განსხვავებული რაკურსით

ინტერვიუ ნატა სოფრომაძესთან

ავტორი: მაკა ცხვედიანი

ფოტო: ანა ბოკო

ნატა სოფრომაძის ფოტოგრაფია იმდენად სახასიათოა, თითქმის შეუძლებელია კითხვა გაგიჩნდეს, ვისი სახელი დგას ამ ნამუშევრებს მიღმა. ესთეტიკაც, ფილოსოფიაც, ერთდროულად აღქმის სიმძაფრე და სისადავე აბსოლუტურად ინდივიდუალურ, საავტორო ხელწერას ქმნის, რომელიც არასდროს აგერევა სხვა ავტორებში. არადა, თემატიკაც და ჟანრიც ყოველ ჯერზე განსხვავებულია. მეტიც,- მოულოდნელი. ნატა, როგორც წესი, ზედმიწევნით რეალისტურად აღბეჭდავს ობიექტს. მაგრამ მნახველისთვის ამოუცნობი, მისთვის, კი სრულიად ორგანული მექანიზმით ახერხებს, რომ სრულიად განსხვავებული რაკურსით დაგვანახოს საგნებიც და ადამიანებიც, რომლებიც გარს გვახვევია, რომლებსაც ასე შევაჩვიეთ თვალი.

ნატალია სოფრომაძე თბილისში მცხოვრები ქართველი ფოტოგრაფია. 2007 წელს დოკუმენტური ფოტოგრაფიის სკოლის ”სეპია” დასრულების შემდეგ, მან დაარსა საკუთარი ფოტო სტუდია ”ბინა”. 2009 წელს არსებულ პლატფორმაზე თავის მეგობრებთან ერთად აფუძნებს არაკომერციულ პირველ ონლაინ ჟურნალს ”Beat”, რომელიც ეხმიანება თანამედროვე ხელოვნებასა და ფოტოგრაფიას. ონლაინ გამოცემამ 2012 წლიდან ვიდეოფორმატის სახით ”Artarea”-ს ეთერში გადაინაცვლა. 2015 წლიდან, ხელოვანი ქართული ფოტო სააგენტოს ”ERROR IMAGES” თანადამფუძნებელი და წევრია.

ფოტო სერია: გატეხილი ზღვა / ნატა სოფრომაძე

როგორ გახდა ფოტოგრაფია თქვენი პროფესია?

90-იანების ბოლოს, 2000-ანების დასაწყისში ფოტოგრაფია ვირუსივით მოედო თბილისს. ზუსტად ამ დროს გაჩნდა დათო ცხადაძის ფოტო სკოლა, რომელმაც, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანების მომავალში. მოხდა ისე, რომ დათომ არამარტო შეგვაყვარა კამერასთან მუშაობა, მისმა უამრავმა სტუდენტმა პროფესიაც კი შეიცვალა და გადაღება დაიწყო. მათ შორის ვიყავი მეც.

პირველი მნიშვნელოვანი პროექტი გაიხსენეთ, რომელიც ერთდროულად საკუთარი პროფესიონალიზმის გამოცდაც იყო და თქვენი შესაძლებლობების პრეზენტაციის შანსიც.

ჟურნალი “ანაბეჭდი” იყო ის გამოცემა, რომელმაც პირდაპირ გაგვიღო კარი და მუშაობის შესაძლებლობა მოგვცა. იქვე დაიბადა ჩემი პირველი, იმ დროისთვის, ალბათ, ჩემთვის ყველაზე მნიშნელოვანი ფოტოპროექტებიც. ეს იყო, ძირითადად, მოდის ფოტოგრაფია.

ყველა მომდევნო პროექტი ახალი გამოწვევაა?

აუცილებლად! ყოველი ახალი პროექტი არის ახალი გამოწვევა, გამოცდილება და თავდადება.

გთხოვთ, დაასახელეთ რამდენიმე პროექტი, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენს პროფესიულ ბიოგრაფიაში?

„არტარეაში“ 2 წლის განმავლობაში შექმნილი 16 ვიდეო “ბითი“ იყო გამოცდილების უმნიშვნელოვანესი ეტაპი. ვიდეო ბითებს კი წინ უსწრებდა მეგობრებთან ერთად დაარსებული ონლაინ ჟურნალი ამავე სახელწოდებით “ბითი.“ ეს იყო, ფაქტობრივად, ენთუზიაზმზე დაფუძნებული პროექტი, რომელიც ამავე დროს მნიშვნელოვანი მოტივატორი გახლდათ იმისთვის, რომ გეკეთებინა შენი საკუთარი ფოტოსერიები და ისინი ონლაინ, ახალ ფორმატში გაგეზიარებინა სხვებისთის.

ფოტო სერია: საიდუმლო ცხოვრება / ნატა სოფრომაძე

როგორია თქვენი სამუშაო რეჟიმი – ქაოტური თუ გაწერილი?

შეიძლება ითქვას, ქაოტურად გაწერილი.

