ამ წუთებში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნა მიმდინარეობს. ერთ-ერთ ღონისძიებაზე კი ცნობილი გახდა, რომ ქართველ-გერმანელი მწერლის, ნინო ხარატიშვილის ახალი და ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი რომანის The Lack of Light საავტორო უფლება ამერიკის ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა გამომცემლობა „ჰარპერ კოლინზმა“ შეიძინა. აღსანიშნავია, რომ ეს ქართული ლიტერატურისთვის პირველი შემთხვევაა.
უკვე ცნობილია, რომ წიგნში მოვლენები თბილისში ვითარდება. მისი პერსონაჟები – ქეთო, ნენე, დინა და ინა – სოლოლაკის ერთ-ერთ იტალიურ ეზოში მცხოვრები ოთხი ქართველი გოგონაა, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყანაში, სადაც ძალადობა და ქაოსი სუფევს, ქუჩის გარჩევები, სამოქალაქო დაპირისპირება, შიმშილი, სიცივე – ყველასთვის ცნობილი 90-იანი წლები.
ასევე, ახალი რომანის საავტორო უფლება აშშ-ს გარდა კიდევ 9 ქვეყანამ შეიძინა და მათ შორისაა საქართველოც. წიგნის გამოცემამდე უკვე დაგეგმილია მის თარგმანზე მუშაობაც, მთარგმნელი კი მაია ფანჯიკიძე იქნება.