COVID -19-ის გავლენის შეფასება სამედიცინო სფეროში მომუშავე ქალებზე საქართველოში | კვლევა

კვლევითმა კომპანიამ WeResearch 2020 წლის  დეკემბერში პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში მოამზადა კვლევა სახელწოდებით: „COVID-19-ის გავლენის შეფასება სამედიცინო სფეროში მომუშავე ქალებზე საქართველოში.“

კვლევის ფარგლებში ჩატარდა 39 სიღრმისეული ინტერვიუ სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ქალებთან, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებოდნენ (ექიმები, ექთნები, სანიტრები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი). ასევე, ჩაწერეს ინტერვიუები ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

კვლევის მიზნებსა და შედეგებზე სასაუბროდ Forbes Woman Georgia წარმოგიდნენთ ინტერვიუს კვლევის ავტორებთან – ნანა ჭაბუკიანსა და ლელა ჯავახიშვილთან.

რა იყო კვლევის მთავარი მიზანი და გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინები?

ნანა: კვლევის ძირითადი ამოცანა იყო გვენახა, რა გავლენა იქონია COVID-19-მა და პანდემიამ სამედიცინო სფეროში მომუშავე ქალებზე. კვლევა მოამზადა ჩვენმა ორგანიზაციამ WeResearch გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, მისი პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მიერ და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, გერმანიის მთავრობის დაფინანსებეით.

ლელა: კვლევა ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა, მაგალითად, ქალთა სამუშაო პირობები, ანაზღაურება, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა და ამ მხარდაჭერის ხელმისაწვდომობა. რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც მკვლევრებს, გვქონდა გარკვეული მოლოდინები შედეგებთან დაკავშირებით, რაც, შესაძლოა, ისევე მტკინვეული იყო, როგორც საბოლოო შედეგებით წარმოჩინდა.  ჩვენი საუბრები რესპონდენტებთან დაყოფილი იყო პერიოდებად: გაზაფხული – როდესაც პანდემია ახალი დაწყებული იყო; ზაფხული – როდესაც რეგულაციები შემსუბუქდა და კოვიდინფიცირებულთა რიცხვიც არ გაზრდილა და შემოდგომა.

ჩვენი თხოვნის შესაბამისად, რესპონდენტებიც საუბრისას ამ სამ ფაზას ჰყოფდნენ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე კრიტიკული კოვიდპანდემიის დასაწყისი იყო, როდესაც ეს ყველაფერი სიახლე იყო ჩვენთვის და, მათ შორის, ექიმებისთვის. ასევე, შემოდგომა, როდესაც ინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. შედარებით ნაკლებად მტკივნეული აღმოჩნდა ზაფხული.

ნანა ჭაბუკიანი

თქვენ მიერ წარმოდგენილი მიგნებებიდან რომელი იყო ყველაზე მწვავე ხასიათის?

ნანა: შედეგები სხვადასხვა ძირითად შედეგებად დავყავით. ყველა მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხები გამოიკვეთა, მაგრამ მე ყურადღებას გავამახვილებ ფსიქოლოგიურ საფრთხეებზე. სამედიცინო პერსონალი, რომელიც მოწინავე ხაზზე იბრძოდა COVID-19-ის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ზრუნავდა იმაზე, რომ არ დაინფიცირებულიყო, თუმცა ფსიქოლოგიური კეთილდღეობა მხედველობიდან რჩებოდა. არანაირი ნაბიჯები არ გადადგმულა, რათა მათი ფსიქოლოგიური კეთილდღეობა არ დამდგარიყო საფრთხის წინაშე. ზოგადად, ფსიქოლოგთან მიმართვიანობა საქართველოში ნაკლებადაა ფართო პრაქტიკის ნაწილი და, შესაბამისად, იგივე გამოიკვეთა სამედიცინო პერსონალშიც. მათ პროფესიონალი ფსიქოლოგის მხრიდან დახმარების მიღებას არაფორმალური კავშირები, მაგალითად, პრობლემების და რთული საკითხების გაზიარება, ფსიქოლოგების ნაცვლად, მეგობრებისა და თანამშრომლებისთვის ერჩივნათ. სამედიცინო პერსონალი მწვავე „გადაწვისაკენ“ მიდიოდა, რაც ერთ-ერთი შემაშფოთებელი საკითხი იყო პირადად ჩემთვის.