რამდენად მნიშვნელოვანია ამ სფეროში თვითორგანიზება, დროის მენეჯმენტის ფლობა?

საბედნიეროდ ორივეს მეტნაკლებად ვფლობ, სხვანაირად არც წარმომიდგენია.

აუცილებელია განწყობა მუშაობისთვის?

დიახ, განწყობის გარეშე ვერ ვიმუშავებ, თუმცა წინასწარი განწყობები ყოველთვის მაქვს, რომელიც არ არის ერთნაირი.

განსხვავებულ პროექტებზე მუშაობის მიუხედავად, არის რამე შტრიხი, რაც ერთმნიშვნელოვნად თქვენს ხელწერად შეიძლება ჩაითვალოს? რითიც ფიქრობთ, რომ გცნობენ?

კი, პატარა ხარვეზები მაქვს სულ, ტექნიკურად ძალიან შორს ვარ პერფექციონიზმთან, სადღაც რაღაც აუცილებლად დამერღვა ან დამესვარა, ან გამიფუჭდა. მაგრამ საშინლად მიხარია, როცა ცნობენ ჩემს ნამუშევრებს.ემოციურად ჰგავს ერთმანეთს და ეს არის ალბათ მთავარი.

ფოტო სერია: გატეხილი ზღვა / ნატა სოფრომაძე

გამოყოფდით თუ არა თქვენს რომელიმე სერიას როგორც პროფესიულ ერთგვარ სავიზიტო ბარათს და განსაკუთრებით საეტაპო საამაყო პროექტს?

“გატეხილი ზღვა” მგონი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა, თავისი შინაარსის, ინტიმურობის და შესრულების გამო.თუმცა ჩემი საყვარელი პროექტი- ინსტალაცია” საიდუმლო ცხოვრებაა”.

რა გაინტერესებთ, რა გიყვართ და გიზიდავთ ადამიანში ყველაზე მეტად?

სისადავე, უბრალოება, გულწრფელობა, თავისუფლება.

რა თვისება ან თვისებათა ერთობლიობა სჭირდება ადამიანს ფოტოგრაფიაში წარმატების მისაღწევად?

უნივერსალურად როგორც ყველა პოფესიაში- შრომისმოყვარეობა, თავდადება, გემოვნება…

თუ არსებობს ოცნების პროექტი, რომელზეც გინდათ რომ ერთ მშვენიერ დღეს იმუშაოთ. ორი სიტყვით შეეხეთ ამ პროექტებს: “უხილავი ასაკი,” “სიკვდილი.”

“უხილავი ასაკი” ბებიის ხსოვნას მივუძღვენი, რომელიც სულ თეთრი თმით მახსოვს და რომელმაც შთამაგონა გადამეღო საქართველოში მცხოვრები მოხუცი ქალბატონები. ეს არის სერია სიცოცხლის პროცესში შეწყვეტილ სიცოცხლეზე, ამბავი ქალებზე ნახევარი ცხოვრებით, რომლებიც არსებობენ და ამავე დროს არ არსებობენ ჩვენს საზოგადოებაში. “სიკვდილის” გადაღება და შეგროვება ერთ დიდ მისტერიად იქცა.ის რამდენიმე სერიას მოიცავს.ეხლაც ვმუშაობ 2 პროექტზე, რომელიც ასევე დაკავშირებულია ამ თემასთან. ჩემი ოცნებაც სწორედ ამ სერიების ერთ სივრცეში თავმოყრა და გაერთიანებაა.

მოგვიყევით პროექტზე  Dze-Georgian Project

dze ერთ-ერთი ბოლო პროექტია, რომელზეც ვიმუშავე როგორც რეჟისორმა და ვიდეოს იდეის ავტორმა, ირაკლი მეტრეველთან ერთად, შესანიშნავი მხატვრების, სოფო ხარებაშვილის და თამარ გულიაშვილის დახმარებით, windfor-სის არაჩვეულებრივი საქველმოქმედო კამპანიისთვის.

როგორ ფიქრობთ, ფოტოგრაფიის სფეროში მომუშავე ქალისა და მამაკაცის ხელწერა განსხვავდება ერთმანეთისგან? და ეს საგრძნობია? შეგვიძლია ამოვიცნოთ?

ხშირად გამიგია გამონათქვამი ქალ ფოტოგრაფებზე “აუ რა მაგრად იღებს, კაცივით ხელი აქვს”… რა იგულისმება ამაში სიმართლე გითხრათ არ ვიცი. ჩემთვის ფოტო ნამუშევარს სქესი არ აქვს.

არსებობს სპეციპიკური პროფესიული ნიუანსები, რაც თქვენს სფეროში ქალების უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს?

არ მინდა ან ქალს ან კაცს მივანიჭო რაიმე უპირატესობა, აბსოლუტური თანასწორობისკენ ვარ)

რაშია ქალების ძალა?

მმმ ყველაფერში )))