Neuralink: პირველი იმპლანტი ცოცხალი არსების ტვინში

Neuralink-ის კორპორაცია ამერიკული ნეიროტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც 2016 წელს დაარსდა სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდელის, ილონ მასკის, მიერ. კომპანია დაარსების დღიდან მუშაობს ულტრათხელი ელექტროდების შექმნაზე, რომლებიც ტვინში იმპლანტაციის შემდეგ ნეირონების სტიმულირებას მოახდენს. ეს იქნება პირველი ნაბიჯი ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის სიმბიოზის მისაღწევად. 90 ადამიანისგან შემდგარი გუნდის მიზანი ზურგის ტვინის ტრავმით გამოწვეული კიდურების სრული ან ნაწილობრივი ატროფიის, ალცჰაიმერის ან ტვინის დემენციის მქონე, ასევე, მხედველობა და სმენადაკარგული პაციენტების მკურნალობაა.

ილონ მასკმა თბილისის დროით 29 აგვისტოს, დილის 2 საათზე იმპლანტის პროტოტიპი ფართო საზოგადოებას პირდაპირი ჩართვით წარუდგინა. პრეზენტაცია სამ ძირითად საკითხს მიემართებოდა, კერძოდ, სამ ღორზე ჩატარებულ ექსპერიმენტს, რობოტს, რომელიც იმპლანტაციას განახორციელებს და ჩიპის პროტოტიპს.

აღსანიშნავია, რომ იმპლანტი, გასული წლის პროტოტიპთან შედარებით, შეცვლილია როგორც ზომით, ასევე – ფორმით. ის ახლა მონეტის ფორმის და 23 x 8 მმ ზომისაა. როგორც მასკმა განმარტა, ჩიპი ტვინს სპეციალურად შემუშავებული სადენებით დაუკავშირდება და ელექტროდების მიერ დაჭერილ სიგნალებს შეაგროვებს. მოწყობილობის დამუხტვა კი ღამით, ძილის დროს, ინდუქტიურად, ელექტრომაგნიტური ინდუქციის გზით იქნება შესაძლებელი. იმპლანტს სახელად Link 0.9 უსადენო კავშირის დამყარება 5-10 მეტრის რადიუსში შეეძლება, მათ შორის, სმარტფონთან და სხვა მოწყობილობებთან. ამის საშუალებით ტემპერატურისა თუ წნევის გაზომვა და პაციენტის მოძრაობებისთვის მეთვალყურეობა და აღრიცხვაა შესაძლებელი. ასეთ სისტემას ინფარქტისა და ინსტულტის წინასწარი დიაგნოსტიკაც შეუძლია.

როგორც ცნობილია, იმპლანტაცია ადგილობრივი ანესთეზიით განხორციელდება, პროცესი კი, რომელსაც რობოტი შეასრულებს, დაახლოებით, 1 საათის მანძილზე გაგრძელდება. რობოტის კონსტრუქცია სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება: „თავი“ რომელიც აღჭურვილია სენსორებითა და ქირურგიული ნემსებით, ის ნაწილია, სადაც ადამიანის თავი იქნება განთავსებული და იმპლანტაცია განხორციელდება; „ტანი“, ანუ მექანიზმის მაკონტროლებელი ნაწილი; და ბაზა, რომელიც მთლიანი სტრუქტურის საყრდენია და რობოტს სრულყოფილი ოპერირების საშუალებას აძლევს. ავტომატიზებულ ქირურგიულ სისტემას ადამიანის ორგანიზმში 1024 ერთეული, 5 მიკრონი სისქის ელექტროდის ჩანერგვა შეუძლია. ჯერჯერობით იმპლანტაცია მხოლოდ ტვინის ზედა ნაწილთან – ქერქთანაა შესაძლებელი, თუმცა კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მალე თავის ქალაში უფრო ღრმად განლაგებულ ტვინის სტრუქტურებამდეც მიაღწევენ.

პირდაპირი ტრანსლაციის დროს ილონ მასკმა სამ ღორზე ჩატარებული ექსპერიმენტის შესახებ ისაუბრა. ექსპერიმენტის მთავარი ცდისპირი ღორი, სახელად გერტრუდა იყო, რომელსაც ტვინში Neuralink-ის ნეირონული იმპლანტი Link 0.9 უკვე ორი თვეა, რაც მოთავსებული აქვს.

ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, იმ მომენტში, როცა გერტრუდა საკვების ძებნისას, დინგით საჭმელს მიუახლოვდებოდა, Link 0.9 ამ მოქმედების შესაბამის სიგნალებს აფიქსირებდა და გამოსახულებებს ეკრანზე აღბეჭდავდა.

მეორე ღორის შემთხვევაში, მასზე მოწყობილობა წარსულში გამოსცადეს, ტრანსლაციის დროს კი აღარ ჰქონდა. ამით მასკი იმის დემონსტრირებას ცდილობდა, რომ მოწყობილობა ტვინზე უარყოფითად არ მოქმედებს და თუ ადამიანი სამომავლოდ მის მოშორებას გადაწყვეტს, ეს სრულიად შესაძლებელია. ასევე, მასკის განცხადებით, სავარაუდოდ, დროდადრო მოწყობილობის განახლებული ვერსიები გამოვა. შესაბამისად, თუ მის გამოყენებას ადამიანები დაიწყებენ, დროდადრო Link-ის ჩანაცვლება იქნება საჭირო.
მესამე ღორზე ნეირონული მოწყობილობა არასდროს გამოუცდიათ. ანუ წარმოდგენილი იყო მთავარი ცდისპირი, გერტრუდა და მისი საკონტროლო ცდისპირები, რომელთანაც გერტრუდას ტვინის მუშაობის შედარება უნდა მომხდარიყო.

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციის მიმდინარეობისას საზოგადოებისთვის ნათელი გახდა, თუ როგორ შეუძლია მოწყობილობას ღორის ტვინის სიგნალების წაკითხვა. თუმცა, შეუძლია თუ არა იმპლანტს სიგნალების წარმოქმნა, რაც კომპანიის უმთავრესი მიზანია, ამის შესახებ მტკიცებულება არ გაჟღერებულა.

კომპანიის დამაარსებელმა, ილონ მასკმა პრეზენტაცია დაასრულა ინფორმაციით FDA-ის ( აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის) მიერ შესაძლო ნებართვის გაცემის შესახებ, რის შემდეგაც Neuralink იმპლანტების ადამიანებზე გამოცდასაც შეძლებს.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You have successfully subscribed to the newsletter

რეგისტრაციისას დაფიქსირდა ხარვეზი.

თანახმა ვარ, Forbes Woman Georgia-სგან მივიღო ყოველკვირეული განახლებები.