ავტორი: მაკა ცხვედიანი

© გურამ კაპანაძე

ინტერიერის დიზაინის სფეროში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვთ. მეგობრობა სამხატვრო აკადემიაში დაიწყო, თანამშრომლობა ოდნავ მოგვიანებით. ნატა ჯანბერიძე და ქეთი თოლორაია იხსენებენ, რომ ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტზე სწავლის დროს უკვე დაზუსტებით იცოდნენ, – ეს იყო საქმე, რომელიც არ ღლიდათ, ყველა საიდუმლო კარს აღებდა და უნდოდათ მთელი ცხოვრების განმავლობაში ეკეთებინათ.

პირველ მნიშვნელოვან პროექტად, რომელიც ერთდროულად საკუთარი პროფესიონალიზმის გამოცდაც იყო და შესაძლებლობების პრეზენტაციის შანსიც, თბილისის Holiday Inn-ს ასახელებენ. მას არაერთი წარმატებული თანამშრომლობა მოჰყვა: Rooms Hotel Kazbegi, კაფესტრადა,“ რესტორანი „Umami“ და სხვა. მათი ხელწერა იოლად იცნობაერთმანეთისგან არსებითად განსხვავებულ სხვადასხვა საავტორო სივრცეში კონცეპტუალურობის განსაკუთრებული ხარისხი მთავარი საავტორო შტრიხია. ქეთისა და ნატას შექმნილ ინტერიერში ნივთებს განყენებული რეკვიზიტების ფუნქცია არასდროს აქვთ,- ისინი ცოცხლდებიან, ჰყვებიან ისტორიას და ქმნიან ამბავს.

ნატა ჯანბერიძე © ანა ბოკო

რითი ავსებთ და აბალანსებთ ერთმანეთს თანამშრომლობისას როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ ასპექტში?

ნატა: ჰარმონიულად ვაკავშირებთ ერთმანეთის იდეებს, გახსნილები ვართ, სამუშაო პროცესში თამამად ვაფიქსირებთ აზრებს, რაც ხელს უწყობს ნამუშევრის განვითარებასა და დახვეწას.

ყველა მომდევნო პროექტი ახალი გამოწვევაა? პროექტებიდან პროექტამდე იზრდება ადამიანი ამ სფეროში?

ქეთი: დიახ, რასაკვირველია. როგორც ნებისმიერი კარგი თუ ცუდი გამოცდილებით იზრდება ადამიანი, ანალოგიურადაა საქმეშიც,- ჩვენც ყოველი ახალი პროექტით ვიზრდებით.

© გურამ კაპანაძე
© გურამ კაპანაძე

გთხოვთ დაასახელოთ რამდენიმე პროექტი, რომელიც გასაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენს პროფესიულ ბიოგრაფიაში?

ნატა: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის მუშაობის პროცესში ყველა პროექტი მნიშვნელოვანია, დღეს, ალბათ, მაინც ჩვენს სკულპტურულ ნამუშევრებს, კოლექციებს – “Wild Minimalism” – “DNA Archives”- სა და “The night of a hunter” – ს გამოვარჩევდით. ამ ფორმით ყველაზე ზუსტად გამოვხატავთ ჩვენს შინაგან განწყობასა და იდენტობას, ვცდილობთ, შევქმნათ თანამედროვე ქართული დიზაინი.

როგორია თქვენი სამუშაო რეჟიმი – ქაოტური თუ გაწერილი? რამდენად მნიშვნელოვანია ამ სფეროში თვითორგანიზება, დროის მენეჯმენტის ფლობა?

ქეთი: დროის მენეჯმენტი ყველა სფეროში მნიშვნელოვანია, ჩვენს საქმიანობაში,- განსაკუთრებით, მაგრამ რაც უფრო თავისუფლები ვართ, მით უფრო კარგი ნამუშევარი გამოგვდის. მთავარია, შინაგანი თავისუფლება გქონდეს.

განსხვავებულ პროექტებზე მუშაობის მიუხედავად, არის რაიმე შტრიხი, რაც ერთმნიშვნელოვნად თქვენს ხელწერად შეიძება ჩაითვალოს?

ნატა: ეს შტრიხი არის სიმარტივის სიყვარული და სხვადასხვა ამბის მქონე ობიექტების შექმნა, ახალი იდეებისკენ სწრაფვა და მუდმივი გახსნილობა ექსპერიმენტების მიმართ. ჩვენი ნამუშევრების უმეტესობა ხელნაკეთია, ბუნებრივი მასალებისა და დამუშავების სპეციფიკური მეთოდების გამოყენებითაა შექმნილი. ამ ხერხებით ვცდილობთ, გადმოვცეთ ისტორიის მქონე ამბავი და, ამავდროულად, არ დავკარგოთ ავთენტურობა და სიმარტივის განცდა.

ქეთი თოლორაია © ანა ბოკო

არის თუ არა “რუმსის” დიზაინი თქვენი პროფესიული ერთგვარი სავიზიტო ბარათი და განსაკუთრებით საეტაპო და საამაყო პროექტი?

