ბორის ჯონსონი: ევროკავშირთან სავაჭრო მოლაპარაკებები შეჩერებულია

Photo via Financial Times

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ბორის ჯონსონის, განცხადებით, ევროკავშირთან სავაჭრო და თავდაცვითი მოლაპარაკებები შეწყდება. ურთიერთობა იქამდე არ აღდგება, სანამ ორგანიზაცია „მიდგომას ძირეულად არ შეცვლის“ და პარტნიორობის დეტალური სამართლებრივი ტექსტის განსახილველად მზად არ იქნება.

პარასკევს სატელევიზიო განცხადებაში ჯონსონმა განაცხადა, რომ ქვეყანა პირველი იანვრისთვის ისეთი სცენარისთვის უნდა მოემზადოს, რომელშიც ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობები საერთო შეთანხმებების გარეშე წარიმართება.

„სავაჭრო შეთანხმებები დასრულებულია – ევროკავშირმა ეფექტურად შეწყვიტა მოლაპარაკება გუშინ, როცა განაცხადეს, რომ თავიანთი პოზიციის შეცვლას არ აპირებენ“, – აღნიშნა პრემიერ მინისტრის პრესსპიკერმა.

გეგმის თანახმად, ევროკავშირის დელეგაციის უფროსი, მიშელ ბარნიერი, გაერთიანებული სამეფოს დელეგაციის უფროსთან, ლორდ დეივიდ ფროსტთან, მოსალაპარაკებლად ორშაბათს ლონდონში უნდა ჩასულიყო, თუმცა, ფროსტის თქმით, დიალოგისთვის ორ მხარეს შორის საფუძველი არ არსებობს.

ბორის ჯონსონმა მიმდინარე კვირა ორ მხარეს შორის საერთო გარიგებაზე შეთანხმების ბოლო ვადად დანიშნა. მისი თქმით, ევროკავშირი სერიოზულად არ განიხილავს დიდი ბრიტანეთის მიერ წარდგენილ საყოველთაო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეთავაზებას, რომელიც კანადისა და ევროკავშირის ბლოკის ქვეყნების უკვე არსებულ გარიგებაზეა დამყარებული.

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.