„ლუნა და ციცინათელების პლანეტა“ – კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში ახალი საბავშვო წიგნი გამოიცა

კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში საბავშვო წიგნი, „ლუნა და ციცინათელების პლანეტა”, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივითა  და ევროკავშირის მხარდაჭერით, გამომცემლობა „პალიტრა L“-მა გამოსცა. ტექსტის ავტორი მწერალი დავით გორგილაძეა, ხოლო ილუსტრაციები თათია ნადარეიშვილს ეკუთვნის.

წიგნი ერთი ჩვეულებრივი ოჯახის თავგდასავლებზე მოგვითხრობს, ოჯახში, რომლის გარშემოც ჯადოსნური ამბები ხდება, დედა და მამა თანაბრად ინაწილებენ შვილების აღზრდის პასუხისმგებლობასა და საოჯახო საქმეებს. უახლოეს ადამიანებზე ყოველდღიური ზრუნვა და საერთო გამოწვევების გააზრება ამ ოჯახის ბედნიერებისა და ჰარმონიის საფუძველია.

„აქამდე არასოდეს მიცდია, დამეწერა ბავშვებისთვის. ეს ბევრად უფრო რთული ყოფილა, ვიდრე წარმომედგინა. ტექსტის მიზანია იმ სტერეოტიპების მსხვრევა, რომლებიც საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს ოჯახის მოწყობასთან და ოჯახში საქმეების გადანაწილებასთან დაკავშირებით. საზოგადოებაში ჯერ კიდევ ძლიერია აზრი, რომ არსებობს ქალის საქმეები და კაცის საქმეები. ბავშვებზე ზრუნვა, მათთვის საფენების გამოცვლა, მათი საჭმლის მომზადება და გამოკვება, მათთან თამაში – ეს უპირველესად დედის საქმეა და მამას ამის გაკეთება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეუძლია, როცა მოიცლის. ვერ ვიტყვი, რომ ეს არის მხოლოდ საბავშვო საკითხავი. ამ ტექსტის მთელი იდეა ის არის, რომ ოჯახში ჰარმონია მიიღწევა მხოლოდ და მხოლოდ ურთიერთპატივისცემითა და საქმეების განაწილებით. ოჯახში რომ ჰარმონია დამყარდეს, ვიყოთ მშვიდად და ბავშვების სრულფასოვანი განვითარებისთვის შეიქმნას საჭირო გარემო, სწორედ ურთიერთპატივისცემა და საქმეების განაწილებაა საჭირო. ეს იყო ჩემი ამოსავალი წერტილი ამ ტექსტზე მუშაობისას, დანარჩენი მკითხველმა უნდა შეაფასოს,“ – დავით გორგილაძე, მწერალი.

ფოტო: გაგა კაპანაძე

გამოცემის მიზანია, ხაზი გაუსვას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მამაკაცების, როგორც მზრუნველი მამების, მეუღლეებისა და პარტნიორების ჩართულობა შვილების აღზრდასა და საოჯახო საქმეებში, ქალთა, ბავშვთა, ოჯახების და ზოგადად, საზოგადოების და ქვეყნის კეთილდღეობისთვის და ნამდვილი გენდერული თანასწორობის მისაღწევად. მონაცემები გენდერული ურთიერთობების შესახებ, გვიჩვენებს, რომ ტრადიციული გენდერული როლების ირგვლივ არსებული სტერეოტიპები და დამკვიდრებული კლიშეები ხელს უშლით მამაკაცებს თანაბრად გაინაწილონ პასუხისმგებლობა და მზრუნველი მამები, მეუღლეები, პარტნიორები და ოჯახის წევრები იყვნენ.

„ჩვენ „კაცები ზრუნავენ“ სერიაში უკვე მეორე წიგნი გამოვეცით და მიგვაჩნია, რომ ეს საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება. ეს არ არის მხოლოდ ბავშვებისთვის საკითხავი ლიტერატურა – მასში აღწერია თანამედროვე ოჯახის მოდელი, სადაც თანაბარია მშობლების მონაწილეობა ბავშვების აღზრდაში, საქმის განაწილება, პასუხისმგელობა შვილების წინაშე. წიგნი ზომიერად, ლოზუნგებისა და დიდაქტიკის გარეშე, ყოფითი ამბების გავლით აჟღერებს უმნიშვნელოვანეს მესიჯებს ოჯახურ ურთიერთობებზე. რაც მთავარია, სერიის ორივე წიგნი ახერხებს მიაღწიოს მიზანს – დაგვაფიქროს, გააღვიძოს ჩვენში ემოცია და ამასთან, ხელი შეუწყოს იმ არქაული სტერეოტიპების ნგრევას, რომელიც გენდერული როლების ირგვლივ, ჯერ კიდევ არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ძალიან მარტივი ამბები ძალიან მნიშვნელოვან და რთულ თემებზე,“ – მაია ალუდაური, „პალიტრა L-ის“ მთავარი რედაქტორი.

წიგნი მომზადდა პროგრამის ფარგლებში „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის  (UN Women)   მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს გენდერული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციული ნორმების დაძლევას, თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფას ქალებისა და მამაკაცებისთვის და კაცების აქტიურ მონაწილეობას გენდერული თანასწორობის გაძლიერების პროცესში.

„წიგნში მოთხრობილი ამბავი, რომელიც სავსეა ჯადოსნური თავგადასავლებით, გარკვეულწილად უპირისპირდება იმ რეალობას, სადაც გენდერული როლების ირგვლივ არსებული სტერეოტიპები და ნორმები ხელს უშლის მამაკაცების აქტიურ მონაწილეობას ბავშვის ყოველდღიურ მოვლასთან დაკავშირებულ საქმიანობებში. ეს საკითხი კიდევ უფრო მწვავედ დგას მიმდინარე პანდემიის კონტექსტში, ვინაიდან ზრუნვისა და საშინაო საქმეების ტვირთი კიდევ უფრო იზრდება.  სწორედ ამ ნორმების გამოძახილია წიგნის შინაარსი, რომელიც არაჩვეულებრივ მაგალითს წარმოადგენს იმისა, თუ როგორ შეიძლება აღნიშნული პასუხისმგებლობები თანაბრად იყოს განაწილებული. გვჯერა, რომ „ლუნა და ციცინათელების პლანეტა“ გახდება სახალისო საკითხავი მშობლებისა და შვილებისთვის, და ხელს შეუწყობს გენდერული როლების ირგვლივ არსებული ტრადიციული შეხედულებებისა და დამოკიდებულებების ცვლილებას,“ – მარიკა ქურდაძე, „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის“ პროგრამის კოორდინატორი, UNFPA.

No Comments Yet

Comments are closed