ინტერვიუ თამარ ახალაძესთან

ავტორი: ელენე კვანჭილაშვილი

ფოტო: Forbes Woman Georgia

60-წლიანი გამოცდილება უძრავი ქონებისა და სამშენებლო სფეროში; 15 ქვეყანა, სადაც “Ocean Capital” ინვესტიციებს ახორციელებს; 7 პროექტი თბილისში მშენებლობისა და დაგეგმვის ეტაპზე და ეს ყველაფერი ვალის გარეშე, რადგან ყველა პროექტი კერძო კაპიტალით არის დაფინანსებულიამ შთამბეჭდავ პორტფოლიოს ქალი მართავს, რომელსაც კარგად ესმის როგორც დიპლომატიის, ისე რისკის ენაც.

კაპიტალი მხოლოდ ფული არ არის. კომპანიისთვის, ფულთან ერთად, მნიშვნელოვანია ხარისხი, ბრენდი, ნდობა და ხშირად, სწორედ ეს სამეული ბაზარზე კონკურენციაში გამორჩეულ დამატებულ ღირებულებას ქმნის. ბაზარი კი, რომელზეც “Ocean Capital” ოპერირებსდეველოპმენტი და მშენებლობადღეს საქართველოში ერთერთი ყველაზე კონკურენტული ბაზარია და ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტშიც ყველაზე მაღალი წილით გამოირჩევა.

“Ocean Capital”-ის გენერალური დირექტორი თამარ ახალაძე ამბობს, რომ ამ ბაზარზე წარმატებისთვის აუცილებელია კომპანიის მმართველს, პირველ რიგში, თავისი უნარების მართვა შეეძლოსპასუხისმგებლობა, ენერგია, ემოცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იყოს კარგი მენეჯერი.

ამ დასკვნამდე თამარ ახალაძე გამოცდილებამ მიიყვანა. აღიარებს, ბევრის მსგავსად, 16 წლის ასაკში გააზრებული გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა და არც ისეთი პროფესია აირჩია, რომელ საქმესაც მთელ ცხოვრებას მიუძღვნიდა. ტელევიდეო რეჟისურა და ჟურნალისტიკაც მოსინჯა, სხვა დარგებს შორისდა ბოლოს თითქმის 15 წლის წინ, არჩევანი დეველოპმენტის ბიზნესზე შეაჩერა. „ეს საქმიანობა 24 საათიან მუშაობას, რისკების მართვას, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას, პრინციპულ ხასიათსა და უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს’’. ამ ყველაფერთან გამკლავებას, პირველ რიგში, ოჯახის და უახლოესი გარემოცვის მხარდაჭერას უმადლის. ამ ხელშეწყობას საუბრისას ხშირად ახსენებს და ძალიან მადლიერია.

ღიმილით და ხელის ჩამორთმევის სტილით ადამიანზე ბევრი ინფორმაციის მოგროვება შეიძლება. ბუნებრივი ფართო ღიმილი, როგორც წესი, თავდაჯერებული, თვითრეალიზებული და ცხოვრებით კმაყოფილი ადამიანისთვის არის დამახასიათებელი. მკვეთრი ხელის ჩამორთმევა პიროვნების კონკურენტულობასა და მიზანდასახულობაზე მიუთითებს.

სანამ “Ocean Capital”-ის გენერალური დირექტორი გახდებოდა, თამარ ახალაძის პირველი შეხება დეველოპერულ სფეროსთან 2005 წელს მოხდა, როცა უცხოელმა ინვესტორებმა გადაწყვიტეს, საქართველოში ინტერკონტინენტალი შემოეყვანათ: მაშინ ეს პროექტი რუსეთის აგრესიისა და მსოფლიოში ყველაზე მოკლევადიანიხუთდღიანი აგვისტოს ომის გამო ვერ შედგა, თუმცა თამარს გამოცდილება დაუგროვა და მართვის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო მეტად გაუღვივა.

დღეს ის ისეთ გარემოშია, სადაც ბიზნესის წარმოების მისეული ხედვა “Ocean Capital”-ის ინვესტორების ხედვას სრულად ემთხვევა – 60-წლიანი საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანია საქართველოშიც, მცხოვრებლებისთვის #1 ნდობით აღჭურვილი, ხარისხზე ორიენტირებული ბრენდი უნდა იყოს.