ლელა: ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემებს დავუმატებდი ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც. სამედიცინო პერსონალისთვის თავიდანვე ძალიან დიდი სტრესი იყო, შეჭიდებოდნენ ახალ ვირუსს, რომლის შესახებაც კარგად ინფორმირებულები არ იყვნენ. ამას ისიც ემატება, რომ მათ მთელი დღის განმავლობაში უწევდათ შეიარაღებულები მომსახურებოდნენ პაციენტებს, რომლებიც რიგ შემთხვევებში კრიტიკულ მდგომარეობაში იყვნენ. განსაკუთრებით სასწრაფო დახმარების პერსონალთან გვქონდა ისეთი შემთხვევები, რაც  მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მწვავედ აისახებოდა – მაგალითად, როდესაც კოვიდინფიცირებული საავადმყოფოში გადაყვანისას რეანომობილშივე გარდაიცვლებოდა ხოლმე. სხვა ფიზიკურ სამუშაოებთან ერთად ფსიქოლოგიური ტრავმები რაღაც მომენტში  ფიზიკურ პრობლემებშიც გადაიზრდებოდა ხოლმე. ჩვენი რესპონდენტები ზოგ შემთხვევაში ამბობენ, რომ აწუხებთ წელი, უძილობა, თავის ტკივილი სტრესიდან გამომდინარე და ა.შ. ამას ემატება ისიც, რომ მათ აქვთ თავიანთი ქრონიკული დაავადებები. ისინი საკუთარ თავს საკმარის ყურადღებას ვერ აქცევენ, დაავადებები დროთა განმავლობაში მწვავდება, სამომავლო შედეგები კი უცნობია. ვფიქრობ, ეს ფიზიკური და ფსიქიკური დანაკლისი ჯანმრთელობის თვალსაზრისით იმაზე მეტია, ვიდრე ეკონომიკური ფაქტორით გამოწვეული პრობლემები.

როგორ ფიქრობთ, კვლევით დადგენილი პრობლემები მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის არსებობდა?

ნანა: ჩვენ მხოლოდ ქალებს შევხვდით, კაცებთან არ ჩაგვიტარებია მსგავსი ინტერვიუები, მაგრამ, რა თქმა უნდა პანდემიის გავლენა ქალებზეც ძალიან დიდია და კაცებზეც. როდესაც ვსაუბრობთ განსხვავებულ გავლენაზე, რომელიც, მაგალითად, პანდემიამ შეიძლება იქონიოს ქალებზე, ვსაუბრობთ მათი განსხვავებული სოციალური მდგომარეობიდან და პოზიციებიდან გამომდინარე. საშინაო აუნაზღაურებელი შრომა ერთ-ერთი ძალიან კარგი ილუსტრაციაა განსხვავებული მდგომარეობისა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით ბევრი რამ შეიცვალა – არაერთმა კაცმა ჩვენს საზოგადოებაში, და არა მარტო ჩვენს საზოგადოებაში, საკუთარ თავზე აიღო საშინაო  შრომის სხვადასხვა ფუნქციები. საშინაო შრომა მაინც ძირითადად  ქალებზე მოდის. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ, თუნდაც, პანდემიის გავლენაზე სამედიცინო სფეროში მომუშავე ქალებზე, ამავდროულად ვფიქრობთ, რომ ეს ქალები მარტო სამედიცინო სფეროში კი არ მუშაობენ, არამედ ამავდროულად არიან დედები, რომელბმაც უნდა იზრუნონ თავიანთ შვილებზე ან შვილები, რომელბმაც უნდა იზრუნონ თავიანთ მშობლებზე ან ქალები, რომელბმაც სამსახურში არსებული დატვირთვის პარალელურად სახლში უნდა იმუშაონ.

რა ძირითადი საკითხები წამოიჭრა თქვენ ერთ-ერთ მიგნებაში – „ COVID-19-ის გავლენა აუნაზღაურებელი ზრუნვის როლებსა და თავისუფალ დროსთან მიმართებაში“?

ლელა: ჩვენი ყველა რესპონდენტი ადასტურებს, რომ მთელი სახლის საქმეები მათ ჰქონდათ თავიანთ თავზე აღებული. თუმცა, პანდემიიდან გამომდინარე, მათი სამუშაო რეჟიმი შეიცვალა – გადავიდნენ ორკვირიან ცვლებში, რის გამოც გარკვეული პერიოდის განმავლობაში სახლიდან მოწყვეტა უწევდათ, ძირითად საშინაო საქმეებს კი ოჯახის სხვა წევრები ინაწილებდნენ, თუმცა უმეტესად – ისევ ქალები. როდესაც ვამბობთ, რომ სამედიცინო სფეროში დასაქმებული ქალების პასუხისმგებლობებში არაფერი შეცვლილა, ვგულისხმობთ იმას, რომ ისინი სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას კვლავ აგრძელებდნენ იმ მოვალეობების შესრულებას, რომლებიც ტრადიციულად მათ კისერზე იყო. გასათვალისწინებელია, რომ თითქმის უმეტესობა ჩვენი რესპონდენტებისა, აღნიშნავდა ოჯახის წევრების მხრიდან მხარდაჭერას, რაც ცალსახად პოზიტიური შედეგია მთელ იმ ნეგატიურ სურათში, რასაც ჩვენ ამ კვლევის შედეგებში ვხედავთ.

