NDI: გამოკითხულთა 49%-ის აზრით ქვეყანა არასწორად ვითარდება

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლოდროინდელი საზოგადოებრივი განწყობების  კვლევის მიხედვით, საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 49% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი კურსით ვითარდება, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გამოკითხულთა 30% ფიქრობს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება, ხოლო 18%-ის აზრით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.

შეგახსენებთ, რომ ამავე კვლევის მონაცემებით, ბოლო 10 წლის მანძილზე,  ყველაზე მაღალი მაჩვენებლი 2011 წელს დაფიქსირდა, როდესაც საზოგადოების დიდი უმრავლესობის აზრით საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდებოდა.

აღსანიშნავია მნიშვნელოვანი კორელაცია ლარისა და დოლარის გაცვლით კურსსა და გამოკითხვაში “ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება” პასუხებს შორის. კოლერაცია ამ შემთხვევაში 0.88 უდრის, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ ორი მაჩვენებლის მჭიდრო კავშირს.

აღნიშნული კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 13-19 ივლისის პერიოდში ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). კვლევაში მონაწილეობა 2131 პირმა პირისპირ ინტერვიუს სახით მიიღო. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი 1.7%-ია. კვლევა განხორციელდა CRRC საქართველოს მიერ NDI-ის დაკვეთითა, დიდი ბრიტანეთის მთვარობისა და UK AID-ის ფინანსური ხელშეწყობით.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.