ამ ხედვის საქმეში გადატანა თამარ ახალაძისგან 24/7-ზე ჩართულობას მოითხოვს. კომპანიაში მისი უმაღლესი პოზიციათამარი დღეს გენერალური დირექტორიამისგან თითქოს ასეთ ინტენსიურ კომუნიკაციას იგივე მომხმარებლებთან თუ მშენებლობის ახლოს მცხოვრებ ადგილობრივებთან არ უნდა ითხოვდეს, თუმცა თამარი ამ საკითხებშიც ბოლომდე და პირადად ჩართულია. „პირდაპირი კომუნიკაცია აუცილებელია“, – ასეთია მისი დამოკიდებულება საქმის მიმართ: „ხშირად სამუშაოების წარმოება გარკვეულ დისკომფორტს უქმნის სამშენებლო ობიექტის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას. მათი გაღიზიანება შეიძლება გამომდინარეობდეს სამუშაო საათებში გამოწვეული ხმაურის გამო. ამ შემთხვევაში ერთადერთ გამოსავალს პირდაპირი კომუნიკაცია წარმოადგენს, რაც ჩვენსგან სიმშვიდესა და ემოციების მართვას საჭიროებს. ასეთი ტიპის ურთიერთობა ხშირად დადებითი ეფექტის მომტანია“.

ინტერვიუს დროს მთავარი სიტყვა, რომელიც თამარ ახალაძისგან საკმაოდ ხშირად და აქცენტირებულად ისმისგუნდია. ამბობს, რომ მართვის დემოკრატიული ფორმა აქვს, თუმცა რასაც მიყვება და ვისმენ კლასიკური ე.. ეჯაილ პროექტმენეჯმენტია: მომხმარებლებთან თანამშრომლობა და არა მხოლოდხისტი კონტრაქტები; ინდივიდები და კომუნიკაცია და არა მხოლოდგაწერილი პროცედურები და მიდგომები; მეტი ღიაობა ცვლილებების მიმართ და არა მხოლოდმკაცრად სტრუქტურირებული გეგმა; გადაწყვეტილებების მიღება / გამოსავალზე ორიენტირება და არა მხოლოდრთული და ყოვლისმომცველი ბიუროკრატია. „გუნდში პროფესიონალ და მოტივირებულ ადამიანებს ვირჩევ, მათ ვისაც შეუძლია ჩქარ, ზოგჯერ სტრესულ რეჟიმს გაუძლოს და ვისთვისაც სამსახური და მშენებლობა მხოლოდ ვალდებულება კი არა, თვითრეალიზების და სიამაყის საფუძველი ხდება“, – ამბობს თამარ ახალაძე.

როგორც ჩანს, თამარის მიდგომა ამართლებს. ღია სამუშაო სივრცეში ყველა თავის საქმეს აკეთებს და, მიუხედავად იმისა, რომ ინტერვიუსთვის ცალკე გამოყოფილ შეხვედრების ოთახში შევდივართ, ისიც მთლიანად შუშისაა და შემიძლია ცალი თვალით დავაკვირდე, როგორ გულმოდგინედ და თავაუღებლად მუშაობს თითოეული რგოლიზოგი ერთად, ზოგიც დამოუკიდებლადთუმცა თითქოს უხილავ სინქრონში.

თამარის მიზადასახულობა ალბათ გადამდებია. მისი ამბიცია სცილდება მხოლოდ მაღალი ხარისხის, პრემიუმ კლასის პროექტების მართვასმისი ამბიცია უბნის და მთელი ქალაქის იერზე ზრუნვაა. ეშმაკი დეტალებშია და “Ocean Capital”-ის გენერალური დირექტორისთვის ამ ეშმაკის მოშინაურება პირველი რიგის ამოცანაა. „ბეტონის ჯუნგლები არავის მოგვწონს“ – გულისტკივილით მეუბნება და ვატყობ, როგორ ცდილობს, თავისი ემოცია ბოლომდე გამიზიაროს: „ჩვენი ქალაქის გარეგნული იერსახის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია. აუცილებელია უბანთან ჰარმონიულობა, ესთეტიკა და დაცული სიმეტრიები. 21 საუკუნეში მშენებლობაში სხვა გამოწვევებიაენერგოეფექტური მშენებლობა, ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენება და გარემოზე ზრუნვა. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა“.

ზუსტად იმიტომ, რომ ინვესტორების და მათი გენერალური დირექტორის გლობალური ხედვა ამ შემთხვევაშიც ერთიანია და ამ მიმართულებით გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებსაც აერთიანებს; ჩემს კითხვაზე, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რა უნდა ჩავთვალოთ “Ocean Capital”-ის მთავარ კონკურენტულ უპირატესობად საკმაოდ კონკურენტულ ბაზარზეთამარ ახალაძის პასუხი აროგანტულად სულაც აღარ ჟღერს: „ გვყავს კონკურენტები ფასში, მაგრამ არახარისხში“.

