ევროკავშირის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო კანადასთან და ტუნისთან ერთად, უსაფრთხო ქვეყნების სიაში აღარ იქნება. ამის მიზეზი COVID-19-ით დაავადებული პაციენტების გაზრდილი რაოდენობაა.
ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების გამო, უსაფრთხო ქვეყნების სიას სინგაპური დაემატა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირში შემავალი 27 სახელმწიფოს წარმომადგენლებმა მიიღეს და ძალაში პარასკევიდან შევიდა. სია სარეკომენდაციო ხასიათის არის და მის შესრულებაზე პასუხისმგებლობას ევროკავშირის წევრი ქვეყნები ცალკეულად იღებენ.
კორონავირუსის გავრცელებისგან თავის დასაცავად, EU-მ ევროკავშირის ტერიტორიაზე მესამე ქვეყნებისთვის არააუცილებელი მოგზაურობა მარტში აკრძალა. საქართველო ივნისში იმ 15 ქვეყანას შორის მოხვდა, რომლებსაც ეს შეზღუდვა არ ეხებოდათ.
ამ დროისთვის, უსაფრთხო ქვეყნების სიაში შედიან ავსტრალია, იაპონია, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ურუგვაი, სინგაპური და ჩინეთი.