულია სწორედ კმაყოფილ დამკვეთზე. ეს არის ჯაჭვური რეაქცია და ყველაზე კარგი რეკლამა, რაც სწრაფ განვითარებასა და წარმატებას განაპირობებს.

©️ artytechs

რა საერთაშორისო წარმატებები აქვს „არტიტექსს“?

ბოლო პერიოდში საერთაშორისო არქიტექტურული ვებ-გვერდები განსაკუთრებით აქტიურად წერენ სტატიებს ჩვენი პროექტების შესახებ. „არტიტექსის“ პროექტებს აღებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო. რამდენიმე დღის წინ კი, კომპანიამ World Architecture & Design Awards 2019-ზე „ბერი ანდრიას ფონდის“ სარეაბილიტაციო ცენტრის პროექტისათვის ჯილდო მიიღო (პირველი ადგილი). World Architecture & Design Awards 2019-ის საერთაშორისო კონკურსზე ჩვენი კომპანიის ოთხი პროექტი, სხვადასხვა ნომინაციაზე იყო წარდგენილი და ოთხივე პროექტმა ჯილდოები მოიპოვა ნომინაციებში: მრავალფუქნციური კომპლექსის კონცეფცია, საიუველირო სალონი „ჩხირა“ და სასტუმრო „მუზეუმი“.

რა არის კომპანიის სამომავლო გეგმები?

ქალაქს ვპირდებით საინტერესო და გრანდიოზულ პროექტებს, რომლებზეც ახლა ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ, ისეთივე მიმზიდველი და საყვარელი გახდება მოსახლეობისთვის, როგორიც ჩვენი სხვა პროექტები, რომელთა მიმართ საზოგადოების მოწონება მუდმივად იგრძნობა. ასევე ვგეგმავთ, რომ „არტიტექსის“ საქმიანობა საქართველოს საზღვრებს გარეთაც გავიდეს.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.