‘’Ocean Premium Standard’’-ით ჩაბარებული ბინის ფასი კვადრატულზე 1600 ამერიკული დოლარიდან იწყება. ყველა პროექტი ვაკეშია. მომხმარებლები, ძირითადად, უცხოელები არიან. ხარისხზე დაზოგვა თამარ ახალაძისთვის მიუღებელია. „უხარისხო მშენებლობით ზიანი ადგება, არამარტო მობინადრეს, რომელმაც ბინა შეიძინა და შეიძლება თავისი ცხოვრების ყველაზე მთავარი ინვესტიცია გასწია, არამედ მთლიანად ქალაქსაცასე უყურებს “Ocean Capital”-ის გენერალური დირექტორი დეველოპერის პასუხისმგებლობას.

ეს პასუხისმგებლობა კი ზოგჯერ იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ’’მშენებლობის დაგეგმვის პროცესში მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნას, ისეთი პრევენციული სამუშაოების წარმოება, რომელიც მიმდებარე შენობებში სამომავლოდ კომუნიკაციების შეყვანის შემთხვევაში, თავიდან აგვაცილებს ასფალტის საფარის რღვევას და მოწყობილი ტროტუარის დაზიანებას. სწორედ ამიტომ, ჩვენი ინიციატივიტით და ხარჯებით, ჩვენ წინასწარ ვათავსებთ გოფრირებულ მილებს მიწის ქვეშ და ვცდილობთ რითიც შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ქუჩა და ქალაქი.’’

ინტერვიუს მსვლელობისას, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტატისტიკა, რაც მშენებლობისა და დეველოპმენტის დარგთან დაკავშირებით მახსენდება, დასაქმებულთა გენდერული განაწილებაა და ამ განაწილების მიხედვით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სფეროში კაცი ბევრად მეტი მუშაობს, ვიდრე ქალი. სხვა შემთხვევაში ეს სტატისტიკა შეიძლება ასეთი მნიშვნელოვანი არც ყოფილიყო, მაგრამ “Forbes Woman”-ისთვის, თამარ ახალაძის უმაღლესი პოზიცია “Ocean Capital”-ში სტერეოტიპების რღვევის ერთერთი მაგალითია, ამიტომ თან თამარს ყურადღებით ვუსმენ, ხელით ვინიშნავ იმას, რასაც აუცილებლად უცვლელად, ციტატის სახით გავიტან სტატიაში და თან, ვფიქრობ, რით შეიძლება ქალი იყოს დამაჯერებელი სფეროში, რომელიც თავის თავში აურაცხელ დეტალს აერთიანებსმათ შორის, ძალიან ტექნიკურ დეტალებსაც, რომლებშიც ალბათ მინიმალურად მაინც უნდა ერკვეოდე, რომ სულ მცირე, არ მოგატყუონ. ყველა რემონტი მახსენდება, რაც კი გამომივლია, მათ შორის, მიმდინარეც, რომელსაც უკვე კარგა ხანია ვებრძვი და ამ ამოცანას თამარის მასშტაბებს რომ ვარგებ, თვალების დახუჭვა და გახელა მინდება იმის დასტურად, რომ ამ მასშტაბის პასუხისმგებლობა ჩემზე არაა.

თამარი კი განაგრძობს: „აუცილებელია ავამაღლოთ მომხმარებლის ცნობიერება და ამითი გავზარდოთ მოსახლეობის მოთხოვნილება, რაც ხელს შეუწყობს მშენებლობის ხარისხის გაზრდას. მომხმარებელმა ბინის შეძენისას მნიშვნელოვანია მოითხოვოს და დასვას ისეთი კითხვები, რომელიც ეხება შენობის მდგრადობას, სეისმომედეგობას, სახანძრო უსაფრთხოებას, ენერგო ეფექტურობას, გარემოს დაცვას ა..’’

ვხვდები, დრო რომ მივცე უსასრულოდ გააგრძელებს და არ დაიღლება ჩემთვისაც ამ ყველაფრის დეტალურად ახსნითთუმცა, მე მთავარი პასუხი მიღებული მაქვს: თამარის მოტყუებას ძალიან ძვირი ფასი ექნება. ღიად ვეკითხები, აქვს თუ არა ფორმალური განათლება მიღებული ამ სფეროში. მპასუხობს, რომ მისი საქმიანობა ეხება ბიზნესის მართვას და მენეჯმენტს, რომელშიც ESM-ის დიპლომი ეხმარება. რაც შეეხება სამშენებლო სფეროს ამ მიმართულებით ყოველდღიურად იზრდება, უყვარს კითხვების დასმა, რეგულარულად ეცნობა პრაქტიკულად ყველა თანამედროვე გამოცემას, რომელიც დეველოპმენტს, არქიტექტურას და მშენებლობას ეხებათუმცა სჯერა, რომ ფორმალურ განათლებაზე მნიშვნელოვანი პროფესიული ცნობისმოყვარეობა, და ის უნარებია, რომლებიც მხოლოდ გამოცდილებას და შრომას მოაქვს.

