მიშელ ობამამ ტრამპს “ქვეყნისთვის შეუფერებელი პრეზიდენტი” უწოდა

Image: wikimedia/Ali Shaker/VOA

მიშელ ობამამ დონალდ ტრამპი საჯაროდ გააკრიტიკა. დემოკრატიული პარტიის ვირტუალურ ყრილობაზე მან პრეზიდენტს ემპათიის ნაკლებობაში დასდო ბრალი და “ქვეყნისთვის შეუფერებელი პრეზიდენტი” უწოდა.

„თეთრი სახლისგან სიმტკიცისა და თანაგრძნობის ნაცვლად, ქაოსს ვიღებთ“, – განაცხადა ყოფილმა პირველმა ლედიმ წინასწარ ჩაწერილ 20-წუთიან სიტყვაში. „ტრამპს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად შეუძლია თავისი საქმის კეთება, თუმცა ამას აშკარად ვერ ახერხებს.“

პრეზიდენტმა მალევე გააკეთა კომენტარი ობამას სიტყვასთან დაკავშირებით და ირონიით აღნიშნა, რომ ყოფილი პირველი ლედის სიტყვა წინასწარ იყო ჩაწერილი, ხოლო მისი სიტყვა რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ ყრილობაზე მომავალ კვირაში ცოცხალი იქნება. გარდა ამისა, მან დემოკრატიული პარტია პოლიტიკურად ექსტრემისტულ დაჯგუფებად მოიხსენია, რომელიც მემარცხენე ფაშისტური იდეოლოგიის დანერგვას ცდილობს, ბაიდენს კი მათი მარიონეტი უწოდა.

ამასობაში მიშელ ობამა ხალხს ბაიდენისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებს და, ზოგადად, ხმის მიცემის მნიშვნელობაზე საუბრობს: „ჯო იდეალური კანდიდატი სულაც არ არის, თუმცა ამჟამად არ გვყავს არც იდეალური კანდიდატი და არც იდეალური პრეზიდენტი. ბაიდენმა კი იცის, რა არის საჭირო ეკონომიკის გადასარჩენად, პანდემიის დასამარცხებლად და ჩვენი ქვეყნის გასაძღოლად“.

შეგახსენებთ, რომ თითქმის 4 წელი გავიდა, რაც ობამამ თეთრი სახლი დატოვა, თუმცა ყოფილი პირველი ლედი ისევ პოპულარული ფიგურაა პარტიაშიც და პოლიტიკური არენის გარეთაც. ბოლო წლებში მან გამოაქვეყნა მემუარი სახელწოდებით Becoming, რომელიც ბესტსელერი გახდა, ჩამოაყალიბა ამომრჩეველთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია და აქტიურადაა ჩართული რასიზმისა და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში

„თუ ამ ქაოსის დასრულების იმედი გვინდა გვქონდეს, ჯო ბაიდენს უნდა მივცეთ ხმა, რადგანაც ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სიცოცხლე“, – დაამატა მან გამოსვლის ბოლოს.

აღსანიშნავია, რომ ობამას ვირტუალური გამოსვლა მანამდე იყო ჩაწერილი, სანამ ბაიდენმა კამალა ჰარისი დაასახელა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად. მოგვიანებით ჰარისმა Twitter-ზე მოუწონა ობამას გამოსვლა და აღნიშნა, რომ ის სიმართლეს ამბობს – „დონალდ ტრამპი არ არის მზად ამ საქმისთვის, თუმცა მზადაა ჯო ბაიდენი“. 

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.