აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვული იარაღის გაყინვაზე მოლაპარაკებები გრძელდება

Credits: Russian Foreign Ministry Press Service via AP

მოლაპარაკებები აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვული იარაღის რეზერვის გაყინვასთან დაკავშირებით გრძელდება. პაქტს სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ (START), რომლის განახლებასაც 2010 წელს ამერიკისა და რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ბარაკ ობამამა და დიმიტრი მედვედევმა, ხელი მოაწერეს, ვადა 2021 წლის 5 თებერვალს ეწურება.

Bloomberg-ის თანახმად, ამ თემასთან დაკავშირებით დისკუსია ოფიციალურ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მომავალ კვირას გაიმართება. აშშ აცხადებს, რომ თუ რუსეთი არ წამოვა იარაღის შეზღუდვის შეთანხმებაზე, მომდევნო კვირას შტატებმა, შესაძლოა, პირობები გაამაკცროს.

აშშ-ის წინადადება ასეთია: ორივე მხარემ უნდა განსაზღვროს ბირთვული იარაღის მარაგის ზუსტი რაოდენობა და პირობა დადოს, რომ მარაგის რაოდენობა არ გაიზრდება. ამ შეთანხმებას უნდა მოჰყვეს START-ის განახლება, რომელიც ზღუდავს ამერიკისა და რუსეთის სტრატეგიული ბირთვული არსენალების რიცხვს.

აღსანიშნავია, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, დონალდ ტრამპი პოლიტიკური წნეხის ქვეშ იმყოფება და სურს, რომ მნიშველოვანი ნაბიჯი გადადგას საგარეო პოლიტიკაში. Bloomberg-ის მიხედვით, 3 ნოემბერი (2020 წლის საპრეზიდენტო არჩვენების თარიღი აშშ-ში) არ არის შეთანხმების ზუსტი თარიღი და არჩევნების შედეგების მიუხედავად, ტრამპის ადმინისტრაცია გააგრძელებს მოლაპარაკებებს.

ჰელსინკში გამართული შეხვედრის შემდეგ, ამერიკის შეიარაღების კონტროლის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეხვედრამ მნიშვნელოვანი პროგრესი მოიტანა. თუმცა რუსეთის მხარეს განსხვავებული რეაქცია ჰქონდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ვაშინგტონი უნილატერალიზმში დაადანაშაულა. მინისტრი ამბობს, რომ აშშ-ის მიერ წამოყენებული ახალი პირობები არ ითვალისწინებს რუსეთის ინტერესებსა და ათწლეულების გამოცდილებას მაშინ, როცა ძველი შეთანხმება იარაღის კონტროლის შესახებ ორივე მხარისათვის მომგებიანი იყო. შესაბამისად, ლავროვი არ გამორიცხავს, რომ START-მა შეწყვიტოს არსებობა.