“Ocean Capital”-ის გენერალური დირექტორისთვის სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა ცალკე უნარია. მართალია, მისი დაკვირვებით, ბევრი რამ ამ დარგში უკეთესობისკენ იცვლება, მაგრამ გამოწვევები მაინც რჩება და მათ შორის, ყველაზე მთავარი, – ბიუროკრატიაა. მისი თქმით, მშენებლობა ცოცხალი პროცესია, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თამაშის წესები ამ ბაზარზე დეტალურად იყოს გაწერილი, გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღებოდეს და ბიზნესს გრძელვადიან დაგეგმვას უადვილებდეს. „რთულია, როცა წესები ისე იცვლება, რომ უკვე არსებული და დამტკიცებული პროექტის ძირეულ ცვლილებას მოითხოვს. ეს არა მხოლოდ დიდი დარტყმაა ფინანსური თვალსაზრისით, არამედ იმ ვადებზეც უარყოფითად აისახება, რა ვადებშიც ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა კომპანიამ, პირობა დავდეთ, რომ ბინას მომხმარებელს ჩავაბარებდით“- ამბობს თამარ ახალაძე და აქვე დასძენს: „ამ დარგის წინსვლისთვის, თამაშის წესები 21-ე საუკუნეს და მის სტანდარტებს უნდა ერგებოდეს“.

ბაზარზე სამართლიანი თამაშის წესების დასადგენად, თამარ ახალაძეს ორი აუცილებელი პირობის კომბინაცია აქვსსპეციალისტებისა და კერძო სექტორის ჩართულობა, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, RIA – კვლევა, რომელიც რეგულირების გავლენას წინასწარ შეაფასებს და იმ საკითხებსაც გამოკვეთავს, რომელთაც მეტი ყურადღება უნდა მიექცეს.

საკუთარი გამოცდილებიდან ამბობს, რომ პირდაპირ კომუნიკაციას ალტერნატივა არ აქვს და ეს არა მხოლოდ კერძო სექტორის მუშაობის სპეციფიკა უნდა იყოს, არამედ საჯარო სექტორისაც. „შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა“, – ამბობს თამარ ახალაძე და იქვე განმარტავს: „ცხადია, ეს არ უნდა იყოს გამოუსწორებელი შეცდომები, რომლის დაშვების უფლება უბრალოდ არ გვაქვს. პირდაპირი კომუნიკაციის საფუძველზე შეიძლება ისეთი პოტენციური შეცდომებიც დავინახოთ, რომლებიც კომუნიკაციამდე შეუმჩნეველი იყო, მაგრამ მითითების შემდეგ დროულად მოვახდინოთ ამაზე რეაგირება’’.

ცხადია, ეს მიდგომა არც მხოლოდ მშენებლობას ეხება და არც მხოლოდბიზნესს.

კიდევ ერთი დიდი გამოწვევა თამარისთვის კვალიფიციური კადრებია. როგორც თავად ამბობს, არც სამშენებლო და არც საბანკო რეგულაციებს მის ბიზნესზე ისეთი მძიმე გავლენა არ ჰქონია, როგორც იმას, რომ ბაზარზე გამოცდილი, კვალიფიციური კადრების პოვნა ძალიან რთულია. „ყოველთვის ყველაფერში დამნაშავე ბიზნესი არ არის“ – ეს არის “Ocean Capital”-ის გენერალური მენეჯერის მყარი პოზიცია. მან ზუსტად იცის, როგორც უნდა გამკაცრდეს რეგულაციები უსაფრთხოების მიმართულებით, ეფექტიანობა ჯამში მაინც ერთ მთავარ ხაზზე გავამუშახელს, პირველ რიგში, უნდა ესმოდეს, რომ უსაფრთხოების ნორმის დარღვევით, საკუთარ სიცოცხლეს სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს. ამიტომ თამარ ახალაძე განსაკუთრებული სიფრთხილით არჩევს ყველა კონტრაქტორ კომპანიას, რომელთანაც საქმის დაჭერა უწევს და ყველა კადრისთვის სპეციალური ტრენინგების სერია აქვს, სადაც დეტალურად და პრაქტიკაში აჩვენებს მათ, თუ როგორ უნდა გადააზღვიონ როგორც საკუთარი თავი, ისე კომპანიაც, რომლის გეგმებშიც სახელის გატეხვა უბრალოდ არ შედის. „სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია ისიც, რომ შენი მუშახელი უნდა გყავდეს კმაყოფილი სამუშაო პირობებით და დაზღვეული, როგორც პირდაპირი, ისე ირიბი მნიშვნელობით“ – ამბობს თამარ ახალაძე.