რაც შეეხება თავისუფალ დროს, რესპონდენტები აღნიშნავდნენ, რომ პანდემიის პირობებში თავისუფალი დრო მათთვის პრაქტიკულად აღარ არსებობდა. ელემენტარულად, მათ საკუთარი თავისთვისაც აღარ რჩებათ დრო. გარდა ამისა, სამედიცინო სფეროში მუშაობა დამატებით პასუხისმგებლობას აკისრებდა მათ. მაგალითად ის, რომ ვირუსის გავრცელების საფრთხისგან თავიდან აცილების მიზნით სხვა ადამიანებთან კავშირი არ უნდა ჰქონოდათ. თავისუფალი დრო ერთადერთი ჰყოფნით იმისთვის, რათა გამოიძინონ, თუმცა ზოგჯერ არც ამისთვისაა საკმარისი. მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, გარდა გაზაფხულისა, ისინი ვერ სარგებლობდნენ დასვენების დღეებით. ზოგიერთმა მათგანმა, ვინც მოასწრო, ზაფხულში შვებულება აიღო. დანარჩენები კი ამბობდნენ, რომ მათი მუშაობა უწყვეტ რეჟიმში მიდიოდა შესვენებების გარეშე.

რა ძირითადი საკითხები წამოიჭრა შემდეგ მიგნებაში – „ეკონომიკური უსაფრთხოება და გამკლავების სტრატეგიები პანდემიის დროს?

ნანა: პანდემიის დროს ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. ამ პერსპექტივით რომ შევხედოთ სამედიცინო პერსონალს, მათ სამსახური უშუალოდ არ დაუკარგავთ, რადგან ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადები გახდნენ ამ პერიოდში. რიგ შემთხვევებში, მათ გაზრდილ შრომასთან ერთად, გაიზარდა ანაზღაურებაც. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც ჩანს, რომ მათი ეკონომიკური მდგომაროება არ გაუმჯობესებულა. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მათმა ოჯახის წევრებმა სწორედ პანდემიის პერიოდში დაკარგეს სამსახური, რაც ოჯახის საერთო შემოსავალზე ნეგატიურად აისახა.

რა ძირითადი საკითხები წამოიჭრა მიგნებაში – „ხელფასები და გენდერული სახელფასო სხვაობა“?

ლელა: გენდერული დისკრიმინაცია სახელფასო სხვაობებში დიდად არ გამოვლენილა, თუმცა აქ იმალება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი – ქალების მიერ დაკავებული თანამდებობები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქვეყანაში ქალებს 62% უჭირავთ სამედიცინო შრომით ბაზარზე, ისინი წამყვან პოზიციებს კაცებთან შედარებით ნაკლებად იკავებენ. საშინაო შრომიდან გამომდინარე, ქალებს დროის თვალსაზრისით გარკვეული შეზღუდვები აქვთ. მათთვის არსებობს დამატებითი ბარიერები, რის გამოც ვერ ადიან იმ უმაღლეს რეგალიებამდე, სადაც უფრო მეტი ხელფასია. კვლევაში ნახავთ ცხრილს, სადაც ნაჩვენებია, რომ ქალები საათობრივად უფრო ნაკლებ ხელფასს იღებენ, რაც განპირობებულია იმით, რომ მათ ნაკლები წოდება აქვთ სამედიცინო სივრცეში. ეს წოდებები დაკავშირებულია განათლების ხელმისაწვდომობასთან, ასევე, საშინაო შრომის პარალელურად ქალებისთვის ძალიან ძნელია, რათა გადავიდნენ კლინიკის ხელმძღვანელის და ა.შ პოზიციებზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სამედიცინო სფეროში ძალიან ბევრი წარმატებული და შემდგარი ქალი სპეციალისტი გვყავს, რომლებიც ცნობილნი არიან არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, არამედ საერთაშორისო დონეზეც.

ლელა ჯავახიშვილი

კვლევის შედეგად, ავტორებმა შვიდი ძირითადი მიგნება წარმოგვიდგინეს, ესენია:

სამედიცინო სფეროში დასაქმებული ქალების სამუშაო პირობები და COVID-19-ის პანდემიის გავლენა;

ფიზიკური და ფსიქოლოგიური საფრთხეები და დამცავი მექანიზმები პანდემიის პერიოდში;

სახელმწიფოს მხარდაჭერა სამედიცინო სფეროში მომუშავე ქალებისთვის;

ეკონომიკური უსაფრთხოება და გამკლავების სტრატეგიები პანდემიის დროს;

COVID-19-ის გავლენა აუნაზღაურებელი ზრუნვის როლებსა და თავისუფალ დროსთან მიმართებაში;

ხელფასები და გენდერული სახელფასო სხვაობა; სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე.

თითოეული მათგანი დეტალურად კვლევაში შეგიძლიათ იხილოთ.

 

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You have successfully subscribed to the newsletter

რეგისტრაციისას დაფიქსირდა ხარვეზი.

თანახმა ვარ, Forbes Woman Georgia-სგან მივიღო ყოველკვირეული განახლებები.