სამშაბათს სამოქალაქო უფლებების დამცველები Facebook-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარ თემას სოციალური ქსელში სარეკლამო ბოიკოტი წარმოადგენდა.
აქტივისტებმა განაცხადეს, რომ, მათი აზრით, Facebook არ დებს საკმარის რესურსს სიძულვილის ენის გავრცელების აღმოსაფხვრელად, რასაც ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიც მოწმობს. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით არაერთი დეზინფორმაცია სწორედ სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა, მათ შორის ცრუ ბრალდებები უნგრელ-ამერიკელი მილიარდელის ჯორჯ სოროსის მიმართ. ცრუ განცხადებების მიხედვით, საპროტესტო აქციების ორგანიზება მის სახელს უკავშირდებოდა.
Facebook-ის სპიკერი, ენდი სტოუნი, კი განმარტავს, რომ კომპანია შეძლებისდაგვარად ცდილობს, ხელი შეუშალოს დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებისა და დეზინფორმაციის გავრცელებას.
„შეხვედრაზე მოგვეცა შესაძლებლობა მოგვესმინა კამპანიის ორგანიზატორების მოთხოვნები. მათი სურვილი რომ Facebook გათავისუფლდეს ნებისმიერი არაეთიკური განცხადებისგან, ჩვენთვისაც მისაღებია და ამაზე ვმუშაობთ“ – განაცხადა ენდი სტოუნმა.
სოციალურ მედიაში რეკლამის განთავსებას ბოიკოტი დღეისათვის 970-მა კომპანიამ გამოუცხადა. მარკეტინგის ექსპერტების აზრით, ეს Facebook-ის იმიჯს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.