რეგულაციებს რაც შეეხება, მოსალოდნელიც იყო, რომ პრემიუმ კლასის კომპანიებზერომელთაც სამშენებლო სტანდარტები უკვე ევროპის დონეზე აქვთ დაცული და იმდენად მდიდარი კლიენტები ჰყავთ, რომ მათთვის საბანკო რეგულაციებით დადგენილი ჭერები ფართო სურათს ძალიან უმნიშვნელოდ ცვლისეს რეგულაციები რეგულირების ტვირთს იმაზე მკვეთრად ვერ შეცვლიდა, რაც მათ საკუთარ თავს ისედაც უკვე პრაქტიულად დააკისრეს.

მართლაც, როცა კომპანიის ხედვა და მისია ერთია როგორც ინვესტორისთვის, ისე გენერალური მენეჯერისთვის და როცა ერთერთი ინვესტორის მეუღლე ის ადამიანია, რომელიც თამარის როლურ მოდელად დღემდე რჩება (ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ეკატერინე შარაშიძე და მისი მეუღლე საინვესტიციო კომპანია “Ocean Capital“-ის მფლობელი, კომპანია “Ludgate Investments”-ის მმართველი დირექტორი და „Voskamp Groupe“ კომპანიის შთამომავალი, ხაის ვოსკამპი), პრობლემების გადაჭრისთვის ძალების მოკრება და ენერგიის მობილიზება ალბათ გაცილებით უფრო მარტივია. ბანალურ კითხვას ვსვამ, მაგრამ პირველად არა იმის მანიშნებლად, რომ ინტერვიუსთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა, არამედ იმიტომ რომ მთელი გულით მაინტერესებს: რას ეტყოდა დღეს თამარ ახალაძე იმ 16 წლის გოგოს, რომელმაც ბევრი რამეს სცადა, სანამ იმ საქმემდე მივიდა, რომელიც მართლა იტაცებს და არ ბეზრდება? „მიხარია, რომ დღეს იმას ვაკეთებ, რაც მომწონს და ზუსტად ვიცი, მომავალშიც მზად ვარ ისეთი რისკების გაწევისთვისაც, რაც ჩემგან ალბათ რადიკალურ ცვლილებებს მოითხოვს“- მეუბნება თამარ ახალაძე და ვხვდები, მეტს ვერაფერს ვათქმევინებ. იმის პირობას კი ვართმევ, რომ ახალი რისკიანი გადაწყვეტილებების შემდეგ, “Forbes Woman”-ისთვის დრო ისევ უნდა გამონახოს.

მანამდე ის ისევ თავის საქმეს გააგრძელებსარა მხოლოდ ხარისხიან, გემოვნებიან, უბნის იერსახეში ჰარმონიულად ჩაწერილ და სოციალური პასუხისმგებლობით გაჯერებულ პროექტებს დაასრულებს; არა მხოლოდ ინვესტორებს მოუტანს მოგებას და ამით ქვეყანაში გრძელვადიან ინვესტიციებს შეინარჩუნებს; არა მხოლოდ მომხმარებლებსა და დაქირავებულებში გაზრდის ცნობიერებას და ამით ბაზარზე მოთხოვნას გააუმჯობესებს, არამედ მშენებლობისა და დეველოპმენტის დარგში ქალი გენერალური მენეჯერის როლთან დაკავშირებით ამ დარგში დასაქმებულთა უმრავლესობის დამოკიდებულებასაც შეცვლის: „დღეს ამ დარგის კაც მოთამაშეებს ხელს რომ ვართმევ, უკვე იციან, რომ თანასწორთან აქვთ ურთიერთობა. ამას კი დრო დასჭირდა“ – ამბობს თამარ ახალაძე.

ასეა.

კაპიტალი მხოლოდ ფული არ არის.

ზოგჯერ ჯიუტი ძალისხმევაა.

ესეც ოკეანისხელა.

No Comments Yet

Comments are closed