ქეთი: დიახ, საეტაპო ნამდვილად არის, თუმცა სავიზიტო ბარათი, ალბათ, უფრო ჩვენი ავეჯისა და არტ ობიექტების კოლექციებია. ახალი Rooms Hotel ბაკურიანში ამ ორივეს კომბინაცია იქნება.

რა განსაზღვრავს ხოლმე იმ მთავარ მიზანს, რომლის მიღწევასაც ცდილობთ დიზაინში? – თქვენი პროფესიული და ინდივიდუალური ხედვა თუ დამკვეთის სურვილი?

ნატა: გააჩნია პროექტს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ დიზაინში ჩვენი ჩამოყალიბებული ხედვა და ხასიათი გვაქვს, რის გამოც დამკვეთი ირჩევს ჩვენთან თანამშრომლობას. შესაბამისად, ეს პროცესი სინთეზურია.

© გურამ კაპანაძე                                                               

ზოგადად, დამკვეთის გემოვნებასა და სურვილებს ყოველთვის ეცნობით თუ არის შემთხვევები, როცა უბრალოდ განდობენ სივრცეს და აბსოლუტური თავისუფლება გაქვთ მიმართულების თვალსაზრისით? რომელი უფრო დიდი პასუხისმგებლობაა?

ქეთი: დამკვეთის სურვილებს ყოველთვის ვეცნობით და, გარკვეულწილად, ვითვალისწინებთ. ბოლო დროს ვცდილობთ, აღარ ვიმუშაოთ ისეთ პროექტებზე, სადაც ჩვენი და დამკვეთის ხედვა არ იკვეთება. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ორივე თანაბრად საპასუხისმგებლოა, თუმცა, რა თქმა უნდა, იმ პროექტებზე მუშაობა, რომლებშიც აბსოლუტურ თავისუფლებას გვანიჭებენ, უფრო სასიამოვნოა ჩვენთვის.

რა ქმნის სივრცეში ჰარმონიას? რა არის ჰარმონიის საიდუმლო? არსებობს ზოგადი წესები?

ნატა: სივრცეში ჰარმონიასსივრცისა და სინათლის სწორი განაწილება ქმნის. ასევე, მნიშვნელოვანია, სივრცეში არსებული ობიექტების დაბალანსებული ურთიერთკავშირი.

© გურამ კაპანაძე

თქვენს დიზაინში ხაზგასმით საგრძნობია ძველი ნივთების მიმართ სიყვარული, მოჰყვება ამ ნივთებს ხასიათი, ისტორია, ენერგეტიკა?

ქეთი: რა თქმა უნდა, მოჰყვება ენერგეტიკა და სინამდვილის მძაფრ განცდას ტოვებს.

როგორია თქვენთვის ყველაზე კომფორტული დიზაინი – არა როგორც სამუშაო ობიექტის შედეგი, არამედ როგორც საცხოვრებელი, ფიქრისა და ძალების აღდგენისთვის განკუთვნილი სივრცე?

ნატა: ნათელი და მშვიდი ხასიათის სივრცე, სადაც ყველაფერი მიწიერი და ხელშესახებია, შეგრძნებით ბუნებასთან ახლოს.

მუშაობთ თუ არა ბინების დიზაინზე?

ქეთი: იშვიათად.

რა არის თქვენთვის სახლი?

ნატა: ყველაზე საყვარელი ადგილი.

ქეთი: სიმშვიდისა და დაცულობის შეგრძნება.

რა თვისება ან თვისებათა ერთობლიობა სჭირდება ადამიანს თქვენს სფეროში წარმატების მისაღწევად?

ქეთი: გამბედაობა, ენერგიულობა და საკუთარი საქმის სიყვარული.

რა ან ვინ არის თქვენი მთავარი მოტივატორი?

ნატა: შინაგანი მოთხოვნილება, რომ წინ წახვიდე, უფრო მეტი აკეთო და მუდამ სიახლის ძიებაში იყო.

თუ არსებობს ოცნების პროექტი, რომელზეც გინდათ ერთ მშვენიერ დღეს იმუშაოთ?

ქეთი: პროექტზე მუშაობისას ყველაზე მნიშვნელოვანისიამოვნების მიღებაა, იქნება ეს პატარა ბინის პროექტი თუ უზარმაზარი სასტუმროს დიზაინი. ჩვენთვის ყველაზე მთავარია, ბოლომდე დავიხარჯოთ და გამოვხატოთ საკუთარი თავი ამ პროცესში.

არსებობს სპეციფიკური პროფესიული ნიუანსები, რაც თქვენს სფეროში ქალების უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს?

ნატა: ასე არ გამოვარჩევთ ხოლმე, თუმცა, ზოგადად, ქალური საწყისი და ფემინურობა შეგრძნებებზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღებაში გეხმარება.

რაშია ქალების ძალა?

ქეთი: ინტუიციაში.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.